4 თებერვალი 2021 წელი,
საქმე №ას-839 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ხ.ჯ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.წ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.თბილისში, ........ ქ.№41-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (შემდეგში: უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი) ბ.წ–ისა (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) და თ.კ–ის თანასაკუთრებაა, საიდანაც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს №1 შენობა-ნაგებობის პირველი სართული (საერთო ფართი - 114.79კვ. და სარდაფი - 45.05კვ.მ, შემდეგში მოხსენიებული, როგორც - სადავო ქონება).
2. სადავო ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ხ.ჯ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, მფლობელი, კასატორი).
3. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და იგი გამოთავისუფლებული სახით მოსარჩელეს გადაეცა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტებს ემყარება:
7.1. უძრავი ქონება მეორადი იპოთეკითაა დატვირთული, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვების პირობებში კი, კასატორის არასრულწლოვანი შვილის ინტერესი დაუცველი დარჩება, რადგან იპოთეკარი მის მიერ ხელსაყრელ ფასად დაუფლებული სადავო ქონებიდან არასრულწლოვანს გამოასახლებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოპასუხე მარტოხელა დედაა, სოციალურად დაუცველია და არასრულწლოვანი შვილები ჰყავს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
12. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოპასუხე უძრავი ნივთის მფლობელია. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. ეს გარემოებები ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისათვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეს არ აქვს მისი ფლობის უფლება.
15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ იგი მარტოხელა დედაა, სოციალურად დაუცველია და არასრულწლოვანი შვილები ჰყავს. აღნიშნული ვერ მიიჩნევა ისეთ საკასაციო შედავებად, რაც სადავო ქონებაზე კასატორის მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა დასაბუთებული, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება). ამ საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთებოდა მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). რაც შეეხება საკასაციო საჩივრის არგუმენტს სადავო ქონების მეორადი იპოთეკით დატვირთვის თაობაზე, ჯერ ერთი აღნიშნული საქმის მასალებით დადგენილი არაა (საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, იპოთეკა რეგისტრირებულია უძრავი ნივთის იმ ნაწილზე, რომელიც ამ ნივთის მეორე თანამესაკუთრის საკუთრებაში ირიცხება), თუმცა ასეც რომ იყოს, აღნიშნული წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებას მაინც არ გამორიცხავს.
კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითია, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა და მოპასუხე უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. ეს გარემოებები მესაკუთრეს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელისგან გამოთხოვა მოითხოვოს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მესაკუთრის სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ხ.ჯ–ძეს (ს/კ ......) დაუბრუნდეს დ.შ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 17.10.2020წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე