საქმე #ას-1450-2020 28 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ხ.ა–ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს „ს–ის“ სარჩელის გამო, დ.ა–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ს–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, დ.ა–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს „ს–ის“ კუთვნილი, ქ.სამტრედიაში, ....... მდებარე უძრავი ქონება და გადაეცა მოსარჩელეს.
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ა–ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ხ.ა–ძემ. კერძო საჩივრის შესწავლით კი, ირკვევა, რომ დ.ა–ძე გარდაიცვალა და ხ.ა–ძე არის მისი შვილი.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
როგორც უკვე ითქვა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩვრა ხ.ა–ძემ, რომლის მტკიცებითაც მოპასუხე გარდაიცვალა და თავად წარმოადგენს მის შვილს, აღნიშნულით მხარე ფაქტობრივად მიუთითებს უფლებამონაცვლეობაზე. საკასაციო სასამართლო, საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, არ მსჯელობს სამკვიდროს მიღების წესებიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის საკითხზე, არამედ, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციაზე, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. ხსენებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებად გვევლინებიან არა მხოლოდ მოდავე მხარეები, ასევე, ნებისმიერი პირი, რომლის უფლებებსა და მოვალეობებსაც შეიძლება ეხებოდეს გასაჩივრებული განჩინება. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული ხ.ა–ძე, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული დ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი, ხოლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია დ. და არა ხ.ა–ძის გამოსახლების საკითხი. აქვე უნდა ითქვას, რომ აღსრულების თვალსაზრისით სავალდებულო ძალა გააჩნია სწორედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მის სუბიექტებს წარმოადგენენ ამ ნაწილში მოხსენიებული მხარეები. ხ.ა–ძე, მართალია, კერძო საჩივარში პრეტენზიას აცხადებს საცხოვრისზე (სადავო უძრავ ქონებაზე), თუმცა, ვინაიდან მის მიმართ საქმე არ განხილულა და არც მის წინააღმდეგაა გამოტანილი გადაწყვეტილება/განჩინება, პალატა მიიჩნევს, რომ ხ.ა–ძე არ არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ა–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე