Facebook Twitter

¹ბს-842-807(კს-06) 22 ნოემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. მ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 8 სექტემბერს დ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1982 წლიდან მუშაობდა სიღნაღის რაიონის შს განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2000 წლის 14 აპრილის ¹23 ბრძანებით, პოლიციის თანამშრომლის დისკრედიტაციისათვის, უკანონოდ დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა, მისი სამუშაოდან გათავისუფლების გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღიდან აღნიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონზე დაყრდნობით, ფორმულირების (მუხლისა და შესაბამისი პუნქტის მინიშნებით) მისივე მოთხოვნის საფუძველზე შრომის წიგნაკში შეტანის მოპასუხისთვის დავალება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2000 წლის 14 აპრილის ¹23 ბრძანება; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოს დაევალა დ. მ-ის მიმართ ახალი ბრძანების გამოცემა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღის თარიღზე მითითებით და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფორმულირების (მუხლისა და შესაბამისი პუნქტის მინიშნებით) მისივე მოთხოვნის საფუძველზე შრომის წიგნაკში შეტანა.

ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და მას მიეცა 2006 წლის 17 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან ათი დღე ხსენებული ხარვეზის შესავსებად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად 50 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, იმ მოტივით, რომ აპელანტმა დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი _ არ გადაიხადა 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის განჩინებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის განჩინება მას ჩაჰბარდა 2006 წლის 1 მარტს და 2006 წლის 14 მარტს ხარვეზის შევსების მიზნით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის სააპელაციო სასამართლოში წარდგენის გაკონტროლება არ მოხდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველო კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ 2006 წლის 17 თებერვლის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 1 მარტს და 2006 წლის 14 მარტს, ხარვეზის შევსების მიზნით, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის სააპელაციო სასამართლოში წარდგენის გაკონტროლება არ მოხდა, მაგრამ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე მსჯელობისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან მოცემული დავა სოციალური დაცვის საკითხს, კერძოდ კი, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის კანონით დადგენილი წესით გაფორმებას ეხება, მოცემული საქმის მხარეები _ მოსარჩელეცა და მოპასუხეც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ნებისმიერი ინსტანციის საერთო სასამართლოში საქმის განხილვისას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, არ უნდა მიეჩნია ხარვეზიანად სააპელაციო საჩივარი და არ უნდა დაეკისრებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოსათვის.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში 2006 წლის 25 ივლისს შეტანილი ცვლილებისა და დამატებების მიხედვით, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «უ» ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახლებურად და დაწესებულებები, რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გათავისუფლდნენ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 15 აგვისტოს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არც ერთ შემთხვევაში აღარ წარმოადგენს საფუძველს ამ კუთხით მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის განჩინება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.