საქმე №ას-1063-2020 1 თებერვალი , 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ჟ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ.ჟ–ამ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ნ–ძის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მთავარი სხდომა 2020 წლის 27 თებერვალს გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ნ.ჯ–ძე (შემდგომში - „მოპასუხის წარმომადგენელი“). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2020 წლის 11 მარტის 17:00 საათისათვის გადაიდო, რის შესახებაც მხარეები ხელწერილის საშუალებით გააფრთხილეს.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 369-ე, 374-ე, მე-60 და 61-ე მუხლებით და მიუთითა, რომ, რადგან აპელანტის წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, იგი ვალდებული იყო განჩინების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადებულიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 12 მარტიდან და ამოიწურა ამავე წლის 25 მარტის 24:00 საათზე.
9. აპელანტმა განჩინების ჩასაბარებლად სასამართლოს მიმართა დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით, 2020 წლის 3 ივლისს.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2020 წლის 9 ივლისს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, რათა აღდგენილიყო გასაჩივრების ვადები და კერძო საჩივრის ავტორს დაეცვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.
12. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მთავარ სხდომას ესწრებოდნენ ის და მისი წარმომადგენელი, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას აპელანტი არ ესწრებოდა. სასამართლოს აპელანტისათვის უნდა ჩაებარებინა გადაწყვეტილება, მაგრამ იგი აპელანტს არ ჩაბარებია. აპელანტმა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დადგენილ ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
16. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
17. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე, თუმცა აპელანტის წარმომადგენელისათვის, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმის მასალებში წარდგენილი მინდობილობით (იხ. ს.ფ. 48) ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (იხ. გაფრთხილების წერილი, ს.ფ. 54). შესაბამისად, მიიჩნევა, რომ კანონის შესაბამისად მოპასუხისთვისაც ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების დღე.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც აპელანტს და არც მის წარმომადგენელს განჩინების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2020 წლის 31 მარტი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2020 წლის 10 აპრილი) განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2020 წლის 10 აპრილს და ამოიწურა 2020 წლის 24 აპრილს.
20. მართალია, სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 12 მარტიდან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი), თუმცა აღნიშნულს საკითხის არასწორად გადაწყვეტა არ მოჰყოლია. საპროცესო ვადის სწორი თარიღიდან ათვლის შემთხვევაში, მაინც არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 9 ივლისს (იხ. ს.ფ. 77-85), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
22. როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტის წარმომადგენელისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (ან მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და გამოცხადდებოდა სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ განჩინებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ავტომატურად დაიწყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამასთან, საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება, რომ სასამართლომ გვიან მოამზადა დასაბუთებული განჩინება.
23. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა და მიუთითებს, რომ საქმის მასალებში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელზეც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ნ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი