საქმე №ას-633-2020
8 თებერვალი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი ა.მ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე მ.მ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოებრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა (შეგებებული სარჩელიით)
აღწერილობითი ნაწილი:
მ.მ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.მ–ძისა და ლ.უ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვია თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხეებმა წარადგინეს შეგებებული სარჩელი მ.მ–ძის მიმართ და მოითხოვეს საჯარო რეესტრში მ.მ–ძის სახელზე აღრიცხული ქ. კასპი, ........ ქ. №40-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი .....) 1/5 წილზე ა.მ–ძის თანამესაკუთრედ ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ა.მ–ძის და ლ.უ–ის უკნონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე: ქ. კასპი, ........ ქ. #40, საკადასტრო კოდი ...... და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარებაში გადაეცა მ.მ–ძეს; ა.მ–ძის და ლ.უ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.მ–ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა.მ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით ა.მ–ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით შედგენილი საკასაციო საჩივარი სრულყოფილად ჩამოყალიბებული საკასაციო განაცხადის მითითებით, დასაბუთება ან დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ დაცულია საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა. საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
2020 წლის 7 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 480 ლარის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ა.მ–ძეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით შედგენილი საკასაციო საჩივარი სრულყოფილად ჩამოყალიბებული საკასაციო განაცხადის მითითებით, დასაბუთება ან დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ დაცულია საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
2020 წლის 30 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით შედგენილი საკასაციო საჩივარი სრულყოფილად ჩამოყალიბებული საკასაციო განაცხადის მითითებით (მატერიალური სახით), დასაბუთება ან დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ დაცულია საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა და ს.ჯ–ძის სახელზე სათანადო წესით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
2020 წლის 9 ნოემბერს (დოკუმენტების ფოსტაში ჩაბარების თარიღია 6.11.2020) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება და მინდობილობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ა.მ–ძეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ხუთი (5) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით შედგენილი საკასაციო საჩივარი სრულყოფილად ჩამოყალიბებული საკასაციო განაცხადის მითითებით (მატერიალური სახით) და დასაბუთება ან დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ დაცულია საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა.
2020 წლის 21 დეკემბერს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 18.12.3030) კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ათი დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ა.მ–ძის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; ა.მ–ძეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი (10) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით შედგენილი საკასაციო საჩივარი სრულყოფილად ჩამოყალიბებული საკასაციო განაცხადის მითითებით და დასაბუთება ან დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ დაცულია საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.მ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ა.მ–ძის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; ა.მ–ძეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი (10) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით შედგენილი საკასაციო საჩივარი სრულყოფილად ჩამოყალიბებული საკასაციო განაცხადის მითითებით და დასაბუთება ან დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ დაცულია საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა კასატორის მეუღლეს, ლ.უ–ს, 2021 წლის 21 იანვარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 22 იანვრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 31 იანვარს, მაგრამ ვინაიდან 31 იანვარი იყო კვირა - არასამუშაო დღე, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ათ დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება 2021 წლის 1 თებერვალვს, მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2021 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ა.მ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 480 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 368-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ა.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ა.მ–ძეს დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის ს.ჯ–ძის მიერ (პ/ნ ......) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 480 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №28001058967 სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება N9674392791, გადახდის თარიღი 2020 წლის 7 აგვისტო);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე