8 თებერვალი, 2021 წელი
№ას-46-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ც–ძე, გ.ჯ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ც–ძის (შემდეგში ტექსში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) და მოსარჩელე ლ.ც–ძეს შორის დადებული 2015 წლის 11 სექტემბრის კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანების 879 აშშ დოლარის და მოსარჩელე ლ.ც–ძისათვის მიყენებული ზიანის 1200 აშშ დოლარის ურთიერთგაქვითვის შედეგად მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელე ლ.ც–ძის სასარგებლოდ სხვაობა - 321 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარში გადახდა; მოსარჩელე ლ.ც–ძის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით 995 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გ.ჯ–ის (შემდეგში ტექსში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მის მიერ გადახდილი 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით (შემდეგში გასაჩივრებული განჩინება) მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. 2020 წლის პირველ დეკემბერს მოპასუხეს გაეგზავნა გასაჩივრებული განჩინება (დასაბუთებული) და ამავე წლის 2 დეკემბერს ჩაჰბარდა (იხ. ტ.3, ს.ფ. 153; 156)
5. 2020 წლის 24 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მოპასუხის საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
7. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
9. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2020 წლის 2 დეკემბერს.
12. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 3 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 დეკემბერს. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2020 წლის 24 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
16. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 22 დეკემბრის #36209 საგადახდო დავალების მიხედვით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მირანდა ერემაძე