Facebook Twitter

საქმე №ა-3209-შ-72-2020 10 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფედერალური სახაზინო დაწესებულება „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლება“

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.დ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის კირსანოვის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის კირსანოვის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.დ–ას (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) ფედერალური სახაზინო დაწესებულების „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლებისათვის“ მიყენებული მატერიალური ზიანისთვის (ქონების დაზიანება) დაეკისრა 4 863 რუბლისა და 06 კაპიკის გადახდა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის 9 სექტემბრის №12071 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ფედერალური სახაზინო დაწესებულების „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლების“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის კირსანოვის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა. შუამდგომლობას ასევე ხელს აწერს რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის კირსანოვის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე.

3. შუამდგომლობაზე თანდართული რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის კირსანოვის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2020 წლის 22 მაისს და ექვემდებარება აღსრულებას.

4. რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის კირსანოვის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

5. რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის კირსანოვის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებითა და ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, თუმცა არ გამოუთქვამს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის სურვილი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ფედერალური სახაზინო დაწესებულების „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლების“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის კირსანოვის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად. დადგინდა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გაგზავნა, ამასთან, მას განესაზღვრა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება, „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლების“ შუამდგომლობა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაეგზავნა, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – საქართველო, ქ. ზუგდიდი, ..... მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა.

8. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად, ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ მისამართის მოძიება ვერ მოხერხდა და მსგავსი მისამართი არ არსებობს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოპასუხისათვის (მისამართი: საქართველო, ქ. ზუგდიდი, ....., ბინა №37) ჩაებარებინა ფედერალური სახაზინო დაწესებულების „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლების“ შუამდგომლობა, მასზე თანდართული მასალები და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინების ასლები. მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორის განყოფილების უფროსის მოადგილე-გამომძიებლის შ.ჭ–ას 2020 წლის 28 დეკემბრის MIA 1 20 03018868 წერილით ირკვევა, რომ გზავნილი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოლიციის კაპიტნის ო.პ–ის 2020 წლის 26 დეკემბრის ბინაზე გამოცხადების ოქმით დასტურდება, რომ საქმის მასალებში მითითებული მისამართი (ქ. ზუგდიდი, ......) არ არსებობს, შესაბამისად, სასამართლო გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფედერალური სახაზინო დაწესებულების „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლების“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს [სსსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლები].

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება, ფედერალური სახაზინო დაწესებულების „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლების“ შუამდგომლობა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – საქართველო, ქ. ზუგდიდი, ...... გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ჩაბარება. როგორც ფოსტის უკუგზავნილებით, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოლიციის კაპიტნის ო.პ–ის 2020 წლის 26 დეკემბრის ბინაზე გამოცხადების ოქმით დასტურდება, რომ საქმის მასალებში მითითებული მისამართი არ არსებობს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში მითითებული მისამართი არასწორია.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფედერალური სახაზინო დაწესებულების „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლების“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.

19. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორს ზემოთ მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში არ ეკარგება შესაძლებლობა კვლავ მიმართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 372-ე, 275-ე, 399-ე, 187-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფედერალური სახაზინო დაწესებულების „სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ტამბოვის ოლქის №2 კოლონია-დასახლების“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ტამბოვის ოლქის კირსანოვის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე