Facebook Twitter

№ას-1508-2019 25 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – რ.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.შ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2007 წლის 30 ივლისის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელი კრების ოქმით ჩამოყალიბდა ბმა „გ–ბი“ (შემდეგში - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე ბინათმესაკუთრეებმა (სახლში ირიცხება 55 პრივატიზებული ბინა და კრებაში მონაწილეობა მიიღო 40-მა მესაკუთრემ) ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს კ.ნ–ა (შემდეგში ამხანაგობის თავმჯდომარე).

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2013 წლის 14 აპრილის N5 კრების ოქმით (რეგისტრაციის N151354687, რეგისტრაციის თარიღი: 15.12.2015წ.), კრებამ დაადგინა, რომ იმ პირებს, რომლებიც ფლობდნენ სხვენში ფართებს და ამასთანავე მონაწილეობას იღებდნენ სახლის სახურავის გამოცვლაში, ინდივიდუალური ოქმებით მისცემოდათ უფლება საკუთრების უფლებით დაემტკიცებინათ ფართები სხვენში მათ მიერ გადახდილი თანხის პროპორციულად. ამ უფლებით სხვებთან ერთად აღიჭურვნენ ხ.შ–ი (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ი.ნ–ა (შემდეგში - მეორე მოპასუხე). კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 46 წევრი (2/3-ზე მეტი), კრებაზე ამხანაგობის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით.

3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2013 წლის 10 ივლისისა და იმავე წლის 21 სექტემბრის კრების ოქმების (რომლითაც ცვლილება შევიდა 2013 წლის 10 ივლისის კრების ოქმში) საფუძველზე პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული გვეტაძის 8, ბ.33-ში მდებარე სხვენი, 89.0 კვ.მ. (შპს „ა.პ–ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით). კრებას ესწრებოდა წევრთა 2/3-ზე მეტი. კრებამ გადაწყვეტილება მიიღო კრებაზე დამსწრე ამხანაგობის წევრთა 2/3-ით. პირველ მოპასუხეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კრების ოქმში თავმჯდომარემ განმარტა, რომ პირველ მოპასუხის ..... კოდით რეგისტრირებულ 78.0 კვ.მ. სხვენს (რომელიც პირველ მოპასუხეს 10.07.2013წ. კრების ოქმით დაუმტკიცდა) დაემატა 11.0 კვ.მ. სხვენი, რისი გათვალისწინებითაც, პირველი მოპასუხის სხვენის ფართი განისაზღვრა 89 კვ.მ-ით. ამის საფუძველზე 89.00 კვ.მ. სხვენი (საკადასტრო კოდით N.....) საჯარო რეესტრში აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრებად (იხ. ტომი I, ს.ფ. 85-89, 91-108, 111-112, 113-114).

4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2013 წლის 10 ივლისისა და 2014 წლის 15 ოქტომბრის კრების ოქმებით (რომლითაც დაზუსტდა მეორე მოპასუხის მიერ მისაღები სხვენის ფართი), მეორე მოპასუხეს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 131 კვ.მ სხვენი. კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 39 წევრი, რაც შეადგენს 72%-ს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრებაზე დამსწეთა 100%-ით.

5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ–ბის“ 2015 წლის 6 დეკემბრის N1 კრების ოქმით (რეგისტრაციის No151368971, რეგისტრაციის თარიღი: 18.12.2015წ.) გაუქმდა 2014 წლის 15 ოქტომბრის N15 კრების ოქმი და 2013 წლის 14 აპრილის N5 კრების ოქმი მეორე მოპასუხის ნაწილში (იხ. ტომი I, ს.ფ. 300, 301-304, 315-320). ამავე კრებაზე მეორე მოპასუხეს საკუთრების უფლება დაუდასტურდა სხვენის 51.5 კვ.მ ფართზე.

6. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, პირველი მოპასუხე სადავო საცხოვრებელ მრავალბინიან სახლში ფართს - ბინა 31-ს საკუთრების უფლებით ფლობს 1997 წლიდან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმით სხვენზე საკუთრების უფლების დადასტურების დროს ერთ-ერთ ბინათმესაკუთრეს წარმოადგენდა.

7.10/07/2013 წ. და 15/10/2014 წ. კრებების ჩატარების დროს მეორე მოპასუხე ამხანაგობის წევრს არ წარმოადგენდა.

8. 2015 წლის 2 ნოემბერს შ.გ–ძემ მოპასუხეთა წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და სხვენზე მოპასუხეთა საკუთრების უფლების დაკანონების თაობაზე მიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა. სარჩელის აღძვრის დროისთვის მოსარჩელე ამხანაგობის წევრს წარმოადგენდა და ქ. თბილისში, ....... მდებარე 34.80 კვ.მ. N34 ბინას საკუთრების უფლებით ფლობდა. უფლების წარმოშობის საფუძველია 19/03/2008 წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე გარდაიცვალა 2016 წლის 18 აპრილს, რომლის მემკვიდრე და უფლებამონაცვლეა რ.ა–ი (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი, თავდაპირველი მოსარჩელის შვილი).

9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყვეს მისი საფუძვლიანობა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ბათილად ცნო სადავო სხვენზე მეორე მოპასუხის უფლების დამდგენი კრების ოქმები, სასარჩელო მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემაც, რომელმაც მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით, არცერთი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.1. სააპელაციო პალატის მითითებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ სხვენზე საკუთრების უფლების დასატურების დროს, პირველი მოპასუხე, მეორე მოპასუხისგან განსხვავებით, ბინათმესაკურეთა ამხანაგობის წევრს წარმოადგენდა, ის 1997 წლიდან ფლობდა ბინას საკუთრების უფლებით შესაბამის სახლთმფლობელობაში. შესაბამისად, მეორე მოპასუხის შემთხვევისგან განსხვავებით, მის მიმართ მოსარჩელის პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ გარდა მოპასუხედ დასახელებული პირებისა, სხვენში საკუთრების უფლების აღრიცხვის უფლება მიეცათ ამხანაგობის სხვა წევრებსაც, თუმცა მოსარჩელემ მხოლოდ პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის სხვენის გადაცემის ფაქტი გახადა სადავოდ. სააპელაციო პალატის განსჯით, თუ ადგილი ექნებოდა პროცედურულ დარღვევას კრების მოწვევის ან მისი ჩატარების დროისთვის, მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო კრების ოქმების ბათილად ცნობა ყველასთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ამხანაგობის კრების მოწვევისა და გამართვის პროცედურული დარღვევის თაობაზე შეცილება არ განუხორციელებია და ამ კუთხით კრების ოქმების ბათილად ცნობას საფუძველი არ გააჩნდა.

13.2. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დავაზე არ იყო გამოკვეთილი მოსარჩელის იურიდიული ინტერესი პირველი მოპასუხის მიმართ. პალატის განსჯით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ არსებობდა 2013 წლის 10 ივლისისა (პირველი მოპასუხის ნაწილში) და 2013 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმების ბათილად ცნობის საფუძველი და სასამართლო გააბათილებდა მათ, ამხანაგობას მაინც ექნებოდა შესაძლებლობა კვლავ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაედასტურებინა ინდივიდუალური ფართის საკუთრებაში არსებობის ფაქტი.

14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

15.1. კასატორის მტკიცებით, პირველი მოპასუხე არც ბინამესაკუთრეთა შესახებ კანონის ამოქმედებამდე და არც სადავო კრების ოქმის მიღებამდე არ ფლობდა საერთო საკუთრების სხვენში რაიმე ფართს. სხვენი წარმოადგენდა ერთ მთლიან ფართს და მასში ასვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ სახანძრო კიბით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შეფასება მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა თანახმად, 2007 წლის 1 აგვისტომდე, ანუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის ამოქმედებამდე, სადავო სხვენს არცერთი ბინათმესაკუთრე არ ფლობდა. აღნიშნულის მიუხედავად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მაინც კანონიერად მიიჩნიეს სადავო კრების ოქმები, რომლითაც დაფიქსირდა ამ კანონის ძალაში შესვლამდე პირველი მოპასუხის მიერ სხვენის სადავო ფართის ფლობის ფაქტობრივი მდგომარეობა.

15.2. კასატორის განმარტებით, ამხანაგობის სადავო კრება, რომელზეც პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა სხვენის ფართზე საკუთრების უფლება, დარღვეული იყო ამხანაგობის წევრთა მოწვევის კანონისმიერი პროცედურები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-20-27-ე მუხლები), კერძოდ, კრების მოწვევის თაობაზე, არათუ წერილობით, ზეპირსიტყვიერადაც არ უცნობებიათ მოსარჩელისათვის, რითაც შეეზღუდა უფლება მონაწილეობა მიეღო ამხანაგობის საქმიანობაში და დაეფიქსირებინა მოსაზრება სხვენის ფართის პირველი მოპასუხისათვის დაკანონების თაობაზე, მითუმეტეს, რომ პირველ მოპასუხეს ფართი სხვენზე გადაეცა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის თავზე. კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არასწორად მიუთითეს, რომ მოსარჩელეს კრების მოწვევის პროცედრულ საკითხებთან მიმართებით პრეტენზია არ გააჩნდა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

17. მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ სხვენზე საკუთრების უფლების დადასტურების განმსაზღვრელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არაერთი კრების ოქმის ბათილად ცნობაა. მითითებული მოთხოვნა აღიარებითი შინაარსისაა. აღიარებითი სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებამდე სასამართლო ვალდებულია, მისი დასაშვებობა შეამოწმოს. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო მეორე მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული სადავო კრების ოქმები, რაც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო პრეტენზია მიმართულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხოლოდ პირველი მოპასუხის მიმართ შეაფასებს სასარჩელო მოთხოვნის, როგორც აღიარებითი სარჩელის, დასაშვებობას.

18. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე სარჩელით ედავება მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ნამდვილობას და მათ გაბათილებას მოითხოვს. მოსარჩელე სარჩელით რაიმეს მიკუთვნებას არ ითხოვს. ამრიგად, მოსარჩელე მისთვის ხელსაყრელი შედეგის მიღწევას აღიარებითი სარჩელის ფარგლებში ცდილობს.

19. პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი მისი დასაშვებობის მიზნებისათვის უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს (სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამდენად, დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით.

20. აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების თაობაზე საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ: მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) - საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა . . . აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (შდრ. სუსგ, საქმე №ას-551-522-2015, 14.08.2015; საქმე №ას-937-887-2015, 10.11.2015, ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინების დასკვნები საქმეზე ას -121-117-2016).

21. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.

22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სხვენზე ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრების უფლების აღდგენაა. მითითებულ უძრავ ქონებაზე, სადავო კრების ოქმების საფუძველზე, საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხეა რეგისტრირებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობით, სადავო სხვენზე ამხანაგობის თანასაკუთრების უფლება აღდგება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო კრების ოქმებს ბათილად მივიჩნევთ, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა საკუთრებაში დაბრუნების საკმარისი საშუალება, ვინაიდან ამისათვის მოსარჩელემ უნდა აღძრას შესაბამისი მიკუთვნებითი სარჩელი, რომლის მტკიცების საგანს (და არა - სასარჩელო მოთხოვნას) შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეულ დოკუმენტთა ნამდვილობა. ამდენად, კრების ოქმების ბათილობით მოსარჩელე ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს. ამ მიზნის მისაღწევად უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ქონების ამხანაგობის წევრთათვის მიკუთვნების თაობაზე. რაკი ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს არ აღუძრავს, სასამართლო კი, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდება (სსსკ-ის 248-ე მუხლი), პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, შესაბამისად, ეს სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს.

23. აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთი წინაპირობა, როგორც აღინიშნა, იურიდიული ინტერესის არსებობაა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2 მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოცემულ საქმეში ასეთი შემთხვევა ისაა, რომ მოსარჩელეს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ აქვს. ეს კი, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

19. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა (მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 42.1 და სსსკ-ის 2.1. მუხლებისა) ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვისკენაა მიმართული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. ამდენად, მოცემულ საქმეზე, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ.ა–ის სარჩელი ხ.შ–ის მიმართ, კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც რ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. რ.ა–ის სარჩელი ხ.შ–ის მიმართ, კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი