Facebook Twitter

საქმე №ას-1455-2020 18 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საკასაციო საჩივრის ავტორები - ნ.ლ–ა, თ.ლ–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ი (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – სერვიტუტის უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ.ლ–ის სარჩელი ნ.ლ–ასა და თ.ლ–ას მიმართ სერვიტუტის უფლების გაუქმების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით, ნ.ლ–ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა:

- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის და 2019 წლის 14 იანვრის განჩინებები;

- ნ.ლ–ას და თ.ლ–ას აეკრძალათ უძრავი ნივთების: ს/კ ....... და ს/კ ...... გასხვისება;

- ნ.ლ–ას და თ.ლ–ას აეკრძალათ უძრავი ნივთების: ს/კ ....... და ს/კ ....... შორის გამყოფი სასაზღვრო მიჯნის ან სხვა რაიმე გამყოფი ზოლის მოწყობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით, ნ.ლ–ასა და თ.ლ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე, მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

2020 წლის 2 დეკემბერს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, ამასთან, ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებაზე ნ.ლ–ამ და თ.ლ–ამ შეიტანეს საკასაციო საჩივარი.

დადგენილია ასევე, რომ კასატორები უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორებს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მათ უფლება ერთმევათ კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

საკასაციო სასამართლომ ასევე შეისწავლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ კასატორების მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ნ.ლ–ასა და თ.ლ–ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით, ნ.ლ–ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ნ.ლ–ას და თ.ლ–ას აეკრძალათ უძრავი ნივთების: ს/კ ....... და ს/კ ........ გასხვისება; ნ.ლ–ას და თ.ლ–ას აეკრძალათ უძრავ ნივთებს: ს/კ ....... და ს/კ ....... შორის გამყოფი სასაზღვრო მიჯნის ან სხვა რაიმე გამყოფი ზოლის მოწყობა.

ვინაიდან მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება შეწყდა, ამდენად, წარმოდგენილ დავაზე წარმოება დასრულებულია და, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლების მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე.

ვინაიდან კასატორების განცხადების საფუძველზე, მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება შეწყდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ლ–ასა და თ.ლ–ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოიხსნას ნ.ლ–ას და თ.ლ–ას უძრავ ნივთებზე: ს/კ ....... და ს/კ ....... გასხვისების აკრძალვა, ასევე _ უძრავ ნივთებს: ს/კ ....... და ს/კ ........ შორის გამყოფი სასაზღვრო მიჯნის ან სხვა რაიმე გამყოფი ზოლის მოწყობის აკრძალვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 1991-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ლ–ასა და თ.ლ–ას განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. ნ.ლ–ასა და თ.ლ–ას საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. ნ.ლ–ასა და თ.ლ–ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს;

6. მოიხსნას გასხვისების აკრძალვა ნ.ლ–ასა და თ.ლ–ას უძრავ ნივთებზე ს/კ ........ და ს/კ ........, ასევე _ უძრავი ნივთებს: ს/კ ....... და ს/კ ........ შორის გამყოფი სასაზღვრო მიჯნის ან სხვა რაიმე გამყოფი ზოლის მოწყობის აკრძალვა;

7. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

ვ. კაკაბაძე