№ას-1122-2020
27 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.შ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ი–უ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.შ–ძის (შემდგომში „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ზ.ი–უს (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტმა ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
5. კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარს დაურთო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და განმარტა, რომ მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შევსებული აქვს ხარვეზი (გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი), შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
10. სასამართლოში სამოქალაქო საქმისწარმოებისას საპროცესო მოქმედებების შესრულების წესი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 329.24 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოსთვის წარდგენა. ამავდროულად, განემარტა მის მიერ ხარვეზის დროულად შეუვსებლობის პროცესუალური შედეგი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება (იხ. ს.ფ 211-213).
13. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის განსაზღვრის შესახებ აპელანტს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა 2020 წლის 15 აპრილს (იხ. ს.ფ. 217), ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2020 წლის 27 აპრილს.
14. კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შესრულებაზე და აცხადებს, რომ ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი გადახდილია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 22 აპრილს, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებულ პრეტენზიას და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტაბილურ პრაქტიკაზე დაყრდნობით (შდრ იხ. სუსგ საქმე №ას-1212-1154-2014, 20 იანვარი, 2015 წელი; საქმე №ას-686-645-2012 28 მაისი, 2012 წელი) აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდა მის მიერ ხარვეზის შევსებულად მიჩნევის წინაპირობა ვერ იქნება, რადგან სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დაავალა არა მხოლოდ თანხის გადახდა, არამედ მისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსთვის წარდგენა, რაც მხარეს არ შეუსრულებია.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების მე-2 ნაწილებზე დაყრდნობით მართებულად გამოთვალა საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და დასასრული. ხოლო ვინაიდან ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში აპელანტს არ წარუდგენია ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი მტკიცებულება - სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითარი და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმათავს სასამართლოსთვის, მართებულად დარჩა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ა.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე