Facebook Twitter

საქმე №ას-1683-2019 24 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ბ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ფ–ი, შპს „ა.ს.ც–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ.ბ–ამ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ფ–ისა და შპს „ა.ს.ც–ის“ (შემდგომში ერთად − „მოპასუხეები“) მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობისა და დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 364-ე, 369-ე, 373-ე, 374-ე, მე-60 და 61-ე მუხლებით.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 1 ივლისს გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები ს.კ–ი და თ.ს–ძე (შემდგომში ერთად - „მოსარჩელის წარმომადგენლები“ ან „აპელანტის წარმომადგენლები“).

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, რადგან აპელანტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ისინი ვალდებულნი იყვნენ განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადებულიყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინათ განჩინების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, არც მოსარჩელესა და არც მის წარმომადგენლებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაიწყო 2019 წლის 1 აგვისტოს და ამოიწურა 2019 წლის 14 აგვისტოს. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა დასახელებული ვადის დარღვევით. სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას 2019 წლის 20 აგვისტოს ჩაბარდა, ხოლო სასამართლოს კანცელარიაში 2019 წლის 21 აგვისტოს დარეგისტრირდა.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

12.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა მ.ღ–ამ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2019 წლის 14 აგვისტოს ჩააბარა. კერძო საჩივარს თან ახლავს ზედნადები, რომელიც მითითებულ გარემოებას ადასტურებს. ზედნადებზე აღნიშნულია მისი ნომერი (37047), გაგზავნის თარიღი - 2019 წლის 14 აგვისტო, გამგზავნი - მ.ღ–ა, ადრესატი - თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის მეშვეობითაც ხდება გასაჩივრება და დასახელებულია გზავნილის სახეობა - სააპელაციო საჩივარი.

12.2. აპელანტმა გამოიყენა კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებულ 14 დღიან ვადაში ფოსტის მეშვეობით გაასაჩივრა. საქართველოს კანონმდებლობა მხარეს ანიჭებს უფლებას მისთვის ხელსაყრელი გზით, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით წარადგინოს სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაცია თუ საჩივარი. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა 2019 წლის 14 აგვისტოს ჩააბარა ფოსტას გზავნილი (სააპელაციო საჩივარი), შესაბამისად, დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები.

12.3. რაც შეეხება ფოსტის მიერ დასმულ ბეჭდებს, რომლებიც სხვადასხვა რიცხვით თარიღდება, აღნიშნულზე მხარე პასუხს ვერ აგებს, რამდენადაც მას შემდეგ, რაც ფოსტას გადაეცემა გზავნილი შეუძლებელია იმის კონტროლი თუ როდის და რა თარიღით მოხდა მასზე ბეჭდის დასმა. ფოსტაში გზავნილის ჩაბარების შემდეგ მხარე სრულად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან ფოსტაში გზავნილის ჩაბარების დღე საჩივრის შესაბამის ორგანოში წარდგენის დღედ ითვლება.

12.4. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო საფოსტო ხარვეზს აპელანტის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევად მიიჩნევს, აღნიშნული დაამკვიდრებს პრაქტიკას, რომლის თანახმად მხარე შეიბოჭება სასამართლოსათვის გზავნილის ფოსტით გაგზავნის ნაწილში, ვინაიდან ფოსტის მიერ დასმული სხვადასხვა ბეჭდის გამო (რომლის გაკონტროლების არც უფლება და არც შესაძლებლობა მხარეს არ აქვს) შესაძლოა სასამართლომ საპროცესო ვადა გაშვებულად ჩათვალოს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

17. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები, რომელთა უფლებამოსილებაც დასტურდება საქმის მასალებში წარდგენილი მინდობილობით (იხ. ტომი 1, ს.ფ 70-72 და 135-137), თუმცა მოსარჩელე მხარეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2019 წლის 21 ივლისი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2019 წლის 31 ივლისი) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2019 წლის 1 აგვისტოს და ამოიწურა 2019 წლის 14 აგვისტოს.

20. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას 2019 წლის 20 აგვისტოს ჩაბარდა, ხოლო სასამართლოს კანცელარიაში 2019 წლის 21 აგვისტოს დარეგისტრირდა.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივარზე დართულ დოკუმენტზე, რომელზეც საფოსტო ბეჭედი 2019 წლის 20 აგვისტოს თარიღითაა დასმული. დოკუმენტზე დატანილია ასევე საფოსტო განყოფილების ბეჭედიც (იხ. ტომი 2 ს.ფ. 62).

22. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევითაა წარდგენილი.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

24. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია და სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2019 წლის 14 აგვისტოს ჩააბარა, რის დასადასტურებლადაც მან წარმოადგინა ზედნადები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზედნადებზე არ არის საფოსტო ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, შესაბამისად, რაიმე ოფიციალური დამოწმება დოკუმენტის ავთენტურობისა და მისი შედგენის ზუსტი თარიღის შესახებ საქმის მასალებში არ მოიპოვება. საქმეში წარმოდგენილი არ არის საფოსტო განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, ზედნადები კი ვერ აქარწყლებს სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტით დადგენილ გარემოებას, რომ გზავნილი ფოსტას 2019 წლის 20 აგვისტოს ჩაბარდა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.ბ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე