Facebook Twitter

№ას-772-2020 10 თებერვალი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე.შ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე თ.ც–ძის სარჩელის გამო, ე.შ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, ასევე ე.შ–ის შეგებებული სარჩელის გამო თ.ც–ძის, მ. ც–ძის, ნ. ც–ძის, გ. ც–ძისა და ლ.ს–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ე.შ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ე.შ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების, მისი გადახდის გადავადებისა და ასევე გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის - 1 652.9 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ნ.ო–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი 300 ლარამდე შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მხარეს დაევალა 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების არ არსებობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 1 652.9 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა, ხარვეზის ნაწილობრივ შევსების მიზნით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად ითხოვა დამატებით 14 დღე. მხარის შუამდგომლობების საფუძველზე სამოქალაქო პალატის 2020 წლის 10 ნოემბრისა და 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებებით სასამართლოს მიერ საპროცესო ვადა გაგრძელდა დამატებით 10-10 დღით, ხოლო უკანასკნელად 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით - 20 დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელ ნ.ო–ს (იხ.მინდობილობა ტ.2, ს.ფ.50) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2021 წლის 5 იანვარს ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს - ა. ო–ს (იხ. ჩაბარების დასტური).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო გზავნილის ჩაბარება ადრესატის ოჯახის წევრისთვის, მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, განიხილება განჩინების უშუალო სუბიექტისთვის ჩაბარებად, რაც საპროცესო მოქმედებათა განხორციელების საკმარისი საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ოცდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 6 იანვარს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2020 წლის 25 იანვარს.

ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.

საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.

პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.შ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლების თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ე.შ–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით 2020 წლის 31 ოქტომბერს გადახდილი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.შ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ე.შ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი (საგადახდო დავალება №10050801370 / გადახდის თარიღი 31.10.2020).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე