საქმე №ა-5276-ბ-1-2021 11 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებლები – თ.გ–ძე, გ.ლ–ძე, მ.თ–ძე, გ.ხ–ძე, ა.ხ–ი, ო.ყ–ი, მ.გ–ძე, ზ.ც–ი, ბ.კ–ძის უფლებამონაცვლე - გ.კ–ძე, ა.წ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს “თ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბ.კ–ძის, მ.გ–ძის, გ.ლ–ძის, ზ.ც–ის, ა.ხ–ის, გ.ხ–ძის, მ.თ–ძის, ო.ყ–ის, ა.წ–ის, თ.გ–ძის (ზემოჩამოთვლილნი შემდეგში -განმცხადებლები, მოსარჩელეები), დ.ჯ–ის, ლ.გ–ძისა და გ.ჯ–ის (შემდეგში - მოსარჩელეები) სარჩელი სს „თ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
6. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოსარჩელეებმა საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6.1. განმცხადებელთა განმარტებით, საქმე განიხილეს იმ მოსამართლეებმა, რომელთა მიუკერძოებლობის მიმართ მოსარჩელეებს აქვთ ეჭვი, კერძოდ, მოსამართლეებს - პაატა ქათამაძეს და ბესარიონ ალავიძეს მოწინააღმდეგე მხარის იურიდიული სამსახურის უფროსთან აკავშირებთ ნაცნობობა, ხოლო ამავე პირის ოჯახის წევრი, გარკვეულ პერიოდში, სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა დასახელებულ მოსამართლეებთან, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე. განმცხადებელთა არგუმენტაციით, დასახელებულ მოსამართლეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ( მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში ) საფუძველზე, უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დავის გადაწყვეტაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავი, რომლითაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა, წარმოადგენს არა საქმის წარმოების მორიგ საფეხურს, არამედ იგი ერთგვარი საგამონაკლისო წარმოებაა და დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის დანაწესი).
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლების საპროცესო საფუძვლად განმცხადებლები სსსკ-ის 422-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს მიიჩნევენ. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მითითებულ ნორმაში აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელეთა მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საქმეში (Nას-392-2019) წარმოდგენილ 2020 წლის 23 ოქტომბრით დათარიღებულ განცხადებას (იხ. ტ.V, ს.ფ. 292-297), სადაც მოსარჩელეებმა, არ გაიზიარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლიანობა და გამოთქვეს ეჭვი საქმის განმხილველი მოსამართლეების შესაძლო მიკერძოებულობის თაობაზე, საქმის წარმოების განახლების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული, იდენტური საფუძვლით. შესაბამის პირებს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს წინაშე არ დაუყენებიათ მოსამართლეთა აცილების საკითხი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საკასაციო სასამართლოს დასაშვებობის განჩინებაზე მათ მიერ წარმოდგენილი მოსაზრებით, ცალსახად დგინდება, რომ განმცხადებლებისთვის (მოსარჩელეთათვის) იმთავითვე ცნობილი იყო კონკრეტულ მოსამართლეთა მიკერძოებულობის მოტივად განცხადებაში მითითებული საფუძვლების თაობაზე, რაც სსსკ-ის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს, სადავო განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვასა და საქმის წარმოების განახლებას.
10. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსსკ-ის 426.1-ე-427-ე მუხლები განცხადების ფორმალური დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების ერთი თვის ვადაში განსჯად სასამართლოში წარდგენას განიხილავს. სსსკ-ის 426.2 მუხლის თანახმად, კი განცხადების შეტანის ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში, ცხადია, რომ განმცხადებელთათვის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული გარემოება ცნობილი იყო, ჯერ კიდევ, 2020 წლის 23 ოქტომბერს. სსსკ-ის 426-ე მუხლი, ვადის კონტექსტში მოიაზრებს შემთხვევას, როდესაც სადავო გარემოება პროცესის მხარისათვის ცნობილი გახდა სამართალწარმოების დასრულების შემდგომ, შესაბამისად, 2020 წლის 28 დეკემბერს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადება ფორმალური დასაშვებობის წინაპირობასაც ვერ აკმაყოფილებს.
11. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, იკვეთება სწორედ განცხადების განუხლველად დატოვების პროცესუალურსამართლებრივი წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.2-ე, 427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.გ–ძის, გ.ლ–ძის, მ.თ–ძის, გ.ხ–ძის, ა.ხ–ის, ო.ყ–ის, მ.გ–ძის, ზ.ც–ის, ბ.კ–ძის უფლებამონაცვლე - გ.კ–ძისა და ა.წ–ის განცხადება დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: გ. მიქაუტაძე