საქმე №ას-1730-2019 10 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ს–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ს–ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
3.1. 2017 წლის 9 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე:
3.1.1. დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 3 408,86 ლარის, პროცენტის - 211,62 ლარის, პირგასამტეხლოს - 30 ლარისა და დაზღვევის - 7,14 ლარის ოდენობით;
3.1.2. 2019 წლის 26 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 12 ნოემბრისა, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება დავალიანების ძირითად თანხის - 3 408,86 ლარის წლიური 4,2%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11,93 ლარს;
3.1.3. 2019 წლის 26 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე 3 408,86 ლარზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,92 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
3.2. 2017 წლის 13 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე:
3.2.1. დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 1 360,44 ლარის, პროცენტის - 83,31 ლარის, პირგასამტეხლოს - 20 ლარისა და დაზღვევის - 1,99 ლარის ოდენობით;
3.2.2. 2019 წლის 26 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 12 ნოემბრისა, მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის ანაზღაურება დავალიანების ძირითადი თანხის - 1 360,44 ლარის წლიური 4,2%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 4,76 ლარს;
3.2.3. 2019 წლის 26 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1 360,44 ლარზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,40 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 ლარისა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.2 და 3.2 ქვეპუნქტებით დაკისრებული თანხები (ჯამში 143 ლარი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 194; წინამდებარე განჩინების 3.1.2 და 3.2.2 პუნქტები).
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება (143 ლარი) არ აღემატებოდა 2 000 ლარს, რის გამოც არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხე სადავოდ ხდიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არა მხოლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს, არამედ ძირითადი თანხის ნაწილშიც. მოპასუხეს ძირითადი თანხის სახით 2017 წლის 9 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 408, 86 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო 2017 წლის 13 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 503, 41 ლარის გადახდა. მოპასუხეს 2 200 ლარი გადახდილი აქვს, შესაბამისად, არასწორად მოხდა პირგასამტეხლოს გაანგარიშებაც.
10. კერძო საჩივრის ავტორი მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 2.2 და 3.2 პუნქტები, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებას, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის 2.2 და 3.2 პუნქტებს.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.2 და 3.2 პუნქტების შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება არის 150, 21 ლარი, კერძოდ, 11,93 ლარი X 9 თვეზე (2019 წლის 26 თებერვლიდან 2019 წლის 12 ნოემბრამდე) + 4, 76 ლარი X 9 თვეზე (2019 წლის 26 თებერვლიდან 2019 წლის 12 ნოემბრამდე). სააპელაციო პალატის გამოთვლით დავის საგნის ღირებულება 143 ლარია, თუმცა ორივე შემთხვევაში, როგორც საკასაციო პალატის გამოთვლით, ისე სააპელაციო სასამართლოს გამოთვლით დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს.
18. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილშიც სადავოდ ხდიდა, თუმცა აღნიშნული არ გამომდინარეობს სააპელაციო საჩივრიდან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი და სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 210-221).
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
20. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს სცილდება. 2 000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველი.
21. მოცემულ შემთხვევაში, რადგან სააპელაციო საჩივრის ღირებულება იყო 150, 21 ლარი, იგი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, №. 40174/08, §28-§33, 9 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, №. 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, №. 36659/04, §23-§36, 1 ივნისი, 2010 წელი).
23. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათ არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე