Facebook Twitter

საქმე № ას-1287-2020 18 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ.ხ–ი (გ.ბ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი

მესამე პირი – ი.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისისა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ბ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“ ან „განმცხადებელი“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხის დავალებითა და ფულით 2014 წლის 18 მარტს მოსარჩელის მიერ აუქციონზე შეძენილ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე, დედოფლისწყარო, .... , საკადასტრო კოდი: №..... (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“), მოპასუხის საკუთრების უფლების აღიარება;

1.2. მოპასუხის დავალებით მოსარჩელეზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხისათვის, საკუთარი ხარჯით საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება;

1.3. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 2010 წლის 25 ნოემბრის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის სასარგებლოდ გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად 621 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

1.4. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 2014 წლის 14 მარტის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად 1000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

1.5. მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადასახდელი 32 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. მოპასუხემ და ი.ბ–მა (შემდგომში − „მესამე პირი“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოსარჩელის მიმართ და მოითხოვეს:

3.1. იმ ფაქტის დადგენილად ცნობა, რომ მოსარჩელემ კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2014 წლის 18 მარტს ჩატარებულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო და სადავო უძრავი ქონება შეიძინა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული გარიგების (დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე მესამე პირის სასარგებლოდ;

3.2. სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმება;

3.3. სადავო უძრავი ქონების მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა.

4. მოსარჩელემ მოპასუხისა და მესამე პირის სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოსარჩელის, მოპასუხისა და მესამე პირის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

6. მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხისათვის დავის დასრულებამდე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისი, ....... (ყოფ. ......), საკადასტრო კოდი: ........) გასხვისებისა და ვალდებულებებით დატვირთვის აკრძალვა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რაც საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება და მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ხელახლა გასნახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ......, ბინა №5, საკადასტრო კოდი: ......., გასხვისება და რაიმე ვალდებულებებით დატვირთვა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 621 აშშ დოლარის გადახდა. სარჩელი დავალების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების აღიარების, საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულების, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისა და თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ნ.ბ–ისა და ი.ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.ბ–მა და ნ.ბ–მა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე - დავალების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულების ნაწილში, მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ი.ბ–ის მესამე პირად ჩართვის შესახებ დაკმაყოფილდა.

15. 2019 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

16. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

16.1. საქმე წლების განმავლობაში მიმდინარეობს. უძრავ ქონებაზე შეზღუდვა კი მიზერული თანხის უზრუნველსაყოფად არის გამოყენებული, რაც ზიანს აყენებს მოპასუხეს;

16.2. მოპასუხის მამა მძიმედ არის ავად, ხოლო მოპასუხის ფინანსური შესაძლებლობები არასაკმარისია მამის მკურნალობისთვის. მოპასუხის ერთადერთი ნუგეში უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის აღებაა;

16.3. მოსალოდნელია მოცემული საქმის წარმოების შეჩერება, შეზღუდვა კი კვლავ ძალაში დარჩება, რაც გამოუსწორებელ ფინანსურ და მორალურ ზიანს აყენებს მოპასუხეს;

16.4. შეზღუდვის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მოსარჩელეს უზრუნველყოფის სახით ისედაც აქვს მოპასუხის სახლი. საუბარია, სადავო უძრავ ქონებაზე. მოპასუხისთვის ამ ქონების გადაცემის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მასზე შეზღუდვის გავრცელება.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნა გასხვისებისა და რაიმე ვალდებულებებით დატვირთვის აკრძალვა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ......., ბინა №5, საკადასტრო კოდი: ........

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილი მხარის, გ.ბ–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

19. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისის განჩინებაზე გ.ბ–ის წარმომადგენელმა წარადგინა საჩივარი.

20. საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

20.1. მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 621 აშშ დოლარი და ასევე სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები, რაც ჯამში 290,68 ლარს შეადგენს. მოსარჩელის უფლებამონაცვლე აპირებს დავის გაგრძელებას და მას იურიდიული დახმარების უზრუნველსაყოფად დასჭირდება გარკვეული თანხა, რაც მისთვის საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ასევე დაემატება აღნიშნულ ასანაზღაურებელ თანხებს. თანხა, რომელთან მიმართებითაც უზრუნველყოფის ღონისძიება იქნა გამოყენებული, თითქმის იგივეა, ანუ ამ ნაწილში გარემოება არ შეცვლილა. ამასთან, მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება თავის დროზე არ გაუსაჩივრებია. მოპასუხის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადებაში მოყვანილი გარემოებებიდან სასამართლომ გაიზიარა ერთი, თანხის შეუსაბამობა უზრუნველყოფის საგანთან, რასაც დააფუძნა თავისი განჩინება, თუმცა აღნიშნული თანხის ოდენობა არ შეცვლილა (თითქმის იგივეა);

20.2. გადაწყვეტილების წარმატებით აღსრულება დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზეც. მოსარჩელემ საქმის ორივე ინსტანციაში განხილვისას არაერთხელ აღნიშნა, რომ მოპასუხე მისი საცხოვრებელი და იურიდიული მისამართის ზუსტ მითითებას თავს არიდებს (მითითებული აქვს: „აშშ, ტეხასი, დალასი“);

20.3. თუ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება (ანუ თუ მოსარჩელეზე რიცხული სახლი დედოფლისწყაროში მესამე პირს გადაეცემა), მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება;

20.4. თუ მოპასუხე სასამართლოს მიერ მისთვის თანხის დაკისრების შემთხვევაში ანაზღაურებას არ გაურბის და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას ამ მიზნით არ ითხოვს, მას შეუძლია სასამართლო დავის დასრულებამდე შესაბამისი თანხა შეიტანოს დეპოზიტზე.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ნ.ხ–ის (მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის, ლ.ბ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

22. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების ნაწილში ჯამში წარმოადგენდა 1621 აშშ დოლარს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 621 აშშ დოლარის გადახდა 2010 წლის 25 ნოემბრის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად. სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, კერძოდ, მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას, 2014 წლის 14 მარტის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად.

23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოცულობის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არათანაზომიერად ზღუდავდა მოპასუხის უფლებებს. სააპელაციო პალატის მითითებით, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონება მდებარეობდა ქ. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ღირებულებით ბევრად აღემატებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხების ჯამს და არ არსებობდა ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების საფრთხე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 411-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

26. საკასაციო პალატის შეფასების საგანს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება წარმოადგენს.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

29. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება.

30. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 621 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მოპასუხისთვის 1000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ.

31. დადგენილია ასევე, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

33. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა საკუთრებაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეულ იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1462-2019, 21 თებერვალი, 2020 წელი).

35. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადებაში მოპასუხე თავად მიუთითებს, რომ იგი უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას გეგმავს. აღნიშნული გარემოება კი, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე საქართველოში არ ცხოვრობს (მოპასუხეს მის მიერ წარდგენილ საპროცესო დოკუმენტებში [იხ. მაგ., დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ტ.5. ს.ფ. 57] საკუთარ მისამართად მითითებული აქვს: „აშშ. დალასი“) და ასევე მის მიერ საქართველოში სხვა ქონების ფლობის ფაქტი დადასტურებული არ არის, კიდევ უფრო განამტკიცებს იმ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს გადაწყვეტილების აღსრულებას (სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში).

36. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას, რომ უძრავ ქონებაზე შეზღუდვა მიზერული თანხის უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეს შეეძლო, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაცვლად, სასამართლოსთვის შეეთავაზებინა სხვა საშუალება და მოეთხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მისთვის მისაღები უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომელიც, ერთი მხრივ, მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ ბერკეტებს შეუქმნიდა, მაგალითად, თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება. აღნიშნულის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელს არ განუხორციელებია.

37. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.

38. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების საფუძველი არ არსებობდა, რადგან უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების ღირებულება აღემატებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის სახის დავის საგანთან ადეკვატურობის თაობაზე, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს (იხ. სუსგ საქმე №ას-54-2019, 6 ივნისი, 2019 წელი).

40. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდებოდა. შესაბამისად, სასამართლოს ამ უძრავი ქონების ღირებულების სასარჩელო მოთხოვნასთან ზუსტად შეფარდების შესაძლებლობა არ აქვს.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება ამგვარი ღონისძიების გამოყენების გარეშე. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ხ–ის (გ.ბ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის, ლ.ბ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისისა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებები;

3. ნ.ბ–ის წარმომადგენლის, ი.მ–ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი