Facebook Twitter

საქმე №ას-438-2019 30 აპრილი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ს.კ.უ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.გ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 5 033,04 ლარისა და პროცესის ხარჯების დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 25 იანვარს ქ.ტყიბულში მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელე კომპანიაში დაზღვეული ა.ლ–ძის კუთვნილი ავტომანქანა „პორშე კაიენი“. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ იქნა #ბა 000016437 საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვითაც მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხის ბრალით. სადაზღვევო კომპანიამ 2015 წლის 16 თებერვალს #0013769 სადაზღვევო შემთხვევის აქტის საფუძველზე აუნაზღაურა დამზღვევს ბრალეული პირის მიერ მიყენებული ზიანი 5033.04 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

2. მოპასუხის პოზიცია:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. კორესპონდენცია მოპასუხეს გაეგზავნა ტყიბულში, .....ქ#10-ში, მაგრამ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა, რადგან მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, ტყიბულის პოლიციის რაიონულ სამმართველოს დაევალა ადრესატისათვის საქმის მასალების ჩაბარება ამავე მისამართზე. 2017 წლის 13 იანვარს ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსმა განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 11 იანვარს. შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადა შეადგენდა 10 დღეს, შესაგებელი კი, სასამართლოში რეგისტრირებულია 2017 წლის 16 თებერვალს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 033,04 ლარის გადახდა;

3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება, საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება და დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოდ მიჩნევა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/ განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საქმის განსახილველად მომზადების მიზნით, სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ტყიბული, ......... ქ#10, მაგრამ გზავნილი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა, რადგან მითითებულ მისამართზე ადრესატი არ იმყოფებოდა;

1.2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ტყიბულის პოლიციის რაიონულ სამმართველოს დაევალა ადრესატისათვის ჩაებარებინა სარჩელი შემდეგ მისამართზე: ტყიბული, ........ ქ#10;

1.2.3. 2017 წლის 13 იანვარს ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოვალეს 2017 წლის 11 იანვარს ჩაბარდა ტყიბულში, სოფელ ........ ბინაზე გამოცხადების ოქმში ადრსესატის მიერ მითითებულია, რომ იგი რეგისტრირებულია ტყიბულში, .......... ქ#10/24-ში, თუმცა, ფაქტობრივად ცხოვრობს ტყიბულის რაიონის სოფელ .......;

1.2.4. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხემ ამ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და ამავე ვადაში არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შესაგებელი წარადგინა მხოლოდ 2017 წლის 16 თებერვალს. შესაგებელში ძირითად მისამართად მიუთითა ტყიბული, .......... ქ#10 და იშუამდგომლა შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა ჩათვლილიყო საპატიოდ, რადგან მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოახერხა მისი წარმოდგენა. ამ გარემოების დასადასტურებლად წარდგენილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობა, რომლის თანახმადაც 2017 წლის 12-31 იანვარს სოფელ ....... თოვლის საფარის სიმაღლემ 80-100 სმ.-მდე შეადგინა. შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მოპასუხემ მიუთითა ტყიბულში და მის მიმდებარე სოფლებში არსებულ დიდთოვლიანობაზე, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებას და შესაგებლის წარმოდგენას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, აქედან გამომდინარე, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, სწორედ მხარის მიერ ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე იყო ყველა კანონისმიერი წინაპირობა (სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი). საპატიო მიზეზის კონტექსტში სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც არ იძლეოდა სსსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს).

1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის იურიდიული საფუძვლიანობის დადგენისას სასამართლო ამოწმებს მოსარჩელის მხრიდან დაცულია თუ არა მითითების ტვირთი, კერძოდ, სარჩელში გადმოცემული ფაქტები შეესაბამება თუ არა დამფუძნებელი ნორმის აღწერილობით ნაწილს, რადგანაც, როგორც ითქვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფაქტები დადგენილად მიიჩნევა, შესაბამისად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება ამ ეტაპზე აღარ ხდება. პალატა მიიჩნევს, რომ ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები ამართლებენ სარჩელს (სკ-ის 832-ე მუხლის პირველი ნაწილი), შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების ყველა პროცესუალური წინაპირობა. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან საპროცესო წესების დარღვევის თაობაზე, იგი საქმის მასალებით არ დასტურდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში, დაუძლეველი ძალის _ დიდთოვლობის გამო საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. ამ მხრივ კი, მან მართალია, წარმოადგინა მტკიცებულებები, თუმცა, ხსენებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას, რადგანაც დიდთოვლობა, წარმოდგენილი ცნობის თანახმად, იყო არა მოპასუხის ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით, არამედ _ სოფელ ........ რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულების დაშვების საკითხს, საკასაციო შედავების ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოწმებს საოქმო განჩინების კანონიერებას და იზიარებს მას, რამდენადაც სააპელაციო განხილვის ეტაპზე ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას, მართალია, ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი, თუმცა, ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალი მტკიცების დაშვებას გამორიცხავს მისი პირველი ინსტანციის წესით განხილვისას წარდგენის შესაძლებლობა. საკასაციო საჩივარი კი, არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რამ შეუშალა ხელი მოპასუხეს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვის დასრულებამდე წარდეგინა სასამართლოსათვის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებული დიდთოვლობის თაობაზე.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ-ებები: Nას-964-929-2016, 6 მარტი, 2017 წელი; ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 02.04.2019წ. #19825494 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი.გ–ძეს (პ#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 02.04.2019წ. #19825494 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი