Facebook Twitter
საქმე №ას-1058-2020 9 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – გ.მ–ძე (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ი “ (მოპასუხე)


გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – რეგისტრირებული სერვიტუტის გაუქმება, ახალი სერვიტუტის დადგენა



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.მ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, გაუქმდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის სასარგებლოდ 1304 კვ.მ-ზე რეგისტრირებული სერვიტუტი და დადგინდეს ახალი სერვიტუტი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 8 ოქტომბრის №5006390818 დასკვნის შესაბამისად.
2. საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება შპს „მ–ა“ (შემდგომ – მესამე პირი).

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს 2005 წლის 1 მარტის 1-1/250 ბრძანებით დაფუძნდა შპს „ი–ია ...“ (შემდგომ – შპს), რომელიც დარეგისტრირდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის №3/4-328 დადგენილებით. საწარმოს კაპიტალის სახით სხვა ქონებებთან ერთად გადაეცა 18.5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა უ–ში. საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 1 177 590 ლარს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ გადასცა საწარმოს.
4. 2005 წლის 1 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართეს შპს-ს და მოპასუხე საზოგადოების დირექტორებმა სერვიტუტის რეგისტრაციის თაობაზე მოპასუხის სასარგებლოდ შპს-ის კუთვნილ ნაკვეთზე.
5. 2005 წლის 2 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა შპს-ის დირექტორის განცხადება და საწარმოს საკუთრებაში არსებულ 1304 ივ.მ-ზე და 296 კვ.მ-ზე მოპასუხის სასარგებლოდ დარეგისტრირდა სერვიტუტი.
6. 2006 წლის 20 აპრილს საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს და დ.ჩ–ძეს (შემდგომ – შემძენი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა შპს-ის საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული 165000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ნასყიდობის საგანი იყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, რასაც ადასტურებდა უძრავი ქონების ამონაწერი.
7. 2009 წლის 2 დეკემბერს შემძენმა შეიტყო სერვიტუტის არსებობის შესახებ და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ამის შემდეგ შემძენის საკუთრებაში არსებულმა მიწის ნაკვეთმა არაერთხელ შეიცვალა კონფიგურაცია და მესაკუთრე. უძრავი ქონების ერთი ნაწილი შემძენმა გაასხვისა სხვა პირზე, ხოლო ამ უკანასკნელისაგან 2014 წელს შეიძინა მოსარჩელემ, დარჩენილი მიწის ნაკვეთი 2016 წელს მოსარჩელემ შეიძინა შემძენისაგან.
8. მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლიდან მნიშვნელოვნად შეიცვალა არსებული ფაქტობრივი გარემოება და ამჟამად მოპასუხეს საჯარო გზასთან დასაკავშირებლად ორი ალტერნატიული შესაძლებლობა ეძლევა, მესაკუთრისათვის ნაკლები ზიანის მიყენების გზით დაუკავშირდეს საჯარო გზას და შეუზღუდავად განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, რისი დასტურია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 8 ოქტომბრის დასკვნა. ასევე, მხარე უთითებს, რომ მესამე პირი და გ.გ–ძე არ არიან წინააღმდეგნი, მოპასუხემ სრულად ისარგებლოს იმ სერვიტუტით, რომელიც განსაზღვრულია მხარეთა მიერ 2016 წლის 19 მაისის ხელშეკრულებით. ბიზნესინტერესებიდან და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №108 და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 აპრილის №165 დადგენილებებით დამტკიცებული (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უ–ი-შეკვეთილის სარეკრეციო ტერიტორიაზე სოფელ ....... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) განაშენიანების რეგულირების გეგმიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც რეგისტრირებულია სერვიტუტი, უნდა მოაწყოს პარკი, სპორტული მოედნები, გოლფის მოედანი და სხვა, რათა სრულად მოახდინოს სასტუმროს სტუმრების მომსახურება, თუმცა მოსარჩელეს ხელი ეშლება არსებული სერვიტუტის გამო.
9. მხარეთა საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნდა შეიზღუდოს ავტომობილით გადაადგილება როგორც სასტუმროს, ასევე, მოპასუხის სტუმრების მხრიდან. ამდენად, საჭიროა შეცვლილი გარემოების მისადაგება და ხელშეკრულება არ უნდა ჩაითვალოს შეუზღუდავად დადებულად. შეცვლილი გარემოებიდან გამომდინარე, მხარეს არ უნდა წაერთვას უფლება, უარი თქვას არსებულ ხელშეკრულებაზე და ახალი პირობები შესთავაზოს მოპასუხეს.

მოპასუხის პოზიცია:

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სერვიტუტი წარმოადგენს გარიგებას, რომლის დადების აუცილებელი წინაპირობაა ორმხრივი ნების არსებობა, რაც გამორიცხავს იძულებითი ანუ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ასეთის არსებობას. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა რაიმე განსაკუთრებული გარემოების არსებობა, რაც გარიგების შეცვლის საფუძველი გახდებოდა. ორგანიზაციისათვის არსებული სერვიტუტი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 2017-2018 წლებში განხორციელდა სასტუმროს მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, გარემონტდა ძველი კორპუსი და აშენდა ახალი სასტუმრო, რაც შესაძლებელი გახდა, ძალიან დიდ ხარჯების შედეგად.
11. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №108 და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 აპრილის №165 დადგენილებებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უ–ი-შეკვეთილის სარეკრეციო ტერიტორიაზე სოფელ ....... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა. აღნიშნული ნაკვეთები არის მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელთა გაყოფა-შეერთებისა და კონფიგურაციის შეცვლის შედეგად წარმოშობილია ნაკვეთი ს/კ №........ და არსებული სერვიტუტი გადის ასევე მოსარჩელის კუთვნილ ს/კ №....... ნაკვეთზე. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 აპრილის №165 დადგენილებით სადავო სერვიტუტი დატანილ იქნა რუკაზე. საქართველოს მთავრობამ შეაფასა სერვიტუტის არსებობა აღნიშნულ ნაკვეთზე. მას არ აქვს უარყოფითი გავლენა მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საკურორტო დანიშნულებით გამოყენებაზე. გზის შეცვლა გავლენას მოახდენს მოპასუხის ქონების ღირებულებაზე და მთლიანად გამორიცხავს არსებული მენეჯმენტით მუშაობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო დასკვნის, როგორც მტკიცებულებითი სახის დოკუმენტის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მიმოხილვის ავტორების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიშის მიმოხილვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობში დავის გადაწყვეტისას.
12. მოპასუხემ მიიჩნია, რომ გზის შეცვალა გავლენას მოახდენს პოტენციურ მყიდველზე, ვინაიდან პირველ შთაბეჭდილებას სწორედ მისასვლელი გზა ახდენს. შეთავაზებული გზა ვერ მოახდენს შთაბეჭდილებას დამსვენებლებზე.
13. მოპასუხე ბოროტად არ სარგებლობს არსებული სერვიტუტით და მხარის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

14. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე (ს/კ №.......) ნაკვეთზე მოპასუხის სასარგებლოდ 1304 კვ.მ-ზე რეგისტრირებული სერვიტუტი. მოპასუხის სასარგებლოდ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 8 ოქტომბრის №5006390818 დასკვნის შესაბამისად, ახალი სერვიტუტის დადების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ...... (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 78065,00 კვ.მ), რომელიც თავდაპირველად ირიცხებოდა შპს-ს საკუთრებად, 2015 წლის 23 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადავიდა მოსარჩელის საკუთრებაში. 2005 წლის 1 ივნისიდან აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილზე – 1304 კვ.მ-ზე რეგისტრირებულია სერვიტუტის უფლება (მისასვლელი გზით სარგებლობაზე).
17. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ .......) რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება, სადაც განთავსებულია სასტუმრო. სწორედ ამ სასტუმრომდე მისასვლელი გზით სარგებლობისათვის სერვიტუტით დაიტვირთა ს/კ ....... მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილი.
18. 2016 წლის 19 მაისის უძრავი ქონების იმჟამინდელ მესაკუთრეს (შემძენს) შორის დადგინდა სერვიტუტი, რომლის თანახმადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ....... ს/კ ..... არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ნაწილი დაიტვირთა უსასყიდლოდ და უვადო სერვიტუტით.
19. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 8 ოქტომბრის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №006996318 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ექსპერტიზის დამკვეთის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს წარმოდგენილი ობიექტის ვიზუალურად დათვალიერება-შესწავლის და სპეციალური გეოდეზიური ხელსაწყოს მეშვეობით (GPS leica ცდომილება 2-5 სმ) ჩატარებული საჭირო შესაბამისი აზომვების შედეგებიდან გამომდინარე: მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ......) უკვე არსებული ძირითადად მთელ სიგრძეზე ასფალტირებული მისასვლელი გზის (რომელზეც მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებულია სერვიტუტის უფლება გზაზე (2005 წლის 2 ივნისის №262005000573), სერვიტუტის საერთო ფართი შეადგენს 1304 კვ.მ-ს), რომელიც გადის მოსარჩელის კუთვნილი ს/კ ...... ნაკვეთის გავლით და უერთდება საჯარო გზას ალტერნატივად, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ .......) მისასვლელი გზის მოწყობის შესაძლებელ ვარიანტებად წარმოდგენილი ობიექტების ვიზუალური დათვალიერება-შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განხილულ იქნა ორი ვარიანტი, რომელთა თანახმად ალტერნატიულმა მისასვლელმა საავტომობილო გზამ უნდა გაიაროს ნაკვეთები, მათ შორის, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
20. მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან, რომელზეც განთავსებულია სასტუმრო (ს/კ ......) უკვე არსებული ძირითადად მთელ სიგრძეზე ასფალტირებული მისასვლელი გზის (რომელზეც მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებულია სერვიტუტის უფლება, გადის მოსარჩელის კუთვნილი (ს/კ .......) ნაკვეთის გავლით და უერთდება საჯარო გზას) ალტერნატივად მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ .......) მისასვლელი გზის მოწყობის შესაძლებელ ვარიანტებად წარმოდგენილი ობიექტების ვიზუალური დათვალიერება-შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განხილულ იქნა ორი ვარიანტი: ა) ვარიანტი №1: მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ .....), მისი ჩრდილოეთი მხრიდან მისასვლელი გზის მოსაწყობად განხილული შესაძლებელი ვარიანტის მიხედვით (მისი საბოლოო სერვიტუტის ფართი და კონფიგურაცია დაზუსტებული უნდა იქნეს შესაბამისი შეთანხმებების, ნებართვებისა და პროექტის შემუშავების საფუძველზე) მისასვლელმა გზამ უნდა გაიაროს მოპასუხის საკუთრებაში არსებული (ს/კ ........) ნაკვეთის მცირე ნაწილი (მცირე ფართი), შემდეგ გ.გ–ძის საკუთრებაში არსებული (ს/კ .......) ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც სერვიტუტითაა დატვირთული, თანახმად საჯარო რეესტრის ამონაწერისა, რომელიც შემდეგ გ.გ–ძეს კუთვნილი ნაკვეთის აღმოსავლეთ საზღვრთან მოწყობილი ჭიშკრის გავლით უერთდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე დაყრდნობით სსიპ ოზურგეთის კუთვნილ (ს/კ ......) ნაკვეთს (ვიზუალური დათვალიერებით ის წარმოადგენს ქვიშითა და ხრეშით მოშანდაკებულ ფართს - გზას, რომელზეც ვიზულური დათვალიერებით შეინიშნება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კვალი და რომლის გასწვრივ (მიმდებარედ) არის ნაკვეთები, შენობები), რომელიც მის ბოლოში უერთდება ასფალტირებულ საჯარო გზას;
21. ბ) ვარიანტი №2: მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ ......), მის სამხრეთის მხრიდან მისასვლელი გზის მოსაწყობად განხილული შესაძლებელი ვარიანტის მიხედვით (მისი საბოლოო სერვიტუტის ფართი და კონფიგურაცია დაზუსტებული უნდა იქნეს შესაბამისი შეთანხმებების, ნებართვებისა და შესაბამისი პროექტის შემუშავების საფუძველზე), მისასვლელმა გზამ უნდა გაიაროს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული (ს/კ ......) ნაკვეთის და ს/კ ...... მცირე ნაწილი (მცირე ფართი), ასევე უნდა გაიაროს ყოფილი ს/კ ...... ნაკვეთის ფართი (რომელიც ამჟამად წარმოადგენს ს/კ ....... ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს ს/კ ...... ნაკვეთთან ერთად, თანახმად ექსპერტიზის დამკვეთის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის და ამავე ნაკვეთის ჩრდილოეთ მხრიდან საზღვარზე (გამავალი ლითონის ბადისებრ ღობეზე) მოწყობილი ჭიშკრის გავლის შემდეგ უერთდება გ.გ–ძის საკუთრებაში არსებული (ს/კ .......) ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც თანახმად საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა, 2016 წლის 20 მაისს გ.მ–ძესა და გ.გ–ძეს შორის დადებული ხელშეკრულებით სერვიტუტითაა დატვირთული, რომელიც მიდის გ.გ–ძის კუთვნილი ნაკვეთის აღმოსავლეთ საზღვართან მოწყობილი ჭიშკრის გავლით და უერთდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე დაყრდნობით სსიპ ოზურგეთის კუთვნილ (ს/კ .......) ნაკვეთს (ვიზუალური დათვალიერებით ის წარმოადგენს ქვიშითა და ხრეშით მოშანდაკებულ ფართს - გზას, რომელზეც ვიზუალური დათვალიერებით შეინიშნება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კვალი და რომლის გასწვრივ (მიმდებარედ) არის ნაკვეთები, შენობები), რომელიც მის ბოლოში უერთდება ასფალტირებულ საჯარო გზას.
22. მოპასუხეს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა, ისარგებლოს მოსარჩელესა და გ.გ–ძეს შორის 2016 წლის 20 მაისს დადებული „უძრავი ქონების სერვიტუტით“ დატვირთვის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული გზით.
23. მოპასუხეს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა, ისარგებლოს მოსარჩელესა და გ.გ–ძეს შორის 2016 წლის 20 მაისს დადებული „უძრავი ქონების სერვიტუტით“ დატვირთვის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული გზით, რაც შეეხება ტექნიკურ შემაფერხებელ გარემოებებს, ის ფაქტობრივად არ არსებობს, გარდა იმ ფაქტორისა, რომ აღნიშნული ვარიანტით განსაზღვრული მისასვლელი გზა არ არის ასფალტირებული, კეთილმოწყობილი, განსხვავებით მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთამდე (ს/კ .......) იმ უკვე არსებული და ამჟამად მის სარგებლობაში მყოფი, მისასვლელი ძირითადად მთელ სიგრძეზე ალფალტირებული გზისა (რომელზეც მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებულია სერვიტუტის უფლება გზაზე), რომელიც გადის მოსარჩელის კუთვნილი (ს/კ .......) ნაკვეთის გავლით.
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული 2020 წლის 22 ივნისის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №003178220 საინჟინრო-სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1) დღეისათვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხის კუთვნილ ს/კ №...... უძრავ ქონებასთან საჯარო სივრციდან მისასვლელი გზა მოწყობილია სამხრეთი მხრიდან, რომელიც მოიცავს ს/კ ....... და ს/კ ...... მიწის ნაკვეთების ნაწილს (რეგისტრირებული სერვიტუტი);
25. ამჟამდ მოპასუხის კუთვნილ ს/კ №..... უძრავ ქონებასთან საჯარო სივრციდან მისასვლელი გზა, სხვა მიწის ნაკვეთის ტერიტორიის გავლის გარეშე არ არსებობს.
26. აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ალტერნატიული გზა შესაძლებელია მოეწყოს ხუთი ვარიანტით, კერძოდ:
27. ვარიანტი 1. საჯარო სივრციდან მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ს/კ ..... მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა (მისასვლელი გზის ზომები და ფართობი განისაზღვრება შესაბამისი შეთანხმებების, ნებართვებისა და პროექტის მიხედვით) ჩრდილოეთ მხრიდან. აღნიშნულ შემთხვევაში მისასვლელი გზა მოიცავს ს/კ ....... მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე დ.ჩ–ა) სამხრეთ ნაწილში რეგისტრირებულ სერვიტუტს (რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს გრუნტის გზას) და ს/კ ...... (მესაკუთრე – მოსარჩელე) მიწის ნაკვეთის ნაწილს;
28. ვარიანტი 2. საჯარო სივრციდან მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ს/კ ....... მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა (მისასვლელი გზის ზომები და ფართი განისაზღვრება შესაბამისი შეთანხმებების, ნებართვებისა და პროექტის მიხედვით) ჩრდილოეთ მხრიდან. აღნიშნულ შემთხვევაში, მისასვლელი გზა მოიცავს ს/კ ....... მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე დ.ჩ–ა) სამხრეთ ნაწილში რეგისტრირებულ სერვიტუტს (რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს გრუნტის გზას) და ს/კ ......(მესაკუთრე – მესამე პირი) მიწის ნაკვეთის ნაწილს;
29. ვარიანტი 3. საჯარო სივრციდან მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ს/კ ....... მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა (მისასვლელი გზის ზომები და ფართობი განისაზღვრება შესაბამისი შეთანხმებების, ნებართვებისა და პროექტის მიხედვით) სამხრეთი მხრიდან. აღნიშნულ შემთხვევაში, მისასვლელი გზა მოიცავს ს/კ ...... მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე – მესამე პირი) სამხრეთ ნაწილს;
30. ვარიანტი 4. საჯარო სივრციდან მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ს/კ ....... მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა (მისასვლელი გზის ზომები და ფართობი განისაზღვრება შესაბამისი შეთანხმებების, ნებართვებისა და პროექტის მიხედვით) სამხრეთი მხრიდან. აღნიშნულ შემთხვევაში, მისასვლელი გზა მოიცავს ს/კ ....... (მესაკუთრე – მოსარჩელე) და ს/კ ....... (მესაკუთრე გ.მ–ძე) მიწის ნაკვეთების ნაწილს;
31. ვარიანტი 5. საჯარო სივრციდან მოპასუხის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ს/კ ...... მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა (მისასვლელი გზის ზომები და ფართობი განისაზღვრება შესაბამისი შეთანხმებების, ნებართვებისა და პროექტის მიხედვით) სამხრეთი მხრიდან. აღნიშნულ შემთხვევაში, მისასვლელი გზა მოიცავს ს/კ ...... (მესაკუთრე – მესამე პირი), ს/კ ...... (მესაკუთრე – მოსარჩელე) და ს/კ ...... (მესაკუთრე – მოსარჩელე) მიწის ნაკვეთების ნაწილს.
32. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატამ შეაფასა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ....... (მიწის ს/კ ......) მოპასუხის სასარგებლოდ 1304 კვ.მ-ზე რეგისტრირებული სერვიტუტის უფლების შეწყვეტის, გაუქმების მართლზომიერება.
33. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, განემარტა კანონმდებლის მიზნები სერვიტუტის, როგორც სანივთო უფლების თაობაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უცილობელი გათვალისწინებით. კანონმდებელი სერვიტუტის განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 247-ე მუხლში გვთავაზობს და იგი გამოიყურება ასე: სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონებავ შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს: 1. ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით; 2. ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება; 3. ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.
34. აღნიშნული მუხლი აყალიბებს სერვიტუტის ინსტიტუტის კონტურებს, რომლის შემთხვევაშიც საქმე ეხება მიწის ნაკვეთზე ან სხვა უძრავ ქონებაზე (დაქვემდებარებული ნივთი) საკუთრების უფლების შეზღუდვას სხვა მიწის ნაკვეთის ან უძრავი ნივთის (გაბატონებული ნივთი) მესაკუთრის სასარგებლოდ.
35. სერვიტუტის შინაარსის პოზიტიური გაწერისაგან კანონმდებელი თავს იკავებს, ეს შინაარსი თავად უფლებამოსილმა და ვალდებულმა პირებმა უნდა შეათანხმონ, თუმცა იმ დათქმით და პირობით, რომ მხარეთა შეთანხმება მიმართული იქნება 247-ე მუხლის პირველ ნაწილში გადმოცემული სამი მიზნიდან ერთ-ერთის რეალიზაციისაკენ. სერვიტუტის სამი მიზანი, კი კანონმდებელმა სერვიტუტის ცნებაში სრულიად ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთა. ეს მიზნებია: 1. გაბატონებული ნივთის მესაკუთრეს უფლება ეძლევა, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთით; 2. შეიძლება აეკრძალოს დაქვემდებარებული (სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთზე) ზოგიერთი მოქმედების განხორციელება; 3. ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სერვიტუტი უფლებამოსილ პირს ანუ გაბატონებული მიწის მესაკუთრეს სთავაზობდეს რაიმე უპირატესობას საკუთარი ნივთის გამოყენებისას.
36. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კანონმდებლის მიზანი სერვიტუტთან მიმართებით ნორმის (სსკ-ის 247-ე მუხლი) დეფინიციაში ნათლადაა გადმოცემული და იგი სრულიად ერთმნიშვნელოვნად უფლებამოსილი პირისათვის იმთავითვე უპირატესობის, სარგებლის მინიჭებას გულისხმობს საკუთარი ნივთით სარგებლობის დროს.
37. განსხვავებით აუცილებელი გზის უფლებისაგან (სსკ-ის 180-ე მუხლი), რა დროსაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის. სერვიტუტის დადგენა მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით არის შესაძლებელი. მხარეებს ასევე შეუძლიათ, დამატებითი დათქმის მეშვეობით შეავსონ კანონით მოცემული ჩარჩო შინაარსი. თუ ეს დათქმა უნდა გახდეს დაქვემდებარებული და გაბატონებული ნივთის მესაკუთრეთა შორის წარმოშობილი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის ნაწილი, აუცილებელია მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ ხელშეკრულების დამდებ მხარეთა შორის მოქმედებს.
38. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2005 წლის 1 ივნისის მომიჯნავე უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდებით: ...... და .......) მესაკუთრეების ურთიერთშეთანხმებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონების, ს/კ ....... (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 78065,00 კვ.მ) ნაწილზე – 1304 კვ.მ-ზე, დარეგისტრირდა სერვიტუტის უფლება მოპასუხის სასტუმრომდე მისასვლელი გზის სარგებლობისათვის.
39. სერვიტუტით დატვირთული უძრავი ქონება იმ დროისათვის ირიცხებოდა შპს-ს საკუთრებაში, რომელიც შემდგომი გასხვისებების შედეგად 2015 წლის 23 დეკემბრიდან მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.
40. უკვე განიმარტა, რომ სსკ-ის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს. ე.ი სერვიტუტის ნიშანია გაბატონებული ნივთის მესაკუთრისათვის ნივთით სარგებლობისას რაიმე უპირატესობის მინიჭება. სერვიტუტის წარმოშობისათვის აუცილებელია გაბატონებული და დაქვემდებარებული მიწის მესაკუთრეებს შორის შეთანხმება კანონით გათვალისწინებული ფორმით და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
41. სერვიტუტის შინაარსი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსი მთლიანად მხარეთა შეთანხმებიდან და რეგისტრაციის შინაარსიდან გამომდინარეობს, აღნიშნულს ავსებს და აკონკრეტებს 247.1, 248.1 მუხლებიდან წარმომდგარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ინტენსივობა დამოკიდებული უნდა იყოს გაბატონებული მიწის ნაკვეთის საჭიროებებზე, რაც, ამავდროულად, ზღუდავს უფლებამოსილი პირის სანივთო ძალაუფლებას.
42. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობს უდავოდ და უსასყიდლოდ სერვიტუტის სარგებლობის ურთიერთობა. დროში შეუზღუდავი სერვიტუტის შინაარსი და ფარგლები, მისი ყველა ასპექტით, ჩვეულებრივ, ზუსტად გაწერილი არ არის და შესაძლოა, მოითხოვოს ცვლილება ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, თუმცა ერთი პირობით, ამ დროს გადამწყვეტია დაქვემდებარებული და გაბატონებული მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ქონების) სამეურნეო დანიშნულება და მინიჭებული უფლების გარკვეულ ფარგლებში გამოყენების აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, საბაზრო და ტექნოლოგიური ფაქტორებით განპირობებულმა (დატვირთული ნივთით სარგებლობის) მოთხოვნის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სერვიტუტის ფარგლების ცვლილება. თუმცა აუცილებელია, რომ ამ ცვლილებით განპირობებული უფრო ინტენსიური გამოყენება დატვირთული ნივთისა თვისობრივად არ სცდებოდეს სარგებლობის თავდაპირველად განსაზღვრულ ჩარჩოებს და არ ემყარებოდეს სარგებლობის მიზნის თვითნებურ ცვლილებას.
43. უდავოა, რომ დღეს არსებული სერვიტუტი არსებობს გზის დანიშნულებით და იგი მოპასუხის მხრიდან სარგებლობის თავდაპირველად განსაზღვრულ ჩარჩოებს არ სცდება (იმთავითვე იქ გზით სარგებლობის სერვიტუტი არსებობდა).
44. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სერვიტუტის ფარგლების დავიწროებასაც გარემოებათა ცვლილების გამო, თუ ამგვარი შეზღუდვის აუცილებლობა გამოწვეულია დაქვემდებარებული ნივთის მესაკუთრის გამართლებული ინტერესით და არ აწვება (ან აწვება უმნიშვნელო) ტვირთად გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. სერვიტუტის მისადაგების სამართლებრივი საფუძველი არის ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპი. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია სერვიტუტის შეწყვეტა, გაუქმება და არა მისი ფარგლების დავიწროვება.
45. როგორც სჩანს, კანონმდებელი არა თუ სერვიტუტის მოქმედების შეწყვეტის, არამედ მისი ფარგლების დავიწროვებისთვისაც კი დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ისეთ განსაკუთრებულ ინტერესს მიიჩნევს, რომელიც ტვირთად არ დააწვება ან უმნიშვნელოდ დააწვება გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.
46. რა ფაქტობრივ გარემოებებთან გვაქვს საქმე წინამდებარე სამოქალაქო დავაში? დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევიან თუ არა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოსარჩელის, თავისთავად მართლაც, საპატიო მიზანი: განავითაროს თავისი ბიზნესი ხომ არ ხელყოფს ან სულაც უმნიშვნელო ტვირთად დააწვება გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს?!
47. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში პასუხი სრულიად ერთმნიშვნელოვანია. არსებული სერვიტუტის გაუქმება არც თუ ისე უმნიშვნელოდ ხელყოფს გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ე.ი მოპასუხის ინტერესებს. უნდა ითქვას, რომ პალატის აღნიშნული მოსაზრება არ ემყარება უანგარიშგებო დასკვნებს, არამედ იგი დაფუძნებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის, თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. ამ მტკიცებულებათა შეფასებით კი სურათი ასეთია: დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს არ გააჩნია თავის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა; მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მრავალნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს. მოპასუხის მიწის ნაკვეთი მთლიანად შემოსაზღვრულია მოსარჩელისა და მესამე პირის (რომლის დამფუძნებელიც მოსარჩელეა) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით. ამჟამად არსებული სერვიტუტით დატვირთული გზა, რომელიც გადის მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე, არის კეთილმოწყობილი და მოასფალტებული.
48. არ არსებობს სხვა ალტერნატიული მისასვლელი გზა, რომელიც თვისობრივად, (კეთილმოწყობით, მანძილის სიდიდით) იდენტური, ან ოდნავ მაინც მიახლოებული იქნება იმ გზის პარამეტრებთან, რომელიც სერვიტუტითაა დატვირთული.
49. საქმეში წარმოდგენილი არაერთი საექსპერტო დასკვნა (მათ შორის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნებიც) ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ ალტერნატიული მისასვლელი, რასაც მოსარჩელე განიხილავს სერვიტუტით დატვირთული გზის ალტერნატივად არის 2 კმ-ით გრძელი, ვიდრე დღეს არსებული გზა (საჯარო გზასთან დასაკავშირებლად). ამასთან ეს ალტერნატიული გზაც არის ქვიშითა და ხრეშით მოშანდაკებული ფართი, სასტუმროს მიზნებისთვის სრულიად არასახარბიელო გარემოთი, ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შემთხვევაშიც საჭირო გახდება სხვა, მესამე პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადალახვა, გამოყენება, რაც ცხადია მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
50. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ნივთის სერვიტუტით დატვირთვა გაბატონებული მიწის ნაკვეთის/სხვა უძრავი ნივთის მესაკუთრეს უნდა ანიჭებდეს რაიმე უპირატესობას (შეღავათს) საკუთარი ნივთით სარგებლობისას. უპირატესობა გულისხმობს გაბატონებული ნაკვეთისათვის რაიმე ობიექტური სარგებლის მინიჭებას. სარგებელს შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური ხასიათი, და არა მხოლოდ.
51. გაბატონებული უძრავი ნივთის მესაკუთრემ შეიძლება იხელმძღვანელოს ისეთი არამატერიალური მოსაზრებებით, როგორიცაა, „მშვიდი გარემოს შენარჩუნება“; ან ესთეტიკური მოსაზრებები, მოკლე გზის გამოყენების შესაძლებლობა, ხედის შენარჩუნება და ა.შ. ამასთან, სააპელაციო პალატამ ხაზგასმით განმარტა, რომ უპირატესობა, რომლითაც გაბატონებული მიწის ნაკვეთი სარგებლობს, უნდა უკავშირდებოდეს უშუალოდ ამ ნაკვეთით სარგებლობას („ნაკვეთით სარგებლობის შეღავათი“) და არა მისი მესაკუთრის პიროვნებას.
52. უდავოა, რომ გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის – მოპასუხის სერვიტუტის შენარჩუნებით, თავისი მიწის ნაკვეთით (რომელზეც სასტუმროა განთავსებული) შეღავათისა და უპირატესობის მიღებას ისახავს მიზნად.
53. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან სსკ-ის 248-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს მხოლოდ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს მხარეთა შორის, დაუშვებელია ამ ურთიერთობის მიღმა მდებარე რაიმე სახის ზოგადსასარგებლო მიზანზე მითითება, მაგალითად იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ ბიზნესის განვითარება სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ მისთვის, არამედ სრულიად იმ გარემოსათვის, მათ შორის, მოპასუხისთვისაც.
54. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა და იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება თითქმის არ არსბეობს (თვით მესაკუთრის უზენაესი უფლებაც კი) რა აუცილებელი პირობის დადგომას ითხოვს კანონმდებელი, რომ სერვიტუტი შეწყდეს კანონის საფუძველზე?.... სამოქალაქო კანონმდებლობა ამისათვის, სამოქალაქო კოდექსის 97-ე, 250-ე და 251-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევის დადგომას ითვალისწინებს, ხოლო გარიგების საფუძველზე წარმოშობილი სერვიტუტის შეწყვეტისათვის (რასაც წინარე შემთხვევაში აქვს ადგილი), აუცილებელია მხარეთა შეთანხმება უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით – გაუქმების ხელშეკრულების დადება, სერვიტუტის დადგენისათვის გათვალისწინებული ფორმით.
55. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ მიაპყრო ყურადღება იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელის/მესაკუთრის მიერ მოხმობილი არგუმენტები, რომ საქართველოს მთავრობის განაშენიანების გეგმიდან გამომდინარე, მისასვლელი გზით სარგებლობის გამო, სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთი გამოიყენოს სხვა დანიშნულებით, კერძოდ, მოაწყოს პარკი, სპორტული მოედნები, გოლფის მოედანი და სხვა, რათა სრულად მოახდინოს მისი სასტუმროს სტუმრების მომსახურება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე უნდა შეიზღუდოს ავტომობილით გადაადგილებაც, როგორც მისი სასტუმროს სტუმრებისათვის, ისე მოპასუხის სტუმრებისათვის, სრულიად არასაკმარისი გარემოებებია სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
56. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დავის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ გარემოებას, რომ როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე არსებული სამანქანო გზა, რომელიც მიდის მოპასუხის სასტუმრომდე წარმოადგენს უმოკლეს, მოპირკეთებულ და ასფალტირებულ გზას; ხოლო მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული/შემოვლითი გზები წარმოადგენს ქვიშითა და ხრეშით მოშანდაკებულ გზას, რომელზეც ვიზუალური დათვალიერებით შეინიშნება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კვალი და რომლის გასწვრივ (მიმდებარედ) არის ნაკვეთები, შენობები.
57. ამასთან, ამ შემთხვევებშიც საჭირო გახდება მესამე პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სერვიტუტით დატვირთვა, რაც ცხადია, დამოკიდებულია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებაზე.
58. ამგვარი მოცემულობის პირობებში ცხადია, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მოპასუხეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული ალტერნატიული გზებით, რადგან ამ დროის მონაცემებით ალტერნატივის სახით შეთავაზებული გზები ვერ გამოდგება და ვერ განიხილება სასტუმრომდე მისასვლელ სათანადო გზებად, რაც გაბატონებული ნივთის მესაკუთრეს ნივთით სარგებლობისას რაიმე უპირატესობას მიანიჭებს.
59. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილებამ უნდა უპასუხოს იმ გარემოებას, ხომ არ არღვევს განსახილველი სერვიტუტი სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლად არსებული ვალდებულებითი გარიგება მორალის ნორმებს? ხომ არ გვაქვს საქმე უფლების ბოროტად გამოყენებესთან? (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი).
60. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რადგან ის ვალდებულებითი ურთიერთობა (უვადოდ და უსასყიდლოდ გზით სარგებლობა), რაც სერვიტუტის, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია, სრულიად შესატყვისია კანონთან, კანონმდებლის მიერ შემოთავაზებულ არჩევანთან (აღნიშნული კანონი ამბობს, რომ სერვიტუტი შეიძლება იყოს სასყიდლიანიც და უსასყიდლოც, ვადით შეზღუდული და უვადოც) მხარეებმა თავის დროზე არჩევანი უსასყიდლო და უვადო სერვიტუტზე გააკეთეს, ამდენად, ეს ურთიერთობა ამ მიმართებითაც არ შეიძლება რაიმე უსამართლობის განცდას ან ეჭვს ტოვებდეს. მით უფრო, არსებული რეალობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში (იდენტური ან იდენტურთან მიახლოებული გზის არ არსებობა).

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

61. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
62. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებულად, რადგან პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა ან საერთოდ სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა, გარდა ამისა, მატერიალური კანონმდებლობის ანალიზისას იხელმძღვანელა ზოგადი განმარტებებით და სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების მხოლოდ სიტყვა-სიტყვითი განმარტებით. სერვიტუტის სამართლებრივი მოწესრიგება არ ამოიწურება სპეციაულური ნორმებით, რადგან იგი, როგორც გარიგება, სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილი განზოგადებულია და წარმოდგენილია სხვადასხვა ნორმაში. სააპელაციო პალატამ, განსხვავებით პირველი ინსტანციისა, იმსჯელა მხოლოდ სერვიტუტის არსზე და მისი დადგენის სამართლებრივ გზებზე, იმ ფონზე, როდესაც დავის საგანს წარმოადგენდა არსებული სერვიტუტის გაუქმება. ამის საილუსტრაციოდ, სავსებით საკმარისია სადავო გადაწყვეტილებების კვლევა, სადაც საერთოდ არ გვხდება სასამართლოს მსჯელობა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ მიზანშეწონილობაზე. მეტიც, სააპელაციო სასამართლო ურთიერთგამომრიცხავ მსჯელობას ავითარებს, როდესაც ერთ ნაწილში ამტკიცებს, რომ სერვიტუტი არის სახელშეკრულებო ურთიერთობის კლასიკური ფორმა (შინაარსი), მაგრამ მსჯელობის მეორე ნაწილში სერვიტუტის შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობად მხოლოდ და მხოლოდ სსკ-ის 97-ე, 250-ე და 251-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებს განიხილვას, რაც ცალსახად არასწორია, რადგან საწყის ეტაპზევე მოსარჩელე მიუთითებდა შეცვლილ გარემოებზე, რამაც წარმოშვა სწორედ არსებული სერვიტუტის შეწყვეტის წინაპირობა (სსკ-ის 398-ე მუხლი). აქედან გამომდინარე, არსებობს სადავო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 394–ე მუხლის „ე“ ნაწილის გამოყენებით.
63. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კასატორმა მიიჩნია, რომ დავის ფარგლებში წარმოდგენილი თითოეული დასკვნა ადასტურებდა ალტერნატიული გზის არსებობის და ამ გზით სარგებლობის შესაძლებლობას.
64. ალტერნატიული გზით სარგებლობის შესაძლებლობა მოწინააღმდეგე მხარისთვის არ იწვევდა დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს. მხარეს შეეძლო, უსასყიდლოდ და, ფაქტობრივი შეფერხების გარეშე, გაეგრძელებინა გზით სარგებლობა. საწყის ეტაპზე, როდესაც მოხდა სერვიტუტის დადგენა, აღნიშნული ალტერნატიული გზით სარგებლობის შესაძლებლობა არ არსებობდა.
65. კასატორის მოსაზრებით, მცდარია (საქმეში ამ მსჯელობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება) სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, როდესაც განმარტავს, რომ "ალტერნატიული მისასვლელი......არის 2 კმ-ით გრძელი, ვიდრე დღეს არსებული გზა (საჯარო გზასთან დასაკავშირებლად). მეტიც, შეთავაზებული, ალტერნატიული გზ(ებ)ის ვარიანტი არსებულზე სამჯერ ნაკლებია. ამას ადასტურებს ექსერტიზის დასკვნებიც და დაკითხული ექსპერტთა ჩვენებებიც.
66. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების შეცვლის მოტივაციად ასევე დაასახელა გზის ხარისხობრივი მაჩვენებელი, რომ სერვიტუტით დატვირთული გზა ასფალტირებულია, ხოლო ალტერანტიული გზა ქვიშითა და ხრეშითაა მოშანდაკებული. ამ ნაწილში სასამართლოს მსჯელობა სრულად ამოვარდნილია სამართლებრივი კონტექსტიდან, რადგან „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით. სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტმა ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა, რომ ალტერანტიული გზა ვარგისია როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანე გადაადგილებისთვის და იგი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კასატორი და მესამე პირი სწორედ ამ გრუნტის გზით სარგებლობს და ამ გზის მიმდებარედ მოწყობილია საპარკინგე სივრცე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ადგილზე დათვალირებისას გამოიკვლია და დაადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ალტერატიული გზების ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ ვიზუალურ-ესთეტიკურ კრიტერიუმს, რაც დაუშვებელია.
67. კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ "....სერვიტუტის გაუქმება ხელყოფს...მოპასუხის ინტერესებს", რომელიც ეყრდნობა ნ.ბ–ას დასკვნის შინაარს, რომლის სანდოობა ეჭქვეშ დგას. მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ნ.ო–ომ და ი.ჟ–მა დეტალურად განმარტეს, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამ დასკვნით ხელმძღვანელობა. უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნის ნაკლოვანება აღიარა თავად ნ.ბ–ამაც. მიუხედავად ამისა, სასამართლო იზიარებს მის შინაარსს და დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გზის შეცვლა შეამცირებს ვიზიტორთა რაოდენობას. ამ დასკვნას აკეთებს ნ.ბ–ია იმ ფონზე, როდესაც არ ჩაუტარებია არც ვიზიტორების განწყობების კვლევა და არც ის, თუ რა განაპირობებს დამსვენებელთა სტუმრობას ამ სასტუმროში.
68. არცერთ დასკვნას არ აქვს წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნას ხელს აწერს დარგის სპეციალისტი, მისი უპირობო გაზიარება სასამართლოს მხრიდან დაუშვებელია თუ მისი უტყურაობა არ შემოწმდება ყოველმხრივ და სრულად. ნ.ბ–ას დასკვნის ნაკლოვანება არაერთ ასპექტში გამოიკვეთა. ხშირ შემთხვევაში მოსაზრებები ეყრდნობა ზოგად მსჯელობას, რომელიც არ არის გამყარებული ფაქტებით. ხოლო დასკვნის დიდი ნაწილი მომზადებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც უცნობია მხარისთვის. ცალკე შეფასების საგანია დასკვნაში დაშვებული არაერთი შინაარსობრივი ხასიათის შეცდომები, რაც საბოლოოდ დასკვნის სანდოობას ეჭქვეშ აყენებს.
69. კასატორის სურვილი, სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის მოწყობასთან დაკავშირებით (იხ.მთავრობის დადგენილება) სააპელაციო სასამართლომ სერვიტუტის გაუქმებისთვის სრულიად არასაკმარის გარემოებებად მიიჩნია. ცხადია, ამგვარი მსჯელობა არსებითად ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების შინაარსს, მესაკუთრე თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. უდავოა, რომ არსებულ საკუთრებაზე კასატორი გეგმავს დასასვენებლი სასტუმრო კომპლექსის მოწყობას, რომლის მთავარი ხაზიც არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომლის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა ექსპერტმა მ.წ–მა. ამ მსჯელობით სასამართლომ ფაქტობრივად საკუთრების უფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ შესაძლებლობად განიხილა, მეორე მესაკუთრის ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ რატომ სარგებლობს სერვიტუტითი მოსარგებლე უპირატესი ინტერესით სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია. ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა არის დინამიურად ცვლადი პროცესი და იგი შეიძლება გამოწვეული იყოს საკანონმდებლო ბაზის ცვლილებით, გარემო ფაქტორებით ან მხარეთა ნებით. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი ამ პროცესში გახლვათ ის, რომ ცვლილებები არ იწვევს რომელიმე მხარის ინტერესების ხელყოფას, გაუარესებას, არამედ იგი ემსახურება იმ ბალანსის დაცვას, რომელიც მხარეებმა განსაზღვრეს საწყის ეტაპზე, როდესაც ისინი ერთმანეთთან შედიოდნენ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. შეთავაზებული გზის ვარიანტი შესაძლებლობას აძლევს მოწინააღმდეგე მხარეს, შეუზღუდავად ჰქონდეს კავშირი საჯარო გზასთან და გზის მონაცვლეობა არ წარმოშობს დამატებით ვალდებულებებს.
70. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის ნაკლოვანებას ისიც განსაზღვრავს, რომ არსებულ სერვიტუტს ცალსახად უსასყიდლოდ განიხილავს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის დადგენილი სერვიტუტი არ არის უსასყიდლო, ვინაიდან ამაზე მხარეები არ შეთანხმებულან. შესაბამისად, კასატორს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, დააყენოს მოთხოვნა საფასურის გადახდაზე. მაგრამ შეთავაზებული ალეტერნატიული გზა ნამდვილად არის უსასყიდლო და ამაზე არსებობს შესაბამისი დათქმა ხელშეკრულებაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მსჯელობა მცდარი იყო, როდესაც მან შეთავაზებული ალტერანტიული გზის უსასყიდლობა მნიშვნელოვან უპირატესობად არ განიხილა.
71. კასატორმა მიუთითა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის მტკიცებისთვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს ადგენს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებით, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. მოწინააღმდეგე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულების წარდგენით, რომელსაც კასატორმა არაერთი მტკიცებულება დაუპირისპირა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ გაიზიარა ის არგუმენტები, რომელთა დადასტურება მხარეს არ მოუხდენია.
72. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სერვიტუტის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებად მხოლოდ სსკ-ის 97-ე, 250-ე და 251-ე მუხლებზე მითითება, რადგან თუ სერვიტუტი სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რა თქმა უნდა, მასზე ასევე ვრცელდება ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დადგენილი ყველა პირობა და გარემოება, მათ შორის, 398-ე მუხლით განსაზღვრული წესი.
73. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტებას. მართალია, შეღავათის ცნებაში მათ შორის მოიაზრება ეკონომიკური სარგებლიანობა, რაც შეიძლება განიმარტოს როგორს რესურსების დაზოგვა, მაგრამ ამ დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ „შეღავათი“ დაუკავშირა მოგების შემცირებას, რაც ამ ნორმის არც გრამატიკული და არც ლოგიკური განმარტებიდან არ გამომდინარეობს. შეღავათი შეიძლება იყოს ფინანსების, დროის ან სხვა რესურსების დაზოგვა, მაგრამ არა მოგების მიღება ბიზნესიდან.
74. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


75. 2021 წლის 09 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კასატორის მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი შინაარსის განცხადება: „ გვინდა გაცნობოთ, რომ საკასაციო საჩივრის წარმოდგენის შემდგომ მხარეთა წარმომადგენლების აქტიური შართულობითა და მედიაციით, მხარეთა ინტერესები დაახლოვდა და მიღწეული იქნა შეთანხმება არსებული დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. სამწუხაროდ, მორიგების პირობების საბოლოო ფორმირება მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყანაში არსებულმა ეპიდვითარებამ და დაწესებულმა რეგულაციებმა. მიუხედავად ამისა, მხარეების ურყევი ნება გამოხატულია დავის მორიგებით და შეტანხმებით დასრულებაზე. ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ მორიგების პირობების ტექნიკური ნაწილი, რომლის ორგანიზებასაც მხარეებისუახლოეს პერიოდში უზრუნველყოფენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვამდე, გთხოვთ მხარეებს მოგვცეთ შესაძლებლობა მორიგების აქტის პირობების წარმოსადგენად, სასამართლოს მიერ მისი შემდგომი დამტკიცებისათვის“.
76. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
77. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე საკასაციო საჩივარი შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმის განმხილველ მომხსენებელ მოსამართლეს განსხილველად გადმოეცა 2020 წლის 30 სექტემბერს. სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საკსაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ დასაშვებობის შემოწმება მოხდებოდა ზეპირი მოსმების გარეშე. მხარეებს ეცნობათ, როგორც განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, აგრეთვე განხილვის დრო. 2020 წლის 09 ნოემბერს კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს გადაეგზავნა საკასციო საჩივარი სსსკ-ის მე-400 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 დღე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე წერილობითი პასუხის წარმოსადგენად. 2020 წლის 19 ნოემბერს კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ, საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომლითაც არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი დაუშვებლად ცნობა, აგრეთევე არ გამუთქვამს თანხმობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 3 თვის ვადაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასციო საჩივარი ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.
78. საკასაციო პალატა კასატორის 2021 წლის 09 ნოემბრის განცხადებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დავა, როგორც წესი, ხანგრძლივ და რთულ პროცესს უკავშირდება. მორიგება ის სამართლებრივი მოვლენაა, რომელიც მხარეთა ნების მაქსიმალური გათვალისწინებით და კანონიერი გზით წყვეტს მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას. საქმის დამთავრება მორიგებით სამართალწარმოების დასრულების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა, ვიდრე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. ზოგჯერ მორიგება უკეთესი ალტერნატივაა, თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით- თუ მორიგების შეთავაზება მიზნად ისახავს არა მხოლოდ მოსამართლის განტვირთვას, მისი მუშაობის შემსუბუქებას, არამედ მხარეთა შორის დავის საგანზე წარმოშობილი კონფლიქტის სამართლიანად მოგვარებას.
79. სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება ემყარება მიზანს, მოწესრიგდეს და აღმოიფხვრას საზოგადოებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი კონფლიქტი, საზოგადოებრივი ურთიერთობების მონაწილეებმა ხელშეშლის გარეშე, მათთვის ხელსაყრელ და სასურველ პირობებში, შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო სამართლებრივი საშუალება მოდავე მხარეთა შორის მორიგებაა.
80. საზოგადოებრივი ურთიერთობების სამოქალაქო-სამართლებრივი მოწესრიგების პროცესში მისი მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. საქმის წარმოება და მორიგებით საქმის წარმოების დასრულება, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარეთა უფლებაა. საქმის შედეგით მატერიალურ-სამართლებრივი დაინტერესება გულისხმობს, რომ საქმის გადაწყვეტის შედეგად ერთ-ერთმა მხარემ შესაძლოა შეიძინოს რაიმე მატერიალური სიკეთე, ხოლო მეორე მხარე - ამ სიკეთეს კარგავს. მორიგებისას მდგომარეობა განსხვავებულია, აქ ინტერესი და სამართლებრივი სიკეთით სარგებლობა ერთდროული და ორმხრივია.
81. მორიგებით სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში - ესაა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სამოქალაქო საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება პროცესის მონაწილე მხარეთათვის კანონით მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებაა, რომელიც მათი ნების თავისუფალი გამოვლინებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გარიგების სახით მიიღება და სასამართლოს მხრიდან კანონიერების კონტროლის საფუძველზე მტკიცდება. მორიგება შესაძლებელია, როგორც საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საქმის განხილვის დასრულების შემდეგაც.
82. მატერიალური ნიშნით მორიგება გარიგებაა. გარიგების ყველაზე გავრცელებული სახე ხელშეკრულებაა, რომელიც ორ ან მეტ სუბიექტს შორის სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, ცვლის ან წყვეტს. მორიგების ხელშეკრულებად მიჩნევას ორი ძირითადი და არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მორიგება ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენის ფაქტია. თუმცა, მორიგება გარკვეულწილად განსხვავდება სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებისაგან. კერძოდ, გარიგებისაგან განსხვავებით, მორიგება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგი. მორიგებაში ცალმხრივი ნების გამოვლენა შეუძლებელია. ცალმხრივი ნება, სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობებში შესაძლოა გამოიხატოს სარჩელის ცნობით (აღიარებით) ან სარჩელზე უარის თქმით, რაც მორიგებას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც იძლევა შედეგს სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის სახით. მორიგება წარმოადგენს მხარეების მიერ ახალ გარემოებებზე შეთანხმებას. მორიგება უკვე მხარეთა შორის გამოხატული ახალი ნებაა, რაც ახალი გარიგების დადებას გულისხმობს.
83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან (09. 11.2020) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვამდე (09.02.2021), გონივრული დრო ჰქონდათ, წარმოედგინათ საკასაციო სასამართლოში დავის მორიგებით დასრულების შესახებ შეთანხმება ან ორივე მხარის ხელმოწერილი შუამდგომლობა, დავის მორიგებით დასრულებისათვის კონკრეტულად განსაზღვრული დამატებითი ვადის მიცემის შესახებ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ააქვს. შესაბამისად, საკასაციო პალატა სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში, მსჯელობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საკითხზე.
84. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
85. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
86. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
87. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია რეგისტრირებული სერვიტუტის დადგენის შემდეგ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით მისი გაუქმებისა და ახალი სერვიტუტის დადგენის მართლზომიერება.
88. სსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს სერვიტუტის ცნებას - მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ.
89. ამ მუხლით განსაზღვრული ის ცალკეული შემთხვევები, რომლებიც განაპირობებენ სერვიტუტის არსებობას, განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 248-ე მუხლში. სერვიტუტის ცნების შინაარსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა შეღავათი, რომელსაც უფლებამოსილი პირი იღებს დატვირთული ქონების გამოყენებისაგან თავისი მიწის ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის დროს. თუ არ არსებობს ასეთი შეღავათი, მაშინ არც სერვიტუტი არსებობს. თავის მხრივ, სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს, რაც იმას გულისხმობს, რომ უფლებამოსილი პირი უნდა იცავდეს და მოქმედებდეს სერვიტუტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.
90. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება კლასიკური იმის პირობაა, რომ დაიტვირთოს მიწის ნაკვეთი/უძრავი ქონება ისეთი სანივთო-სამართლებრივი უფლებით, როგორიცაა სერვიტუტი (სუსგ 8.04.2015წ. საქმე №ას-976-937-2014).
91. სერვიტუტი, როგორც სხვის ნივთზე უფლება, ორი გზით დგინდება, ერთი, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე და მეორე, პირთა სუბიექტური ნების, იგივე გარიგების საფუძველზე (ბესარიონ ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 2003 წელი, გვ. 263). სსკ-ის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად. ამასთან, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც (სსკ-ის 247-ე მუხლი, სერვიტუტი) (სუსგ №ას-1549-2018 25.01.2019წ.) აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2018, მუხ. 247, ველი 5); (შდრ. სუსგ.-ებები: Nას-1108-1312-05, 18.07.2006წ.; N1416-1548-04 21.04.2005წ.).
92. მიწის ნაკვეთზე ან სხვა სახის უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლება წარმოიშობა როგორც სანივთო ტვირთი და სერვიტუტის უფლებით დატვირთული ნივთის მესაკუთრის უფლებამოსილება იზღუდება სერვიტუტის არსებობის განმავლობაში.
93. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზის შესაბამისად, თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას (იხ. სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას1517-2018).
94. წინამდებარე საქმეზე დადგენილია და კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით სადავოდ არ გახუდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
95. სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის წინამორბედ მესაკუთრესა და მოპასუხეს შორის დადგინდა სერვიტუტი, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე მისასვლელი გზით სარგებლობას.
96. მოპასუხეს თავის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა არ გააჩნია. მის ნაკვეთზე ფუნქციონირებს მრავალნომრიანი სასტუმრო. მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთი მთლიანად შემოსაზღვრულია მოსარჩელისა და მესამე პირის (რომლის დამფუძნებელიც მოსარჩელეა) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით. ამჟამად არსებული სერვიტუტით დატვირთული გზა, რომელიც გადის მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე, არის კეთილმოწყობილი და მოასფალტებული.
97. არ არსებობს სხვა ალტერნატიული მისასვლელი გზა, რომელიც თვისობრივად, (კეთილმოწყობით, მანძილის სიდიდით) იდენტური, ან ოდნავ მაინც მიახლოებული იქნება იმ გზის პარამეტრებთან, რომელიც სერვიტუტითაა დატვირთული. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით (მათ შორის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნებიც) სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული მისასვლელი ნაკლებად კეთილმოწყობილი და გრძელია, ასევე, საჭიროებს მესამე პირთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენება, რაც ცხადია მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
98. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორად შეფასების, ექსპერტიზის დასკვნების არასწორად გაზიარების შესახებ.
99. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
100. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).
101. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში სააპელაციო პალატამ ზემოთ მითითებული კანონის დანაწესის დაცვით საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი შეაფასა ერთობლიობაში და აღნიშნულის საფუძველზე დაადგინა ფაქტები.
102. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების (ხელშეკრულების) საფუძველზე წარმოშობილი სერვიტუტის შეწყვეტისათვის აუცილებელია მხარეთა შეთანხმება უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით – გაუქმების ხელშეკრულების დადება, სერვიტუტის დადგენისათვის გათვალისწინებული ფორმით ან დერელიქცია, სსკ-ის 184-ე მუხლის მიხედვით (იხ. დამატებით: გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, 280-ე გვერდი, ველი 21. თბილისი, 2018), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
103. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
104. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
105. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
106. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
107. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
108. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ.ხ–ის მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს №24398020 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. გ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.მ–ძეს (პირადი №0......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ.ხ–ის მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს №24398020 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი




მოსამართლეები: ბ. ალავიძე




ე. გასიტაშვილი