№ას-275-2019 30 სექტემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ვ.გ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ.კ–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.გ–ვი (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, მ.კ–თვის (შემდეგში - მოპასუხე) სესხის თანხის, 38 691,17 ლარის, დაკისრების სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის განმარტებით, დავაზე სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი ურთიერთობისგან განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა დაადგინა, რაც არასწორია, რადგან მხარები მოქმედებენ რა ნების ავტონომიის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობის სახეს. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადების თაობაზე წინარე შეთანხმება. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის დაიდო მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება, სესხის თანხა უნდა მოხმარებოდა ტრაქტორის შეკეთებას. მოპასუხეს კი, სესხი და სარგებელი უნდა დაეფარა ტრაქტორის მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლებით.
2.2. კასატორი ყურადღებას ამახვილებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებაზეც, რომლის თანახმად ერთობლივი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მათ მიერ დაფუძნებული საწარმოს ფერმის აშენება და სწორედ ამ მიზნით შეკეთდა ტრაქტორი. კასატორის მოსაზრებით, მისი მხრიდან მითითება მხარეების განზრახვაზე ფერმის აშენების შესახებ, მთლიანად ესადაგებოდა და არ სცილდებოდა შპს „ო.კ–ის“ საქმიანობის ფარგლებს და არანაირი განზრახვა ამ ფარგლების გაცდენით, მოსარჩელეს ფერმის აშენებასთან დაკავშირებით არ ჰქონია და არც არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. ამასთან, თუკი ამ თანხებს რაიმე კავშირი ჰქონდა შპს მიერ ასაშემნებელ ფერმასთან, ეს უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი დოკუმენტაციით, რომელიც მოპასუხეს უნდა წარმოედგინა
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 25.12.2015 წელს მოპასუხემ მოსარჩელისგან 5000 (ხუთი ათასი) ევრო მიიღო ტრაქტორის სარემონტო სამუშაოებისათვის; 23.12.2015 წელს კი 600 (ექვსასი) ლარი საქართველოდან გამგზავრების ნებართვისათვის.
5.2.2. 2016 წლის 7 აპრილს მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო 3000 აშშ დოლარი, ექსკავატორის სარემონტო სამუშაოებისათვის.
5.2.3. მოსარჩელემ ექსკავატორის შეკეთებისთვის საჭირო დეტალები შეუკვეთა გერმანიაში. გადაიხადა მათი ღირებულება - 3827.94 ევრო. შეიძინა აკუმულატორი ექსკავატორისთვის 235 ლარად. საბაჟო ტერმინალზე ნაწილების განთავსებისთვის გაიღო - 376.90 ლარი. დღგ - 1917 ლარი. იმპორტის გადასახადი - 5 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური 300 ლარი.
5.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 დეკემბრის ცნობის (სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ) თანახმად, ექსკავატორი „კომაცუ“ შემდეგი მონაცემებით: სანომრე ნიშანი: CA616. მარკა მოდელი: კომაცუ WB93B.ფერი: ყვითელი 5/8.გამოშვების წელი: 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი: KM TWBO..... - ეკუთვნის შპს ,,ი.ე–ის’’ (ს/ნ .....), რომელიც დარეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მასზე ირიცხება საგასახადო გირავნობა/იპოთეკა.
5.2.5. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებების თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა, სურდათ მეფრინველეობის ფერმის აშენება, რომელიც ვერ აშენდა. რაც შეეხება ტრაქტორს, ამ ტრაქტორით მუშავდებოდა, როგორც საკუთრივ მოსარჩელის, ისე, მოპასუხის მიწები, ტრაქტორთან დაკავშირებით განკარგულებებს ძირითადად მოსარჩელე გასცემდა. ფულსაც ხან ერთი იხდიდა, ხან მეორე. ტრაქტორი არ იყო არც მოსარჩელის და არც მოპასუხის საკუთრება.
6. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან არსებულ სასესხო ურთიერთობების მტკიცებაზე აფუძნებს, რასაც მეორე მხარე უარყოფს. შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანია კონტრაჰენტ მხარეთა შორის არსებული სადავო სამართლებრივი ურთიერთობის რაობის განსაზღვრა და, მისგან გამომდინარე, მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
7. საქმეში დაცული შპს „ო.კ–ის“ ამონაწერიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ და მოპასუხემ ერთობლივი ძალებით დააფუძნეს კომერციული იურიდიული პირი. ამასთან, კასატორი თავად განმარტავს საკასაციო საჩივარში, რომ ფერმის აშენების განზრახვა არ სცდებოდა მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ დაფუძნებული საწარმოს საქმიანობის ფარგლებს და მას არ სურდა, საწამოს საქმიანობის ფარგლებს გარეთ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში აეშენებინა ფერმა. ამ მსჯელობით, კასატორი თავად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ფერმის აშენება მისი მონაწილეობით დაფუძნებული კომერციული იურიდიული პირის საქმიანობის მიზნებს უკავშირდებოდა, ფერმის ექსპლუატაცია მოსარჩელის მიერ დაფუძნებული საწარმოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება უნდა ყოფილიყო. ნიშანდობლივია, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ტრაქტორი სწორედ ფერმის ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო. მითითებულ გარემოებათა ერთობლიობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს არც კასატორის პრეტენზიას მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის თაობაზე და არც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის წინარე ხელშეკრულების დადების თაობაზე. საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ მხარებმა დააფუძნეს კომერციული იურიდიული პირი და ტრაქტორთან დაკავშირებული მათი ყველა მოქმედება და შეთანხმებაც სწორედ ამ შპს-ის საქმიანობისკენ და არა ახალი ხელშეკრულების (ერთობლივი საქმიანობის) მომავალში დადებისკენ მიმართეს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (მხარეთა განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების) შეფასება პალატის განსჯით, ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელემ სადავო თანხის ინვესტიცია განახორციელა საწარმოში, თუმცა ამ ინვესტიციამ საწარმოს მოგება ვერ მოუტანა, ეს კი სამეწარმეო საქმიანობისათვის დასაშვები სამეწარმეო რისკია, რომელიც სწორედ ინვესტიციის განმახორციელებელ პარტნიორს აკისრია.
ხელშეკრულება, რომელზეც კასატორი უთითებს, არ ადასტურებს, სადავო თანხის მოპასუხის მიერ სესხად მიღებას, სხვა მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. პირიქით, საქმეში დაცული ხელწერილები, ადასტურებს და შეესაბამება, როგორც მოპასუხის, ასევე მოწმეთა ჩვენებებს, რომ სადავო თანხა ტრაქტორის შეკეთებისთვის იყო განკუთვნილი და არა მოპასუხისთვის სესხად გადაცემული. მოსარჩელე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განმარტავს, რომ მოპასუხისათვის გადაცემული თანხა იყო მიზნობრივი სესხი. მოსარჩელის ამ განმარტებას საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს. საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს არამხოლოდ გადასცა სადავო თანხები ტრაქტორის გასარემონტებლად, არამედ ტრაქტორის გარემონტების შემდგომ პირადად სარგებლობდა შეკეთებული ტექნიკით, რაც რა თქმა უნდა სასესხო ურთიერთობის ფარგლებს სცილდება. სესხის ხელშეკრულება მიეკუთვნება რა რეალურ ხელშეკრულებათა სამართლებრივ კატეგორიას, მისი თავისებურება გულისხმობს გადაცემულის უკან დაბრუნებას იმავე სახით, რა სახითაც მოხდა გადაცემა. განსახილველ დავაზე გამოკვლეული გარემოებებები კი ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ არათუ სესხად გადასცა თანხა მოპასუხეს, არამედ პირადად იყო დაინტერესებული ტრაქტორის შერემონტებითა და მისი შემდგომში მოპასუხისა და მოსარჩელის თანაბარწილობრივი პარტნიორობით დაფუძნებული საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი ბიზნეს აქტივობის ფარგლებში მისი მოხმარებით. მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ გადაცემული თანხების მიზნობრიობა და გადაცემის მოტივები გამომდინარეობს არა სესხის ხელშეკრულებიდან, არამედ მოდავე მხარეთა მიერ ერთობლივად დაფუძნებული საწარმოს ბიზნეს საქმიანობიდან. ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის ხელწერილები ადასტურებს მხოლოდ მოსარჩელისგან თანხის მიღებას კონკრეტული მიზნით, ხელწერილი არ შეიცავს მითითებას სადავო თანხების მოსარჩელისათვის უკან დაბრუნების ვალდებულებით მოპასუხის ბოჭვის თაობაზე. საკასაციო პალატის განსჯით, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება არ ქმნის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის თაობაზე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.
9. მოსარჩელე, როგორც სამეწარმეო რისკის ფარგლებში მოქმედი სუბიექტი, მოპასუხეს მოთხოვნას ვერ წაუყენებს ვერც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ვერც უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით ვერ შეედავება, ვინაიდან მოპასუხისათვის გადაცემული თანხები საწარმოს ინტერესებისამებრ ტრაქტორის შეკეთებას მოხმარდა, საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხე ტრაქტორის მესაკუთრე არაა. ამ გარემოებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე არ გამდიდრებულა, რაც გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე სწორედ ზემოხსენებული მსჯელობა გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე.
10. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით სწორად განსაზღვრა დავის სამართლებრივი შედეგი. საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ მართალია, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის რაობის განსაზღვრაში, თუმცა აღნიშნული საკითხი გავლენას ვერ მოახდენს დავის საბოლოო სამართლებრივ შედეგზე.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1934 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1934 ლარის (საგადახდო დავალება #01, გადახდის თარიღი - 12.03.2019) 70% – 1353.8 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.გ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ვ.გ–ვს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1934 ლარის (საგადახდო დავალება #01, გადახდის თარიღი - 12.03.2019) 70% – 1353.8 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი