Facebook Twitter

საქმე №ას-413-2019 15 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „მ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან კომპანია) მიმართ 2012 წლის 1 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1/483 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 29 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 1 828 567,82 ლარის 0,1%-ის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული #1/483 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე აწარმოებს საბაჟო გამშვები პუნქტის - „ნ–ის“ სამშენებლო სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება პირველ ეტაპზე შეადგენდა 9 865 979.00 ლარს. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას კომპანიასთან გაფორმდა რამდენიმე შეთანხმების ოქმი ხელშეკრულებაში სხვადასხვა სახის ცვლილების შეტანის თაობაზე. 2013 წლის 21 ივნისის #3 შეთანხმების ოქმით, ხელშეკრულების 8.2. პუნქტისა და შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობების გაზრდის საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულება გაიზარდა 8.08 %-ით და შეადგინა 10 663 363,07 ლარი. საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის სხდომის 2013 წლის 3 ოქტომბრის რეკომენდაციის გათვალისწინებით 2013 წლის 3 ოქტომბერს #4 შეთანხმების ოქმის საფუძველზე საბაჟო გამშვები პუნქტი „ნ–ის“ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა გადაიწია 2014 წლის 1 აგვისტომდე. 2014 წლის 30 ივლისს მოპასუხესთან გაფორმებული შეთანხმების #5 ოქმის თანახმად, ტერიტორიის გათბობის სამუშაოების ამოღებით და გამოყენებული არმატურის მოცულობის შემცირებით, კიდევ ერთხელ დაკორექტირდა ხელშეკრულების საერთო ღირებულება და შეადგინა 10 288 685,24 ლარი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 24 აგვისტოთი. კომპანიასთან 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული #6 შეთანხმების ოქმით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნ–ის“ სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 29 სექტემბრით, ამასთან, კომპანიამ წარადგინა სადაზღვევო კომპანია „უ–ის“ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 533 168,15 ლარზე (მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 15 დეკემბრამდე). 2014 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული #7 შეთანხმების ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 ივნისით, ხოლო, სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა დარჩა უცვლელი - 2015 წლის 29 სექტემბერი. მოპასუხემ წარადგინა სადაზღვევო კომპანია „უ–ის“ მიერ 533 168,15 ლარის ოდენობით გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2015 წლის 25 ივლისამდე). სარჩელის აღძვრის დროისათვის სს „მ–ს“ შესრულებული აქვს 8 460 117,42 ლარის ღირებულების სამუშაოები. 2014 წლის 29 სექტემბრის შემდეგ მას ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, კერძოდ, მას დარჩენილი აქვს 1 828 567,80 ლარის ღირებულების შესასრულებელი სამუშაოები.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შედავება წარადგინა, რომლითაც არ ცნო მასში მითითებული ფაქტები და მოითხოვა სარჩელის უარყოფა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო) სარჩელი დაკმაყოფილდა, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 29 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1 826 567,82 ლარის 0,1%-ის ოდენობით;

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპოასუხემ და მოითხოვა მათი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. კასატორი გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სადავოდ ძირითადად ორი მიმართულებით ხდის, კერძოდ, ის არ ეთანხმება ქვედგომი სასამართლოს დასკვნას მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, ამასთან მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს მასში გადმოცემული ფაქტები, კერძოდ:

i სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მხარის მიერ მითითებული იქნა ის გარემოება, რომ იმავე დღეს, 2016 წლის 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დანიშნული იყო მოპასუხის წარმომადგენლის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულ გ.ტ–ძის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომებს შორის არსებული საათობრივი შუალედისა და ქალაქებს შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, მოპასუხის წარმომადგენელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოცხადებულიყო ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში. ამ მხრივ სასამართლომ უსაფუძვლოდ განმარტა, თითქოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე მხარე ვალდებული იყო, წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის. გარდა ამისა, მხედველობაში არასწორად არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ კომპანიის სახელით გაცემულ მინდობილობაში მითითებული პირებიდან თ.ბ–ი და დ.მ–ი სხდომის ჩატარების დღისთვის, აღარ მუშაობდნენ საადვოკატო ბიურო შპს „O&C-ში“. საქმეს უშუალოდ აწარმოებდა ადვოკატი დ.მ–ძე, რის გამოც მოპასუხეს გააჩნდა ინტერესი, უშუალოდ ამ ადვოკატს მიეღო მონაწილეობა მოცემულ სასამართლო სხდომაზე;

ii სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მიზანშეწონილობისა და მოსარჩელის მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლებზე. ამ მხრივ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 153-ე მუხლები. მან ისე დაადგინა მოპასუხის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომ მისი შესრულება ან/და შეუსრულებლობის აღიარება არ წარმოადგენდა დავის საგანს. სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობდა ვალდებულების უზრუნველყოფის აქცესორული უფლებიდან, შესაბამისად, თავდაპირველად ვალდებულების დარღვევის ფაქტი უნდა დადგენილიყო, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება.

iii სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონი სასამართლოს უდგენს ერთადერთ ვალდებულებას, შეამოწმოს დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, არც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის მითითებული, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოხდა ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადგენა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხეზე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შედეგად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 828 567.28 ლარის 0.1%-ის ოდენობით, რომელიც ყოველდღიურად შეადგენს 1 828 ლარს, არაგონივრულია, შეუსაბამოდ მაღალია და წინააღმდეგობაში მოდის ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ. სუსგ #ას-1269-1209-2014). გარდა ამისა, პირგასამტეხლოს ოდენობა, მოპასუხე მხარეს დაკისრებული აქვს 2014 წლის 29 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაშინ როდესაც 2014 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების (ოქმი #7) თანახმად, შესრულებული სამუშაოების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 25 ივნისამდე, ამასთან სასამართლო ვერ უთითებს იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:

1.2.1. 2016 წლის 21 დეკემბერს დანიშნული სხდომის თაობაზე, ასევე, გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით მოპასუხე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

1.2.2. იგი 2016 წლის 21 დეკემბერს სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა;

1.2.3. კომპანიის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 11 იანვარს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, ადვოკატი დ.მ–ძე 2016 წლის 21 დეკემბერს, 16:00 საათზე სისხლის სამართლის საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას და ამ მიზეზით ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, განსახილველ საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 5 მაისს სს „მ–ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც სს „მ–ს“, გარდა ადვოკატ დ.მ–ძისა, წარმოადგენდა, ასევე, ოთხი სხვა ადვოკატი: ო.კ–ი, თ.ბ–ი, დ.მ–ი და ა.გ–ი. რაიმე მტკიცება იმისა, თუ რამ დააბრკოლა სხვა წარმომადგენლების გამოცხადება სასამართლოში, კომპანიას არ წარმოუდგენია.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. მხარის გამოუცხადებლობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეტენზიების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას რამდენიმე საპროცესო საკითხზე გაამახვილებს:

პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობისას მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 230-ე მუხლი) შემდეგი წინაპირობები:

ა) მხარე დადგენილი წესით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და არასაპატიოდ არ უნდა გამოცხადდეს სხდომაზე;

ბ) სარჩელში მითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.

მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმის სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ამოწმებს მითითების ტვირთის მოსარჩელის მხრიდან დაძლევის საკითხს და ადგენს სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

რაც შეეხება მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების თანახმად, იგი დაიშვება, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაამტკიცებს, რომ:

ა) იგი მოწვეული არ იყო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები;

ე) არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც მხარე ვერ გამოცხადდა სასამართლოში და ამავდროულად, ვერ შეძლო სასამართლოს წინასწარ ინფორმირება.

1.3.2. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვაზე, რომელიც, სასამართლოში დანიშნულ დროს არ გამოცხადდა, ხოლო გამოცხადებულმა მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. ამდენად, სახეზე იყო გამოცხადებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფორმალური წინაპირობები. რაც შეეხება მიზეზს, რამაც მოპასუხის/მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა განაპირობა, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ადვოკატმა დაამტკიცა სისხლის სამართლის საქმეზე სხვა პირის ინტერესების დაცვის ფაქტი, რაც შესაძლოა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის მიჩნეულ იქნას კიდევაც საპატიო მიზეზად, თუმცა, ხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონი იმპერატიულად მოითხოვს, რომ მოპასუხე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, საპატიო მიზეზის თაობაზე წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამ მხრივ დასაბუთებულად ვერ იქნება მიჩნეული მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც კომპანიის მიერ გაცემულ მინდობილობაში მითითებული რამდენიმე წარმომადგენელი სხდომის ჩატარების დროისათვის აღარ წარმოადგენდნენ საადვოკატო ბიუროს თანამშრომლებს, ხოლო მხარეს სურდა მისი ინტერესები დაეცვა ადვოკატ დ.მუმლაძეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს კასატორის ხსენებულ პოზიციას, უდავოა, რომ მოპასუხე მხარეს იურიდიული პირი წარმოადგენს და მას, გარდა გარიგებით წარმომადგენლებისა, ჰყავს კანონიერი წარმომადგენლებიც (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 9), რომლებიც ვალდებული არიან, დაიცვან კომპანიის ინტერესები და სასამართლოს წარუდგინონ მათ შორის იმგვარი შუამდგომლობები, რომლებიც გამორიცხავენ კომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორის პრეტენზიები, რომლებიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამორიცხვას ემსახურება, არ არის დასაბუთებული;

1.3.3. რაც შეეხება მოთხოვნის იურიდიულ საფუძვლიანობას, ამ მხრივ პალატა ნაწილობრივ იზიარებს კომპანიის პრეტენზიებს და კვლავ ხაზს გაუსვამს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს: როგორც უკვე ითქვა, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა იმგვარად, რომ სასამართლო აღარ იკვლევს მტკიცებულებებს, მოსამართლის ერთადერთ ამოცანას წარმოადგენს იმის დადგენა, დადგენილად ცნობილი გარემოებები იძლევა თუ არა სარჩელით მოთხოვნილი სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დადასტურებულად მიიჩნევა შემდეგი ფაქტები:

- მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთოერთობაში, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა სამუშაო;

- ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 ივნისით, ხოლო, სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა _ 2015 წლის 29 სექტემბრით;

- მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, კერძოდ, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 828 567,80 ლარი;

- ვალდებულების დარღვევის გამო, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით;

(იხ. აღწერილობითი ნაწილის პ.პ. 1.2.)

1.3.4. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები, სამოქალაქო კოდექსის 629.1, მე-400, 417-ე და 418-ე მუხლებია, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება იმის განსაზღვრა დადგენილად მიჩნეული გარემოებები პასუხობენ თუ არა სამართლის ნორმათა ხსენებულ წინაპირობებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი ნაწილობრივაა წარმატებული, რამდენადაც მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 ივნისით, ხოლო, სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა _ 2015 წლის 29 სექტემბრით, სარჩელით კი, კრედიტორი მოითხოვს მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებიდან _ 2014 წლის 29 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 828 567,82 ლარის 0,1%-ის ოდენობას. ამ მხრივ დასაბუთებულია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ (გადაწყვეტილების აღსრულებამდე) პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას არ გააჩნია იურიდიული საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალება _ პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას და როგორც წესი, ხელშეკრულების დადებისას პირგასამტეხლოზე შეთანხმება პრევენციული ფუნქციის მატარებელია, თუმცა, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სწორედ დარღვევის მომენტიდან სამართლებრივი ურთიერთობის ამოწურვამდე მისი დაკისრებაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე მუხლების დისპოზიციიდან, გარდა ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება წარმოადგენს რა სახელშეკრულებო შეთანხმების საგანს და ეს ინსტიტუტი მხარეთა ორმხრივი, ურთიერთმფარავი ნების ავტონომიაში ექცევა, ზოგადად არ არის გამორიცხული მხარეები გარკვეულ დრომდე, მათ შორის დარღვეული ან სადავოდ ქვცეული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პირგასამტეხლოს გადახდაზეც შეთანხმდნენ, თუმცა, ამგვარ შეთანხმებაზე კრედიტორი სარჩელში არ მიუთითებს, შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, რის გამოც, ამ ნაწილში იგი განუხორციელებადია.

1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეულია მატერიალური სამართლის ნორმები, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ, ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდგომ პერიოდზე (გადაწყვეტილების აღსრულებამდე) თანხის დაკისრების მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილების წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, ამასთან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის ნაწილში ამ ხარჯს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, გაიღებს სახელმწიფო, რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილს, ამავე ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, იგი უნდა დაეკისროს მოპასუხეს შემდეგი ოდენობით: ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნის 24%, ხოლო არც ერთი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი (დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, თითოეულ ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრებოდა მაქსიმალური ოდენობით, თანახმად სსსკ-ის 39.3 მუხლისა), მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ თანხის 24%-ის _ 3 886,4 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2.2. სს „მ–ს“ (ს/კ #.....), სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2012 წლის 1 ივნისის #1/483 ხელშეკრულების დარღვევის გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურის (ს/კ #204..) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 828 567,82 ლარის 0,1%-ის ოდენობით 2014 წლის 29 სექტემბრიდან 2015 წლის 25 ივნისამდე.

2.3. სს „მ–ს“ (ს/კ #2.....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 3 886,4 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი