საქმე №ას-973-2019 12 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ვ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.მ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „ა.ვ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე კომპანიის 2017 წლის 28 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ფლობს 2009 წელს რეგისტრირებული მოპასუხე კომპანიის წილის 45%, ხოლო შპს „კ.მ–ი” 55% წილის მფლობელია. მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას მიზერულ ფასად გადასცა ორი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: ...... და ......, რომელზეც აშენდა დაკიდული ფარდული და სავაჭრო ცენტრი. მოპასუხე კომპანია მცენარეთა საშუალებების და სასუქების რეალიზაციას ეწეოდა და 2016 წლამდე ამ საქმიანობით სოლიდურ მოგებას ნახულობდა. პროდუქციას ძირითადად აწვდიდა შპს „კ.ა–ბი”, რომლის დამფუძვნებელი და 100% წილის მფლობელია შპს „კ.მ–ი”, რომლის დამფუძნებლები რ.რ–ა და ზ.ს–ძე არიან. მოსარჩელის მითითებით, ბოლო წლებში, რ.რ–ამ მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე, მოპასუხე კომპანიის დირექტორად ზ.ს–ძე დანიშნა. საწარმოს დირექტორის მიერ თავისი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულების გამო, საზოგადოებას გაუჩნდნენ მოვალეები, რომლებმაც დირექტორის ნებართვით წაიღეს სხვადასხვა სახის პროდუქცია და მათი დავალიანება საზოგადოების მიმართ შეადგენს 286 351 ლარს. ასევე, ზ.ს–ძის განმარტებით, მოპასუხეს აქვს დავალიანება შპს „კ.ა–ბის” მიმართ, 408 660 ლარის ოდენობით. საზოგადოების დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით 2017 წლის 28 ივლისს რ. რ–ამ და ზ. ს–ძემ მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა კრება ჩაატარეს, სადაც გადაწყვიტეს, რომ შპს „კ.ა–ბის” მიმართ კრედიტორული დავალიანებების დასაფარად უნდა გაყიდულიყო მოპასუხე კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ......და ...., რომლის ღირებულება, აუდიტის შეფასებით, საორიენტაციოდ 360 000 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული შეფასება არ შეეფერება სიმართლეს და ფასი ხელოვნურად იქნა გაზრდილი, რადგან მოსარჩელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ქონების საერთო ფასმა 253 000 ლარი შეადგინა ანუ, დაახლოებით 108 000 ლარით ნაკლები. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე კომპანიის კუთვნილი ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით ზ. ს–ძეს და რ. რ–ას სურთ არა კრედიტორული დავალიანების გასტუმრება, არამედ მოპასუხე კომპანიის ხელოვნურად გაკოტრება და მოსარჩელის წილის პროპორციული ქონების ხელში ჩაგდება. აღნიშნული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ირღვევა მოპასუხე კომპანიის კანონიერი ინტერესები. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილება ასეთი სახით პირდაპირ ხელყოფს მოსარჩელის, როგორც პარტნიორის ინტერესს, რადგანაც მითითებული უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, მოპასუხე რჩება ქონების გარეშე, ხოლო ამ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, მოსარჩელის 45%-იანი წილის ღირებულება ნულის ტოლი ხდება. მოსარჩელემ 04.09.2018 წელს წარმოდგენილი წერილობითი შუამდგომლობით გაზარდა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები და მიუთითა, რომ 28.07.2017 წელს კრებას ესწრებოდნენ მოსარჩელე და შპს „კ.მ–ის” დამფუძვნებლები რ.რ–ა და ზ.ს–ძე. ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად კი, კრებაზე დასწრების და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ არა დამფუძნებელი კომპანიის პარტნიორებს, არამედ დირექტორს. მოცემულ შემთხვევაში, 28.07.2017 წელს შპს „კ.მ–ის“ დირექტორი კრებას არ ესწრებოდა. შესაბამისად, გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს შპს ,,კ.ა–ბის" მიმართ დავალიანება არ გააჩნია. დავალიანების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი არც კრებაზე ყოფილა წარმოდგენილი და არც საქმის მასალებს ერთვის, ამიტომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საზოგადოება კისრულობს იმ დავალიანების გადახდას, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას არ გააჩნია, დავალიანების არარსებობის გამო, რაც კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია.
3. მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარცელი არ ცნო და მიუთითა წლის 28 ივლისს ჩატარებულ კრებას ესწრებოდა და მოპასუხე კომპანიის ქონების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო შპს ,,კ.მ–ის" უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, ამიტომ ამ მიმართებით კანონის მოთხოვნა არ დარღვეულა. აუდიტის დასკვნით და მოსარჩელის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით ქონების ღირებულებაში სხვაობა სარჩელის საფუძვლიანობას არ ადასტურებს, რადგან თავდაპირველი ექსპერტიზის დასკვნით მოპასუხის ქონების ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით, ამიტომ მოპასუხე კომპანიის პარტნიორის შპს ,,კ.მ–ის" არაკეთილსინდისიერებაზე და შპს-ს ხელოვნურად გაკოტრების მცდელობაზე საუბარი შეუძლებელია. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოპასუხე კომპანიის კრედიტორული დავალიანება შპს ,,კ.ა–ბის" მიმართ დასტურდება აუდიტორული დასკვნით. მოსარჩელე კრედიტორის დაკმაყოფილებას საზოგადოების ქონების რეალიზაციის გზით ეწინააღმდეგება. ამასთან, ვალდებულების შესრულების ალტერნატიული შესაძლებლობის არსებობაზე ვერ მიუთითებს, ამიტომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და სარჩელი უსაფუძვლოა. მოსარჩელის მითითებით, გარდა იმისა, რომ პარტნიორთა კრების და მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი უსაფუძვლოა, მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზეც და განმარტა, რომ რადგან მოსარჩელემ, მისი მონაწილეობით, 2017 წლის 28 ივლისს ჩატარებული კრების ოქმი სადავო გახადა და სასამართლოში გაასაჩივრა 2017 წლის 12 დეკემბერს, მოსარჩელემ გაუშვა პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიის პარტნიორები არიან და 2017 წლის 27 ივლისს ჩატარებულ კრებას ესწრებოდნენ: მოსარჩელე - 45% წილის მფლობელი და შპს „კ.მ–ი” - 55% წილის მფლობელი პარტნიორი. ამ უკანასკნელს კრებაზე წარმოადგენდა შპს „კ.მ–ის” დამფუძნებელ - პარტნიორები რ.რ–ა 35%, და ზ.ს–ძე-25%, რომლებიც იმავდროულად შპს „კ.მ–ი”ს ხელმძღვანელობა-წარმომადგელობაზე უფლებამოსილი პირები არიან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო კრება ჩატარდა ყველა პარტნიორის მონაწილეობით და ამ მიმართებით კრების ჩატარების წესი არ დარღვეულა.
6. დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 28 ივლისს მოპასუხე კომპანიის ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრებაზე საზოგადოების 55% წილის მფლობელი პარტნიორი დაეთანხმა კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შესახებ წინადადებას, ხოლო საზოგადოების 45% წილის მფლობელი პარტნიორი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას არ დაეთანხმა. ხმების უმრავლესობით გადაწყვეტილება მიღებული იქნა.
7. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა მეწარმეთა შესახებ კანონის 91 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. მოპასუხე კომპანიის წესდების მე-19 მუხლის 2ბ პუნქტის მიხედვით, საზოგადოების დირექტორს საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებაზე ესაჭიროება პარტნიორთა კრების თანხმობა. ამდენად, ამ შემთხვევაში, როგორც კანონით, ასევე საზოგადოების წესდებით საკმარისია პარტნიორთა ხმების უმრავლესობა. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხმების 55%-ის მხარდაჭერით. შესაბამისად, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება პროცედურულად არ ეწინააღმდეგება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნას და არც მოპასუხე კომპანიის წესდებას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოების კრედიტორების დაკმაყოფილების მიზნით საზოგადოების ქონების გასხვისების და ვალის გასტუმრების გადაწყვეტილება რომელიმე პარტნიორისთვის არათანაბარ მდგომარეობას არ ქმნის და პარტნიორის არსებით ინტერესებს არ ხელყოფს, ამიტომ არც ამ საფუძვლით არსებობს კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი .
8. ამასთან, რიაონულმა სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) მე-15 მუხლის საფუძველზე (ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია), კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო კრება 2017 წლის 28 ივლისს ჩატარდა, კრებას დაესწრო და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ. შესაბამისად, მოსარჩელე ამ კრებას ესწრებოდა და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებაც იყო ინფორმირებული. საქმეზე წარმოდგენილი კრების ოქმით ასევე დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე კომპანიის წესდების 17.4 მუხლის შესაბამისად, პარტნიორის მოწვევით კრებას ესწრებოდა ნოტარიუსი, რომელმაც კრების ოქმი შეადგინა და მოპასუხე კომპანიას გადასცა 2017 წლის 28 ივლისს. ამდენად, დადგენილი იქნა, რომ კრების ოქმი შედგა 2017 წლის 28 ივლისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის დეკემბერს. ამასთან, კრების მოწვევის ან ჩატარების დროს კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევის ფაქტი არ დადგენილა. შესაამისად, მოსარჩელემ გაუშვა კრების ოქმისა და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ორ თვიანი ვადა.
9. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელსაც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 მაისის განჩინებით.
10. სააპელაციო სასამართლომ, პირველ რიგში, იმსჯელა სარჩელის მოთხოვნის იურიდიული ინტერესის მართლზომიერებაზე და აღნიშნა, რომ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, შესაძლებელია დასაბუთდეს პროცედურული წესის დარღვევაზე მითითებით, თუკი, ასეთს ადგილი ჰქონდა კრების მოწვევის დროს. ასეთ შემთხვევაში, დაცული უნდა იქნეს სპეციალური კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 28 ივლისს ჩატარდა კრება. კრებას დაესწრო და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ, რა დროსაც, იგი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს არ დაეთანხმა. შესაბამისად, მოსარჩელე ინფორმირებული იყო სადავო გადაწყვეტილების შესახებ. ასევე, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე კომპანიის წესდების 17.4 მუხლის შესაბამისად, პარტნიორის მოწვევით კრებას ესწრებოდა ნოტარიუსი, რომელმაც კრების ოქმი შეადგინა და მოპასუხე კომპანიას გადასცა 2017 წლის 28 ივლისს. ამდენად, სადავო ოქმის შედგენიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე გასული იყო ხანდაზმულობის ვადა.
12. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას. მრავალმხრივი გარიგების გავრცელებულ ფორმად მიიჩნევა კაპიტალური საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება არა გამოვლენილ ნებათა კონსენსუსის საფუძველზე, არამედ გამოვლენილ ნებათა უმრავლესობის მიერ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 50, ველი 14).
13. სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. მოპასუხე კომპანიის წესდების მე-19 მუხლის 2ბ პუნქტის მიხედვით კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებაზე ესაჭიროება პარტნიორთა კრების თანხმობა. ამდენად, ამ შემთხვევაში, როგორც კანონით, ასევე საზოგადოების წესდებით საკმარისია პარტნიორთა ხმების უმრავლესობა. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხმების 55%-ის მხარდაჭერით. შესაბამისად, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება პროცედურულად არ ეწინააღმდეგება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნას და არც მოპასუხე კომპანიის წესდებას.
14. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პარტნიორებმა კომპანიის საქმიანობა უნდა განახორციელონ კეთილსინდისიერად და საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიის 55% წილის მფლობელი შპს ,,კ.მ–ის" არაკეთილსინდისიერებაზე მითითება, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ არ წარდგენილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზანს საზოგადოების კრედიტორის დაკმაყოფილება წარმოადგნდა, რაც ამცირებდა საწარმოს აქტივებს, თუმცა, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენდა. შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილება ფორმალური კანონიერების კუთხით შესაბამისობაში იყო სპეციალურ კანონთან, საწარმოს წესდებასთან და არ არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი.
15. სააპელაციომ მიიჩნია ისიც, რომ სადავო კრება ჩატარდა უფლებამოსილი პირების მონაწილეობით.
16. რაც შეეხება 2018 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2018 წლის 5 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა და საქმისათვის დართვა გამოიწვია მოსარჩელის მიერ წინა სხდომებზე სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებამ. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ არ დარღვეულია სამართალწარმოების შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპები.
17. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
18. კასატორის მოსაზრებით, სადავო კრების ბათილად ცნობის წინაპირობები წარმოშობილია, რაც ჯეროვნად არ შეფასდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან.
19. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კრების მიმდინარეობს არ დაესწრო ბოლომდე და მან დატოვა სხდომა, თუმცა კრების ოქმში მითითებულია, რომ მან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ხმა მისცა წინააღმდეგ.
20. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
21. კასატორი მიუთითებს, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.
22. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კეთილსინდისიერების პრინციპი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული პრინციპი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, იგი ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში კი ნათელია, რომ მეორე მხარე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად.
23. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, ის ფაქტი რომ მოპასუხეს გააჩნია კრედიტორული დავალიანება შპს „კ.ა–ბის“ მიმართ და რომ პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მიზანი არ იყო საზოგადოების ხელოვნურად გაკოტრება და მოსარჩელის წილის პროპორციული ქონების ხელში ჩაგდება. და ამის დასადასტურებლად უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია აუდიტორული დასკვნა, რომ დავალიანება არსებობს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია შპს „კ.ა–ბის“ მიმართ, რადგანც ამის შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში არ დევს. საქმეში წარმოდგენილი იქნა აუდიტორული დასკვნა, რომლის დამკვეთი იყო მოპასუხე მხარე და რომელიც თვითონ არის ასევე კრედიტორი მხარის წარმომადგენელი.
24. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, კასატორის მოსაზრებით, სარჩელი აღძრული იქნა ერთ კვირაში იმ დღიდან, როცა კასატორმა შეიტყო სადავო კრების ოქმის თაობაზე და ოქმი მოსარჩელეს გადაეცა.
25. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ ასევე გასაჩივრდა რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით, რადგანც მტკიცებულებების დართვა მოხდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 215-ე და 219-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რაც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც უცველელადაა დატოვებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პარტიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის უარყოფის შესახებ.
29. აღსანიშნავია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები სარჩელის უარყოფისას ძირითადად იმ გარემოებას დაეყრდნენ, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული და ამასთან, არ იყო წარმოშობილი მისი ბათილად ცნობის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები. ამ ნაწილში, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო ინსატანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. კასატორის მიერ წარმოდგენილია სააპელაციო საჩივრის ინდენტური საფუძვლები, რომლებასც ამომწურავად გაეცა პასუხის გასაჩივრებული განჩინებით.
30. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისს ჩატარდა მოპასუხე საზოგადოების კრება. კრებას დაესწრო და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ, რა დროსაც, იგი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს არ დაეთანხმა.
31. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეც დაესწრო და მონაწილებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა, არ დაეთანხმა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
32. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია საწინააღმდეგო, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის წინააღმდეგი იყო, არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე მოკლებული იყო კრებაზე დასწრების შესაძლებლობას.
33. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის კრების ჩატარებას უფლებამოსილი პირების მიერ, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს. დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის პარტნიორები არიან და 2017 წლის 27 ივლისს ჩატარებულ კრებას ესწრებოდნენ: მოსარჩელე - 45% წილის მფლობელი და შპს „კ.მ–ი” - 55% წილის მფლობელი პარტნიორი. ამ უკანასკნელს კრებაზე წარმოადგენდა შპს „კ.მ–ის” დამფუძნებელ - პარტნიორები რ.რ–ა- 35%, და ზ.ს–ძე-25%, რომლებიც იმავდროულად შპს „კ.მ–ის“ ხელმძღვანელობა-წარმომადგელობაზე უფლებამოსილი პირები არიან.
34. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კრება ჩატარდა ყველა პარტნიორის მონაწილეობით და ამ მიმართებით კრების ჩატარების წესი არ დარღვეულა (ამ განჩინების პ.15).
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი 2017 წლის 28 ივლისს მოპასუხე კომპანიის ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრებაზე საზოგადოების 55% წილის მფლობელი პარტნიორი დაეთანხმა კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შესახებ წინადადებას, ხოლო საზოგადოების 45% წილის მფლობელი პარტნიორი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას არ დაეთანხმა. ხმების უმრავლესობით გადაწყვეტილება მიღებული იქნა.
36. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართებულობასთან დაკავშირებით. კასატორი მიუთითებს, რომ კრების ამგვარი გადაწყვეტილებით საზოგადოების კაპიტალი შემცირდა, რაც მისთვის, როგორც პარტნიორისთვის, ზიანის მომტანია, ასევე, უსაფუძვლოდ იქნა ეს გადაწყვეტოილება მიღებული, რადგან რაიმე დავალიანება მოპასუხე კომპანიას არ გააჩნდა.
37. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა პირველ რიგში, ყურადღებას გააახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი - კრების ოქმის ბათილად ცნობა - რაც სხვა პროცესუალურ წინაპირობებთან ერთად, დამატებითი მოითხოვს სხვა წინაპირობის - იურიდიული ინტერესის - მართლზომიერების არსებობას.
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია არაერთ საკასაციო პალატის განჩინებაში. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
39. სხვა სამოქალაქო საქმეში საკასაციო პალატამ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპთან დაკავშირებით იმგვარი განმარტება გააკეთა, რომლის მიხედვით: „აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე უნდა შემოწმდეს, თუმცა, დასაშვებობის ეტაპის გადალახვა, სასამართლოს არ ართმევს უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, თავისი ინიციატივით, შეამოწმოს აღნიშნული პროცესუალური საკითხი [სსსკ-ის 178.1. „ლ“ და 186.1. „თ“ მუხლი]. იხ., სუსგ №ას-140-132-2017, 24 მარტი, 2017 წელი; №ას-819-770-2015, 04 ნოემბერი, 2015.
40. არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (მრავალთა შორისაა, სუსგ №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016. პ. 41).
41. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „სადავო გარიგებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად პერსპექტიულია პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ გარიგების ბათილად ცნობა“ (იხ., სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი; პ-14.3).
42. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია პარტნიორთა კრების ოქმის მართლზომიერება, ხოლო თავად პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება მიეკუთვნება გარიგებას (სსკ-ის 50-ე მუხლი). აღსანიშნავია ისიც, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-91, 47-ე მუხლების საფუძველზე პარტნიორთა კრება საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოა, რომელზედაც საზოგადოების პარტნიორები, საზოგადოების სახელით და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს.
43. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს ნამდვილი იურიდული ინტერესი არ გააჩნია, კერძოდ, საქმის მასლებით დადგენილია, რომ სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. მოპასუხე კომპანიის წესდების მე-19 მუხლის 2ბ პუნქტის მიხედვით, საზოგადოების დირექტორს საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებაზე ესაჭიროება პარტნიორთა კრების თანხმობა. ამდენად, ამ შემთხვევაში, როგორც კანონით, ასევე საზოგადოების წესდებით საკმარისია პარტნიორთა ხმების უმრავლესობა.
44. დადგენილია, რომ სადავო კრებაზე პარტნიორთა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხმების 55%-ის მხარდაჭერით. მართალია, კრების გადაწყვეტოილებას არ დაეთანხმა მოსარჩელე, თუმცა, ეს ვერ შეცვლის დამდგარ მატერიალურსამართლებრივ შედეგს.
45. ამასთან, შესაბამისად, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება პროცედურულად არ ეწინააღმდეგება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნას და არც მოპასუხე კომპანიის წესდებას (იხ., წინამდებარე განჩინების პ.13).
46. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საზოგადოების კრედიტორების დაკმაყოფილების მიზნით საზოგადოების ქონების გასხვისების და ვალის გასტუმრების გადაწყვეტილება რომელიმე პარტნიორისთვის არათანაბარ მდგომარეობას არ ქმნის და პარტნიორის არსებით ინტერესებს არ ხელყოფს.
47. გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კასატორი არ ეთანხმება სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხს და აღნიშნავს, რომ სარჩელი აღძრული იქნა ერთ კვირაში იმ დღიდან, როცა კასატორმა შეიტყო სადავო კრების ოქმის თაობაზე და ოქმი მოსარჩელეს გადაეცა.
48. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მოთხოვნას არ გააჩნია ვარგისი საპროცესო სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
49. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მართალია ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა [სსკ-ის მე-2 მუხლი], რაც არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ მათი ეს უფლება რაიმე შეზღუდვას არ ექვემდებარეობდეს. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც სადავო იყო გარკვეული საპროცესო მოქმედების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის არსებობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა შემდეგი: ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება რა ლეგიტიმურ მიზნებს, სასამართლო უნდა სარგებლობდეს მკაფიო და ხელშესახები კრიტერიუმებით იმის შესამოწმებლად და დასადგენად, რომ პირმა არ იცოდა და ობიექტურად არც შეიძლებოდა სცოდნოდა მის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. უნდა მოხდეს იმის პრევენცია, რომ პირმა დროში უმიზეზოდ არ გაახანგრძლივოს უფლების განხორციელება, ის შეზღუდული უნდა იყოს შესაძლებლობაში, მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო ეს თავის დროზე განეხორციელებინა... იხ., თ.ჯანაშვილი, ნ.ჯანაშვილი და ი.ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №3/1/531, ბათუმი, 2013 წლის 05 ნოემბერი. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ნამსჯელი ხანდაზმულობის ლეგიტიმურობის სამართლებრივ საკითხზე, სახელდობრ, 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა: „ ... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ. 51).
50. განსახილვლ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისს ჩატარდა კრება. კრებას დაესწრო და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემ, რა დროსაც, იგი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს არ დაეთანხმა. შესაბამისად, მოსარჩელე ინფორმირებული იყო სადავო გადაწყვეტილების შესახებ. ასევე, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე კომპანიის წესდების 17.4 მუხლის შესაბამისად, პარტნიორის მოწვევით კრებას ესწრებოდა ნოტარიუსი, რომელმაც კრების ოქმი შეადგინა და მოპასუხე კომპანიას გადასცა 2017 წლის 28 ივლისს. ამდენად, სადავო ოქმის შედგენიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე გასულია ხანდაზმულობის ვადა (სპეციალური კანონის 15.2). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სხვა ზემოაღნიშნულ საფუძვლებთან ერთად, სარჩელი ხანდაზმულოცაა.
51. კასატორი პრეტენზის გამოთქვამს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის საოქმო განჩინების მიმართაც, რომლითაც საქმეს დაერთო ახალი მტკიცებულებები.
52. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც ამ ნაწილში შეძლო დაერწმუნებინა საკასაციო პალატა, რომ რაიონულ სასამართლოში სხდომაზე საქმისათვის მტკიცებულებების დართვით დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები. როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერაა დადგენილი 2018 წლის 5 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა და საქმისათვის დართვა გამოიწვია მოსარჩელის მიერ წინა სხდომებზე სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დამატებამ.
53. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
54. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან კომპანიის კრების ოქმის კანონიერებისა და აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის შესახებ განმარტებულია არაერთ განჩინებაში, რომელთა ნაწილი ასახულია წინამდებარე მსჯელობაშიც.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
56. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა.მ–ს (პ.ნ: .....) უკან დაუბრუნდეს ლ.კ–ძის მიერ 2019 წლის 5 აგვისტოს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5700 ლარი) – 3990 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე