საქმე №ას-1679-2019 24 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ.რ–ი, ლ.ა–ას უფლებამონაცვლე ნ.ა–ა, ზ.ა–ას უფლებამონაცვლე ქ.შ–ძე, ნ.ბ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.რ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ლ.ა–ას უფლებამონაცვლის ნ.ა–ას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ზ.ა–ას უფლებამონაცვლის ქ.შ–ძისა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და ნ.ბ–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) (შემდგომში ერთად − „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. სასარჩელო მოთხოვნა ასევე შეეხებოდა გარდაცვლილი ლ.ა–ას უფლებამონაცვლედ მისი შვილის - ნ.ა–ას ცნობასა და გარდაცვლილი ზ.ა–ას უფლებამონაცვლედ მისი მეუღლის - ქ.შ–ძის ცნობას.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინებით აპელანტების სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. აპელანტების შუამდგომლობა ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ: 1) დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის წარდგენა და დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა; 2) დაზუსტებული დავის საგნის ღირებულების შესაბამისი ოდენობით (დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით) სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და აპელანტების ან/და უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73-ე, 74-ე და 372-ე მუხლებით.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მათ მიერვე მითითებულ მისამართებზე.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირველ, მეორე და მეოთხე მოპასუხეებს ჩაბარდათ 2019 წლის 31 აგვისტოს. პირველ და მეოთხე მოპასუხეებს გზავნილი ჩაბარდათ პირადად, ხოლო მეორე მოპასუხისათვის განკუთვნილი გზავნილი ჩაბარდა ოჯახის წევრს - დედას, ხოლო მესამე მოპასუხეს გზავნილი 2019 წლის 3 სექტემბერს პირადად ჩაბარდა.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინებით პირველი, მეორე და მეოთხე მოპასუხეებისათვის ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 1 სექტემბერს და ამოიწურა 2019 წლის 10 სექტემბრის 24:00 საათზე, ხოლო მესამე მოპასუხისათვის ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 4 სექტემბერს და ამოიწურა 2019 წლის 13 სექტემბრის 24 საათზე.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ, შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
13. აპელანტებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე წარადგინეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
14. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: აპელანტებმა წარადგინეს შუამდგომლობა ბაჟისგან გათავისუფლების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. ხარვეზის შესახებ აპელანტების წარმომადგენლისათვის არ ყოფილა ცნობილი, რამდენადაც მას ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ჩაბარებია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
20. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ: 1) დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის წარდგენა და დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა; 2) დაზუსტებული დავის საგნის ღირებულების შესაბამისი ოდენობით (დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით) სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და აპელანტების ან/და უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა (იხ. ტომი 3, ს.ფ. 146-147).
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აპელანტებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.
23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ტ.3. ს.ფ. 156-161).
24. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებმა წარადგინეს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინების თანახმად, აპელანტებს არ წარუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ არ გააჩნიათ რაიმე შემოსავალი და მძიმე ქონებრივი (მატერიალური) მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვთ საშუალება გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი.
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ან/და შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
26. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ. აპელანტების მარტოოდენ სიტყვიერი მითითება კი არ იყო საკმარისი მათი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად.
27. რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას, რომ ხარვეზის შეუვსებლობა აპელანტების წარმომადგენლისათვის ხარვეზის განჩინების ჩაუბარებლობამ გამოიწვია, ვერ იქნება გაზიარებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო უწყების მხარისათვის გაგზავნა საკმარისია და სასამართლო არ არის ვალდებული წარმომადგენელსაც გაუგზავნოს შესაბამისი დოკუმენტები.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის განჩინებები პირველ, მეორე და მეოთხე მოპასუხეებს ჩაბარდათ 2019 წლის 31 აგვისტოს, ხოლო მესამე მოპასუხეს 2019 წლის 3 სექტემბერს.
30. გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინებით დადგენილია, რომ აპელანტების წარმომადგენელი არ იყო რეგისტრირებული ადვოკატთა რეესტრში (იხ. ტომი 2, ს.ფ. 144) (ამჟამად რეგისტრირებულია), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება მისთვის გაეგზავნა განჩინება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა პირველ, მეორე და მეოთხე მოპასუხეთათვის 2019 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და ამავე წლის 10 სექტემბერს ამოიწურა, ხოლო მესამე მოპასუხისათვის 2019 წლის 4 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბერს ამოიწურა. აღნიშნული დროის განმავლობაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუმდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
33. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც სასამართლოსთვის მიუმართავთ შუამდგომლობით, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ფარგლებში აღნიშნული პრეტენზიები.
34. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორეს ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.რ–ის, ლ.ა–ას უფლებამონაცვლის ნ.ა–ას, ზ.ა–ას უფლებამონაცვლის ქ.შ–ძისა და ნ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე