Facebook Twitter

საქმე №ას-1413-2020 29 იანვარი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ.ე.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს ,,მ.ე.კ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ს–ძისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და მ.მ–ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის სოლიდარულად მოპასუხეებისათვის დაკისრება.

მოპასუხეების პოზიცია:

2. მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფლდა; მოპასუხეებს სესხის ძირითადი თანხა - 2937 აშშ დოლარი, სარგებელი - 445.44 აშშ დოლარი და მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ.

4. ამავე სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განჩინებით, პირველი მოპასუხის საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებაზე განჩინების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღეში სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და დავის საგნის ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) წარდგენა.

7. აღნიშნული განჩინება აპელანტს 2020 წლის 23 ოქტომბერს ჩაჰბარდა.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-65-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2020 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეევსო. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და რაიმე შუამდგომლობითაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის.

9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ მიუთითა, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარემ ჩააგდო.

12. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა (გირავნობის საგანი მოწინააღმდეგე მხარეს დაუბრუნა), თუმცა ეს უკანასკნელი გაზრდილ თანხებს მაინც სთხოვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

17. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

18. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა დაზუსტებული და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, ასევე - სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

19. ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაეგზავნა აპელანტს საჩივარში (თავისი შინაარსით სააპელაციო საჩივარი) მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაჰბარდა 2020 წლის 23 ოქტომბერს (ტ. 2, ს.ფ. 9).

20. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

21. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ათდღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2020 წლის 24 ოქტომბერს და ამოიწურა იმავე წლის 3 ნოემბერს.

22. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის.

23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო საჩივარში საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ მიუთითა, რაც სასამართლოს უნდა გაეზიარებინა.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრებისას, ზემოაღნიშნულის შესახებ აპელანტს არ მიუთითებია (იხ. ტ.1, ს.ფ. 144), მით უფრო, არც სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა შუამდგომლობაზე ემსჯელა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გაეთვალისწინებინა. ამასთან, საყურადღებოა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დავალებული ჰქონდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის წარდგენა, არამედ - დაზუსტებული და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენაც, თუმცა მას ამ ნაწილშიც არ შეუვსია ხარვეზი.

25. ამდენად, აპელანტს სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით არ მიუმართავს და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება არ მოუთხოვიათ. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა კი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

26. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

27. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის მიხედვით შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

29. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება პირნათლად აქვს შესრულებული, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, ვინაიდან აღნიშნული სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში ამ ეტაპზე შესაფასებელ საკითხთა წრეს.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (იხ. სუსგ. №ას-693-2019, 2019 წლის 28 ივნისის განჩინება; №ას-1615-2019, 2020 წლის 14 იანვრის განჩინება).

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე