საქმე № ას-740-2020 4 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ი.ს–ი, მ.ს–ი, ა.ჩ–ი, ნ.ჩ–ი, ა.თ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.კ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) სასამართლოში სარჩელი აღძრა კ.ს–ის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი), აგრეთვე, ი.ს–ის, მ.ს–ის, ა.ჩ–ის, ნ.ჩ–ისა და ა.თ–ძის (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც: მოპასუხეები, აპელანტები) წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ...... მდებარე №10 ბინის (შემდეგში: უძრავი ნივთი ან სადავო ქონება) გამოთხოვა და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5. სააპელაციომ სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე მოპასუხეებმა კერძო საჩივარი შეიტანეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:
5.1. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელ ნ.ფ–ს არ ჩაბარებია, იგი ჩაბარდა იმავე მისამართზე მცხოვრებ ე.ფ–ს. ამასთან, მის მიერ სასამართლო კორესპონდენიის ნ.ფ–ის სახელით მისაღებად ე.ფ–ს დატოვებული აქვს ადრესატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც ფოსტის კურიერს წარუდგენს ხოლმე. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდება, რომ სასამართლო კორესპონდენცია სწორედ ე.ფ–მა ჩაიბარა, ნაცვლად ნ.ფ–ისა.
5.2. ნ.ფ–ი ყველა აპელანტის რწმუნებული არ არის, ერთ-ერთ მათგანს სხვა წარმომადგენელი ჰყავს, კერძოდ - ხ.ქ–ი. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება (რომლის გამოუსწორებლობის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა) ხ.ქ–ს არ ჩაბარებია. ამდენად, მას ხარვეზის შევსების ვალდებულება ვერ მოეთხოვება და, შესაბამისად, მისი შეუვსებლობის გამო პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით პირველი მოსარჩელის ნაწილში კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა, მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამავე სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დანარჩენი მოპასუხეების ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
8. სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს:
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, მათ დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში: ა. მიეთითებინათ, თუ რაში მდგომარეობდა მათ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, გარემოებებზე, რომლებიც სააპელაციო საჩივარს ასაბუთებდნენ და მტკიცებულებებზე, რომლებიც ამ გარემოებებს ადასტურებდნენ; ბ. გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი 80 ლარი; გ. წარედგინათ სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია (ს.ფ. 129-132);
8.2. დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტების წარმომადგენლებმა და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე იშუამდგომლეს (ს.ფ. 136).
8.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით გაგრძელდა (ს.ფ. 143-145).
8.4. დასახელებული განჩინება 2020 წლის 12 თებერვალს ჩაბარდა მოპასუხეთა წარმომადგენელს, ნ.ფ–ს, რასაც ადასტურებს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მისი ხელმოწერა (ს.ფ. 147);
8.5. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო წარმომადგენელ ნ.ფ–ისათვის ზემოხსენებული გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2020 წლის 13 თებერვლიდან, საიდანაც აპელანტებს ხარვეზი დროულად შეუვსიათ.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 მუხლი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
10. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად იმაზე მიუთითებენ, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება წარმომადგენელ ნ.ფ–ს არ ჩაბარებია. საჩივრის ავტორთა განმარტებით, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არსებული ხელმოწერა ნ.ფ–ს არ ეკუთვნის, ფოსტის კურიერს ადრესატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი მისმა ოჯახის წევრმა წარუდგინა, გზავნილიც მან ჩაიბარა და ხელიც ამ უკანასკნელმა მოაწერა. აღნიშნული ფაქტის ნამდვილობა შეიძლება ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდეს.
10.1. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა დასახელებულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა წარმომადგენელ ნ.ფ–ს, იგი თავად მის მიერაა ხელმოწერილი, იქვეა მითითებული მისი პირადი ნომერიც. ასეთი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო ეყრდნობა პრეზუმფციას, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არსებული ადრესატის ხელმოწერა ნამდვილია. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს, შესაბამისად, სწორედ მან უნდა წარუდგინოს სასამართლოს წარმომადგენლის ხელმოწერის გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის ეს ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მცდარია კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება, რომ გზავნილის ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმების მიზნით სასამართლომ უნდა დანიშნოს ექსპერტიზა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორედ საჩივრის ავტორები იყვნენ ვალდებული, დაემტკიცებინათ მათ მიერ მითითებული გარემოება და წარმოედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები.
10.2. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ დაამტკიცეს მათ მიერ მითითებული გარემოება, ვინაიდან სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ და მხოლოდ განმარტებით შემოიფარგლენ, რაც არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის, ვინაიდან საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის ნამდვილობის ვარაუდი (პრეზუმფცია) ვერ გაქარწყლდება მათი უბრალო განცხადებით, რომ იგი ყალბია (იხ. სუსგ №ას-705-660-2010, 22.09.2010წ.).
11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერც ის არგუმენტი ვერ გამოდგება, რომ ნ.ფ–ი ყველა აპელანტის რწმუნებული არ არის, ხოლო წარმომადგენელ ხ.ქ–ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება (რომლის გამოუსწორებლობის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა) არ ჩაბარებია. კერძო საჩივრის ავტორთა ეს პოზიცია გასაზიარებელი არ არის, შემდეგი გარემოებების გამო:
11.1. საქმის მასალებით, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობებით დგინდება, რომ პირველმა მოსარჩელემ მოცემულ საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ნ.ფ–ს (ს.ფ. 39-40). ამასთან, ყველა დანარჩენ მოსარჩელეს რწმუნებულება გაფორმებული აქვს წარმომადგენელ ხ.ქ–თან (ს.ფ. 80-91). გარდა ამისა, საქმეზე დგინდება, რომ დასახელებულმა ორივე წარმომადგენელმა 2020 წლის 28 იანვარს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე (რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ითხოვეს) თავიანთ მისამართად მიუთითეს: ქ.თბილისი, ...... (ს.ფ. 136).
11.2. სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მხარეს, რომელიც საქმის წარმოების განმავლობაში მისამართს შეიცვლის, სასამართლოსათვის ახალი მისამართის მითითების ვალდებულება აკისრია. აღნიშნული თავისთავად გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებასაც, შესაბამისი კორესპონდენცია მხარეს სწორედ შეცვლილ მისამართზე გაუგზავნოს.
11.3. იმ პირობებში, როდესაც აპელანტთა ორივე წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში ერთობლივად შეტანილ ბოლო განცხადებაში თავიანთ მისამართად დაასახელეს ქ.თბილისი, ......., მიიჩნევა, რომ აღნიშნული მისამართი წარმომადგენელთა შეცვლილი მისამართია და სასამართლოს მათთვის განკუთვნილი გზავნილის ამ მისამართზე გაგზავნის საპროცესო ვალდებულება გააჩნდა. ამასთან, აღნიშნულ მისამართზე წარმომადგენელმა ნ.ფ–მა სასამართლო გზავნილი ისე ჩაიბარა, რომ გზავნილზე ასახული მეორე ადრესატის (წარმომადგენელი ხ.ქ–ი) სახელით მის ჩაბარებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. აქედან გამომდინარე, უნდა დავუშვათ პრეზუმფცია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების წარმომადგენელ ხ.ქ–ისათვის განკუთვნილი ასლი უფლებამოსილ პირს - ნ.ფ–ს ჩაბარდა. შესაბამისად, ზემოხსენებულ მისამართზე ერთ-ერთი წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება მეორე მათგანისათვის მის ჩაბარებასაც ნიშნავს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ს–ის, მ.ს–ის, ა.ჩ–ის, ნ.ჩ–ის და ა.თ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე