გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-83-61-კს-03 1 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 7 მაისს მ. ბ-მა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა და სკ-ს 411-ე მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 50-ე მუხლის შესაბამისად მარჩენალის დაკარგვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე – თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 17160 ლარის გადახდა დაეკისრა. მ. ბ-ს დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათსვის დაბრუნება მოითხოვა. მან სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
აპელანტი აღნიშნავდა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა 1998წ. საქართველოს კანონის “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” მე-16 მუხლის მე-4 პუნაქტი ანუ კანონს უკუქცევითი ძალა მიანიჭა, მაშინ, როცა სამხედრო მოსამსახურე 1993 წელს დაიღუპა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა არა მის მიერ მითითებული კანონი, არამედ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 31 მაისის ¹421 დადგენილების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გაშვებული იყო. კერძოდ, გადაწყვეტილების სრული ტექსტი თავდაცვის სამინისტროს 2002წ. 12 აგვისტოს ჩაბარდა, სააპელაციო საჩივარი კი 2002წ. 18 ნოემბერს ე.ი. ორი თვის შემდეგ იქნა შეტანილი.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ს 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო წესით გასჩივრების დადგენილი ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო ამავე კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიიჩნევის შემთხვევაში, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
სააპელაციო პალატის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინებაზე თბილისის საოლქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტრომ კერძო საჩივარი შეიტანა და ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე მიუთითა:
იგი აღნიშნავდა, რომ აპელანტს სსკ-ს 369-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია, რადგან რაიონულ სასამართლოს მისთვის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება არ გაუგზავნია. თავდაცვის სამინისტროში მოსარჩელემ განცხადებასთან ერთად გადაწყვეტილება 2002წ. 18 ოქტომბერს შეიტანა და არა იმავე წლის 12 აგვისტოს. აქედან გამომდინარე, ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც თავის მოთხოვნებს ამყარებს. თავდაცვის სამინისტრომ ვერ დაამტკიცა, რომ რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება 2002წ. 12 აგვისტოს არ მიუღია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თბილისის საოლქო სასამართლოს ასდმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინება უცვლელად დატოვა და საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 3 დეკემბრის და 2003წ. 22 მაისის განჩინებები ძალაში უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროსათვის კანონით დადგენილი წესით არ გაუგზავნია და იგი არა იმავე წლის 12 აგვისტოს, არამედ მხოლოდ 18 ოქტომბერს ჩაბარდა მას, უსაფუძვლოა, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. 12 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაწყვეტილების გზავნილზე დასმული ბეჭედი ამ სამინისტროს გენერალურ შტაბს ეკუთვნის. აგრეთვე, სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ ვერ დაამტკიცა, რომ რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება 2002წ. 12 აგვისტოს არ მიუღია.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გასაჩივრების სსკ-ს 369-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა გაუშვა, ამავე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო წესით გასაჩივრების დადგენილი ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო სსკ-ს 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ამასთან, რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გამოცხადებას ესწრებოდა და მან მ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა 17160 ლარის ზარალის ანაზღაურების ნაწილში ცნო.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 98-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს მიერ 2002წ. 27 მარტს ა. ც-ის სახელზე გაცემულ მინდობილობაში გარკვევით იყო აღნიშნული, რომ მას მინდობილობით სრული უფლება ეძლეოდა მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმე ყველა სასამართლო ინსტანციაში ეწარმოებინა, შესაბამისად, საქმე დაემთავრებინა მორიგებით, ეცნო ან მთლიანად ან ნაწილობრივ უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “თუ დასაბუთებული გადაწყვეტლების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 3 დეკემბრის და 2003წ. 22 მაისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.