საქმე №ას-1171-2019 23 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ჯ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ჯ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა ხ.კ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა ნოტარიუს თ.ბ–ის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გაცემულ №181425767 სააღსრულებო ფურცელში და მოსარჩელეს გადახდილად ჩაეთვალა მასსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 11 მაისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (რეგ. №170509200) გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხა - 4 590, 81 ლარი და გადასახდელი დარჩა სესხის ძირითადი თანხა - 12 759, 19 ლარი; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 11 მაისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით (რეგ. №170509200) დადგენილი პირგასამტეხლო (0,12%) შემცირდა 0,2%-მდე და გადასახდელად განისაზღვრა პირგასამტეხლო 2017 წლის 11 აგვისტოდან 2018 წლის 4 დეკემბრამდე - 1 221, 45 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 232, 50 ლარის გადახდა.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასაჩივრებდა. აპელანტი ითხოვდა ნოტარიუს თ.ბ–ის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გაცემულ №181425767 სააღსრულებო ფურცლში ცვლილებების შეტანას ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. კერძოდ, აპელანტი ითხოვდა ძირითად თანხად 11 472 ლარის განსაზღვრას ნაცვლად 12 759, 19 ლარისა, ხოლო პირგასამტეხლოს განსაზღვრას 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2017 წლის 11 აგვისტოდან 2018 წლის 4 დეკემბრამდე შეადგენდა 1 221, 45 ლარის ნაცვლად 790, 61 ლარს. აპელანტი ასევე ითხოვდა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის 767, 50 ლარის დაკისრებას.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში არასწორად მიუთითა დავის საგნის ღირებულებად 2 485, 45 ლარი, რამდენადაც აპელანტის მიერ მოთხოვნილი იურიდიული მომსახურების ხარჯი (767, 50 ლარი) არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის ფასს.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლით და განმარტა, რომ სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯს.
9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს (დავის საგნის ღირებულება 1 718, 03 ლარია) რის გამოც არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
11. კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარში მიუთითა სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულებად 2 485, 53 ლარი იყო განსაზღვრული, სააპელაციო სასამართლომ კი წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი არ ჩათვალა სააპელაციო საჩივრის ფასად, რის გამოც უნდა გაუქმდეს მიღებული განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას, რაც ასევე სადავო გახადა აპელანტმა წარმოდგენილ კერძო საჩივარში.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
16. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს სცილდება. 2 000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველი.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ დავის საგნის ღირებულებაში უნდა ჩაითვალოს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის გამოთვლის ზოგად წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას [სსსკ-ის 365-ე მუხლი]. „დავის საგანში“, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სარჩელის დავის საგანი და არა ამ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები (იხ. სუსგ №ას-1528-1442-2012, 24 დეკემბერი, 2012 წელი, №ას-757-725-2014, 1 დეკემბერი, 2014 წელი).
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯს [სსსკ-ის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი], შესაბამისად, მხარის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი, დავის საგნის ღირებულებაში ვერ მოექცევა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა (12 759, 19-11 472) + (1 221, 45-790, 61)=1718, 03 ლარს და ამ თანხაში ვერ იქნება გათვალისწინებული სასამართლოსგარეშე ხარჯი (საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 767, 50 ლარი). შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.
21. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა აპელანტის მეორე მოთხოვნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილებით სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების, მისი მხარეთათვის დაკისრების წესსა და პირობებს, ასევე ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც ძირითადი დავის საგნის, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ორივე მოთხოვნის დასაშვებობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-564-535-2015, 17 ივლისი, 2015 წელი; №797-797-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ ნაწილში განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ჯ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების თაობაზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე