საქმე №ას-183-2019 3 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – დიზაინის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ვ.კ–იმ“ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ს–ის“ მიერ მოპასუხის სახელზე გაცემული D593 საპატენტო მოწმობისა და მოპასუხის სახელზე დიზაინის, რომელიც შეიცავს სიტყვიერ გამოსახულებას „ტალავერი/ТАЛАВЕРИ“ ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის „ტალავერის“ (კირილიცაზე შესრულებული) ერთადერთ კანონიერ მფლობელს. სასაქონლო ნიშანი ს–ში რეგისტრირებულია 2006 წლის 14 დეკემბერს და მოსარჩელეს გააჩნია ამ ნიშნით სარგებლობის განსაკუთრებული უფლებები 33-ე კლასში მითითებულ საქონელზე - ალკოჰოლურ სასამელებზე. მოპასუხეს რეგისტრირებული აქვს ეტიკეტი (დიზაინი) (საპატენტო მოწმობა Nვ593), რომლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს სიტყვა „ტალავერი“ (კირილიცაზე შესრულებული), რომელიც ძალაშია 2014 წლის 17 ოქტომბრიდან. მოპასუხეს ეს დიზაინი რეგისტრირებული აქვს მე-19 კლასის მე-8 ქვეკლასში - ეტიკეტები, რომელიც წარმოადგენს ფერწერულ გამოსახულებას, ნახატს - სამი მოქეიფე კაცი მთების ფონზე და სიტყვა „ტალავერი“, რომელიც შესრულებულია მუქი ღია ფერის ქართული და რუსული შრიფტით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს უფრო ადრე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი, მოპასუხემ კანონდარღვევით და შეცდომით რეგისტრირებული დიზაინის (ეტიკეტის) საფუძველზე, შეძლო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს საბაჟოზე შეჩერებინა მოსარჩელის ღვინის პროდუქცია, რომელიც ექსპორტისათვის იყო განკუთვნილი, რითაც პირდაპირი ზიანი ადგება მოსარჩელეს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და უარყო სარჩელი, რამდენადაც, მისი მტკიცებით, სასაქონლო ნიშანს ფლობს სამართლებრივი საფუძვლით. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე ცდილობს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რამდენადაც სარჩელში აღნიშნული გამოსახულებითი სავაჭრო ნიშანი 2006 წლიდან ეკუთვნოდა შპს „მ.ღ.მ–ს“ და მხოლოდ 2016 წლის 4 მარტს განხორციელდა მისი გადაცემა მოსარჩელეზე. მოპასუხის მიერ მოსარჩელეს შეეზღუდა მათი ეტიკეტით რუსეთის ფედერაციაში ღვინის ექსპორტი, რამდენადაც მოსარჩელე უკანონოდ იყენებდა მათ ეტიკეტს და ამით აყენებდა ზიანს. ამჟამად თელავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე, შპს „ვ.კ–ის“ წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც გამოწვეულია 2014 წლის 27 მარტიდან სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მოპასუხის მიერ სადავო ეტიკეტის გამოყენებით. მოპასუხე სადავო დიზაინის მესაკუთრეა, რაც რეგისტრირებულია ს–ში, შესაბამისად, არის ამ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირი. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშანი, რომელზედაც საკუთრების უფლება შეიძინა 2016 წლის 4 მარტს, არის ფერებში შესრულებული გამოსახულებითი ნიშანი და საერთოდ არ ემთხვევა მოპასუხის ეტიკეტს და მასში მოცემულ დიზაინს. მხოლოდ დასახელება ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ ისინი იდენტურია ან იწვევს აღრევას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „ს–ის“ მიერ მოპასუხის სახელზე D593-ით რეგისტრირებული საპატენტო მოწმობა და დიზაინი, რომელიც შეიცავს სიტყვიერ გამოსახულებას „ტალავერი/ТАЛАВЕРИ“.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. სასაქონლო ნიშანი, რომლის ძირითად ელემენტს სიტყვა „ტალავერი“ წარმოადგენს, შესრულებული რუსული ანბანით - ТАЛАВЕРИ (კირილიცა), შავი ფერით ოქროსფერ ფონზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ს–ის“ მიერ, 2006 წლის 14 დეკემბერს დარეგისტრირდა შპს „მ.ღ.ქ–ის“ სახელზე. აღნიშნული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ამ ნიშნით სარგებლობის განსაკუთრებული უფლებები გააჩნდა 33-ე კლასში მითითებულ საქონელზე - ალკოჰოლურ სასმელებზე;
1.2.2. სასაქონლო ნიშანზე უფლებები 2016 წლის 1 მარტს შპს „მ.ღ.ქ–ამ“ სრულად გადასცა მოსარჩელეს. ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 დეკემბრამდე, ხოლო, შემდგომ გაგრძელდა 2026 წლის 14 დეკემბრამდე;
1.2.3. მოპასუხეს „ს–ში“ რეგისტრირებული აქვს ეტიკეტი (დიზაინი) (საპატენტო მოწმობა D593), რომლის ძირითად ელემენტს სიტყვა „ტალავერი“ (კირილიცაზე შესრულებული) წარმოადგენს, დიზაინი 2014 წლის 17 ოქტომბრიდან არის ძალაში. მოპასუხეს ეს დიზაინი რეგისტრირებული აქვს მე-19 კლასის მე-8 ქვეკლასში - ეტიკეტები, რომელიც წარმოადგენს ფერწერულ გამოსახულებას, ნახატს - სამი მოქეიფე კაცი მთების ფონზე და სიტყვა „ტალავერი“, რომელიც მუქი ღია ფერის ქართული და რუსული შრიფტით არის შესრულებული. მოპასუხე ეტიკეტს ალკოჰოლურ სასმელებზე იყენებს;
1.2.4. მოპასუხის კუთვნილ სადავო დიზაინში სიტყვა „ტალავერი“, შესრულებული რუსული ანბანით - „ТАЛАВЕРИ“ (კირილიცა) მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ძირითად დაცულ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო დიზაინი გამოიყენება ღვინის ეტიკეტად, ასევე, რადგანაც საპირისპირო მტკიცებულება არ იქნა საქმეში მოპასუხის მხრიდან წარმოადგენილი (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), სიტყვა „ტალავერი“ მართებულად არ მიიჩნია დაუცველ სასაქონლო ნიშნად, რამდენადაც მისი გამოყენება, ასევე, რეგისტრაციის მიმართ ინტერესი და „ს–ის“ მხრიდან განხორცელებული ქმედება _ ნიშნის რეგისტრაცია იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასაქონლო ნიშანი აღნიშნავს არა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, არამედ ვაზით გადახურულ საჩრდილობელს, ვენახში მაღალ ხეივანზე გაშენებული ყურძნის ასოციაციას იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1. მუხლის დებულება, რომლის თანახმადაც, დიზაინი არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან. ამავე კანონის 1.2. მუხლის თანახმად კი, მისი მოქმედება ვრცელდება დიზაინზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „ს–ის“ მიერ სამრეწველო საკუთრების რეესტრში ან რომელზედაც ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში ნორმათა წინაპირობების არსებობა უდავოა, შესაბამისად, ყურადღება უნდა გამახვილდეს სადავო ნიშანზე მხარეთა განსაკუთრებული უფლებების რეგისტრაციის თარიღზე. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო ნიშანზე მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება უფრო ადრეა რეგისტრირებული, შესაბამისად, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, რამდენადაც „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ დიზაინი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოში რეგისტრირებულ, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დიზაინის რეგისტრაციას ითხოვს ამ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშანზე უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ექცევა და მისი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ ლახავს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმი (საკუთრების უფლება) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს. ამასთან, ისიც უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნამდვილი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არღვევს მესამე პირთა კანონიერ უფლებებს. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები პირობითია. მხარე, რომელიც მიმართავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით, უნდა ელოდოს, რომ მის მოთხოვნას შეისწავლიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ეს მოთხოვნა მატერიალურ და პროცედურულ პირობებს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრირებული უფლების გაუქმების შედეგად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელ კომპანიას ჰქონდა ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ქონებრივი უფლებები, რომლებიც შეიძლება გაუქმებულიყო გარკვეული პირობების არსებობისას (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007). საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც რეგისტრირებული ნიშნის კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 29.01.2019. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „მ–ს“ (ს/კ #4....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 29.01.2019. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი