Facebook Twitter

№ას-1910-2018 30 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „თ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.ღ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ღ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „თ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი) წინააღმდეგ და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2017 წლის 10 ოქტომბერს დაინიშნა, რის შესახებაც მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობათ (ტომი I, 453-454).

4. მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოპასუხე მხარემ კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე (ტომი I, 456-458).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის განხილვა მოითხოვა. მოსარჩელის წარმომაგენლის მტკიცებით, მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით - ავადმყოფობით იყო განპირობებული.

7. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოხმობილი მტკიცებულებები და განმარტებები არ ადასტურებდა სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას.

8. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის/მისი წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული საავადმყოფო ფურცელი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს ავადმყოფობის გამო ოთხი დღის განმავლობაში ამბულატორიული მკურნალობა უნდა გაევლო, ხოლო ამავე სამედიცინო დაწესებულების მიერ დამოწმებული ფორმა 100 მიუთითებდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა კლინიკას 2017 წლის 10 ოქტომბერს მიმართა, რა დროსაც მას აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი და სიმშრალე, არტერიული წნევის მატება. მოხმობილი დოკუმენტი შეიცავდა აღნიშვნას, რომ პაციენტი ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე 2017 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადებას. ამასთანავე, მას ექიმისგან მიეცა რეკომენდაცია 5 დღის განმავლობაში ამბულატორიული რეჟიმის საჭიროების შესახებ. სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას ყუარდღება მიაქცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ პაციენტის თანმხლებ ბარათსაც, რომელიც ადასტურებდა, იმავე თარიღში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას (ტომი II, 7-9).

11. სააპელაციო პალატის დასკვნით, საქალაქო სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში დაცულ მტკიცებულებებს. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე დართული მტკიცებულებები კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა, მათი სიყალბე არ დადასტურებულა, შესაბამისად, პალატის განსჯით, მტკიცებულებათა სისწორის თაობაზე სათანადო სამართლებრივი შედავების არ არსებობის პირობებში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაუზიარებლობისა თუ მათში ასახულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

12.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, 2017 წლის 10 ოქტომბერს დღის რომელ მონაკვეთში, რომელ საათზე მიმართა ექიმს მოსარჩელის წარმომადგენელმა, სასამართლო სხდომის დაწყებამდე თუ შემდგომ. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა არა სასამართლო სხდომამდე (2017 წლის 10 ოქტომბრის 15:00 საათამდე), არამედ მას შემდეგ. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელი ვალდებული იყო, სასამართლოსთვის წარედგინა 2017 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული ჯანმრთელობის ცნობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა ექიმისადმი მიმართვის ზუსტი დრო, პაციენტის შეუძლოდ ყოფნის კონკრეტული გარემოება და, დასმული დიაგნოზის გამო, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის ჩანაწერი.

12.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ შეუფასებია, ჰქონდა თუ არა მხარეს სასამართლოს წინასწარი შეტყობინების შესაძლებლობა და თუ არ ჰქონდა, რა გარემოება გამორიცხავდა ამგვარ შესაძლებლობას.

12.3. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას, პროცესზე უშუალოდ მოსარჩელის მონაწილეობის შეუძლებლობის თაობაზე. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენლის გაფრთხილება, ამავდროულად ნიშნავს მარწმუნებლის გაფრთხილებასაც, ამდენად, ფიზიკურად სად იმყოფებოდა მარწმუნებელი, იცოდა თუ არა მან სხდომის თარიღი და შეეძლო თუ არა მას რწმუნებულის ნაცვლად სხდომაზე დასწრება, ეს გარემოებები სასამართლო განხილვის საგანი არ უნდა ყოფილიყო.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გააუქმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, კერძოდ:

16.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16.2. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის წარმომადგენელი ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარედგინა 2017 წლის 10 ოქტომბრით (და არა შემდგომი პერიოდით) დათარიღებული ჯანმრთელობის ცნობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა ექიმისადმი მიმართვის ზუსტი დრო, პაციენტის შეუძლოდ ყოფნის კონკრეტული გარემოება და დასმული დიაგნოზის გამო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის ჩანაწერი. კასატორი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასაბუთებს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა არა სასამართლო სხდომამდე (2017 წლის 10 ოქტომბრის 15:00 საათამდე), არამედ მას შემდეგ და სხდომაზე მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაზე აპელირებს.

16.3. კასატორის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ სამედიცინო დოკუმენტაციას და მათ სამართლებრივ დატვირთვას. საქმეში დაცულია მოსარჩელის სახელზე გაცემული არა ერთი სამედიცინო დოკუმენტი, კერძოდ: 2017 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული საავადმყოფო ფურცელი, ამავე რიცხვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი, მკურნალი სამედიცინო დაწესებულების ცნობა და ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100). წარმოდგენილ დოკუმენტაციათაგან საკასაციო პალატა უწინარესად ყურადღებას მიაპყრობს საქმეში დაცულ საავადმყოფო ფურცელს და განმარტავს, რომ ამა თუ იმ პირისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა თავისთავად, ცალკე აღებულიც, პაციენტის შრომისუუნარობასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილზე თუ სხვა დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებს. საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის #281/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფურცელს და ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც სხვა საფუძვლებთან ერთად გაიცემა - დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩერლის წარმომადგენელს საავადმყოფო ფურცელი გაეხსნა 2017 წლის 10 ოქტომბერს - იმავე წლის 14 ოქტომბრამდე. საკასაციო პალატა საავადმყოფო ფურცლის სამედიცინო და სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მითითებული დოკუმენტი, იმთავითვე გამორიცხავს, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად მიჩნევას, რაც, ცხადია, ასევე გამორიცხავს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საავადმყოფო ფურცლით დადასტურებული ავადმყოფობა, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უნდა მივიჩნიოთ, მიუხედავად იმისა, აღნიშნულის თაობაზე მითითებულია თუ არა საავადმყოფო ფურცელში.

16.4. ასეც, რომ არ იყოს, საავადმყოფო ფურცელთან ერთად, საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის ცნობაც, რომელიც უკვე პირდაპირ შეიცავს მითითებას 2017 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, მართალია, ეს ცნობა გაცემულია არა 10 ოქტომბერს, არამედ იმავე წლის 3 ნოემბერს, თუმცა მოხმობილ ჯანმრთელობის ცნობას საავადმყოფო ფურცელთან და საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში აქვს ის მტკიცებულებითი ძალა, რომელიც მიუთითებს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის ავადყოფობის გამო, გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებაზე. ჯანმრთელობის ცნობა შეიცავს მითითებას, როგორც პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის, ისე თარიღის თაობაზე და, ამასთანავე, სრულად შეესატყვისება სსსკ-ის 215.3 მუხლით დადგნილ საკანონმდებლო მოთხოვნებს (ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე). საკასაციო პალატის განსჯით, იმ პირობებში, როდესაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია მოხმობილი ცნობის ან საქმეში დაცული სხვა რომელიმე სამედიცინო დოკუმენტის სიყალბე, ჯანმრთელობის ცნობის გაცემის თარიღზე აქცენტირება არ წარმოადგენს იმ სამართლებრივად ვარგის მსჯელობას, რომელიც აქარწყლებს ამ დოკუმენტის მტკიცებულებით მნიშვნელობას წინამდებარე დავაზე მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის პროცესუალურსამართლებრივი შეფასების მიზნებისათვის.

16.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას პაციენტის მიერ სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის დროის დადგენის აუცილებლობის თაობაზეც. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის საავადმყოფო ფურცელი ადასტურებს პირის ავადმყოფობის ფაქტს 2017 წლის 10 ოქტომბერს. ამასთან, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი პირდაპირ მიუთითებს, რომ ხსენებულ დღეს პაციენტს სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო. ეს განმარტება მოიცავს დღის იმ მონაკვეთსაც, როდესაც დანიშნული იყო სასამართლო სხდომა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის ზუსტი დროის დადგენა, მოცემულ შემთხვევაში, ვერაფერს შეცვლის და ვერც იმას დაადასტურებს, რომ ექიმთან მიმართვამდე, პაციენტის მდგომარეობა იძლეოდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობას.

16.6. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წინასწარ შეუტყობინებლობას, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსთვის წინასწარ ინფორმირების სამართლებრივი დატვირთვა ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ამგვარი შეტყობინებით შესაბამისი მხარე, არამხოლოდ თავისი, არამედ მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლო რესურსის არაეფექტური ხარჯვის პრევენციას უზრუნველყოფს, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც უტყუარად დასტურდება ავადმყოფობის მიზეზით მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, მიუხედავად იმისა, მხარემ წინასწარ შეატყობინა თუ არა სასამართლოს პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე (შდრ. სუსგ. საქმე N ას-1976-2018, 30 აპრილი, 2020წელი).

16.7. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია უშუალოდ მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ შერაცხვას შეეხება. კასატორის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან დავაზე გამოიკვეთა მოსარჩელის წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძველი, ამ გარემოების პროცესუალურსამართლებრივი შედეგი სრულად ვრცელდება მოსარჩელეზეც, შესაბამისად, არ არსებობს დამატებით, მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებების კვლევის საჭიროება.

17. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განვრცობილია მოსაზრება, რომლის შესატყვისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს და, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ბართაია საქართველოს წინააღმდეგ (N10978/06).

18. საბოლოოდ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მართებულად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო კასატორმა ამ სამართალწარმოების ფარგლებში ვერ დაძლია სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: ას-1976-2018, 30 აპრილი, 2020 წელი).

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 5582.22 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5582.22 ლარის (საგადახდო დავალება #83308, გადახდის თარიღი 01.28.2019;) 70% – 3907.55 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „თ–ს“ (......), დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5582.22 ლარის (საგადახდო დავალება #83308, გადახდის თარიღი 01.28.2019;) 70% – 3907.55 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი