საქმე №ას-1103-2020 25 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.გ–ამ (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „პირველი კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ლ.ბ–ის“ (შემდგომში − „მოპასუხე“, „ბანკი“ ან „მეორე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან 2017 წლის 8 აპრილს დადებული №13903706 და 2017 წლის 14 ივნისს დადებული №14245699 სოციალური დახმარების ან/და სახელწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და 6360 ლარის ოდენობით უკანონოდ დაკავებული თანხის მისთვის დაბრუნება.
2. მოსარჩელის განმარტებით, მან 2016 წლის მარტის თვეში მოპასუხესთან გააფორმა საპენსიო ავანსის (სესხის) ხელშეკრულება 36 თვის ვადით, 1840 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიიდან ყოველთვიურად ექვითებოდა 80 ლარი, რომლითაც იფარებოდა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოსარჩელემ შეიტყო, რომ მიუხედავად მისი საპენსიო ანგარიშიდან თანხის ყოველთვიური ჩამოჭრისა, სესხის ძირი თანხის ოდენობა არ მცირდებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, 2017 წლის 8 აპრილსა და 2017 წლის 14 ივნისს მოპასუხესთან დადებულა სოციალური დახმარების ან/და სახელწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებები.
3. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებსა და სალაროს გასავლის ორდერებზე მისი სახელით დაფიქსირებული ხელმოწერა მის მიერ არ არის შესრულებული, რასაც ადასტურებს გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უკანონოდ წარმოეშვა დავალიანება მოპასუხის მიმართ, რის გამოც 2017 წლის ივნისის თვიდან ვერ მიიღო სახელმწიფო პენსია და სოციალური დახმარება.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. მოპასუხის განმარტებით, სადავო ხელშეკრულებები ნამდვილია, მათზე არის მოსარჩელის ხელმოწერა, რომელიც გაყალბებული არ არის. ბანკის წინაშე მოსარჩელის ვალდებულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული სახელმწიფო პენსიიდან დაიფარა სოციალური დახმარების ან/და სახელწიფო პენსიის გრძელვადიანი ავანსი, რის გამოც, მოსარჩელემ პენსია სრულად ვერ მიიღო. თანხის ჩამოჭრა ხორციელდებოდა ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 8 აპრილსა და 2017 წლის 14 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის №13903706 და №14245699 ხელშეკრულებები არ დადებულა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 960 ლარის გადახდა.
9. სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტები:
9.1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2018 წლის 13 ნოემბრის დადგენილებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, მოპასუხესთან მოსარჩელის სახელით 2017 წლის 8 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაზე მოსარჩელის ხელმოწერის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. ამავე დადგენილებაში მითითებულია, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეუძლებელია იმის დადგენა, აღნიშნულ დოკუმენტებზე არსებული გამოსაკვლევი ხელმოწერები არის თუ არა შესრულებული მოსარჩელის მიერ. გამოსაკვლევი ხელმოწერების უკიდურესად შეზღუდული და მარტივი აგებულების გრაფიკული მასალა არ იძლევა ისეთ საიდენტიფიკაციო ნიშნებს, რომლებიც თავისი ერთობლიობით საკმარისი იქნებოდა ამა თუ იმ სახის კატეგორიული ან სავარაუდო დასკვნისთვის, პირის გაიგივების მიზნით. აღნიშნული ხელმოწერები შემდგომ შედარებით კვლევას პირის იდენტიფიკაციის მიზნით არ ექვემდებარება;
9.2. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის 2018 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2018 წლის 13 ნოემბრის დადგენილებაზე (საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ) წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
9.3. მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით - 43600, და იღებს საარსებო შემწეობას;
9.4. ბანკში მოსარჩელის კუთვნილ ანგარიშზე - GE82LB0711104831063040(GEL), საწყისი თარიღის, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ნაშთი შეადგენდა 2159.99 ლარს, 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით - 1599,62 ლარს, ხოლო საბოლოო თარიღის, 2019 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით - 196.75 ლარს. ამონაწერში ასევე ასახულია ინფორმაცია მოსარჩელის პლასტიკურ ბარათზე და საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ;
9.5. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2016 წლის 18 მარტს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა საპენსიო ავანსის ხელშეკრულება 36 თვის ვადით, სესხის თანხის - 1840 ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა იწურებოდა 2019 წლის 18 მარტს.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა 2017 წლის 8 აპრილს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებულ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის №13903706 ხელშეკრულებას, რომლითაც მოსარჩელემ ბანკიდან ავანსის სახით მიიღო 151,66 ლარი 5 თვით, 2017 წლის 25 აგვისტომდე. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდიდა 2017 წლის 14 ივნისს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სოციალური ავანსის დაფარვ(ებ)ის გადავადებისა და სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო ავანსის ხელშეკრულების ცვლილებ(ებ)ის დამატებ(ებ)ის შესახებ №14245697 განაცხადს, რომლითაც მოსარჩელემ ბანკიდან 2016 წლის 18 მარტის ავანსის ხელშეკრულებით მიღებული სესხის (1840 ლარი, 36 თვით, ყოველთვიური დასაფარი თანხა - 80 ლარი) დასაფარი თანხის - 80 ლარის გადავადება მოითხოვა ორი თვით (2017 წლის 19 ივნისს დასაფარი 80 ლარის გადავადება 2017 წლის 18 აგვისტომდე და 2017 წლის 18 ივლისს დასაფარი 80 ლარის გადავადება 2017 წლის 18 სექტემბრამდე) და ასევე ბანკიდან ავანსის სახით მიიღო 178,04 ლარი.
11. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის სესხის ანგარიშიდან ამონაწერის საფუძველზე დაადგინა, რომ 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოსარჩელის ანგარიშზე ნაშთი იყო 3680 ლარი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მითითებით, მას 2016 წლის 18 მარტამდე ბანკთან არასდროს გაუფორმებია სესხის ხელშეკრულება, თუმცა სარჩელით იგი სადავოდ არ ხდიდა ანგარიშზე არსებული უარყოფითი ნაშთის საფუძვლებს, გარდა 2017 წლის 8 აპრილისა და 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებებისა (მოსარჩელის მითითებით, 2017 წელს, 10 თვის განმავლობაში, შეჩერებული ჰქონდა პენსიისა და სარსებო შემწეობის მიღება, რაც ერთობლიობაში შეადგენდა თვეში 340 ლარს, სულ 3400 ლარს. გარდა ამისა, 2016 წელს, 2 თვის განმავლობაში, ხოლო 2017 წელს, 4 თვის განმავლობაში, უნდა მიეღო 80-80 ლარი, რაც მთლიანობაში 480 ლარს შეადგენს).
12. სააპელაციო პალატის მითითებით, რადგან 8 აპრილისა და 14 ივნისის ხელშეკრულებებზე მოსარჩელის ხელმოწერების არსებობის ფაქტი ვერ დადასტურდა, დადგენილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რომ მხარეთა შორის სადავო გარიგებები არ დადებულა.
13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავოობის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის ნამდვილობა მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რაც მოცემულ შემთხვევაში ბანკმა ვერ შეძლო. სააპელაციო პალატის მითითებით, ბანკმა კლიენტთან ხელშეკრულების დადების ფაქტი სათანადო, სრულყოფილი, სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე დოკუმენტით უნდა ამტკიცოს, როგორიცაა, მხარეთა მიერ სათანადოდ (გარკვევით და ნათლად) ხელმოწერილი ხელშეკრულება. აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდეს. ასეც რომ არ იყოს, სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად არ ჩაითვლება მსესხებლისათვის თანხის რეალური გადაცემის გარეშე. თანხის გადაცემის ფაქტი კი გამსესხებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.
14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა სადავო 5 თვის და 2 თვის განმავლობაში მოსარჩელის ანგარიშზე თანხის (160X5=800 ლარი; 80X2=160 ლარი) დაკავების მართლზომიერი (სახელშეკრულებო) საფუძვლის არსებობა. სააპელაციო პალატის მითითებით, 8 აპრილის ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოესპო შესაძლებლობა ანგარიშიდან 5 თვის განმავლობაში გაეტანა ყოველთვიური საარსებო შემწეობის თანხა თვეში 160 ლარის ოდენობით, რაც საერთო ჯამში 800 ლარს შეადგენდა. სადავო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა აღნიშნული თანხა მიმართა მოსარჩელის ძველი დავალიანების დასაფარად. 14 ივნისის ხელშეკრულებით კი მოსარჩელემ ივნის-ივლისის თვეში პენსიის სახით ვერ მიიღო 80-80 ლარი. სააპელაციო პალატის მითითებით, რადგან დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბანკსა და მოსარჩელეს შორის 14 ივნისისა და 8 აპრილის შეთანხმებები არ დადებულა, მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული თანხის დაკავება და არარსებული ხელშეკრულების საფუძველზე ძველი დავალიანების დასაფარად მიქცევა არაკანონიერი იყო.
15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ძველი ვალის, რომელიც მან 2016 წლის 18 მარტს აიღო ბანკისგან, გადასახდელად ჰქონდა განსაზღვრული ვადა და გადახდის გრაფიკი. კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა 2019 წლის 18 მარტს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლის თანახმად, ბანკს მოსარჩელის თანხმობის გარეშე, დადგენილ ვადამდე არ შეეძლო შესრულების მოთხოვნა და შემწეობისთვის განკუთვნილი თანხების 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად მიმართვა.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ყოველთვიურად მისაღები თანხის დაკავება და ამ თანხის ანგარიშში ძველი დავალიანების გაქვითვა სადავო ხელშეკრულებების ნამდვილობის შემთხვევაშიც არ იქნებოდა კანონიერი, რადგან მოსარჩელისთვის დაკავებული თანხა იყო არა ხელფასი ან სხვა შემოსავალი, არამედ - სოციალური დახმარების თანხა.
17. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა დაებრუნებინა დაკავებული თანხა, პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5X160=800 ლარი, ხოლო მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 80X2=160 ლარი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სხვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მას, 8 აპრილისა და 14 ივნისის ხელშეკრულებების გარდა, სხვა ხელშეკრულებები სადავოდ არ გაუხდია და არც მოპასუხესთან წლების განმავლობაში გარკვეულ სასესხო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს უარყოფდა.
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
19. პირველმა კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
19.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელის ანგარიშზე ნაშთი იყო 3680 ლარი, რაც არასწორია. მოსარჩელე ყოველთვის უთითებდა, რომ მას 2016 წლის 18 მარტამდე არასდროს გაუფორმებია სესხის ხელშეკრულება და არანაირი დავალიანება არ ჰქონია;
19.2. მოსარჩელეს აქვს სმენის ასაკობრივი პრობლემა. მან სავარაუდოდ ვერ გაიგო, როდესაც მოსამართლემ ჰკითხა 3680 ლარის თაობაზე. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ანგარიშზე არსებული უარყოფითი ნაშთის საფუძვლებს სადავოდ არ ხდიდა. იგი სწორედაც რომ სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას. მის ანგარიშზე არ უნდა ყოფილიყო უარყოფითი ნაშთი, ვინაიდან 2016 წლის 18 მარტამდე სესხი არ აუღია. გარდა ამისა, თუ იანვარში ნაშთი 2159.99 ლარი იყო, გაუგებარია იგი 18 მარტს 3680 ლარი როგორ გახდა. შესაბამისად, მოპასუხეს, გარდა დაკისრებული 960 ლარისა, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის უკანონოდ დაკავებული 5400 ლარის გადახდა, რომელიც შედგება სწორედ 3680 ლარისა და მასზე დარიცხული პროცენტებისაგან.
20. პირველმა კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
22. მეორე კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
22.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების ტვირთის ბანკისთვის დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილს. არასწორია სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მისი ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით ეჭვის გამოთქმა საკმარისია მტკიცების ტვირთის შესაცვლელად. იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზამ ხელმოწერის სიყალბის დადგენა ვერ მოახერხა, მოპასუხისთვის მტკიცების ტვირთის გადაკისრება დაუშვებელი იყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის №ას-1294-1214-2015 გადაწყვეტილების თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება დასტურდება მისი ხელმოწერით. შესაბამისად, ხელმოწერათა გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა;
22.2. სისხლის სამართლის წესით ჩატარებული გამოძიებით ვერ დადგინდა ხელმოწერათა გაყალბების ფაქტი. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა არც ხელმოწერებზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზით. უფრო მეტიც, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა ამონაწერი მოსარჩელის ანგარიშიდან, რომლითაც დასტურდება მასზე თანხების მოძრაობის ფაქტი. მოპასუხემ დამატებით წარადგინა მოწმის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, სესხი გაიცემა ბანკში განმცხადებლის მხოლოდ ფიზიკურად გამოცხადების და ვიზუალური იდენტიფიკაციის შემდეგ, რაც გამორიცხავს სხვა პირის მიერ სადავო ხელშეკრულებების დადებას. მოსარჩელემ თავად განმარტა, რომ მისი პლასტიკური ბარათი და პირადობის მოწმობა სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც გამორიცხავს როგორც სხვა პირის მიერ სესხის აღებას, ასევე მისი ანგარიშიდან ფულის გამოტანის შესაძლებლობას. ბანკის მიერ თანხის რეალურად გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარჩელის ანგარიშიდან ამონაწერით, რომელშიც ასახულია სადავო თანხათა ჩარიცხვა. შესაბამისად, მოპასუხემ, როგორც ნივთიერი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, დაამტკიცა ბანკსა და მოსარჩელეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტი;
22.3. სასამართლომ მიუთითა, რომ დაუშვებელია საპენსიო ავანსის გამოყენება მსესხებლის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულების გადაფარვის მიზნით. გარდა იმისა, რომ არ არსებობს აღნიშნული მსჯელობის განმტკიცების რეალური სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელეს ამგვარი მოთხოვნა საერთოდ არ დაუყენებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. სოციალური ავანსი წარმოადგენს საბანკო პროდუქტს, რომლის მიზნობრიობა არ არის რეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით. მომხმარებელი თავად ირჩევს, თუ როგორ გამოიყენოს მიღებული თანხა. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, დაუშვებელია სასამართლომ მხარეებს შეუზღუდოს გარიგების კონკრეტული მიზნით დადების უფლება, თუ იგი არ არღვევს საჯარო წესრიგს და არ არის კანონსაწინააღმდეგო.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ორივე საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. მეორე კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.
29. მეორე კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
30. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
31. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
32. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მისი სახელით ბანკთან დადებული 2017 წლის 8 აპრილისა და 2017 წლის 14 ივნისის სოციალური დახმარების ან/და სახელწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ამ ხელშეკრულებებზე არსებული ხელმოწერები მის მიერ არ იყო შესრულებული. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნაზე.
33. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 8 აპრილისა და 14 ივნისის ხელშეკრულებებზე მოსარჩელის ხელმოწერები ვერ დადასტურდა ხელწერის შესადარებელი ნიმუშის სიმწირის გამო (იხ. წინამდებარე განჩინების 9.1. ქვეპუნქტი).
34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, სადავო ხელშეკრულებები სტანდარტულ სესხის ხელშეკრულებებს არ წარმოადგენენ, თუმცა მათი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას ვალდებულებით სამართალში სასესხო ურთიერთობებთან მიმართებით დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების წესი. აღნიშნული წესის თანახმად, მოვალეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომელიც გამორიცხავს შესრულებას, ხოლო გამსესხებელს ეკისრება სესხის ხელშეკრულების დადებისა და შესაბამისი თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
35. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო იმ პრეზუმფციის გაქარწყლება, რომ სადავო ხელშეკრულებებზე არსებული ხელმოწერები შესრულებული იყო მის მიერ. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე, რომელსაც, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულებების დადების ფაქტი, რაც მან ვერ შეძლო. მოპასუხის მითითებები წინამდებარე განჩინების 22.2. ქვეპუნქტში აღნიშნულ გარემოებებზე ვერ ადასტურებს სადავო ხელშეკრულებების დადების ფაქტს.
36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, წერილობითი გარიგების ნამდვილობა და მისთვის ორმხრივად/მრავალმხრივად მავალდებულებელი ძალის მინიჭება დასტურდება მხარეთა ხელმოწერით (სამოქალაქო კოდექსის 69.3 მუხლი: გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა), წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დოკუმენტში გამოვლენილი ნება არ წარმოადგენს გარიგების არსებითი პირობების თაობაზე მიღწეული შეთანხმების საგანს (იხ. სუსგ საქმე №ას-839-805-2016, 6 მარტი, 2017 წელი; №ას-581-581-2018, 12 ნოემბერი, 2018 წელი).
38. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულებებზე მოსარჩელის ხელმოწერების არსებობა ვერ დადასტურდა და მოპასუხემ ვერც სხვაგვარად დაამტკიცა მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტი, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის სადავო გარიგებები არ დადებულა.
39. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ვერც პირველმა კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
40. პირველი კასატორის მითითებით, მას 2016 წლის 18 მარტამდე სესხი არ აუღია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელის ანგარიშზე უარყოფითი ნაშთი იყო 3680 ლარი.
41. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის ზემოაღნიშნულ შედავებას და მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელის ანგარიშზე უარყოფითი ნაშთის არსებობა დასტურდება საქმის მასალებში წარდგენილი ამონაწერით მოსარჩელის სესხის ანგარიშიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 22; 153). რაც შეეხება აღნიშნული უარყოფითი ნაშთის წარმოშობის საფუძვლებს, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს იგი სარჩელით სადავოდ არ გაუხდია, რასაც პირველი კასატორი არ ეთანხმება.
42. პირველი კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის დავის საგანზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის მიერ მოპასუხესთან 2017 წლის 8 აპრილსა და 2017 წლის 14 ივნისს სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებების დადების ფაქტს და ითხოვდა მისთვის დაკავებული თანხის, 6360 ლარის დაბრუნებას. მოსარჩელეს მოპასუხესთან დადებული სხვა ხელშეკრულებები, მათ შორის, სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-ვალდებულებები, სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელის ანგარიშზე არსებული უარყოფითი ნაშთის - 3680 ლარის, წარმოშობის მართლზომიერება. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება მოსარჩელეს არ ართმევს უფლებას კანონით დადგენილი წესით აღძრას სარჩელი და იდავოს მითითებული უარყოფითი ნაშთის კანონიერების თაობაზე.
43. ამგვარად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაკისრებოდა 5400 ლარის გადახდა.
44. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და არც პირველი კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 8 აპრილის ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოესპო შესაძლებლობა ანგარიშიდან 5 თვის განმავლობაში გაეტანა ყოველთვიური საარსებო შემწეობის თანხა თვეში 160 ლარის ოდენობით, რაც საერთო ჯამში 800 ლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებით მოსარჩელემ ივნის-ივლისის თვეში პენსიის სახით ვერ მიიღო 80-80 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დააკისრა სადავო ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელისთვის დაკავებული თანხის, საერთო ჯამში 960 ლარის გადახდა.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
47. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით (სესხის ხელშეკრულების დადების სადავოობისას, მტკიცების ტვირთის საკითხთან დაკავშირებით იხ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი; №ას-855-799-2017, 22 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-74-71-2016, 25 მაისი, 2016 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
49. რაც შეეხება პირველი კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
52. პირველმა კასატორმა ასევე მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და ფოთის რაიონული პროკურატურიდან გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვის თაობაზე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება. პირველი კასატორის მითითებით, აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ სადავო ხელშეკრულებებზე არსებული ხელმოწერები მის მიერ არ არის შესრულებული.
53. მოცემულ შემთხვევაში, რადგან დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებებზე მოსარჩელის ხელმოწერების არსებობა ვერ დადასტურდა და, ასევე, ვერ დადგინდა მხარეთა შორის სადავო გარიგებების დადების ფაქტი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საოქმო განჩინების კანონიერებაზე მსჯელობის აუცილებლობა აღარ არსებობს.
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 318 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 18 ლარი და დარჩენილი 300 ლარის 70% - 210 ლარი. პირველი კასატორი კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.გ–ასა და სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. დ.გ–ას შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. დ.გ–ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სს „ლ.ბ–ს“ (ს/კ: ...... დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 318 (სამას თვრამეტი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 18 (თვრამეტი) ლარი და დარჩენილი 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი