საქმე №ას-401-2019 12 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებლები – ა.თ–ძე, ა.თ–ძე, მ.ჭ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
განმცხადებლების მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სს "ს.ბ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს "ს.ბ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 238 637,35 (ორას ოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდაჩვიდმეტი აშშ დოლარისა და ოცდათხუთმეტი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1 356,99 (ათას სამას ორმოცდათექვსმეტი აშშ დოლარისა და ოთხმოცდაცხრამეტი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172449-3807861 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 226 742,22 (ორას ოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდაორის აშშ დოლარისა და ოცდაორი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა; სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ, მოპასუხეების ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის და ლ.ღ–ასთვის სოლიდარულად დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, განხორციელდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....., მესაკუთრე - ა.თ–ძე; ბ) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....., მესაკუთრე - ა.თ–ძე; გ) მდებარე - მცხეთა, სოფელი ...../მცხეთა, სოფელი ......./მცხეთა, სოფელი ......, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......, მესაკუთრე - ა.თ–ძე; დ) მდებარე - თბილისი, ......, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......, მესაკუთრე - შპს ,,შ.თ–ი“; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეების ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის და ლ.ღ–ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს, ლ.ღ–ასა და შპს "შ.თ–ს" მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 1 939.6 (ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი ლარისა და სამოცი თეთრის) ლარის გადახდა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ა.თ–ძეს, ა.თ–ძესა და მ.ჭ–ძეს 6 თვის ვადით გადაუნაწილვადდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება შემდეგი წესით:
2.1. 2020 წლის 28 ოქტომბერი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;
2.2. 2020 წლის 28 ნოემბერი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;
2.3.2020 წლის 28 დეკემბერი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;
2.4. 2021 წლის 28 იანვარი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;
2.5. 2021 წლის 28 თებერვალი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;
2.6. 2021 წლის 28 მარტი - დარჩენილი დავალიანება.
5. საკასაციო სასამართლოს, 2021 წლის 2 თებერვალს, განცხადებით მომართა ა.თ–ძისა, ა.თ–ძისა და მ.ჭ–ძის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს, როდესაც მოვალეებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს, ვერ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ "კოვიდ 19"-ის გამო საქართველოში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის შედეგად კვლავ გამოცხადდებოდა მკაცრი შეზღუდვები, დაიკეტებოდა რესტორნები და საკურორტო რეგიონები. მოპასუხეები ხორცის რეალიზაციას ეწეოდნენ ძირითადად მაღაზიებსა და რესტორნებზე, მათი დაკეტვის შემდეგ კი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ რეალიზაცია და შესაბამისად შემცირდა შემოსავალიც. ასევე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები შექმნა საკურორტო რეგიონების და სასტუმროების დაკეტვამ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საქონლის რეალიზაციაზე. 2020 წლის 16 სექტემბერს არ არსებობდა მკაცრი შეზღუდვები, მუშაობდნენ რესტორნები, სასტუმროები, არ იყო გამოცხადებული კომენდანტის საათი და არ არსებობდა ასეთი შეზღუდვების განმეორების ალბათობა, თუმცა მოლოდინი და იმედი არ გამართლდა. მკაცრმა და ხანგრძლივად დაწესებულმა შეზღუდვებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ბიზნესი და ზოგიერთი მათგანი გაკოტრებამდეც კი მიიყვანა.
6. განმცხადებელთა წარმომადგენელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 263.1-ე მუხლზე მითითებით იშუამდგომლა ბიზნესის გადარჩენის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება განაწილვადდეს 1 წლამდე ვადით, კერძოდ, მოვალეები 2021 წლის 28 თებერვლიდან 28 სექტემბრის ჩათვლით 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ყოველთვიურად გადაიხდიან 50 000 ლარს, ხოლო 2021 წლის 28 ოქტომბერს სრულად დაფარავენ დარჩენილ დავალიანებას. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, მოვალეები ყოველთვიურად დადგენილ თანხას კეთილსინდისიერად იხდიდნენ, ამ ეტაპისათვის გადახდილია 400 000 ლარი (განცხადებას თან ერთვის გადახდის ქვითრები), მაგრამ კოვიდ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად 2021 წლის 28 მარტისთვის შეუძლებელი იქნება დავალიანების სრულად გადახდა და ქონების აუქციონზე რეალიზაციის გამო კი ფაქტიურად დაკარგული იქნება უკვე გადახდილი 400 000 ლარი, რადგან არსებობს საშიშროება, უძრავი ქონების ძალიან დაბალ ფასად რეალიზაციისა.
7. განმცხადებელთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოვალეთა მდგომარეობის გათვალისწინება და 1 წლამდე ვადით (იგულისხმება პირველი მომართვიდან 1 წელი) განაწილვადდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე #ას-401-2019) აღსრულება შემდეგი წესით: მოვალეები 2021 წლის 28 თებერვლიდან 28 სექტემბრის ჩათვლით 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ყოველთვიურად გადაიხდიან 50 000 ლარს, ხოლო 2021 წლის 28 ოქტომბერს სრულად დაფარავენ დარჩენილ დავალიანებას.
8. განმცხადებელთა მითითებით, მათ არ გააჩნიათ სრული თანხა იმისთვის, რომ შეასრულონ ვალდებულება, კრედიტორი კი არ არის თანახმა გაუწიოს მათ შეღავათი და საშუალება მისცეს განაწილვადებით დაფარონ დავალიანება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით კრედიტორს არ მიადგება ისეთი სახის ზიანი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვან დაბრკოლებად მიიჩნიოს სასამართლომ, ვინაიდან ქვეყანაში პანდემიის გამო გამოცხადებულია გარკვეული შეზღუდვები და ბიზნეს საქმიანობაც მნიშვნელოვნად შეფერხებულია, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს უძრავი ქონების რეალიზაციისთვის. პანდემიის გამო შექმნილი კრიზისი ასევე ქმნის საშიშროებას, რომ ქონება ძალიან დაბალ ფასად გაიყიდება, რაც ასევე დიდი ზიანის მომტანი იქნება როგორც მოვალეებისთვის, ისე კრედიტორისთვის, რადგან გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა სრულად ვერ დაიფარება.
9. სს "ს.ბ–ის" წარმომადგენელმა ლევან სანიკიძემ, 2021 წლის 8 თებერვალს, მოსაზრებით მომართა უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მოპასუხეთა წარმომადგენლის არგუმენტები გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამასთან, ბანკის წარმომადგენელმა სსსკ-ის 263.1-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ თუ ერთხელ მაინც მოახდინა სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება ან განაწილვადება დაუშვებელია იმავე საქმეზე განმეორებით მოთხოვნილ იქნას (თუნდაც ახალი საფუძვლით) იგივე (განაწილვადება ან გადადება). აღნიშნული ჩანაწერი ერთჯერადობასთან დაკავშირებით გამომდინარეობს სწორედ კანონმდებლის იმ მიზნიდან, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და დაუსრულებელი შუამდგომლობების საფუძველზე არ უნდა მოხდეს აღსრულების გაჭიანურება. კრედიტორისათვის სესხის თანხის უკან დაუბრუნებლობა ან/და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებათა აღსრულების გაჭიანურება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კრედიტორს, მოცემულ შემთხვევაში ბანკს. საბანკო დაწესებულების კომერციული ინტერესია სასყიდლანი კრედიტის გაცემა და გარკვეული მოგების/სარგებლის მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე, სს "ს.ბ–ის" მოსაზრებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა განცხადება დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ხასიათდება მუდმივობის პრინციპით, რადგან სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სასამართლოს შემაჯამებელი აქტის ამგვარი განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობაში სპეციალური ნორმის - 263-ე მუხლის შემოღების აუცილებლობა, რომლითაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა. აღნიშნული ნორმა ემსახურება სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა, გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება და წესი (შდრ. სუსგ #337-322-2016, 16.06.2016 წ.).
11.სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გაანაწილვადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი და გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად (იხ. სუსგ #ას-811-811-2018, 20.07.2018 წ.).
12. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველ ნაწილსა და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის საფუძველზე, განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე მოვალეს იმ შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი თუ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით იმაზე მეტი ზიანი მიადგება კრედიტორს, ვიდრე მოვალეს, რომელსაც განაწილვადების შესახებ განცხადების უარყოფით შეიძლება მიადგეს. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის პრეტენზია, რომ მას გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით ზიანი მიადგება, დაუსაბუთებელია. კრედიტორი არის ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი ფინანსური დაწესებულება, რომელსაც ყოველთვიურად დიდი ოდენობით თანხა აქვს მიმოქცევაში (იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ). ასევე განაწილვადების შესახებ მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადასაცემი ნივთი განუყოფადია (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, თ. ლილუაშვილი, 2004, გვ. 439). მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოება არ არსებობს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების მიზანი არა აღსრულების შეფერხება, არამედ - ხელშეწყობაა.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა განცხადებაში აღნიშნულ არგუმენტს, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამგვარად დაცული იქნება მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რადგან კრედიტორი მიიღებს შესრულებას სრულად 6 თვის განმავლობაში, რითაც საფრთხე არ შეექმნება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოვალეები განიციდიან დამატებით ფინანსურ დანაკლისს. იმ შემთხვევაში, თუ მოვალეები დაარღვევენ ამ განჩინებით დადგენილ გადახდის გრაფიკს, კრედიტორი გააგრძელებს იძულებითი აღსრულების პროცედურებს.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბანკის წარმომადგენლის, ამ განჩინების მე-9 პუნქტში ასახულ მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების ორჯერ მოთხოვნა, თუნდაც ახალი საფუძვლით, დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ჩანაწერი სსსკ-ში არ გვხვდება, რასაც მოსარჩელის წარმომადგენელიც ადასტურებს და არც ამგვარი დასკვნის საშუალებას გვაძლევს სსსკ-ის 263-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო ვერც იმას გაიზიარებს, რომ კრედიტორს ზიანი მიადგება. მოპასუხეები ითხოვენ 1 წლამდე განაწილვადდეს გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამის დასაბუთებასაც სთავაზობენ სასამართლოს. ამასთან, მხედველობაშია ერთწლიანი ვადის არა ხელმეორედ განსაზღვრა, არამედ აღსრულების წესის - განაწილვადების განსაზღვრა საერთო ერთწლიან პერიოდში დარჩენილი თვეების მიხედვით. ის გარემეობა, რომ საკასაციო სასამართლომ ერთხელ უკვე - 6 თვით გაანაწილვადა გადაწყვეტილების აღსრულება და შემდგომ აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში შექმნილი პანდემიის/კრიზისის გამო ამ დროშიც ვერ მოხერხდება დავალიანების სრულად დაფარვა (მოვალეებმა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა დაფარეს, მათ არ შეუძლიათ განრიგის მიხედვით მე-5 თვიდან სრულად დაფარონ ვალი), არც მოვალეს ართმევს უფლებას კანონით დადგენილ 1 წლამდე ვადით მოითხოვოს აღსრულების განაწილვადება და არც სასამართლოს, რომ დასაბუთებული განცხადების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს იგი. არსებითი საკითხია, რომ კანონით დადგენილ ვადას არ გასცდეს მოპასუხეთა მოთხოვნა, რაც წინამდებარე განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას განაპირობებს.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს ა.თ–ძის, ა.თ–ძისა და მ.ჭ–ძის წარმომადგენლის განცხადებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე, მითითებულ მოტივაციას და მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 263.1-ე მუხლის თანახმად განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი), 8 თვის ვადით განაწილვადდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება შემდეგი გრაფიკით (რადგან მოვალეებმა 4 თვის თანხა უკვე გადაიხადეს - 2020 წლის 28 ოქტომბერი, 2020 წლის 28 ნოემბერი, 2020 წლის 28 დეკემბერი, 2021 წლის 28 იანვარი): 2021 წლის 28 თებერვალი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; 2021 წლის 28 მარტი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; 2021 წლის 28 აპრილი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; 2021 წლის 28 მაისი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; 2021 წლის 28 ივნისი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; 2021 წლის 28 ივლისი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; 2021 წლის 28 აგვისტო - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; 2021 წლის 28 სექტემბერი - დარჩენილი დავალიანება. ვინაიდან, უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით მოვალეებს გადახდილი აქვთ ოთხი თვის თანხა, ამის გათვალისწინებით კი მათი 2021 წლის 2 თებერვლის განცხადება ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს (რადგან განცხადებით მოთხოვნილია, რომ საბოლოო გადახდა 2021 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდეს) და მოვალეებს რვა თვით გადაუნაწილვადდეს დავალიანების გადახდა ამ განჩინების მე-16 პუნქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით, რაც არ აღემატება სსსკ-ის 263.1-ე მუხლით დადგენილ ერთწლიან ვადას გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებისათვის (2020 წლის 28 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 2671-ე, 263-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.თ–ძის, ა.თ–ძისა და მ.ჭ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ა.თ–ძეს, ა.თ–ძესა და მ.ჭ–ძეს 6 თვის ვადით გადაუნაწილვადდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება შემდეგი წესით:
2.1. 2021 წლის 28 თებერვალი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
2.2. 2021 წლის 28 მარტი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
2.3. 2021 წლის 28 აპრილი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
2.4.2021 წლის 28 მაისი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
2.5. 2021 წლის 28 ივნისი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
2.6. 2021 წლის 28 ივლისი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
2.7. 2021 წლის 28 აგვისტო - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
2.8. 2021 წლის 28 სექტემბერი - დარჩენილი დავალიანება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე