№ას-1124-2019 30 სექტემბერი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „მ.ე.კ–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ზ.დ–ძე, ზ.ა–ძე, ე.ჯ., ს.ლ–ძე, ი.ხ–ი, ა.ა–ი, ს.თ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ.დ–ძე (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) საკრედიტო ექსპერტად მუშაობდა შპს „მ.კ–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, დამსაქმებელი, კასატორი). ამავე ორგანიზაციაში საკრედიტო ექსპერტებად მუშაობდნენ ე.ჯ.ი, ა.ა–ი, ი.ხ–ი, ს.თ–ძე, ზ.ა–ძე, ს.ლ–ძე (შემდეგში პირველ მოსარჩელესთან ერთად მოხსენიებული, როგორც: მოსარჩელეები, დასაქმებულები).
2. დამსაქმებლის 2018 წლის 28 მარტის ბრძანებებით (შემდეგში - სადავო ბრძანებები) მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ და სშკ-ის (შემდეგში - სშკ-ის) 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.
3. 2018 წლის 27 თებერვალს საწარმოს უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო შიდა სამსახურებრივი მოკვლევა თავისი კლიენტების მიერ სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სესხების მიღების ფაქტზე. გამოიკვლიეს მოსარჩელეებისა და სხვა თანამშრომლების მიერ გაცემული სესხები და დაადგინეს, რომ ყალბი იყო საბანკო ანგარიშებიდან სახელფასო ამონაწერები და თავად საბანკო ანგარიშები. უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 27 მარტის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 1 აპრილიდან მოსარჩელეები საწარმოდან დაითხოვეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოვლენილი არაპროფესიონალიზმის, გულგრილობისა და უყურადღებობის გამო, რამაც მოპასუხისათვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება გამოიწვია. ამავე დასკვნით საწარმოს სხვა დასაქმებულებს საყვედური გამოეცხადათ. საწარმოს საკრედიტო მიმართულებას დაევალა, აუდიტის სამსახურთან ერთად ერთი თვის ვადაში შეემუშავებინა ერთიანი პოლიტიკა, საწარმოს ყველა დანაყოფისათვის სესხის გაცემისას თავდებისა და სახელფასო ამონაწერების მოთხოვნის პროცესში. ამასთან, საწარმოს საკადრო რესურსების დეპარტამენტს დაევალა საკრედიტო მიმართულების ექსპერტებისა და ჯგუფის უფროსებისათვის ერთი თვის ვადაში ტრენინგის კურსების ჩატარების პროგრამის შემუშავება, ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესის შესწავლის კუთხით.
4. დასაქმებულებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვეს: სადავო ბრძანებების ბათილად ცნობა, პირვანდელ თანამდებობებზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის, გამოუყენებელი შვებულებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
5.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
5.2. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2018 წლის 28 მარტის ბრძანებები მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;
5.3. დამსაქმებელს დასაქმებულების სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება;
5.4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში დამსაქმებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მან აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, თუმცა ეს დანაწესი დამსაქმებელს უპირობო უფლებას არ ანიჭებს - ნებისმიერი გადაცდომისას თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლოს. ამ ნორმის გამოყენება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც დასაქმებულის მიმართ (მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე) უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული.
7.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და საქმის ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. ერთი და იგივე ქმედება, რომელიც ერთ შემთხვევაში არაარსებითია, სხვა დროს შეიძლება უხეშ დარღვევას უთანაბრდებოდეს. დარღვევის მოქმედების (ან უმოქმედობის) სიმძიმის შესაფასებლად, პირველ რიგში, უნდა მოხდეს დამსაქმებლის სამსახურის და ამ სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების გამოკვლევა (იხ. სუსგ, №ას-127-123-2016, 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება).
7.3. ზემოხსენებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით სასამართლომ გამოიკვლია, იყო თუ არა დასაქმებულების მიერ დაშვებული შეცდომა - „უხეში დარღვევა“. სადავო ბრძანებებს საფუძვლად ის გარემოება დაედო, რომ მოსარჩელეებმა დამსაქმებლის სახელით რამდენიმე სესხი გასცეს, რომლებზე წარდგენილი სახელფასო ამონაწერებიც ყალბი იყო. სასამართლოს განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად (მით უფრო, შრომითი დავების სპეციფიკის გათვალისწინებით) დამსაქმებელს უნდა ემტკიცებინა, რომ დასაქმებულების ვალდებულებაში შედიოდა სახელფასო ამონაწერების დეტალური კვლევა, მათი ბუღალტრული დამუშავება, მასთან დაკავშირებული საქმიანობა და ამონაწერების ნამდვილობის შემოწმება. დამსაქმებელს ასეთი მტკიცებულება არ წარუდგენია.
7.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სახელფასო ამონაწერების სიყალბის დადგენა სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. მსგავსი სიყალბის დადგენა და არასპეციალისტის მიერ აღნიშნულის შემჩნევა რთულია. შესაბამისად, არასპეციალისტისათვის მსგავსი ცოდნისა და გამოცდილების მოთხოვნა, არაგონივრულია. აქ სასამართლომ ისიც გაითვალისწინა, რომ საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, მსგავსი გამოცდილება და ამ კუთხით გადამზადება თანამშრომლებს არ ჰქონდათ და შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ დაევალა დამსაქმებელს მოცემული კუთხით რეაგირება.
7.5. სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ სასამართლოს სარწმუნოდ ვერ დაუსაბუთა, თუ რატომ გახდა აუცილებელი ზემოაღნიშნული გადაცდომის შედეგად დასაქმებულების სამსახურიდან უპირობო გათავისუფლება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საექსპერტო დასკვნაში გამოვლენილი „გადაცდომების“ ჩამდენი პირების ნაწილი (მოსარჩელეების გარდა) დაკავებული პოზიციებიდან არ გათავისუფლებულან. ამასთან, დამსაქმებელს მოსარჩელეთა მიმართ სხვა დისციპლინური სახდელი არ გამოუყენებია.
7.6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულების მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების „უხეშ დარღვევას“ ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ასეც რომ ყოფილიყო, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მაინც არამართლზომიერი იქნებოდა. ამ დასკვნის საფუძვლად სასამართლომ იმაზე მიუთითა, რომ ანალოგიურ გადაცდომაზე სხვა დასაქმებულები სამსახურიდან არ გათავისუფლებულან. ამდენად, დამსაქმებელმა ერთსა და იმავე პირობებში მყოფი დასაქმებულების თანაბარი მოპყრობის პრინციპი დაარღვია, რაც დასაქმებულთა შრომითი უფლებების უზრუნველყოფის ფუნდამენტური ღირებულებაა.
7.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაქმებულების სამუშაო ადგილებზე აღდგენა შეუძლებელი იყო, რადგან მათთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 2018 წლის 1 აგვისტომდე იყო განსაზღვრული. საქმის განხილვისას სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 54-ე მუხლი (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს).
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შეიტანა, ამ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
8.1. მოსარჩელეებს, როგორც საკრედიტო ექსპერტებს, მათი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე იმთავითვე გაცნობიერებული ჰქონდათ უფლება-მოვალეობები, რაც ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებულ პირს სტანდარტულად განესაზღვრება და რაც თანამდებობრივი პოზიციის დასახელებიდანაც მარტივად აღქმადია. მოსარჩელეებმა საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ტრანზაქციის ფარგლებში გამოიყენეს ფინანსური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ იკისრეს ამ დოკუმენტაციის სრულფასოვნად შესწავლის ტვირთი. ეს გარემოება პრეზუმფციას ქმნის, რომ დასაქმებულთათვის ცნობილი იყო ზემომითითებული დოკუმენტაციის გამოკვლევა-შეფასების წესი და სტანდარტები.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი ისაა, თუ რამდენად კანონიერია მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები. აღნიშნულ ბრძანებებს საფუძვლად დაედო სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის იმჟამად მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებს შრომითი ვალდებულებები უხეშად არ დაურღვევიათ.
15. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძვლად იმაზე მიუთითებს, რომ დასაქმებულებმა მოპასუხის სახელით რამდენიმე სესხი გასცეს, რომლებზე წარდგენილი სახელფასო ამონაწერებიც ყალბი იყო. სადავო ბრძანებებს სწორედ ეს გარემოება უდევს ფაქტობრივ საფუძვლად.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. ეს დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016წ.; სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015წ.).
17. გარდა ამისა, პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
18. საკასაციო სასამართლოს განსჯით, ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები აუცილებლად უნდა ადასტურებდნენ მოსარჩელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის ფაქტს. დამსაქმებელს ასეთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, მან ვერ შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ სახელფასო ამონაწერების ნამდვილობის შემოწმება დასაქმებულების ვალდებულებაში შედიოდა. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოცემული კუთხით გამოცდილება არც სხვა თანამშრომლებს არ გააჩნდათ და დამსაქმებელს მხოლოდ საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასკვნის მომზადების შემდეგ დაევალა შესაბამისი რეაგირება. ამდენად, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ საწარმოში კლიენტების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების რაიმე წესი არსებობდა, რომლებიც მოსარჩელეებმა დაარღვიეს. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახელფასო ამონაწერების სიყალბის დადგენა სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. მსგავსი ფაქტების დადგენა და არასპეციალისტის მიერ აღნიშნულის შემჩნევა რთულია, ამიტომ ამ უკანასკნელს მსგავსი ცოდნისა და გამოცდილების ქონა ვერ მოეთხოვებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ვალდებულება უხეშად არ დაურღვევიათ. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები) სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა (სსკ-ის 51-ე მუხლი), რადგან არ არსებობდა ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელეთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა.
20. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია ზოგადი ხასიათისაა. კასატორი ვერ მიუთითებს, უნდა შეემოწმებინათ თუ არა მოსარჩელეებს კრედიტის მიმღები პირების მიერ წარდგენილი სახელფასო ცნობების ნამდვილობა. ამასთან, თუკი მაინც უნდა შეემოწმებინათ, კასატორი ვერ უთითებს, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს დასაქმებულებს, კერძოდ, ცნობის ვიზუალური დათვალიერებით, ექსპერტიზის დანიშვნით თუ ცნობის გამცემ დაწესებულებაში გადამოწმებით. ამდენად, კასატორი ვერ ასაბუთებს, საწარმოში არსებობდა თუ არა წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის გადამოწმების რაიმე წესი, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში, იცნობდნენ თუ არა ამ წესს მოსარჩელეები. ასეთ დასაბუთებად ვერ გამოდგება მის მიერ მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ დასაქმებულთა თანამდებობების დასახელებები თავისთავად ცხადყოფს მათი მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოკვლევის წესის ცოდნას. ამდენად, კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1 470 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ე.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „მ.ე.კ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2100 ლარის (საგადახდო დავალება #1564755727, გადახდის თარიღი 02.08.2019) 70% – 1470 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი