საქმე №ას-1151-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - უ.ს. ფ.კ.-ს.ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 4 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომში „შემსყიდველი“, „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და უ.ს. ფ. „კ. ს.ის“ (შემდგომში „მიმწოდებელი“ ან „მოსარჩელე“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №140 ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის (№NAT180016852) საშუალებით სოფელ ..... საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
2. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 890 003,5 ლარით.
3. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა 2019 წლის 30 ივლისამდე, ხოლო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში, ე.ი 2018 წლის 7 დეკემბრიდან.
4. მიმწოდებელი ასევე, ვალდებული იყო სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
5. ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02 პროცენტი.
6. სამუშაოები მიმდინარეობდა ორ ეტაპად. პირველი ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 7 თებერვალს.
7. 2018 წლის 1.12 შეთანხმებისა და გეგმა-გრაფიკის მიხედვით, პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 90 დღე (2018 წლის 7 დეკემბრიდან). #2 შეთანხმებით კი, ეს ვადა გაგრძელდა 2019 წლის 30 აპრილამდე.
8. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს მიწოდების ვადა არ გაგრძელებულა.
9. პირველი ეტაპისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 395 000 ლარს.
10. დადგენილია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოების ვადის ამოწურვის დროისათვის, 2019 წლის 30 აპრილისათვის მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა 225 859.01 ლარის სამუშაო, შესაბამისად შეუსრულებელი იყო 152 494 ლარის სამუშაო.
11. პირველი ეტაპის სამუშაოები (ე.ი დარჩენილი 15 494 ლარის სამუშაო) მიმწოდებელმა დაასრულა 2019 წლის 30 ივნისს, ე.ი 59 დღის დაგვიანებით.
12. მეორე ეტაპის სამუშოები უნდა დაწყებულიყო 4 თებერვალს და სამუშაოებისათვის გათვალისწინებული იყო 210 დღე. მხარეთა შეთანხმებით ამ ვადამ 20 დღით გადაიწია და სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 18 აგვისტოსათვის, თუმცა ვერც ამ დროისათვის დასრულდა, და რეალურად მეორე ეტაპის სამუშაოები მოსარჩელემ დაასრულა 2019 წლის 12 სექტემბერს.
13. მეორე ეტაპის სამუშაოთა ღირებულება 495 683 ლარს შეადგენდა. ამ ეტაპისათვის თავდაპირველად გათვალისწინებული 210 დღიანი ვადა 30 ივლისს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისათვის დასრულებული იყო 363 897.89 ლარის სამუშაო, თუმცა 30 ივლისის შეთანხმების თანახმად, ამ ვადამ 2019 წ 12 აგვისტომდე გადაიწია.
14. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 395 380.39 ლარს.
15. მოსარჩელის მიერ მაისის თვეში წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, 2019 წლის 30 აპრილისთვის მიმწოდებელს 225 859.01 ლარის სამუშაოდან შესრულებული ჰქონდა 58 944.66 ლარისა და 26 599.29 ლარის სამუშაო. შესაბამისად, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება 169 521.38 ლარი იყო.
16. მეორე ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 30 ივლისს, მაგრამ #4 შეთნხმების თანახმად, მეორე ეტაპის სამუშაოს მიწოდების ვადა გადაიდო 2019 წლის 18 აგვისტომდე, რეალურად კი მიღება ჩაბარების აქტით მეორე ეტაპის სამუშაო 2019 წლის 12 სექტემბერს ჩაბარდა. მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 494 623.11 ლარს. 2019 წლის 30 ივლისისთვის შესრულებული იყო 393 857 ლარის სამუშაო.
17. მეორე ეტაპის სამუშაოებიდან ვადაგადაცილებული იყო მხოლოდ ერთი ტიპის სამუშაო (ბეტონის ზედა საფარის მოწყობა), შესაბამისად, ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო მხოლოდ ამ სამუშაოს ვადაგადაცილებისთვის დაიანგარიშა შემსყიდველმა და საწარმოსთვის გადასახდელი თანხებიდან მიმწოდებელს ჩამოაჭრა დაახლოებით 5800 ლარი, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ხელშეკრულების (მეორე ეტაპის სამუშაოების) მოქმედების ვადად #5 შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა 2019 წლის 24 ოქტომბერი.
18. 2019 წლის 19 ივნისს შემსყიდველმა მიმწოდებელს შეატყობინა, რომ ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 19 დეკემბრიდან 2019 წლის 8 მაისამდე შესრულებულ სამუშაოებზე დაეკისრა ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლო 529 დღეზე გაანგარიშებით, 94 162 ლარი.
19. 2019 წლის 13 აგვისტოს შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ 2018 წლის 4 დეკემბრის N140 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 12 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოებზე დაეკისრა ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლო 317 დღეზე გაანგარიშებით, 56 426,22 ლარი.
20. 2019 წლის 1 ივლისს წარდგენილი სარჩელის მოთხოვნა
20.1. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 83 660 ლარის დაკისრება.
20.2. მოსარჩელის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო შესრულდა 59 დღის დაგვიანებით, შესაბამისად, მიმწოდებელი თანახმაა გადაიხადოს პირგასამტეხლო აღნიშნული დღეების გაანგარიშებით (რაც ჯამში შეადგენს 10 502 ლარს), თუმცა მოპასუხემ ნაცვლად მითითებული დღეებისა, აბსოლუტურად შეუსაბამო და არაგონივრული თანხა დააკისრა მოსარჩელეს, პირგასამტეხლოს ოდენობა იანგარიშა არასწორად - თითოეული სამუშაოს პოზიციიდან ცალ-ცალკე და 2019 წლის 19 ივნისის წერილით აცნობა მას, რომ პირგასამტეხლო 529 დღეზე გაანგარიშებით 94 162 ლარს შეადგენს. სწორედ აღნიშნული თანის ნაკლებობით ჩაერიცხა მოსარჩელეს მომდევნო ტრანში, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ფუნქციასა და არსს. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში დაკლებულ თანხას, 94 162 ლარს უნდა გამოაკლდეს რეალურად დასაკისრებელი თანხა - 10 502 ლარი, და მიმწოდებელს უნდა დაეკისროს 83 660 ლარის გადახდა.
21. 2019 წლის 29 აგვისტოს წარდგენილი სარჩელის მოთხოვნა
21.1. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 56 426.22 ლარის დაკისრება.
21.2. მოსარჩელე იმავე გარემოებებზე აპელირებს, რაზეც 2019 წლის 1 ივლისს წარდგენილ სარჩელში მიუთითებდა და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დაგვიანებით შესრულების გამო პირგასამტეხლოს 59 დღით დაანგარიშების ნაცვლად, მოპასუხემ 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 12 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოებზე საერთო ჯამში, მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო, 317 დღეზე გაანგარიშებით, 56 426.22 ლარი და აღნიშნული თანხით ნაკლები თანხა ჩაურიცხა მას, რაც სრულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის არსს.
22. მოპასუხის პოზიციები 2019 წლის 1 ივლისსა და 2019 წლის 29 აგვისტოს წარდგენილ სარჩელებზე
22.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ როგორც თავად მოსარჩელე ადასტურებს, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დასრულდა ჯამურად, 59 დღის დაგვიანებით, თუმცა მიმწოდებელს პირგასამტეხლო დაეკისრა ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკით გაწერილი თითოეულ სამუშაოზე გადაცილებული დღეების მიხედვით. თითოეული სამუშაოსთვის კი მოსარჩელის მიერ დარღვეულია ვადა საერთო ჯამში, ერთ შემთხვევაში 317 დღე (1. საფარის ქვედა ფენაზე თხევადი ბიტუმის მოსხმა 0.35 კგ. - დარღვეულია 37 დღე; 2. საფარის ზედა ფენის მოწყობა - 38 დღე; 3. საფუძვლის ფენის მოწყობა - 45 დღე; 4. საფუძვლის ფენაზე თხევადი ბიტუმის მოსხმა - 44 დღე; 5. საფარის ქვედა ფენის მოწყობა - 46 დღე; 6. საფარის ქვედა ფენაზე თხევადი ბიტუმის მოსხმა - 46 დღე; 7. მილის ქვეშ ქვიშის საგების მოწყობა - 39 დღე; 8. ლითონის 1000 მ. მილის მოწყობა - 12 დღე; 9. ლითონის მილის 400 მლ.ლ მილის მოწყობა - 9 დღე; 10. ლითონის მილზე ჰიდროიზოლაციის მოწყობა - 1 დღე), რაც მოსარჩელისთვის 56 26.22 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, 529 დღე, რაც მოსარჩელისთვის 94 162 ლარის დაკისრების საფუძველს ქმნიდა.
23. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები
23.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ივლისს წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 83 660 ლარის გადახდა.
23.2. ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2019 წლის 29 აგვისტოს წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 56 426 ლარის გადახდა.
24. მოპასუხის სააპელაციო საჩივრები
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მაისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული ორი სამოქალაქო საქმე (საქმე #2/ბ-1167-15 და საქმე #2/ბ-08-2020) გაერთიანდა ერთ წარმოებად.
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
26.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელი.
26.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-19 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღება მიაქცია იმას, რომ ორივე სარჩელზე სადაოა ერთი და იგივე ხელშეკრულებიდან, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N140 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში სადავოა 529 დღის ვადაგადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, და მეორე სარჩელით - 317 დღის ვადაგადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონშესაბამისობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ N140 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტები ერთი და იგივეა ორივე სარჩელისათვის და ორივე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის გასარკვევია ერთი უმთავრესი საკითხი, როგორ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს დაანგარიშება (ვადაგადაცილების პერიოდად უნდა ჩაითვალოს 59 დღე თუ 846 დღე) და რაზე შეთანხმდნენ მხარეები ხელშეკრულების მე-13 პუნქტით.
26.3. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ პირველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს ვადაგადაცილების პერიოდი. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მან აღნიშნული სამუშაოები ნაცვლად 2019 წლის 30 აპრილისა, დაასრულა 2019 წლის 30 ივნისს, თუმცა, მოპასუხის მოსაზრებით, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს არა მითითებულ პერიოდზე ზოგადად (2019 წლის 30 აპრილიდან ამავე წლის 30 ივნისამდე) არამედ 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის 30 ივნისამდე შესასრულებელი თითოეული, ინდივიდუალური სამუშაოსთვის გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
26.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02 %. ხელშეკრულების მითითებული ტექსტი არ შეიცავს კონკრეტულ დათქმას იმის შესახებ, რომ მხარეები პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ ცალკეული სამუშაოების შესასრულებლად გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადის დარღვევისთვის. კონკრეტული სამუშაოსთვის გეგმა-გრაფიკში მითითებული ინდივიდუალური ვადები, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უფრო მეტად სამუშაოს დაგეგმვას და სამუშაო ძალის სწორად გადანაწილების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სამუშაოთა შესრულების ვადა ხელშეკრულებით 230 დღითაა განსაზღვრული, არაგონივრულია პირგასამტეხლოს დაკისრება 836 დღისთვის.
26.5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 316-ე-317-ე, 361-ე, 417-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენა-დაანგარიშება ხელშეკრულების დანართის გეგმა-გრაფიკიდან გამომდინარე, თითოეული სამუშაოსთვის ცალ-ცალკე, სრულიად ცდება პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ მიზნებს და მოვალის მიმართ უაღრესად გადაჭარბებული სანქციის სახეს ატარებს. შესაბამისად დაასკვნა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
27. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
27.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
27.2. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და არასწორად მიიჩნია მართებულად რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გამოცხადებულ ტენდერში პრეტედენტი ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას შეთავაზებულ პირობებზე და გამარჯვებული სუბიექტი შესაბამის გვერდზე ტვირთავს კალენდარულ და თანხობივ გეგმა-გრაფიკს. შემსყიდველი ამოწმებს გეგმა-გრაფიკს როგორც კალენდარულ, ისე თანხობრივ ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება სრულ თანხვედრაში უნდა იყოს ატვირთულ კალენდარულ და თანხობრივ გეგმა-გრაფიკთან. მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელმა თვითონ წარმოადგინა აღნიშნული თანხობრივი და კალენდარული გეგმა-გრაფიკი და თვითონვე განსაზღვრა შესრულების ვადები თითოეულ სამუშაოზე. მხარეს ხელშეკრულების ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს შეეძლო მიემართა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ნებისმიერი საკითხის განმარტებისთვის, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული კი ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების პირობები მისაღები იყო.
27.3. ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა მიმწოდებლის პასუხისმგებლობას (მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას) სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვინაიდან მიმწოდებლის მიერ წარდგენილი კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი შედგება კონკრეტული სამუშაოებისაგან, რომლებზეც გაწერილია შესრულების ვადები და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებები, სწორედ ამიტომ მოხდა მოსარჩელის დაჯარიმება გეგმა-გრაფიკით გაწერილ თითოეული სამუშაოს შესრულების გადაცილებული დღეების მიხედვით.
28. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
29. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
31. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).
32. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
33. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა. მითითებულ დავაში შესაფასებელია საკითხი, თუ როგორ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს დაანგარიშება - რა პერიოდიდან და რამდენ დღეზე გაანგარიშებით ეკისრება მიმწოდებელს პირგასამტეხლო და არის თუ არა მისთვის განსაზღვრული სანქცია (პირგასამტეხლოს თანხა) გონივრული ოდონების.
34. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც მიმწოდებლის პასუხისმგებლობას (მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას) ითვალისწინებდა სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვინაიდან გეგმა-გრაფიკი შედგება კონკრეტული სამუშაოებისაგან, რომლებზეც გაწერილია შესრულების ვადები და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებები, მოსარჩელის დაჯარიმება სწორედ აღნიშნული გეგმა-გრაფიკით გაწერილ თითოეულ სამუშაოზე გადაცილებული დღეების მიხედვით განხორციელდა.
35. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების 13.2 მუხლზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02% (იხ. ტ. 1. ს.ფ 14-20). ამასთან, ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკით ირკვევა, რომ აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა სახეობა, სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დრო და სამუშაოს ჯამური ღირებულება (იხ. ტ. 1. ს.ფ 78-80).
36. მითითებული დოკუმენტების შინაარსის გაცნობისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ გეგმა-გრაფიკით გაწერილი კონკრეტული სამუშაოების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას რაიმე დათქმად პირგასამტეხლოს დაანგარიშებასთან მიმართებით და იგი უფრო მეტად სამუშაოს დაგეგმვასა და სამუშაო ძალის სწორად გადანაწილების მიზანს ემსახურება.
37. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნით შედავების პერიოდამდე, რაც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (იხ. სუსგ საქმე №ას-287-271-2017 15 თებერვალი, 2018 წელი).
38. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ პირველი ეტაპის სამუშაოები ნაცვლად 2019 წლის 30 აპრილისა დაასრულა 59 დღის დაგვიანებით, 2019 წლის 30 ივნისს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მიმწოდებელს პირგასამტეხლოს თანხა სწორედ ამ პერიოდზე დაანგარიშებით უნდა დაკისრებოდა.
39. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 13.2 მუხლში არსებული ჩანაწერი, რომელიც გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობაზე მიუთითებს, არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ პირგასამტეხლომ, როგორც კანონმდებლობით განსაზღვულმა სანქციამ დაკარგოს თავისი არსი და მნიშვნელობა და კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრების წყაროდ იქცეს. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ 230 დღეში შესასრულებელი სამუშაოსთვის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის 900 დღემდე დაანგარიშება, არაგონივრული და არასამართლიანია.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
41. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე