საქმე №ას-713-2020
11 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი სს ,,პ.დ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე ნ.ღ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2017 წლის 27 მარტს ერთი მხრივ, სს „პ.დ–ასა“ (შემდგომში „დამსაქმებელი“, „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და მეორე მხრივ, ნ.ღ–ს (შემდგომში „დასაქმებული“ ან „მოსარჩელე“) შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხე დაინიშნა კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2. ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2017 წლის 24 მარტს დამტკიცდა გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები. დოკუმენტში მიეთითა, რომ აღნიშნული სქემა განკუთვნილი იყო კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის - ნ.ღ–ისთვის.
3. 2017 წლის 1 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე 2018 წლის 5 იანვრამდე.
4. 2018 წლის 5 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 1 წლით, 2019 წლის 7 იანვრამდე.
5. მოპასუხის 2018 წლის 28 მარტის №01/18 ბრძანებით იმავე წლის 2 აპრილიდან მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და 2017 წლის 24 მარტს დამტკიცებული გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემისა და პირობების პირველი ნაწილის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
6. ბრძანების თანახმად, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევად ჩაითვალა დამსაქმებლის მიერ 2017 წლის 24 მარტს დამტკიცებული გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემისა და პირობების პირველი პუნქტით გათვალისწინებული წლიური გეგმის შეუსრულებლობა.
7. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ყოველთვიურად 800 ლარის დაკისრება 2018 წლის 2 აპრილიდან 2019 წლის 7 იანვრამდე.
სარჩელის საფუძვლები:
დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, ძალადაკარგული ხელშეკრულების დანართის შეუსრულებლობის მოტივით, მაშინ როდესაც ახალი ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლის 5 იანვარს გაფორმდა, მოპასუხის მიერ არ დარღვეულა.
8. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ხელმოწერილი გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები მასთან გაფორმებული სამივე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი იყო და მოქმედებდა ხელშეკრულების დაწყებიდან მის შეწყვეტამდე. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების თანახმად, გაყიდვების მენეჯერს უნდა შეესრულებინა გაყიდვების წლიური გეგმა ასი პროცენტით, ხოლო ვინაიდან მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან ერთი წლის თავზე გეგმის მხოლოდ 32% შეასრულა, ამან გამოიწვია მისი გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან. შესაბამისად, გაცემული ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის სახით დაეკისრა 7200 ლარის გადახდა.
10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის გარემოებაც, რომ დამსაქმებლის მიერ 2017 წლის 24 მარტს დამტკიცებული გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები არ წარმოადგენდა მხარეთა შორის 2018 წლის 5 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილს. სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის პირველი ხელშეკრულების 2017 წლის 27 მარტს გაფორმების ფაქტი. რაც შეეხება გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემას და პირობებს, აღნიშნულ დოკუმენტზე მითითებულია კონკრეტული პირი - მოსარჩელე, ვისთვისაც არის იგი განკუთვნილი, ხოლო ის გარემოება, რომ ტექსტის შინაარსი შესაძლოა იყოს ზოგადი ყველა გაყიდვების მენეჯერისათვის, არ ცვლის ფაქტს, რომ ეს კონკრეტული დოკუმენტი 2017 წლის 24 მარტს მომზადდა მხოლოდ მოსარჩელისთვის.
შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ იგივე თარიღით მომზადებული დოკუმენტი იყო თუ არა 9 თვის შემდეგ, ანუ 2018 წლის 5 იანვარს შედგენილი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა. მას უნდა წარმოედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ მითითებით, რომ დოკუმენტი არის ზოგადი ხასიათის და ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხდებოდა სქემის შეთანხმების გარეშე.
11.3 სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული გაყიდვების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის მიმართვა კომპანიის გენერალური დირექტორისადმი, სადაც ის განმარტავს, რომ მოსარჩელესთან 2017 წლის 27 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2017-2018 წლის გეგმა შეადგენდა 412 000 ლარს. დასაქმებულის მიერ 2017 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 28 მარტამდე მოზიდულმა პრემიამ კი შეადგინა 129 994 ლარი და ხელშეკრულება შესრულდა მხოლოდ 31,6%-ით.
11.4 სააპელაციო პალატამ პირველ რიგში ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მხარეთა შეთანხმება მოზიდიული პრემიების შესახებ ფასდება წლიური შედეგების მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან თავდაპირველად გაფორმდა ხელშეკრულება 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მომდევნო ხელშეკრულება გაფორმდა სამი თვით, ხოლო 2018 წლის 5 იანვარს გაფორმდა მესამე ხელშეკრულება 1 წლით.
11.5 სასამართლოს განმარტებით, პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მიზანია შემოწმდეს მისი პროფესიული ჩვევები, შესაძლებლობები და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, პირი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ან მასთან აღარ გაგრძელდეს ხელშეკრულება, თუ დამსაქმებელი მიიჩნევს, რომ დასაქმებული ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. აღნიშნული მართალია არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ პირმა გამოსაცდელი ვადის გასვლის და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოავლინოს თანამდებობასთან შეუსაბამობა, მაგრამ გათავისუფლების საფუძვლები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს შკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან), გარკვეულწილად მოწმდება პირის გამოსაცდელი ვადით სამსახურში მიღების დროს.
11.6 მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან არათუ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ დაიდო ხელშეკრულება, არამედ მეორე ხელშეკრულების ვადის ამოწურვას მოჰყვა კიდევ ერთი ხელშეკრულეის გაფორმება 1 წლით. ამასთან საყურადღებოა, რომ ბოლო ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 5 იანვარს და იმ შემთხვევაშიც, კი თუ გავითვალისწინებთ აპელანტის მითითებას, რომ 2017 წლის 24 მარტის გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები იყო ამ ხელშეკრულების ნაწილი, გაუგებარია, რატომ მოხდა ჯამური მოზიდული პრემიის დაანგარიშება 3 თვის შედეგების გათვალისწინებით, როდესაც შეთანხმების მიხედვით მოსაზიდი პრემიის ოდენობა უნდა ყოფილიყო წლიურად 412 000 ლარი.
11.7 ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა არამართლზომიერად, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება მართებულად ცნო ბათილად და შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით მართებულად დააკისრა მოპასუხეს იძულებითი განაცდური 9 თვის ხელფასის ოდენობით (2018 წლის 2 აპრილიდან 2019 წლის 7 იანვრამდე).
12. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
12.2 კასატორის განცხადებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოპასუხის მიმართ გადაწყვეტილების არასწორად მიღების საფუძველი გახდა.
12.3 კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები მოსარჩელესთან 2018 წლის 5 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი არ იყო. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, საწინააღმდეგოს ადასტურებს ის გარემოება, რომ სამივე ხელშეკრულებას ერთვის მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი გაყიდვების მენეჯერების სქემა და პირობები, სამივე შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შესრულებული ხელმოწერა შესრულების ფორმით განსხვავებულია, მეტიც, 2018 წლის 5 იანვრის შრომის ხელშეკრულების შემთხვევაში სქემასა და პირობებზე დასაქმებულს დამატებით მიწერილი აქვს სიტყვა „გავეცანი“. ამასთან, მითითებული ხელშეკრულების 3.1 პრიმა მუხლში აღნიშნულია, რომ ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, დასაქმებულის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემითა და პირობებით, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
12.4 ასევე აღსანიშნავია, რომ დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება სამივე ხელშეკრულების მიხედვით შეადგენდა ხელზე ასაღებ 800 ლარს, რაც ასევე მიანიშნებს, რომ ხელფასის აღნიშნული ოდენობა მხარეთა შორის შეთანხმებული იყო წლიური გეგმის საფუძველზე. კერძოდ, მოსარჩელე ყოველწლიურად მოიზიდავდა 410 000 ლარის პრემიას, რაც სქემის მიხედვით ყოველთვიური ხელფასის სახით 800 ლარის გაცემის წინაპირობა იყო.
12.5 სასამართლომ არასწორად მიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ „გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები“ არ არის ზოგადი ხასიათის აქტი და არის ინდივიდუალურად მხოლოდ მოსარჩელისთვის განკუთვნილი. თავად დოკუმენტის სახელწოდებითაც ნათლად ჩანს, რომ იგი განკუთვნილია ყველა იმ დასაქმებულისათვის, რომელსაც აღნიშნული პოზიცია უკავია. სიტყვა „მენეჯერი“ მრავლობით რიცხვშია და ამ დოკუმენტის შექმნის მიზანიც გაყიდვების მენეჯერების პოზიციის რიგი საკითხების მოწესრიგება იყო. გაყიდვების სპეციფიკიდან გამომდინარე, გაყიდვების თანამშრომლის გეგმის შესრულებაზეა დამოკიდებული ასაღები ანაზღაურების ოდენობა და კომპანიის, როგორც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობით სარგებლის მიღება. სქემასა და პირობებში მინიშნება იმაზე, რომ „წინამდებარე სქემა განკუთვნილია კორპორაციული გაყიდვის მენეჯერის - ნ.ღ–ისთვის ნიშნავს არა იმას, რომ ის პერსონალურად მოსარჩელისთვის შემუშავებული და დადგენილი სქემაა, არამედ მხოლოდ იმას, რომ ეს სქემა მოსარჩელის შრომის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს დასაქმებულის მიერ არჩეულ, წლიურად მოსაზიდი პრემიის ოდენობას და შესაბამის ყოველთვიურ ხელფასს.
12.6 სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/ შესასრულებელ სამუშაოსთან. როგორც უკვე აღინიშნა, „გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემისა და პირობების“ თანახმად, დასაქმებულს კალენდარული წლის განმავლობაში უნდა მოეზიდა 412 000 ლარის პრემია, თუმცა მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მოზიდულმა პრემიამ ჯამში შეადგინა 129 994 ლარი, რაც შეთანხმებული ოდენობის 31.6 პროცენტია. სწორედ აღნიშნული მიუთითებს, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია არ იყო საკმარისი მის მიერ დაკავებული პოზიციისათვის.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 37-ე და 38-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე (იხ. სუსგ საქმე №ას-1776-2019, 10.04.2020წ.). ამიტომ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.
17. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმა სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთი მხრივ, იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და, მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს, როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა, აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად „სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან) ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
18. საკასაციო პალატას არაერთ საქმეში აქვს განმარტებული, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
19. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
20. სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს.
21. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა სწორედ ამ საფუძვლით მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერება. კასატორი დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ იგი ვერ ასრულებდა დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემასა და პირობებს, რომელიც მოსარჩელესთან გაფორმებული სამივე შრომითი ხელშეკრულების (2017 წლის 27 მარტის, 2017 წლის 1 ოქტომბრის და 2018 წლის 5 იანვრის ხელშეკრულებების) განუყოფელი ნაწილი იყო და გულისხმობდა წლიური გეგმის დასაქმებულის მიერ შესრულებას - კალენდარული წლის განმავლობაში პრემიის სახით 412 000 ლარის მოზიდვას. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად არ მიიჩნიეს ზემოთ მითითებული გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები მოსარჩელესთან 2018 წლის 5 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილად, რის გამოც არასწორად დაასკვნეს, რომ მოსარჩელე არამართლზომიერად გათავისუფლდა სამუშაოდან.
22. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
22.1 მხარეთა შორის სხვადასხვა დროს გაფორმდა სამი სხვადასხვა შრომითი ხელშეკრულება: პირველი ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 27 მარტს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, მეორე ხელშეკრულება - 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 5 იანვრამდე, ხოლო მესამე ხელშეკრულება - 2018 წლის 5 იანვარს ერთი წლით - 2019 წლის 7 იანვრამდე (იხ. ფ.ს 17-24; 27-31);
22.2 2017 წლის 27 მარტის შრომით ხელშეკრულებას ერთვის გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები, რომელშიც მითითებულია, რომ წინამდებარე სქემა განკუთვნილია კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის - ნ.ღ–ისთვის; აღნიშნული სქემა თარიღდება 2017 წლის 24 მარტით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და იგი განსაზღვრავს წლიური გეგმის დასაქმებულის მიერ შესრულების წესსა და პირობებს (იხ. ს.ფ 25-26); შესაბამისად, იგი წარმოადგენს 2017 წლის 27 მარტის ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს;
22.3 2017 წლის 1 ოქტომბერს და 2018 წლის 5 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებებს ასევე ერთვის მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები, თუმცა მითითებული დოკუმენტებით არ ირკვევა დასაქმებულის მიერ განხორციელებული ხელმოწერების შესრულების დრო (თარიღი) (იხ. ს.ფ 127-140);
22.4 2018 წლის 5 იანვრის ხელშეკრულება შეწყდა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და 2017 წლის 24 მარტს დამტკიცებული გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემისა და პირობების პირველი ნაწილის მე-5 პუნქტის დასაქმებულის მხრიდან დარღვევის საფუძვლით. ამასთან, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მიეთითა, რომ მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები წარმოადგენდა მხარეთა შორის 2017 წლის 27 მარტსა და 2017 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (იხ. ს.ფ 141).
22.5 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლის მართლზომიერების კვლევა დაკავშირებულია იმ გარემოების დადასტურებასთან, წარმოადგენდა თუ არა 2017 წლის 24 მარტს დამტკიცებული სქემა 2018 წლის 5 იანვრის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მისი შეუსრულებლობა ქმნიდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.
22.6 საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სამივე ხელშეკრულებაზე დართულია მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი გაყიდვების მენეჯერების სქემა და პირობები და სამივე შემთხვევაში მოსარჩელის ხელმოწერის შესრულების ფორმა განსხვავებულია, ეს ფაქტები მითითებული სქემის სადავო ხელშეკრულების (2018 წლის 5 იანვრის ხელშეკრულების) განუყოფელ ნაწილად მიჩნევას ადასტურებდა.
22.7 საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ.
22.8 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
24. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).
25. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სადავო ბრძანების მართლზომიერების დადასტურება დამოკიდებულია 2017 წლის 24 მარტს დამტკიცებული გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემისა და პირობების 2018 წლის 5 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილად მიჩნევასთან, მითითებული გარემოების დამტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც იგი სათანადოდ ვერ იტვირთა.
კერძოდ, დამსაქმებელმა სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო ხელშეკრულების (2018 წლის 5 იანვრის ხელშეკრულების) გაფორმებისას მოსარჩელემ გამოთქვა მზაობა და დაეთანხმა ზემოთ მითითებულ სქემაში ასახულ პირობებს.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარდგენილი გაყიდვების მენეჯერების ანაზღაურების სქემა და პირობები თარიღდება მხოლოდ ერთი რიცხვით - 2017 წლის 24 მარტით, შესაბამისად, მასზე შესრულებული მოსარჩელის ხელმოწერა და სიტყვა „გავეცანი“ ვერ მიიჩნევა იმ გარემოების უტყუარად დამადასტურებლად, რომ ეს კონკრეტული დოკუმენტი იყო ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო ორგანიზაციაში ამ პოზიციაზე დასაქმებული ყველა პირისთვის და თანაბრად ვრცელდებოდა მოსარჩელესთან გაფორმებულ სამივე ხელშეკრულებაზე.
ხოლო იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება რომ 2018 წლის 5 იანვრის ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილია 2017 წლის 24 მარტს დამტკიცებული გაყიდვების მენეჯერების სქემა და პირობები, ამ უკანასკნელში ასახული პირობების შეუსრულებლობის მოტივით დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება მართებულად იქნა მიჩნეული უკანონოდ, რაც შესაბამისად ქმნიდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველს.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
28. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 360 ლარის 70% – 252 ლარი,
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სს ,,პ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს ,,პ.დ–ას“ (......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 360 ლარის (საგადასახადო დავალება #1594638454, გადახდის თარიღი 13.07.2020წ.) 70% – 252 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე