Facebook Twitter

საქმე №ას-1242-2020 18 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ლ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ო. G.C.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „მ.ო. G.C.“-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ლ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინების ასლი სასამართლოს ინიციატივით გაეგზავნა მოპასუხეს და ჩაბარდა პირადად, 2020 წლის 30 აპრილს. შესაბამისად, მოპასუხეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, 2020 წლის 14 მაისის ჩათვლით შეეძლო.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გააგზავნა ფოსტის მეშვეობით, 2020 წლის 15 მაისს (სააპელაციო საჩივარზეც დოკუმენტის შედგენის თარიღად 2020 წლის 15 მაისი იყო მითითებული), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, 1 დღის ვადაგადაცილებით. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 369-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება 2020 წლის 1 მაისს ჩაბარდა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დაცვით, 2020 წლის 15 მაისს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. მითითებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის იმპერატიულ ვადას – 14 დღეს და ადგენს, რომ აღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყება მხარისათვის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

16. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინების ასლი მოპასუხეს ჩაბარდა პირადად, 2020 წლის 30 აპრილს (იხ. ტ.1. ს.ფ. 176).

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინების მოპასუხისთვის ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2020 წლის 1 მაისიდან და ამოიწურა 2020 წლის 14 მაისს.

19. საქმის მასალებით დგინდება და კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2020 წლის 15 მაისს გააგზავნა ფოსტის მეშვეობით (იხ. ტ.1. ს.ფ. 177-192). შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია კანონით განსაზღვრული გასაჩივრების 14-დღიანი ვადა და მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მოპასუხეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება 2020 წლის 1 მაისს ჩაბარდა.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

22. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინების ასლი 2020 წლის 30 აპრილს ჩაიბარა (იხ. ტ.1. ს.ფ. 176). კერძო საჩივრის ავტორს კი ზემოაღნიშნული დოკუმენტის გამაბათილებელი და საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია. ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ლ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი