საქმე №ას-344-2019 12 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ ,,ბ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ლ–ი’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ლ–მა’’ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ ,,ბ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: - აღიარებული იქნას, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა 2015 წლის 26 ნოემბრის №2/35 ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; - აღიარებული იქნას, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა უკანონოდ; - მოპასუხეს დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სადაზღვევო გარანტიის თანხის 160 886 ლარის გადახდა; - ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 9 მარტს მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საჩუქრად მიღებული 81 566 ლარის გადახდა; - შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ღირებულების 5 %-ის 56 023.03 ლარის გადახდა; - 240 მეტრი გოფრირებული მილებისა და მისი მოწყობის სამუშაოების ღირებულების 11 908.86 ლარის გადახდა; - მიუღებელი შემოსავალის სახით 27 935 ლარის ანაზღაურება.
2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2015 წლის 26 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტყუპებამდე“ ალეაში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმის მიმღები ჭების, დაერთება-მოწყობა, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობა. მათი ღირებულება შეადგენდა 1 608 950 ლარს. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 253 160 ლარით (შემდეგში - ხელშეკრულება).
3. მოსარჩელემ პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულა დროულად. მეორე ეტაპის სამუშაოების წარმოებას დაემთხვა ბათუმის ძველი ბულვარის განვითარების კონცეფციის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების პერმანენტული საპროტესტო აქციები, რამაც გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებით შეცვლილიყო პროექტის პირვანდელი ვარიანტი და კორდის საფარის ნაცვლად, შუა ალეაც დეკორატიული ფილებით მოპირკეთებულიყო. ამ მომენტისათვის, შუა ალეაში კორდის დასაგები სამუშაოები უკვე შესრულებული იყო და მისი ღირებულება 81 566.06 ლარი ასანაზღაურებელი იყო პირველი ეტაპის სამუშაოებთან ერთად. მოპასუხე ამ თანხის გადახდით ზარალდებოდა, ამიტომ ზარალის თავიდან აცილების მიზნით, მხარეთა შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება და მოსარჩელემ დასახელებული თანხა აჩუქა მოპასუხეს. მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ რეალურად მოსარჩელეს ჩუქების ნება არ გამოუვლენია. მოპასუხემ ის აიძულა თანხა ეჩუქებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელს შეუშლიდა სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმატებაში. სწორედ აღნიშნულის გამო, ჩუქების ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა. მოსარჩელე დასახელებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებასა და საჩუქრად გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს.
4. სარჩელში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მეორე ეტაპი ითვალისწინებდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებს. პროექტით გათვალისწინებული იყო 250 მმ. დიამეტრის საკანალიზაციო მილების მოწყობა, სულ 484 გრძივი მეტრი. მოსარჩელემ პროექტის მიხედვით მოაწყო 240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილი. აღმოჩნდა, რომ პროექტში დაშვებული იყო შეცდომა და შეუძლებელი იყო 250 მმ-იანი მილების მოწყობა. აუცილებელი იყო 300 მმ-იანი მილების მოწყობა. აღნიშნულის გამო, მათ დაკარგეს 240 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი, მის მოწყობაზე დახარჯული შრომა და თავიდან გააკეთეს 300 მმ-იანი საკანალიზაციო სისეტემა, რითაც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, იზარალეს 11 908.86 ლარით.
5. ხელშეკრულების მიხედვით, მესამე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს. ფილების მოწყობა გათალისწინებული იყო მშრალი ბეტონის საფუძველზე გეოტექსტილის გამოყენებით, ხოლო 2016 წლის 18 მარტის შეთანხმებით პროექტიდან ამოღებული იქნა გეოტექსტილი და შესაბამისად, ქვიშა-ცემენტის ნარევი გაიზარდა 8 სმ-დან 9 სმ-მდე. საბოლოო ჯამში, მოსარჩელემ დაასრულა სამუშაოები და მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა 1 063 140.60 ლარი. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ აუნაზღაურა სრულად. მოპასუხემ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება და უარი თქვა დარჩენილი თანხის გადახდაზე. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მიუთითა, თითქოს მოსარჩელემ არ შეცვალა 1350 კვ.მ. დეკორატიული ფილა, რომელიც მოწყობილია 8 სმ ქვიშა-ცემენტის ნარევზე. თითქოს ფილები უნდა მოწყობილიყო გეოტექსტილის გამოყენებით.
6. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება გეოტექსტილის გამოყენებას აღარ ითვალისწინებდა. ხელშეკრულებაში გეოტექსტილის გამოყენებაზე ცვლილება შევიდა ფილების დაგების შემდეგ, ამიტომ ამ მიზეზით, ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს 160 886 ლარი.
7. მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით, სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა 310 383.95 ლარი. თანხის ანაბარად განთავსების შემთხვევაში კი, მოსარჩელე მიიღებდა 27 935 ლარს.
8. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 31 მაისი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 ივლისამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ბეტონის 6 სმ სისქის დეკორატიული ფილების მოწყობა ქვიშა-ცემენტის ნარევის საფუძველზე დატკეპნით, ხოლო ფილის ქვეშ გეოტექსტილის საფარის მოწყობა. მოსარჩელემ, მოპასუხეს შესთავაზა ფილების დაგება ბეტონის საფუძველზე, რა დროსაც, გეოტექსტილის გამოყენება აზრს კარგავდა. აღნიშნული გამოიწვევდა ფილებით მოპირკეთებული ალეების დეფორმირებას. 2016 წლის 18 მარტს მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ამოღებული იქნა იზოლაციის შრის მოწყობა გეოტექსტილით და მის ნაცვლად გაიზარდა ქვიშა-ცემენტის ნარევი 8 სმ-დან 9 სმ-მდე. 2016 წლის 4 მაისს, ხელშეკრულებაში კვლავ შევიდა ცვლილება და ,,ბეტონის 6 სმ სისქის დეკორატიული რომბისებური ფილების მოწყობა ქვიშა-ცემენტის ნარევის საფუძველზე ტკეპნით“ პირობიდან ამოღებული იქნა ცემენტი (სულ 279 ტონა ცემენტი), ხოლო ქვიშის სიმაღლე გეოტექსტილის გამოყენების პირობებში შემცირდა 9 სმ-ის ნაცვლად 8 სმ-მდე. გამოთავისუფლებული ხარჯი დაემატა ტერიტორიაზე იზოლაციის შრის მოწყობას. მოსარჩელემ არ გაითვალისწინა ფილების მოწყობასთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმებები და 1330 კვ.მ. ფილა მოაწყო ქვიშა-ცემენტის 8 სმ-იან ნარევზე (გეოტექსტილის გამოყენებით). შეთანხმების მიხედვით მას ფილები უნდა დაეგო ცემენტისა და გეოტექსტილის გარეშე. მოსარჩელემ კი, ფილები მოაწყო ქვიშა-ცემენტის ნარევზე გეოტესტილის გამოყენების გარეშე, ანუ, 2016 წლის 18 მარტის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ტექნოლოგიით, რაც არ შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. გარდა ამისა, ფილების ფერი და ვიზუალი არსებითად განსხვავდებოდა დანარჩენ ტერიტორიაზე დაგებული ფილებისაგან, რის გამოც, 2016 წლის 3 მაისს წერილობით აცნობეს ხარვეზების შესახებ და მოთხოვნილი იქნა მისი შეცვლა. სამუშაოთა დასრულების მიზნით, მოსარჩელესთან ხელშეკრულება გაგრძელდა 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ მოსარჩელემ ამ ვადაში სამუშაოები არ შეასრულა. 2016 წლის 29 ივლისს წარმოადგინეს ექსპერტიზის დასკვნა და სამუშაოთა მიღება მოითხოვეს. საქმის მასალების შეწავლით დადგინდა, რომ 1330 კვ.მ. ფილები არ იყო აყრილი და შეცვლილი, რის გამოც, სამუშაოები არ იქნა მიღებული. იმის გამო, რომ სამუშაოთა დასრულების ვადაში მოსარჩელემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, მასთან დადებული გარიგება საერთო ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე შეწყდა. ხელშეკრულების 11.2 მუხლით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5 %-ის ოდენობით. სამუშაოს დასრულების ვადის დადგომიდან ანუ 2016 წლის 31 მაისიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე გავიდა 63 დღე. ამ ვადაში მას პირგასამტეხლოს სახით ეკისრება 335 207.88 ლარი. ხელშეკრულების 11.4 მუხლით ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%, რაც შეადგენს 53 207.63 ლარს. მოსარჩელემ არ შეასრულა რა ნაკისრი ვალებულება, მას არ ეკუთვნის 160 886 ლარი, ასევე, პირგასამტეხლოს სახით დაქვითული შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი 5%, 56 023.03 ლარი.
9. მოპასუხემ ჩუქების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გარიგება დადებულია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინების საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
10. მილებთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას მართლაც დაშვებული იქნა უზუსტობა და 300 დიამეტრის საკანალიზაციო მილების ნაცვლად მითითებული იქნა 250 მმ. მილების მოწყობა, პროექტში დაშვებული შეცდომის შემდეგ, ხარვეზი გასწორდა, მაგრამ მოპასუხეს შეეძლო 250 მმ-იანი მილების ამოღება და შენახვა. შესაბამისად, მას შეეძლო ზიანის თავიდან აცილება.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საჩუქრად გადაცემული 81 566.06 ლარის გადახდა; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 256 752,89 ლარის გადახდა; ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) სახით 5 135 ლარის გადახდა; საპროცესო ხარჯის - 12000 ლარის გადახდა.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2/35 ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანი იყო ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტყუპებამდე“ ალეაში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების, დაერთება-მოწყობის (გადაყვანა პლიაჟზე გადაქაჩვით), ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოს შესყიდვა (ხელშეკრულების 1.1.პუნქტი; ტ.I, ს.ფ.58).
15. ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით) 1 253159.55 ლარს (იხ. ტ.I, ს.ფ.58).
16. ხელშეკრულების 2.6. მუხლით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადა, ადგილი და ფორმა. მითითებული დათქმის თანახმად, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურემის მოწყობის სამუშაოს შესრულება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 105 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით.
17. ხელშეკრულების 2.7. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მიეთითა, რომ ხელშეკრულება ძალაშია 2015 წლის 26 ნოემბრიდან და მოქმედებს 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
18. სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ №2/35 ხელშეკრულებას დანართის სახით ახლავს ხელშეკრულების სპეციალური პირობები, რომლის მე-7 მუხლი განსაზღვრავდა - ანგარიშსწორებას, თუმცა, 2015 წლის 24 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ანგარიშსწორების მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ხელშეკრულების 7.7. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ახდენს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავებას შემდეგი თანმიმდევრობით: 7.7.2. სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში მოცემული მიწისქვეშა სამუშაოების (მეორე ეტაპი) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 55%-ს დაკავებას; მოპასუხის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 1.6. პუნქტი (საქონლის ნიმუში) ითვალისწინებდა: ა) პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს გამოსაყენებელი დეკორატიული ბეტონის ფილისა და ბორდიურის ნიმუშები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს, კერძოდ: დაფერილი (პიგმენტირებული) ფენის სისქე არანაკლებ 0,8 სმ; ბეტონის სიმტკიცე შეკუმშვისას არანაკლებ- 30 მპა.(სტანდარტული (B-25) 6 სმ ფილა); ბეტონის სიმტკიცე შეკუმშვისას არანაკლებ - 42 მპა.(გაძლიერებული (B-35) 6 სმ ფილა); ბეტონის წყალშთანთქმა-არაუმეტეს 6%; ბეტონის ცვეთამედეგობა უნდა იყოს 17,2 <20მმ კლასი 4; მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ГОСТ 17608-91-ის ან ევროსტანდარტის EN 1338-2007 მოთხოვნებს. (ბ) პრეტენდენტმა ტენდერის საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დეკორატიულ ბეტონის ფილაზე და ბორდიურზე უნდა წარმოადგინოს მწარმოებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და წერილი განზრახვათა შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების დროულად დასრულებისათვის საჭირო დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მიწოდების გონივრული ვადები; (გ) შემსყიდველს უფლება აქვს დეკორატიული ბეტონის ფილისა და ბორდიურის მოწოდების დროს კეთილმოწყობითი სამუშაოების (დეკორატიული ბეტონის ფილებისა და ბორდიურების დაგება) დაწყებამდე შერჩევითობის პრინციპით არჩეულ რამოდენიმე ერთეულ ფილაზე მიმწოდებელს მოთხოვოს სსსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოე ქსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანო) მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს’’ (იხ.ტ.1. ს.ფ.99-101).
19. დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ის ტექნიკური პირობების შესაბამისად მოთხოვა, მიმართვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ადგილას ნიმუშისთვის არანაკლებ 40 კვ.მ. დეკორატიული ფილის დაგება და დეკორატიული ბეტონის ბორდიულის მოწყობა, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო სატენდერო დოკუმენტაციასა და ხელშეკრულების მოთხოვნებთან (ტ.I, ს.ფ.154).
20. 2015 წლის 30 ნოემბრის №112 მიღება ჩაბარების აქტის თანახმად, სსიპ ტექნიკურმა და სამშენებლო ლაბორატორიამ ჩაიბარა, ხოლო მოსარჩელემ ჩააბარა ბეტონის ტროტუარის ფილები (ნიმუშები). აქტი მიიღო დამკვეთმა. ტესტირებაზე წარდგენილი პროდუქცია იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. შენიშვნები და პრეტენზიები შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და დონეზე არ გამოთქმულა (ტ.I, სფ.153).
21. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელე შეუდგა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ანუ, მოწონებული ფილების გამოყენებით - ტროტუარის მოწყობის სამუშაოებს. დადგენილია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა დროულად.
22. დადგენილია, რომ მეორე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებს. პროექტით გათვალიწინებული იყო 250 მმ დიამეტრის საკანალიზაციო მილების მოწყობა, სულ, 484 გრძივი მეტრი (1 გრძ. მეტრი მილის ღირებულება 35 ლარი, 1 გრძ. მ. მილის მოწყობა 14,62 ლარი, სულ 1 გრძ. მ-ის მოწყობის ღირებულება 49,62 ლარი).
23. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის მიერ პროექტის მიხედვით მოწყობილ იქნა 240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილი (სულ 240*49,62=11 908,8 ლარის ღირებულებით), თუმცა, აღმოჩნდა, რომ საპროექტო უზუსტობის გამო, შეუძლებელი იყო 250 მმ-იანი მილების მოწყობა, აუცილებლობამ მოითხოვა 300 მმ დიამეტრის მილების მონტაჟი; რაც დამატებით მოსარჩელე მხარის მიერ შესრულებული იქნა (იხ.ტექნიკური პირობები: ტ.1. ს.ფ.102-103; მიმართვები, ტ.I, ს.ფ.221-224). აღნიშნულის გამო, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ განიცადა ზიანი 240 გრძივი მეტრი გოფრირებული მილის მოწყობით, რადგან შეცვლილი პირობების თანახმად თავიდან მოუწია მას 300 მმ-იანი მილების ყიდვა და ხელახლა საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ყოველივე ეს განხორციელდა შემსყიდველის არასწორი ტექნიკური დავალების გამო. რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი 11 908,86 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხე მხარის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას.
24. დადგენილი იქნა, რომ მესამე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს. ხელშეკრულებით ფილების მოწყობა გათვალისწინებული იყო მშრალი ბეტონის საფუძველზე გეოტექსტილის გამოყენებით. მოსარჩელეს ფილები უნდა შემოეტანა თურქეთის რესპუბლიკიდან კომპანია ,,ბ.გ–აგან“. 2016 წლის 14 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ კომპანია ,,ბ.გ.“ ვერ ახერხებს ტენდერით გათვალისწინებული ფილების მოწოდებას. შესაბამისად, მას მოძიებული ყავდა ახალი მომწოდებელი შპს ,,ბ–ი“, რომელთანაც გაფორმებული ქონდა ხელშეკრულება და მის საფუუძველზე შპს ,,ბ–ს“ დამზადებული ქონდა ფილების დიდი ნაწილი. პროექტით გათვალისწინებული იყო ფილის ქვეშ გეოტექსტილის საფარის მოწყობა. 2016 წლის 18 მარტს მხარეები შეთანხმდენ და პროექტიდან ამოღებული იქნა გეოტექსტილი და შესაბამისად, ქვიშა-ცემენტის ნარევი გაიზარდა 08 სმ-დან 09 სმ-მდე. 2016 წლის 18 მარტს მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებაში. ცვლილება შეეხო ფასების ცხრილის (დანართი №2) 11- ე, 12-ე 13-ე პოზიციებს და სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკს. მასში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციით ფილების დაგება ხორციელდება მშრალი ბეტონის საფუძველზე, აღნიშნულიდან გამომდინარე გეოტექსტილის მოწყობა ქვიშა-ცემენტის ნარევზე აზრს კარგავს, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევდა ფილებით მოპირკეთებული ალეების დეფორმირებას. ფასების ცხრილიდან ამოღებული იქნა 11-ე პოზიცია ანუ, იზოლაციის შრის მოწყობა გეოტექსტილით და მის ნაცვლად, გაიზარდა ქვიშა-ცემენტის ნარევი 8 სმ-დან 9 სმ-მდე. ცვლილება ავტომატურად შეეხო ფასების ცხრილსაც ( 2015 წლის 18 მარტის შეთანხმება.. ტ. I, ს.ფ. 131; ცხრილი №3 ტ.I, ს.ფ. 136-138); 2016 წლის 26 აპრილისათვის მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ შპს ,,ბ–ს“ შეექმნა ტექნიკური პრობლემები და ვერ ახერხებს პროექტით გათვალისწინებული ფილების მიწოდებას. დანარჩენ ოდენობის ფილას მოაწვდის შპს ,,ლ–ი“. ასევე აცნობა, რომ დაგებული ფილა იქნებოდა 08 სმ. ქვიშის საფუძველზე გეოტექსტილის გამოყენებით. მოითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა (ტ.1. ს.ფ.259); დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 მაისს, 20 მაისს და 31 მაისს მოპასუხეს წარმუდგინა სამუშაოთა შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და შესრულებულ სამუშაოთა ფორმა №2 და მოითხოვა შესრულებულ სამუშაოთა დაფინანსება (მოსარჩელის 2016 წლის 10 მაისის, 20 მაისის და 31 მაისის მიმართვა ტ.I, ს.ფ. 262-266). შესრულებულ სამუშაოების ხარისხსა და მოცულობებზე ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და დადგენილი იქნა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების შესაბამისობა სატენდერო-საპროექტო პირობებთან. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ 2016 წლის 26 ივლისს გაცემული №500405216 საინჟინრო დასკვნის მიხედვით შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 1 063 140,60 ლარი (იხ.ს.ფ.238);
25. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, მოპასუხე კი. უარს აცხადებს მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე (საერთო ღირებულების 5%) რაც არის - 56 023,03 ლარი.
26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამორიცხავდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერებას.
27. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არასწორად იქნა მოთხოვნილი საბანკო გარანტიის თანხა 160 886 ლარის ოდენობით მოსარჩელის მხრიდან ვალდებულეის არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით, რის გამოც, მითითებული თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ.
28. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას 56 023.03 ლარს+11908.86 ლარი (240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილის ღირებულება)+საბანკო გარანიის თანხა 160 886 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 256 752.89 ლარს.
29. რაც შეეხება მიუღებელი თანხის დაყოვნებით გამოწვეულ ზიანს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის (ზიანის) სახით უნდა დაეკისროს თანხა - დაყოვნებული თანხის 256 752.89 ლარის 2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 5135 ლარს.
30. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629-ე მუხლით, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები; ამავე კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
31. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (იხ.სუს საქმე №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წ.);
32. სსკ-ის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. სსკ-ის 640-641-ე მუხლების მიხედვით, ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
33. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები და ეს სამუშაოები ვარგისია განსაზღვრული მიზნებისათვის; აღნიშნული გარემოება კი წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას აანაზღაუროს გაწეული სამუშაოს ღირებულება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 56 023.03 ლარს.
34. სსკ-ის 879-ე მუხლი თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მითითებული ნორმით ბენეფიციარისათვის მინიჭებული მოთხოვნის უფლება არ არის შეუზღუდავი; სსკ-ის 880-ე მუხლის თანახმად საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ, ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადოდ შესრულებას.
35. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საბანკო გარანტია არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ის. შესაბამისად, საბანკო გარანტია ამოქმედებას იწყებს ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულებისას. განსახილველ შემთხვევაში, რადგან დადგენილი იქნა მოსარჩელე მხარის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს საბანკო გარანტიის თანხა 160 886 ლარის ოდენობით.
36. რაც შეეხება დაყოვნებული თანხის (256 752.89 ლარის) გადაუხდელობით დამდგარ ზიანს, სასამართლომ, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლიანობა შეამოწმა სსკ-ის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებთან.
37. სსკ-ის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი; ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; 411-412-ე მუხლების თანახმად: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დაყოვნებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
39. იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განისაზღვრება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. განსახილველ შემთხვევაში, სავარაუდო ზიანად შეიძლება განისაზღვროს გადაუხდელი თანხის 2%, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 5 135 ლარს და რაც დამატებით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
40. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 256 752.89 ლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის - 5 135 ლარის, ასევე, საპროცესო ხარჯის 12000 ლარის გადახდა. კასატორი მოითხოვს სრულად აღდგეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგი, შემდეგი საფუძვლებით:
41. კასატორი სადავოდ ხდის შესრულებული სამუშაოების ვარგისიანობას (სსკ-ის 629-ე, 639-ე, 640-641-ე მუხლები). ამ თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ არ გაითვალისწინა ფილების მოწყობასთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმებები და 1330 კვ.მ. ფილა მოაწყო ქვიშა-ცემენტის 8 სმ-იან ნარევზე (გეოტექსტილის გამოყენებით). შეთანხმების მიხედვით მას ფილები უნდა დაეგო ცემენტისა და გეოტექსტილის გარეშე. მოსარჩელემ კი, ფილები მოაწყო ქვიშა-ცემენტის ნარევზე გეოტესტილის გამოყენების გარეშე, ანუ, 2016 წლის 18 მარტის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ტექნოლოგიით, რაც არ შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. 1330კვ.მ ფართობზე ფილების ასეთი მეთოდით დაგებაზე მხარეები არ შეთანხმებულან. გარდა ამისა, ფილების ფერი და ვიზუალი არსებითად განსხვავდებოდა დანარჩენ ტერიტორიაზე დაგებული ფილებისაგან. აღნიშნულის გამო, მოპასუხემ მიღება-ჩაბარების აქტი არ გააფორმა და მოსარჩელეს სთხოვა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (2016 წლის 1 ივლისის ჩათვლით) ფილები აეყარა და შეეცვალა ხარისხიანით - 8 სმ-იანი სისქის ქვიშის მასაზე ტკეპნით (გეოტექსტილის გამოყენებით). ხელშეკრულება გაგრძელდა მოსარჩელის თხოვნით 1 აგვისტომდე. არც ამ ვადაში აღმოფხვრა მოსარჩელემ ხარვეზი. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ დაარღვია 1330კვ.მ ფართობზე ფილების მოწყობის ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება.
42. საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნების ნაწილში, კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ საბანკო გარანტია, რომელიც ამოქმედდება ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულებისას. განსახილველ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელის მხრიდან ვალდებულება დაირღვა, მოპასუხეს მართლზომიერი უფლება გააჩნდა საბანკო გარანტიის თანხაზე.
43. რაც შეეხება 2.5მმ დიამეტრის სიგრძის გოფრირებული მილების ნაცვლად 300 მმ. დიამეტრის მილების საჭიროებას, რის გამოც, მოსარჩელემ განიცადა ზიანი, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მომართა მოპასუხეს და აცნობა, რომ ვინაიდან შეიცვალა საკანალიზაციო მილის დიამეტრი შესაძლებელია მოეწყოს 2.5მმ დიამეტრის სიგრძის გოფრირებული მილების ნაცვლად 300 მმ. დიამეტრის მილები. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის არასწორი დავალების გამო, მოსარჩელემ განიცადა ზიანის სახით 11908.86 ლარი. კასატორი აღნიშნავს, რომ მილების ჩაბარების პერიოდში მოპასუხეს სართოდ არ მიუღია მოთხოვნა 240 გრძივი მეტრის ღირებულების 11 908.86 ლარის მოთხოვნის თაობაზე. მილების დიამეტრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული. შესრულებული სამუშაო კი, მოპასუხის მიერ ანაზღაურდა. შესაბამისად, მოპასუხე ერთი და იგივე სამუშაოს ორჯერ არ აანაზღაურებს.
44. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებასაც. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას 56 023.03 ლარს+11908.86 ლარი (240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილის ღირებულება)+საბანკო გარანიის თანხა 160 886 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 256 752.89 ლარს. ნაცვლად 228 817,89 ლარისა. აღნიშნულ პუნქტში არასწორადაა დამატებული 27935 ლარი, რაც წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილ მიუღებელ შემოსავალს. საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს მიურებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს 256 752.89 ლარის 2%, რაც დამატებით 5135 ლარია. კასატორი სადავოდ ხდის, როგორც მიუღებელი შემოსავლის გაანგარიშებას, ასევე, მისი დაკისრების წინაპირობის არსებობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
46. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
47. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას და მიაჩნია, რომ მოსარჩელემ დაარღვია 1330კვ.მ ფართობზე შეთანხმებული ტექნოლოგიით ფილების მოწყობის ვალდებულება. მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, შემკვეთი თავისუფლდებოდა 56 023.03 ლარის ოდენობით შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებისაგან. ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის საფუძვლითაა შედავებული საბანკო გარანტიის თანხის - 160 886 ლარის უკუქცევაც. კასატორის მოსაზრებით, საბანკო გარანტია ამოქმედებას იწყებს ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულებისას. მოსარჩელემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. შესაბამისად, მოპასუხეს არ წარმოეშობა მოსარჩელისათვის საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნების ვალდებულება.
48. წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია კასატორისაგან გასამრჯელოს მოთხოვნის წინაპირობების არსებობა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნის უფლების წარმოშობასთან.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
51. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
52. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა მოსარჩელეს, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა.
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ცნება მოცემულია სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილში, კერძოდ, ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. აღნიშნული ცნებიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. მენარდისათვის გადასახდელი საზღაური, როგორც წესი, განისაზღვრება ფულადი სახით, თუმცა მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სხვა რამეზეც (მაგალითად, მენარდისათვის რაიმე ნივთის ნატურით გადაცემა). შესაძლებელია კომბინირებული მეთოდიც (მაგალითად, საზღაურის ნაწილი გადახდილი იქნეს ფულადი სახით, ნაწილი – ნივთის სახით). ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა.
54. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.
55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულების შესრულება ხორციელდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, კრედიტორი ღებულობს შესრულებას. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებაში (მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულებები; და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც ხორციელდება მოვალის ძალისხმევით. ამიტომაც იურიდიულ ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელ ტერმინად ძირითადად გამოიყენება ტერმინი – ქმედება.
56. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.
57. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
58. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
59. სსკ-ის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავებით სსკ-ის 648-ე მუხლისაგან, რომელიც განსაზღვრავს საზღაურის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტს, სსკ-ის 649-ე მუხლი არ არის იმპერატიული და არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მხარეთა შეთანხმებით საზღაური გადახდილ იქნეს სამუშაოს შესრულების შემდეგ, მაგრამ მის გადაცემამდე. თუ შემკვეთი არ ღებულობს მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოს, ასეთ შემთხვევაში, მოქმედებს შესრულების მიღების პრეზუმფცია .შესრულებული სამუშაოს მიღებაში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ორი ეტაპი: მენარდის მიერ სამუშაოს გადაცემა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება. სამუშაოს გადაცემა, ერთის მხრივ წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას, მიიღოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ - მენარდის უფლებას, მოითხოვოს შემკვეთისაგან შეთანხმებული საზღაური.
60. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არაა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც თავად მოპასუხე უარყოფს შესაგებელში, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 28 ივლისს მოპასუხეს წარუდგინა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნა და მათი შინაარსის გათვალისწინებით მოითხოვა სამუშაოთა მიღება (იხ., ამ განჩინების პ.8). დადგენილია, რომ მოპასუხემ იმაზე მითითებით, რომ 1330 კვ.მ. ფილები არ იყო აყრილი და შეცვლილი (იხ., მოპასუხის შესაგებელი - ამ განჩინების პ.8) სამუშაოები არ მიღო.
61. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის ფილების სახელშეკრულებო პირობების შესასაბამისად დაგება და ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ჯეროვანი შესრულება, რაც თავის მხრივ, წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას სამუშაოთა მიღების და შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების, ხოლო სამუშაოთა მიღების პრეზუმირებისას, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას.
62. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოპასუხეს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა (იხ., ტ.1. ს.ფ. 157, 158).
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი, შესაძლებელია ჩატარდეს ტრადიციული და არატრადიციული ექსპერტიზა, მათ შორისაა, სამშენებლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები. ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება აქვთ იმ საექსპერტო ორგანოებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, როდესაც საუბარია ექსპერტიზის დასკვნაზე, როგორც სსსკ-ით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მტკიცებულებაზე (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი) იგულისხმება კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების მქონე საექსპერტო ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტის წერილობითი შედეგი (დასკვნა). თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. მაგალითად, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნების დასადასტურებლად მოსარჩელემ (მენარდე), უპრიანია, წარადგინოს მთლიანად სამშენებლო ობიექტსა ან მის ცალკეულ ნაწილებში გამოყენებული სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული გამოკვლევები. პრაქტიკაში ეს გამოკვლევები რჩება ექსპერტ-მშენებლის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ ნაწილად“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
64. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის (შემკევთის მხარეზე გადაინაცვლა).
65. მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილებით მოდავე მხარეები აღჭურვილნი არიან უფლებამოსილებით გააქარწლონ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოპასუხემ შესაგებელშივე მიუთითა, რომ მას წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა და მოეთხოვა შესრულებული სამუშოების მიღება (იხ., ამ განჩინების პ.8).
66. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო საპირისპირო გარემოების (ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება) და დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა).
67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც განსახილველ დავაში, მოპასუხემ თავი ვერ გაართვა - არ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. მით უმეტეს, აღანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც, სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალისტის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაბათილების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
68. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ თავის მტკიცების ტვირთს წარმატებით გაართვა თავი. შესაბამისად, დადგენილია, რომ სამუშაოები ჯეროვნადაა შესრულებული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიმართ.
69. ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია (შეადრ: სუსგ №ას-1166-2019, 6 აპრილი 2020).
70. ამავე საფუძვლით, უარსაყოფია კასატორის პრეტენზია საბანკო გარანტიის თანხის უკუქცევის ნაწილში. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ იგი ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან, საკასაციო პალატა მიუთითებს არაერთი სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის დროს განმარტებულ დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. (ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების საკითხზე შეადრ: სუსგ-ები, რომელთა შორისაა №ას-1166-2019, 6 აპრილი 2020; №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018 წელი; სუსგ საქმე №ას-1747-2019).
71. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს. განსახლველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ გააქარწყლა რა მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების ჯეროვნად შესრულება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ წარმოეშობოდა საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრების ნაწილშიც საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია (შეადრ: სუსგ №ას-602-2020, 29 ოქტომბერი, 2020. პ. 111).
72. კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე, გოფრირებული მილების გამოყენების ნაწილში მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობას.
73. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც ამ ნაწილში წარმოადგინა დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რამდენადაც უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მეორე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებს. პროექტით გათვალისწინებული იყო 250 მმ. დიამეტრის საკანალიზაციო მილების მოწყობა, სულ 484 გრძივი მეტრი. მოსარჩელემ პროექტის მიხედვით მოაწყო 240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილი. აღმოჩნდა, რომ პროექტში დაშვებული იყო შეცდომა და შეუძლებელი იყო 250 მმ-იანი მილების მოწყობა. აუცილებელი იყო 300 მმ-იანი მილების მოწყობა. მოსარჩელეს უკვე მოწყობილი ჰქონდა 250 მმ. დიამეტრის 240 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი. პროექტის ცვლილების შემდეგ მოსარჩელემ მოაწყო 300 მმ. საკანალიზაციო მილების სისტემა. მოსარჩელეს მოპასუხის საკეთილდღეოდ დასახელებული მილები აღარ გამოუყენებია (იხ., პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილები პ. 3.1.4.).
74. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ პროექტის მიხედვით მოწყობილი იქნა 240 გრძივი მეტრი (სულ 240*49,62=11 908,8 ლარის ღირებულებით). სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ 240 გრძივი მეტრი გოფრირებული მილის მოწყობაზე გაწეული შრომა შემსყიდველის არასწორი ტექნიკური დავალების გამო ზიანს აყენებს მას, ზიანმა კი შეადგინა - 11 908,86 ლარი (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ.3.5). ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებს ვერ აქარწყლებს კასატორის მოსაზრება, რომ მილების ჩაბარების პერიოდში მოპასუხეს სართოდ არ მიუღია მოთხოვნა 240 გრძივი მეტრის ღირებულების 11 908.86 ლარის მოთხოვნის თაობაზე. მილების დიამეტრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება კი, ერთობლივად იქნა მიღებული. შესრულებული სამუშაო კი, მოპასუხის მიერ ანაზღაურდა. შესაბამისად, მოპასუხე ერთი და იგივე სამუშაოს ორჯერ არ აანაზღაურებს (იხ., საკასაციო საჩივრი საფუძვლები). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მენარდის მოთხოვნას ვერ დააბრკოლებს შემკვეთის მითითება, რომ თავის დროზე, 11 908.86 ლარის მოთხოვნის თაობაზე მოსარჩელეს არ მიუმართავს მოპასუხისათვის.
75. საკასაციო საჩივარი შეეხება აგრეთვე მიუღებელლი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობასა და უშუალოდ ზიანის ოდენობის გაანგარიშებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ნაწილში, კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა იმის გათვალისწინებით, რომ მენარდის მოთხოვნა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, განხორციელებდია და არაა შეწყვეტილი.
76. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
77. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
78. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები (იხ., სუს-ს მნიშვნელოვანი განმარტება №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015)
79. მოცემულ საქმეში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულების შემთხვევაში - შესრულებული სამუშაოს დროული ანაზღაურების შემთხვევაში, შესაძლებლობ ექნებოდა მიეღო შემოსავალი. ასეთ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევში, რა შემოსავალს მიიღებდა და ვალდებულების დარღვევის შედეგად არ მიიღო მოსარჩელემ.
80. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს მართებულად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (აგრეთვე შეადრ: სუსგ Nას-945-895-2015, 14 მარტი, 2016). თუმცა, ყურადსაღებია კასატორის შედავება მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანი ოდენობის გაანგარიშებასთან მიმართებით. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას 56 023.03 ლარს+11908.86 ლარი (240 გრძივი მეტრი საკანალიზაციო მილის ღირებულება)+საბანკო გარანტიის თანხა 160 886 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 256 752.89 ლარს, ნაცვლად 228 817,89 ლარისა. აღნიშნულ პუნქტში არასწორადაა დამატებული 27935 ლარი, რაც წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილ მიუღებელ შემოსავალს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს 256 752.89 ლარის 2%, რაც დამატებით 5135 ლარია.
81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას მხედველობაშია მისაღები მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუს -ს მნიშვნელოვანი განმარტება №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015).
82. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ ნაწილში, რომ სააპელაციო პალატას მიუღებელი შემოსავლის ოდენობა უნდა გამოეთვალა 228817.89 ლარიდან და არა 256 752.89 ლარიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მენარდე სარჩელით მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვდა 27 935 ლარს (იხ., ამ განჩინების პ.1), საიდანაც სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 5135 ლარი მიიჩნია ზიანის ოდენობად, არ არსებობს არც ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები.
83. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის 12000 ლარის (5000 ლარი სახ. ბაჟი+7000 წარმომადგენლის მომსახურება) დაკისრებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც საპროცესო ხარჯის დაკისრების ნაწილში წარმოადგინა დასაშვები საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელმაც არაერთ საქმეზე აღნიშნა შემდეგი: „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ გაიღეს სამოქალაქო უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს (შეადრ: 30 ოქტომბერი,2019 წელი, №ას-1125-2019).
84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
85. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. განსახილველ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
87. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ,,ბ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ ,,ბ.ბ–ს“ (ს.კ: ...... ) უკან დაუბრუნდეს 14.03.2019-ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი