საქმე №ას-1349-2020 8 თებერვალი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ.მ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „ს.უ.ქ.ფ–ის“ უფლებამონაცვლე სს „ს.ბ–ის“ სარჩელის გამო, ბ.მ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ბ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ბ.მ–ის წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ასევე წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.
განჩინება გაიგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა 2020 წლის 10 დეკემბერს (იხ. ჩაბარების დასტური, ს.ფ 194).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე 7 დღით. ასევე წარმოადგინა 2020 წლის 7 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თ.პ–ის სახელზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ბ.მ–ის წარმომადგენლის თ.პ–ის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
განჩინება გაიგზავნა მხარის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა 2021 წლის 28 იანვარს (იხ. ჩაბარების დასტური, ს.ფ 204).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 29 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 2 თებერვალს. კასატორის წარმომადგენელმა 01.02.2021წ. ანუ ვადის დაცვით მომართა სასამართლოს განცხადებით და იშუამდგომლა კვლავ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე 7 (შვიდი) დღით.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილ განცხადებას არ ერთვის მტკიცებულება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განცხადებას არ ერთვის საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით გაგრძელების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და არც მასშია დამაჯერებლად ახსნილი, თუ რამ განაპირობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განჩინებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის ქვითრის დედნის წარმოუდგენლობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ.მ–ის საკასაციო საჩვარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.მ–ის წარმომადგენლის თ.პ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ბ.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე