საქმე №ას-1534-2019 5 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.ო–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დისციპლინური სახდელის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შრომის ანაზღაურებიდან დაკავებული თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 19 აგვისტოდან დ.ო–ი (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) იკავებდა მთავარი სპეციალისტის (იურისტის) თანამდებობას სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, სააგენტო ან დამსაქმებელი) დუშეთის რაიონულ განყოფილებაში.
2. მოსარჩელეს 2017 წლის 23 ოქტომბერს შეეფარდა დისციპლინული სასჯელის ზომა - საყვედური და ოქტომბრის თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა ხელფასის 30% - 195 ლარი; სახდელის გამოყენებას საფუძვლად დაედო სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 12 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი ამავე სააგენტოს დირექტორისადმი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, საოჯახო დავაზე. განჩინების თანახმად, ბავშვების მამას - დ.ჩ–ძეს მიეცა უფლება, ინახულოს თავისი მცირეწლოვანი შვილები, ყოველ ორშაბათს 17 საათიდან 18 საათამდე პერიოდში, ბავშვების დედის ან დედის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 2017 წლის 1 მაისს, ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული სააღსრულებო მოქმედების დროს, სადაც დასაქმებული წარმოადგენდა აღსრულების პროცესის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირს, დუშეთის N3 ბაგა-ბაღში, მამამ ინახულა არასრულწლოვანი შვილი დედის დასწრების გარეშე.
4. სასარჩელო მოთხოვნა
4.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 23 ოქტომბრის #04-50დ ბრძანების ბათილად ცნობისა და ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან დაკავებული თანხის (ხელფასის 30%) ანაზღაურების მოთხოვნით.
4.2. მოსარჩელის განმარტებით, მას შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ დაურღვევია და მის წინააღმდეგ მიმართულ სახდელს ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში: სსკ), საქართველოს შრომის კოდექსით (შემდეგში: სშკ), ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით.
7. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
7.1. დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობა და განმარტა, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ, მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ადამიანის დასახელებული უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლების გამოყოფა. ცხადია, რომ შრომის უფლება სრულყოფილად ვერ იქნება რეალიზებული და უზრუნველყოფილი, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა. თუ სამუშაოს მოპოვება მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ამგვარი დაცვის არარსებობა თვით უფლებას გახდიდა ილუზორულს, რაც შრომითი სამართალურთიერთობის არასტაბილურობას გამოიწვევდა.
8.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებულმა სამსახურებრივი ვალდებულება დაარღვია. სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში დაშვებული ხარვეზი, როდესაც მან სასამართლოს მიერ დადგენილი დანაწესის უგულებელყოფით მისცა შესაძლებლობა (არ გამოიყენა ყველა კანონისმიერი საშუალება) მამას შეხვედროდა მის არასრულწლოვან შვილს დედის მონაწილეობის გარეშე; სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს ეს გარემოება სადავო არ გაუხდია, თუმცა არ დაეთანხმა ამ ფაქტის დარღვევად შეფასებას და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნათა შესრულებაზე პასუხისმგებელი პირს წარმოადგენდა სააგენტო და არა თავად ის. ამასთან აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში ის არ წარმოადგენდა მხარეს და ხსენებული გადაწყვეტილების მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ მხოლოდ ამ საქმეში მონაწილე არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს.
8.4. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის განმარტებას და მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის #190/ნ ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დებულება, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის #01-16/ნ ბრძანებით დამტკიცდა „ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესი“. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს აღსრულებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას აღსრულებით დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების, სასამართლო გადაწყვეტილების და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. ვალდებული პირის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადგილზე მისვლით, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოაქვს დადგენილება დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე. სააგენტომ 2017 წლის 6 აპრილს შეიმუშავა №04/21754 ინსტრუქცია „ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“, სადაც დეტალურად განიმარტა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები, რაც ეცნობა სააგენტოს ყველა თანამშრომელს.
8.5. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური სახდელის დაკისრების უსაფუძვლობის მითითება აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა.
9. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა და დასკვნა, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის მე-10 მუხლი დაარღვია. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება მრავალჯერადი აღსრულების ხასიათისაა, აღსრულება 2016 წელს დაიწყო და საქმის განხილვის პარალელურადაც მიმდინარეობს.
9.3. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სადავო ბრძანების გამოცემის აუცილებლობა, რადგან ზიანი არც სააგენტოს, არც აღსრულებით დაინტერესებულ მხარეს, არც ბავშვს, არც ბაგა-ბაღს და არც სხვა პირს არ მისდგომია. კასატორმა აღნიშნა, რომ მასთან ერთად დისციპლინური პასუხისმგებლობა მის ორ თანამშრომელსაც დაეკისრა, მისი განმარტებით დაუსაბუთებელია, თუ რატომ არის მოსარჩელე მათთან ერთად და თანაბრად ვალდებული პირი გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
9.4. კასატორის ერთ-ერთი არგუმენტი შეეხება იმას, რომ ბავშვის მშობლებს მოსარჩელის მისამართით პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
9.5. კასატორი მიიჩნევს, რომ მას განსახილველ დავაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებოდა, ამასთან, დავა სააპელაციო სასამართლოში სამი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას უნდა განეხილა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დასაქმებულის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად ცნო და არსებითად განსახილველად მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. განსახილველ შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და ხელფასიდან დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს იმ გარემოების დადგენით, შეიძლებოდა თუ არა მომხდარ დარღვევაზე უფრო მსუბუქი ღონისძიების ფარგლებში პროპორციული რეაგირება და, ზოგადად, მიიღწევა თუ არა დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიებით მსგავსი დარღვევის ჩადენის პრევენცია.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. ამ განჩინების 8.2-8.5 ქვეპუნქტები) და დამატებით აღნიშნავს, რომ საკითხი შეეხებოდა არასრულწლოვანის ნახვის წესის დამდგენი გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც განსაკუთრებულ გულისხმიერებასა და ყურადღებას საჭიროებს, ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს იმ წესით, როგორც ეს სასამართლოს განჩინებაშია მითითებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
16. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის“ (იხ. სუსგ ას-416-399-2016, 29.06.2016წ; შდრ, სუსგ # ას-295-279-2017, 19.05.2017წ.) რომელი ღონისძიება იქნება უფრო ადეკვატური და პროპორციული ყოველ კონკრეტულ ვითარებაში, ამას დამსაქმებელი ფაქტობრივი გარემოებების შეწონადობისა და უფლების მართლზომიერად გამოყენების კონტექსტში გადაწყვეტს.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გადაწყვეტილების აღსრულების დროს დაშვებული ხარვეზი, თუმცა ის მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი სააგენტო იყო და არა თავად ის. საკასაციო სასამართლო, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლობის მსგავსად, არ ეთანხმება დასაქმებულის ამ განმარტებას და აღნიშნავს, რომ სააგენტო თავის უფლებამოსილებას თანამშრომლების მეშვეობით ახორციელებს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება კი სააგენტოს ეკისრებოდა, მოსარჩელესთან ერთად დისციპლინური სახდელი კიდევ ორ თანამშრომელს დაედო. ხსენებული სამი მუშაკი (მათ შორის მოსარჩელე - იურისტი) იმყოფებოდნენ ბაგა-ბაღში, სადაც მამამ თავისი არასრულწოვანი შვილი ინახულა დედის ან დედის უფლებამოსილი პირის დასწრების გარეშე, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აკრძალული იყო.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეზე, სადაც არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენლად ჩართული იყო სააგენტო დასაქმებულის ადვოკატობით, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო საქმის გარემოებები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება დისციპლინური სახდელის უკანონობის საფუძვლად იმ გარემოების მითითების თაობაზე, რომ აღსრულების დროს დაშვებული ხარვეზით ზიანი არავის მისდგომია, ამასთან, ბავშვის მშობლებს პრეტენზია არ აქვთ. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებებსა და ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ საყვედურის გამოცხადება ხელფასის 30%-ის დაკავებასთან ერთად სავსებით ადეკვატური და პროპორციული სახდელია განსახილველ შემთხვევაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული სახდელის ღონისძიება პროპორციულია იმ დარღვევისა, რაც დასაქმებულმა ჩაიდინა, ამასთან, პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს, როგორც კონკრეტული დასაქმებულის, ისე, სხვა დასაქმებულებისათვისაც, რაც გამოიხატება დასაქმებულისათვის დაკისრებული ვალდებულების, მოცემულ შემთხვევაში - აღსრულების პროცესის წარმართვა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ზედმიწევნით დაცვით - შესრულებაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დასაქმებულის მიერ ჩადენილი და მსგავსი სხვა დარღვევის პრევენციის მიზანი მიღწეულია, რადგან არ მოხდა ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულებისას დაშვებული ხარვეზის უგულებელყოფა დამსაქმებლის მიერ და იმის ნებსით თუ უნებლიედ წახალისება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღსრულება, შესაძლოა არ წარიმართოს ზედმიწევნით, ზუსტად იმგვარად, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა და ამის გამო აღსრულებაზე ვალდებულ პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება (სსსკ-ის მე-10 მუხლი).
20.კასატორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მას სახელწიფო ბაჟი არ უნდა გადაეხადა და დავა სააპელაციო სასამართლოს არა ერთ, არამედ სამ მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 25.3-ე მუხლზე, 39.1-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტსა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მიუთითებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ი ადგენს შრომის სამართლებრივი დავის ერთი მოსამართლის მიერ განხილვის შესაძლებლობას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც ითხოვს ხელფასის გადახდევინებას ან სხვა მოთხოვნა აქვს შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. განსახილველ შემთხვევაში შრომის სამართლებრივი დავა შეეხებოდა საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და ხელფასიდან დაკავებული თანხის დაკისრებას დამსაქმებლისათვის, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს ერთ მოსამართლეს შეეძლო დავის გადაწყვეტა და დასაქმებულს ეკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან ის ბრძანების ბათილად ცნობასაც ითხოვდა (სწორედ ამ ნაწილში დაეკისრა მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა).
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლიანობის, კანონიერებისა და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპების, შრომითი დავის განხილვისას მხარეთა შორის თანაზომიერი ბალანსის დაცვის გათვალისწინებით, დასაბუთებულია და კანონიერი, შესაბამისად, არ არსებობს დასაქმებულის საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
22. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის თანახმად კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩება, რადგან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ო–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე