Facebook Twitter

საქმე №ას-1037-2020 25 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.ქ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ჩ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ქ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 14-დღიანი ვადა. 2019 წლის 23 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 14 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 14 დღით. 2019 წლის 13 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 5 დღით და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში 923,40 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა. 2019 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა თ.გ–მა და ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 5 დღით გაგრძელება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 5 დღით. 2019 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა თ.გ–მა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მისი დედის ავადმყოფობის გამო.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 10 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს თ.გ–ს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და ჩაბარდა თ.გ–ის დედას, შ.ჭ–ს, 2019 წლის 18 დეკემბერს, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის დედას. თუმცა აღნიშნული განჩინების ჩაბარების თაობაზე აპელანტის წარმომადგენლისათვის ცნობილი არ გამხდარა, რადგან დედამისს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ აქვს უნარი გააცნობიეროს რაიმე მოქმედება. შესაბამისად, მის მიერ განჩინების ჩაბარების ფაქტი ადრესატისათვის უცნობი დარჩა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

16. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით (იხ. ტ.1. ს.ფ. 236-238).

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს თ.გ–ს, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმეში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ.1 .ს.ფ. 64) და 2019 წლის 18 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის დედას, შ.ჭ–ს (იხ. ტ.1 .ს.ფ. 240). თუმცა აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

19. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. ამგვარად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

20. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ აპელანტის წარმომადგენლის დედას, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ აქვს თავისი მოქმედებების გაცნობიერების უნარი. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლისთვის შ.ჭ–ის მიერ განჩინების ჩაბარების ფაქტი უცნობი დარჩა.

21. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

22. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ თუ მხარის მიერ დასახელებულ მისამართზე სასამართლო კორესპონდენციის გაგზავნისას ადრესატი საცხოვრებელ ადგილას დროებით არ იმყოფება და ამავე მისამართზე მყოფი პირი უფლებამოსილ სასამართლო თუ საფოსტო კურიერს განუმარტავს, რომ არის მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი, სასამართლო უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მხარის ოჯახის წევრს, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას უთანაბრდება. აღნიშნული ვარაუდის საწინააღმდეგო გარემოების არსებობის დადასტურება ევალება მხარეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შ.ჭ–მა, როგორც ადრესატის ოჯახის წევრმა, ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა.

24. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლო გზავნილის მიმღებ პირს თავისი მოქმედების გაცნობიერება არ შეეძლო, თუმცა მას აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ქ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი