Facebook Twitter

საქმე №ას-975-2019 5 ივნისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „გ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ლ–კა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ჯ.ლ–კამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ექსპედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.ს–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან დამკვეთი) მიმართ, 7 108 ევროს ეკვივალენტი ეროვნული ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 30 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ტვირთების ექსპედიციის შესახებ #30/11-17 ხელშეკრულება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ექსპედიტორის მიერ დამკვეთის სახელითა და დავალებით დამკვეთის ხარჯზე ტვირთების ექსპედიცია, მასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევა. ექსპედიტორმა მოპასუხის დავალებით გადაზიდა ტვირთი გერმანიიდან საქართველოში, რომელიც ჩაიბარა დამკვეთმა. საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო ზედდებული ხელმოწერილი და დამოწმებულია მხარეების მიერ, რომლის ბოლო გვერდზე ფიქსირდება გამგზავნისა და მიმღების ხელმოწერები და ბეჭედი. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა შესრულებული სამუშაოს ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, მაგრამ მოპასუხე უარს აცხადებს თანხის გადახდაზე იმ მოტივით, რომ ტვირთი დაზიანდა. დაზიანების რეალურად არსებობის შემთხვევაში, ის გადამზიდავის ბრალით არ მომხდარა, ამასთან, ტვირთი იყო დაზღვეული, მაგრამ მიმღებმა უარი განუცხადა სადაზღვევო კომპანიას ზარალის შეფასებაზე, რადგან სავარაუდოდ ტვირთი იყო უმნიშვნელოდ დაზიანებული.

2. მოპასუხის პოზიცია:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. 2018 წლის 7 მარტს ექსპედიტორმა მიმართა სასამართლოს და წარადგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების სარჩელში მითითებულ მისამართზე _ ქ.თბილისში, .... გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო გზავნილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 27 თებერვალს აღნიშნულ მისამართზე გზავნილი ჩაიბარა მ.შ–ამ (პ/ნ ......), კომპანიის დირექტორის რძალმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლში მითითებული მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხეს სასამართლოს მიერ დაევალა გზავნილში მითითებულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა, ამავე დროს მოპასუხეს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პასუხის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ. 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით, სასამართლოს მიერ დადგენილ 10-დღიან ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. მან შესაგებლით სასამართლოს ამ ვადის დარღვევით მიმართა, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, იგი დარჩა განუხილველად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 7 108 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება;

3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით კი, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მათი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

1.1.1. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს მოპასუხის მიერ სარჩელის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების კანონიერება წარმოადგენს. საკასაციო საჩივრის თანახმად, მხარე პრეტენზიას ძირითადად მისთვის სასამართლო შეტყობინების კანონით დადგენილი წესის დაუცველად ჩაბარებაზე ამყარებს (სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები). კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევას საფუძვლად დაუდეს ის ფაქტი, რომ იურიდიული პირისათვის ქ.თბილისში, ........ გაგზავნილი შეტყობინება ადრესატის _ დირექტორის რძალს ჩაბარდა, რაც სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამის მოქმედებას წარმოადგენს. ამ მხრივ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოპასუხე კომპანიის დირექტორის ტელეფონის ნომერი, რომელიც 2017 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებაშიცაა მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართთან ერთად, საქმეში წარმოდგენილ არაერთ ინვოისზეა მითითებული კომპანიის ტელეფონის ნომერიც. აღნიშნული მონაცემები მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც საკომუნიკაციო საშუალებებით არ უსარგებლია. სასამართლომ არაერთი კორესპონდენცია გააგზავნა იურიდიული პირის მისამართზე _ ქ.თბილისში, ........ #85-ში, თუმცა, არცერთი შეტყობინება მხარეს არ ჩაბარებია, სასამართლოში დაბრუნებული უკუგზავნილების თანახმად, კომპანია არ იმყოფებოდა ამ მისამართზე. 2018 წლის 20 თებერვალს სასამართლომ კორესპონდენცია ჩააბარა კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე _ გურჯაანში, სოფელ ......, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 2018 წლის 23 თებერვალს, მანამ ვიდრე მოპასუხე წარადგენდა საეჭვო ხასიათის კორესპონდენციის ჩაბარების დასტურს, სასამართლომ იცოდა, რომ კომპანია ........ ქუჩაზე არ ფუნქციონირებდა, თუმცა, მაინც ჩათვალა, რომ ........ ქუჩაზე მ.შ–ას მიერ გზავნილის ჩაბარება ნიშნავდა კომპანიის ინფორმირებას. სააპელაციო პალატა ადგენს, რომ შეტყობინება ჩაბარდა კომპანიის დირექტორის რძალს, თუმცა, აუხსნელი რჩება, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ ის ფაქტი, რომ ვინმე შ–ია წარმოადგენს კომპანიის დირექტორის რძალს. საგულისხმოა სასამართლოს მსჯელობა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით: დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია 2018 წლის 24 სექტემბერს, ხოლო, ცვლილება რეგისტრირებულია 2018 წლის 27 მარტს.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის მიზნებისათვის კანონდარღვევად განიხილება სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი მოძიება ან მისი არასწორი გამოყენება ან/და განმარტება. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. თავის მხრივ, განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ საკასაციო საჩივრის წარმატებას თავად კასატორის მიერ ზემოხსენებულ საფუძვლებზე მითითება და ამ გზით საკასაციო შედავებათა დასაბუთება განაპირობებს.

1.2.2. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- მოსარჩელის მიერ სარჩელში მოპასუხის მისამართად მითითებულია ქ.თბილისი, ....., ანალოგიურია მოპასუხე კომპანიის იურიდიული მოსამართი 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მომზადებულ, სარჩელზე დართულ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში;

- სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხისათვის ჩაბარების მიზნით, სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოსარჩელეს. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გზავნილით ირკვევა, რომ შესაგებლის წარდგენისათვის მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა და განემარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები;

- უდავოა, რომ საქმის მომზადების ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის საკითხზეც, მიღებული განჩინება მოპასუხე მხარეს ორჯერ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, თუმცა, არ ჩაბარდა მითითებით _ „ადრესატი არ იმყოფება მისამართზე“, ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია საქალაქო სასამართლოს გზავნილი, რომლითაც 2/2754-18 განჩინება მოპასუხეს გაეგზავნა და ჩაბარდა გურჯაანში, სოფელ ........ საფოსტო უკუგზავნილზე მითითებულია, რომ კორესპონდენცია ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სპეციალისტმა ა.გ–მა;

- საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 20 თებერვლით დათარიღებული მინდობილობები, რომლითაც მოპასუხის წარმომადგენელმა კომპანიის საპროცესო უფლებების დაცვა მიანდო გ.ნ–სა და შ.ი–ძეს. აღნიშნული მინდობილობები საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2018 წლის 1 მარტს, სადაც მითითებულია მხარის წარმომადგენლის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი;

- 2018 წლის 7 მარტს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა. განცხადებას დაურთო საფოსტო შეტყობინება და აღნიშნა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის _ გ.ხ–ის რძალს. საფოსტო პასუხის შესწავლით კი, ირკვევა, რომ შპს „გ.ს–ისათვის“ გაგზავნილი კორესპონდენცია მისამართზე: ქ.თბილისში, ........ ჩაბარდა მ.შ–ას 2018 წლის 27 თებერვალს. საფოსტო ბლანკზე გრაფაში _ „ადრესატთან კავშირი“ მითითებულია სიტყვა რძალი;

- საქმეში წარმოდგენილი შესაგებლითა და მასზე დართული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოპასუხემ შესაგებელი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 23 მარტს და იმავე დღესაა დოკუმენტები რეგისტრირებული სასამართლოში. შესაგებელში მოპასუხის ძირითად მისამართად მითითებულია გურჯაანი, ........;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით, შესაგებელი დატოვებულ იქნა განუხილველად. განჩინების თანახმად, კომპანიის დირექტორის რძალს შეტყობინება ჩაბარდა 2018 წლის 27 თებერვალს და სასამართლოს მიერ პასუხის წარდგენისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 9 მარტს. არსებითად ამავე გარემოებას ემყარება საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს, მისი განხილვის დროს მოპასუხემ უარყო ის ფაქტი, რომ გ.ზ., კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ცხოვრობს ქ.თბილისში, ........ , არამედ, რეგისტრირებულია გურჯაანის სოფელ ......., ამასთანავე, მხარე უარყოფს რაიმე კავშირს მ.შ–ასთან და განმარტავს, რომ მას რძალი არ ჰყავს. მართალია, საქმეში წარმოდგენილი განახლებული ამონაწერით კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაა შეტანილი და იურიდიულ მისამართად მითითებულია გურჯაანის სოფელი ......., თუმცა, ამონაწერი მომზადებულია 2018 წლის 27 მარტს;

- დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, მიუხედავად ზემოხსენებული განმარტებებისა, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა უფლებამოსილ პირს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად;

- გასაჩივრებული განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და ჩათვალა, რომ მ.შ–ა წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სუბიექტს, კომპანიის სახელით ჩაებარებინა სასამართლო შეტყობინება. გარდა ამისა, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას.

1.2.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები:

ა) მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა.

ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება.

1.2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლით დადგენილი რეგულაციიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხის ინფორმირების მტკიცების ტვირთი. ამ მხრივ, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში გაგზავნილ იქნა დოკუმენტი _ საფოსტო უკუგზავნილი, რაც ფორმალურად წარმოშობდა შესაგებლის წარდგენის ვადის დენის დაწყებას, თუმცა, მოპასუხის შედავებების გათვალისწინებით, ამ მტკიცებულების სარწმუნოობა საჩივრის განხილვის ეტაპზე უნდა შეფასებულიყო (აღნიშნულზე ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო).

1.2.5. რაც შეეხება მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, როგორც ზემოთ ითქვა, მხარე პრეტენზიას აცხადებს, რომ მას სარჩელი და თანდართული მასალები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია, ხოლო შეტყობინებაზე ხელმომწერი პირი არ წარმოადგენს კომპანიის დირექტორის რძალს. ამ წინაპირობების შემოწმების მიზნით სასამართლო განმარტავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი:

ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი).

1.2.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტს ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების არასწორად განმარტების თაობაზე და უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს კონვენციური სამართლით დადგენილ მართლწესრიგზე, რამდენადაც სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება და პირის სხდომაზე მოწვევა ემსახურება სამართლიან და თანასწორ პირობებში პროცესის მონაწილეთა ჩაყენებას და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზანს. პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეულ მხარეს ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], # 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), #. 44962/98, § 31, ECHR 2003-V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), #. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). ეროვნული ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხ. Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A #. 274). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხილეთ „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), # 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), # 27841/07, 10/06/2010), თუმცა, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A # 262). ამასთან, სამართლიანი პროცესი მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს, გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), # 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები - მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება, ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007 და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხ. „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016), თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. საქმეში - „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya) ევროსასამართლომ გადაწყვიტა სისხლის სამართლის საკითხებისადმი მისი მიდგომის სულისკვეთება გადმოეტანა და დაუსწრებელი სისხლის სამართალწარმოების პროცესში განვითარებული პრინციპები მიესადაგებინა სამოქალაქო სამართალწარმოების მიმართაც. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეში, სასამართლო დაეყრდნო მის პრეცედენტულ სამართალს, რომლის მიხედვითაც სამართლიანობის უარყოფა დგინდება, როცა პროცესზე დაუსწრებლად მსჯავრდებულ პირს არ აქვს საშუალება, მიიღოს ბრალდების არსის ცხადი განმარტება იმ გარემოებებში, როცა არ არის დადგენილი მის მიერ სასამართლოში გამოცხადების უფლებასა და საკუთარი თავის დაცვის უფლებაზე უარის თქმა (იხილეთ „კოლოზა იტალიის წინააღმდეგ“ (Colozza v. Italy), 12/02/1985, §29, Series A no. 89; „ეინორნი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Einhorn v. France) (dec.), no. 71555/01, §33, ECHR 2001-XI; „კრომბახი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Krombach v. France) no. 29731/96, §85, ECHR 2001-II; და „სეჯდოვიჩი იტალიის წინააღმდეგ“ (Sejdovic v. Italy) [დიდი პალატა], no. 56581/00, §82, ECHR 2006-II) ან როცა იგი მიზნად არ ისახავს მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევას (იხილეთ „მედენიკა შვეიცარიის წინააღმდეგ“ (Medenica v. Switzerland), no. 20491/92, §55, ECHR 2001-VI). ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლის არც ფორმალური და არც შინაარსობრივი მხარე ხელს არ უშლის პირს საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატულად ან ნაგულისხმევად უარი თქვას სამართლიანი სასამართლოს გარანტიებზე (იხილეთ „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (Hermi v. Italy) [დიდი პალატა], no. 18114/02, §73, ECHR 2006-XII), თუმცა, ასეთი უარი დადგენილი უნდა იყოს ცალსახად და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მნიშვნელობის შესაბამისი მინიმალური გარანტიებით (იხ. „პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Poitrimol v. France) 23/11/1993, §31, Series A no. 277-A) და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს (იხ. „სეჯდოვიჩი“ (Sejdovic) §86, და „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya), §79, აგრეთვე, „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia), no. 9043/05, §91, ECHR 2014 (ამონარიდები)).

1.2.7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოდავე სუბიექტს, მოპასუხეს წარმოადგენს კომპანია, შესაბამისად, კომპანიის იურიდიულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში (თუკი იგი არ ეგზავნება მის წარმომადგენელ ფიზიკურ პირს) ჩაბარების საპროცესო წესები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.8 მუხლების კონტექსტში უნდა შეფასდეს, კერძოდ, ორგანიზაციისათვის შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს, როგორც უშუალოდ მის მისამართზე, ისე _ წარმომადგენლის მისამართზე. ორგანიზაციისათვის გაგზავნილი შეტყობინება კი, ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

1.2.8. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტების ჩაბარება ფიზიკური პირისათვის, რომელიც შეტყობინებაზე აღნიშნავს, რომ იგი ჩაბარდა „რძალს“, არ შეიძლება მხარის ინფორმირებულად მიჩნევის საფუძველი გახდეს, უფრო მეტიც, როდესაც ეს შეტყობინება შედავებულია ადრესატის მიერ და უფლებამოსილი პირი აცხადებს, რომ მას არ ჰყავს რძალი, სასამართლომ არ შეიძლება ჩათვალოს საპროცესო წესების დაცვით ჩაბარებულ შეტყობინებად თუ საქმის გარემოებებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ მიმღები პირი კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მტკიცების ნეგატიური კონტექსტიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს რძლის არყოლის მტკიცების ტვირთი და ამ პირობებში განხორციელებული შეტყობინება არ უნდა იქნას მიჩნეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამის ქმედებად. საკასაციო პალატა ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.2. პუნქტში გადმოცემული ქრონოლოგიის გათვალისწინებით დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობა ემსახურება მხარის რეალური ინფორმირების მიზანს და ნორმის ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ გონივრული ზომები უნდა მიიღოს იმისათვის, რათა პროცესის სუბიექტებს მიეცეთ სხდომაზე გამოცხადებისა და საპროცესო თავდაცვის საშუალება.

1.2.9. საქმეზე _ „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ ... და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე _ წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; და მეორე რიგში, ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ. პირველ კითხვასთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, სრულად სამი მცდელობა განხორციელდა, რათა განმცხადებელს უწყება ჩაბარებოდა იმ მისამართზე, რომელიც მომჩივანმა მხარემ მიუთითა ორი სამართალწარმოების განმავლობაში. სამივე შემთხვევაში, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სასამართლო კურიერმა აღნიშნა, რომ უწყების ჩაბარება შეუძლებელი იყო, რადგან სახლი დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრობდა იქ. ასეთ ვითარებაში განხორციელებული საჯარო შეტყობინება ევროსასამართლომ არაგონივრულ ზომად ჩათვალა მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას. ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობა ვერ ხსნიდა თუ რატომ არ გაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალწარმოების პირველ ეტაპზე სასამართლო უწყება ორჯერ განმცხადებელს, სანამ საჯარო შეტყობინებას განახორციელებდა, რითაც დაირღვა სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საფოსტო დოკუმენტი არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო მოპასუხის ინფორმირების საკმარის საფუძვლად, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრით მოპასუხე სადავოდ ხდიდა ჩაბარების ფაქტს და შეტყობინებაზე ხელმომწერი პირთან რაიმე კავშირს, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, მით უფრო მისი ძალაში დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

1.3. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა აგანსახილველად დაბრუნების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც წინამდებარე განჩინების კვლევით ნაწილში ასახული სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს და დაადგინოს არსებობს თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

2. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით) პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი