Facebook Twitter

საქმე № ას-218-2020 28 იანვარი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - „A.S.P.A.”/ა–ის ფილიალი საქართველოში

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ფ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.12.2018წ. განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების და საბანკო გარანტიების საფუძველზე გადახდის აკრძალვის ნაწილში

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ფ–იმ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას „A.S.P.A.”/ა–ის ფილიალი საქართველოში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოპასუხე“) მიმართ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.12.2018წ. განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ყადაღა დაედო სს „თ.ბ–ში“ საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს 37 445 671,29 ლარის ფარგლებში. სს „თ.ბ–ს“ აეკრძალა 28.12.2017წ. გაცემული საბანკო გარანტიების N60526-9474704 და 60526-9474705 და 04.04.2018წ. გაცემული საბანკო გარანტიის - N60526-9474707 საფუძველზე ან/და მათგან გამომდინარე ნებისმიერი გადახდა. ამავე განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა საარბიტრაჟო მოსარჩელისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გასხვისება და/ან უფლებრივად დატვირთვა. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ყადაღის დადების თაობაზე (ტ.1, ს.ფ.143-150, 153-155). განჩინება განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში ეფუძნება შემდეგს:

2.1. სასამართლომ მიუთითა არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გულისხმობს იმგვარ ღონისძიებათა მიღებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარანტირებულს ხდის სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს თავად დავის საგანს და უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას.

2.2. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მხარეთა შორის 01.12.2017წ. ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების, 1 291 778.18 ლარის, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის - 17 953 713.83 ლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 18 071 001.46 ლარის ანაზღაურება, რაც ჯამში 37 316 493.47 ლარს შეადგენს, ასევე პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის წლიური 10%-ის ოდენობით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ კუთვნილი ქონების გასხვისების და ანგარიშებიდან თანხის განკარგვის შემთხვევაში, შესაძლებელია მოპასუხის საკუთრებაში აღარ აღმოჩნდეს ქონება/ფულადი სახსრები, რომლითაც შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება.

2.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის კუთვნილ ფულად სახსრებს მოთხოვნის ფარგლებში (37 316 493.47 ლარი და გადაუხდელ თანხაზე - 1 291 778.18 ლარზე ერთი წლის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლოს 129 177.8 ლარის, რაც ჯამში 37 445 671.29 ლარს შეადგენს) უნდა დაედოს ყადაღა. სასამართლომ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა საარბიტრაჟო მოსარჩელისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გასხვისების და/ან უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის თაობაზე.

2.4. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და დააკმაყოფილა მოთხოვნა საბანკო გარანტიების ან/და მათგან გამომდინარე ნებისმიერი გადახდის აკრძალვის თაობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ 28.12.2017წ. გაცემული საბანკო გარანტიების N60526-9474704 და 60526-9474705 ფარგლებში 22.11.2018წ. მიმართა გარანტორს და გამოითხოვა ხსენებული საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხები, ჯამში 10 687 830.49 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიების თანხის მოპასუხისთვის გადარიცხვის და მათი განკარგვის შემთხვევაში დაბრკოლება შეექმნება მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, შესაძლებელია, საარბიტრაჟო მოსარჩელეს (პრინციპალს) მიადგეს ისეთი ზიანი, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, რადგან მას წარმოეშობა გარანტორისთვის ამ თანხების ანაზღაურების ვალდებულება.

3. განჩინება საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების და საბანკო გარანტიების საფუძველზე გადახდის აკრძალვის ნაწილში საჩივრით გაასაჩივრა საარბიტრაჟო მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.11.2019წ. განჩინებით საჩივარი ამავე სასამართლოს 03.12.2018წ. განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ტ.1, ს.ფ. 238-303).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონშესაბამისობა იმ ნაწილში, რომლითაც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს და ბანკს (გარანტს) აეკრძალა საბანკო გარანტიების საფუძველზე ან/და მათგან გამომდინარე ნებისმიერი გადახდა.

9. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

10. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სსსკ-ის XXIII თავი) (სუსგ Nას-970-2019, 19.07.2019წ.).

11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

12. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ N ას-587-2019, 20.02.2020წ.).

13. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

14. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ Nას-1586-2018, 26.10.2018წ.).

15. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2’’ და ,,შპს ტელეკომპანია საქართველო’’ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების შეფასების სტანდარტი პროპორციულობის ტესტია. აღნიშნული ტესტის თანახმად, საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მხარის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

16. მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში. სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა (თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან) (სუსგ Nას-1415-2019 , 26.12.2019წ.).

17. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით: ყადაღა დაედო სს „თ.ბ–ში“ ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს 37 445 671,29 ლარის ფარგლებში; ასევე, სს „თ.ბ–ს“ აეკრძალა 28.12.2017წ. გაცემული საბანკო გარანტიების N60526-9474704 და 60526-9474705 და 04.04.2018წ. გაცემული საბანკო გარანტიის - N60526-9474707 საფუძველზე ან/და მათგან გამომდინარე ნებისმიერი გადახდა.

18. საკასაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის (შემდგომში „არბიტრაჟი“) 02.12.2020წ. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც მიღებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. არბიტრაჟმა გადაწყვიტა:

- რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება, დაარღვია ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები, ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს სრულად აქედან გამომდინარე ზიანი;

- მხარეთა დავალიანების გაქვითვის შედეგად საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხა 3,727,055.26 ლარის ოდენობით; მარტივი საპროცენტო სარგებელი წლიური 9.75%-ის ოდენობით დათვლილი 01.01.2019წ.-დან ძირითად თანხაზე 812,289.75 ლარზე, მის სრულად გადახდამდე; მარტივი საპროცენტო სარგებელი წლიური 11%-ის ოდენობით დათვლილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ამ გადაწყვეტილების მოპასუხისათვის შეტყობინების მეორე დღიდან ძირითად თანხაზე 2,914, 765.51 ლარზე, მის სრულ გადახდამდე; 8,107.88 აშშ დოლარი, 320,964.28 ლარი და 290,972.85 ევრო და 1,404 ფუნტი სტერლინგი არბიტრაჟთან დაკავშირებული სამართლებრივი და სხვა ხარჯებისთვის და 277 088 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო ხარჯებისთვის გადახდილი 346,360 აშშ დოლარის 80%-ს (ტ.2, ს.ფ.226,227).

19. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსარჩელე უთითებდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ საშიშროებით, რომ მოპასუხის სახელზე საქართველოში არ ირიცხებოდა უძრავი ქონება და გარდა იმ მოძრავი ქონებისა, რაც მან საარბიტრაჟო მოსარჩელეს გადასცა ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ფარგლებში, მის საკუთრებაში იყო მხოლოდ ერთი ავტომობილი. საარბიტრაჟო მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეს საქართველოში ჰქონდა მხოლოდ ერთი პროექტი, რომელიც ფაქტობრივად დახურა, რადგან შეწყვიტა როგორც ხელშეკრულება, ისე ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება და სს „თ.ბ–ში“ არსებულ ანგარიშებზე ყადაღის დადება არ დააბრკოლებდა მის ნორმალურ ფუნქციონირებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა სასამართლო გადაწყვეტილების შეუფ–ხებელი აღსრულების რისკზე მიანიშნებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას უზრუნველყოფის გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

20. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობის შეფასებისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა არა იმ ოდენობის თანხა, რა ფარგლებშიც ყადაღა დაედო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, პალატას მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული თანხების მთლიანი ოდენობის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებზე 37 445 671.29 ლარის ფარგლებში ყადაღა არ წარმოადგენს თანაზომიერ და მოთხოვნის პროპორციულ ღონისძიებას. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ყადაღა შენარჩუნდეს საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებზე 10 000 000 ლარის ფარგლებში.

21. რაც შეეხება განჩინების კანონიერებას საბანკო გარანტიების საფუძველზე ან/და მათგან გამომდინარე ნებისმიერი გადახდის აკრძალვის ნაწილში, ამ ნაწილში განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი და საჩივარს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება.

22. გარანტიის დამოუკიდებლობის ბუნების მიუხედავად, პრინციპალს გააჩნია საკუთარი ინტერესების დაცვის მექანიზმი, რაც დროებითი ღონისძიებების გამოყენებაში ვლინდება. მისი გამოყენება არამართლზომიერი მოთხოვნის წარდგენამდე ან თანხის გადახდამდეა შესაძლებელი. გამონაკლისის სახით და მხოლოდ მაშინ, თუ გარანტის მიმართ ბენეფიციარის მოთხოვნა არამართლზომიერია ან მოთხოვნა უფლების ბოროტად გამოყენების შედეგია, საბანკო გარანტიების მიმართ გავრცელებული უმნიშვნელოვანესი პრინციპი „ჯერ გადაიხადე, შემდეგ იდავე“ არ შეიძლება იქნეს გამოყენებული. პრინციპალი უფლებამოსილია მოითხოვოს დროებითი ღონისძიება, რათა აეკრძალოს გარანტს არამართლზომიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ღონისძიება დავის დასრულებამდე საგარანტიო შემთხვევის რეგულირების შეჩერებას ახდენს. მისი მიზანი Status quo შენარჩუნებაა, რომელიც უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში ძირითადი დავის დასრულებამდე შეიძლება შეიცვალოს (იხ.: ნინო ლიპარტია, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2018წ, გვ. 203, 204).

23. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში არბიტრაჟი მსჯელობს საარბიტრაჟო მოპასუხის (ბენეფიციარის) ქმედებებზე, რომლებიც განახორციელა გარანტისაგან საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხების მისაღებად, ასევე მათ კანონიერებაზე და ასკვნის, რომ გარანტიის გამოყენება (გარანტიის საფუძველზე გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა) წარმოადგენდა საარბიტრაჟო მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების მორიგ დარღვევას (ანუ ბენეფიციარის მოთხოვნას აფასებს არამართლზომიერად), საარბიტრაჟო მოსარჩელის (პრინციპალის) მიმართვა თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი კი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ხელშეკრულების 4.3. პუნქტის (რომლითაც საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებდა ყველა თავის უფლებაზე ხელი შეეშალა ან შეეჩერებინა გარანტიებისა და მათ საფუძველზე მიღებული თანხების გამოყენება, მათ შორის სასამართლო აკრძალვის წარდგენით ან სხვაგვარად) დარღვევად. არბიტრაჟი ასევე უთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას საარბიტრაჟო მოპასუხეს უნდა გადაეხადა საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის აუნაზღაურებელი სამუშაოების თანხა და მიუღებელი შემოსავალი იმ თანხების გამოკლებით, რომლებიც ამ გადაწყვეტილების თარიღამდე რჩებოდა მოსარჩელის ხელში, შესაბამისად, არბიტრაჟმა გაქვითა თანხები და განსაზღვრა მოპასუხის დარჩენილი ვალდებულების ფარგლები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარანტიის საფუძველზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედეგის უგულვებელყოფით გადახდა მაინც მოხდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არბიტრაჟმა დაადგინა, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ ეს თანხა საპროცენტო სარგებელთან ერთად აუნაზღაუროს საარბიტრაჟო მოსარჩელეს (ტ.2, ს.ფ.213-215). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საბანკო გარანტიების საფუძველზე ან/და მათგან გამომდინარე ნებისმიერი გადახდის აკრძალვის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 411-ე, 419ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. „A.S.P.A.”-ს/ა–ის ფილიალი საქართველოში საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.12.2018წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი, რომლითაც ყადაღა დაედო სს „თ.ბ–ში“ საქართველოში ა–ის ფილიალის (ს/კ ......) საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს 37 445 671,29 ლარის ფარგლებში, გაუქმდეს ნაწილობრივ: ყადაღა დარჩეს სს „თ.ბ–ში“ ა–ის ფილიალი საქართველოში (ს/კ ......) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე 10 000 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენ თანხას ყადაღა მოეხსნას.

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.12.2018წ. განჩინება დანარჩენ ნაწილში.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი