საქმე №ას-1270-2019 24 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ R.G.“, სს „R.C.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ.მ–ძემ და გ.ნ–მა (შემდგომში პირველი და მეორე მოსარჩელე, დასაქმებულები, მეორე აპელანტები, პირველი მოსარჩელე ასევე, წოდებული, როგორც კასატორი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ R.G.-ისა“, სს „R.C.-ის“ (შემდგომში პირველი და მეორე მოპასუხე, დამსაქმებლები, პირველი აპელანტები ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის 2018 წლის 5 იანვრის ბრძანებების ბათილად ცნობა, შრომის უსაფრთხოების სამსახურში შრომის დაცვის ინსპექტორის თანამდებობებზე მოსარჩელეთა აღდგენა, 2018 წლის 5 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელეებისათვის იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 1 700-1 700 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მეორე მოსარჩელე 2007 წლიდან მუშაობდა სს „R.C.-ში“ შრომის დაცვის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ამავე საწარმოში შრომის დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებული იყო პირველი მოსარჩელეც. 2017 წლის 26 დეკემბერს შპს „ R.G. -სა“ და სს „R.C.-ში“ განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ მოსარჩელეები მუშაობდნენ ამავე საწარმოებში შრომის დაცვის ინსპექტორების თანამდებობაზე. საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მათ მიიღეს თათბირზე. ვინაიდან არსებული რეორგანიზაციის პირობებში მეორე მოსარჩელეს უმცირდებოდა ხელფასი, ხოლო ემატებოდა ვალდებულებები, მათ შორის სამუშაო საათები, მან ხისტად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა მისი პოზიცია სრულად თავსდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. რაც შეეხება პირველ მოსარჩელეს, მას თათბირზე არაფერი უთქვამს არც საწარმოს ხელმძღვანელობის და არც განხორციელებული რეორგანიზაციის საწინააღმდეგოდ. მოსარჩელეებმა ასევე უარყვეს 2018 წლის 27 დეკემბერს რეზო ი–ძესთან რაიმე სახის დაპირისპირების ფაქტი. რაც შეეხება 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდს, მეორე მოსარჩელის განმარტებით, მას სამუშაო საათების დასრულების შემდეგ არ ჰქონდა დამატებით ინსტრუქტაჟის ჩატარების ვალდებულება, ხოლო 2018 წლის 3 იანვარს პირველმა მოსარჩელემ შ.ნ–ძეს მიუთითა, რომ მას 2018 წლის 1 იანვარს ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ შესაბამისი აღნიშვნა არასათანადო ჟურნალში ჰქონდა გაკეთებული და მას შ.ნ–ძისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთქვამს. შესაბამისად, მოსარჩელეთა მტკიცებით, უსაფუძვლოა მათი სამსახურიდან გათავისუფლება და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შრომითი ურთიერთობა მოსარჩელეთა მხრიდან რამდენიმე დარღვევის ჩადენის გამო მოიშალა. იმის მიუხედავად, რომ კომისიის დასკვნა არ მოიცავს დასაქმებულთა მხრიდან გამოვლენილი უხეში დარღვევების ამსახველ 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდს, გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა, რომ მეორე მოსარჩელემ უარი განაცხადა უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულებაზე. რაც შეეხება 2017 წლის 26 დეკემბრისა და 27 დეკემბრის ეპიზოდებს, მოსარჩელეთა მიერ გამოხატული შეურაცხმყოფელი სიტყვები და დამოკიდებულება საწარმოს ხელმძღვანელობისა და მათი უშუალო უფროსის მიმართ, ასევე 2018 წლის 3 იანვარს პირველი მოსარჩელის მხრიდან შ.ნ–ძისადმი გამოთქმული უხამსი სიტყვები კომპანიას აძლევდა კანონიერ საფუძველს, მოეშალა მათთან შრომითი ურთიერთობა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 5 იანვრის ბრძანებები და მოპასუხეებს პირველი დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრათ კომპენსაციის _ 24 109 ლარის, ხოლო, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ _ 20 109 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა აპელანტებმა (მოპასუხეები) მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო, მეორე აპელანტებმა (მოსარჩელეები) _ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. პირველი მოსარჩელე 2006 წლის სექტემბრიდან მუშაობდა სს „მ–ში“, შემდგომ სს „R.C.-ში“ შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოლოგიის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე, 2007 წლის 1 მარტიდან შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოლოგიის სამსახურის შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის პოზიციაზე, ხოლო 2012 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტორის/შრომის დაცვის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე;
1.2.2. მეორე მოსარჩელე 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობდა სს „მ–ში“, შემდგომ სს „R.C.-ში“. 2008 წლის 1 მარტამდე იგი დასაქმებული იყო საბურღი დაზგის მემანქანის დამხმარის პოზიციაზე, 2008 წლის 1 სექტემბრიდან კარიერის უსაფრთხოების ინსპექტორის, 2009 წლის 1 აპრილიდან შრომის ინსპექტორის, ხოლო 2015 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე შრომის უსაფრთხოების მთავარი ინსტრუქტორის/შრომის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წლის 25 ივლისს, სს „R.C.-ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით დასაქმებულს გამოეცხადა საყვედური 2017 წლის 24 ივლისის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე. ზემოაღნიშნულ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული იყო, რომ შრომის დაცვის სამსახურის უფროსის - ი.დ–ძის მიერ 2017 წლის 20 ივლისს მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ივნისში დასაქმებული თვეში სამჯერ, ხოლო ივლისში ერთხელ დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში გაცდენილი დღეებიდან მხოლოდ ერთ დღეზე იქნა მოძიებული განცხადება შვებულების შესახებ, ხოლო სხვა დღეებთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტი არ მოძიებულა;
1.2.3. დამსაქმებელთა შინაგანაწესის, 4.1.1 პუნქტის მიხედვით, კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე დაწესებული იყო უწყვეტი ციკლით ორცვლიანი 2-საათიან რეჟიმში მუშაობის განრიგი, სადაც მუშაობის დრო განისაზღვრებოდა 3-4 დღიანი სამუშაო კვირით, მომდევნო ოთხდღიანი გამოტოვებით. სამუშაო საათები: პირველი ცვლა _ 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, მეორე ცვლა _ 20:00 სთ-დან მომდევნო დღის 08:00 სთ-მდე. ცვლებში შესვენების დროის ხანგრძლივობაა 60 წუთი. პირველ ცვლაში 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, მეორე ცვლაში 01:00 საათიდან 02:00 საათამდე. ამავე შინაგანაწესის 4.2. პუნქტის თანახმად, სეზონური დროის ცვალებადობის ან სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ადმინისტრაციას შეეძლო გადაეწია 60 წუთის ფარგლებში ცვლების დაწყებისა და დამთავრების დრო მთლიანად საწარმოს ან ქვედანაყოფების მუშაკთა ნაწილისთვის;
1.2.4. 2017 წლის 25 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს „R.C.-ის“ რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გამოიცა შესაბამისი ბრძანება, რომლის თანახმადაც, რეორგანიზაციის საფუძველი გახდა შრომის უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოში დამძიმებული ფონისა და გახშირებული ინციდენტების გამო, სახელმწიფოს მიერ შრომის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკის გამკაცრება. რეორგანიზაციის ერთ-ერთ საფუძველს ასევე წარმოადგენდა შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში დაგეგმილი და დაწყებული შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო OHSAS18001 იმპლემენტაციის პროცესი, რაც გულისხმობდა არარუტინულ სამუშაოზე დაშვების ნებართვების გაცემას 24 საათიან უწყვეტ სამუშაო ციკლში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა სს „R.C.-ის“ შრომის დაცვის სამსახურში შრომის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შტატი სახელფასო განაკვეთით 2400 ლარი (ხელზე ასაღები, შენიშვნა: გ.ნ–ის თანამდებობა). შრომის დაცვის სპეციალისტის შტატი (სახელფასო განაკვეთით 1600 ლარი, მ.მ–ძის თანამდებობა). 2018 წლის 1 იანვრიდან სს „R.C.-ის“ შრომის დაცვის სამსახურში, სხვა თანამდებობებთან ერთად შეიქმნა შრომის დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, სახელფასო განაკვეთით 850 ლარი (ხელზე ასაღები). ამავე ბრძანებით, კორპორაციული დირექტორის მოადგილეს ადამიანური რესურსების და სოციალურ საკითხებში გ.ჩ–ძეს დაევალა, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის შრომის დაცვის ინსპექტორის პოზიციის დაკავების შეთავაზება;
1.2.5. 2017 წლის 25 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ R.G.-ის“ რეორგანიზაციის დაწყების შესახებ. ბრძანების თანახმად, რეორგანიზაციის საფუძველი გახდა შრომის უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოში დამძიმებული ფონისა და გახშირებული ინციდენტების გამო სახელმწიფოს მიერ შრომის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკის გამკაცრება. რეორგანიზაციის ერთ-ერთ საფუძველს ასევე წარმოადგენდა შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში დაგეგმილი და დაწყებული შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო OHSAS18001 იმპლემენტაციის პროცესი, რაც გულისხმობდა არარუტინულ სამუშაოზე დაშვების ნებართვების გაცემას 24 საათიან უწყვეტ სამუშაო ციკლში. აღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა შპს „ R.G.-ის“ შრომის დაცვის სამსახურში შრომის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შტატი სახელფასო განაკვეთით 2 000 ლარი, შრომის დაცვის სპეციალისტის შტატი (სახელფასო განაკვეთით 1200 ლარი). 2018 წლის 1 იანვრიდან შპს „ R.G.-ში“ შრომის დაცვის სამსახურში, სხვა თანამდებობებთან ერთად შეიქმნა შრომის დაცვის ინსპექტორის თანამდებობა 8 საშტატო ერთეულით, სახელფასო განაკვეთით 850 ლარი (ხელზე ასაღები). ამავე ბრძანებით, კორპორატიული დირექტორის მოადგილეს ადამიანური რესურსების და სოციალურ საკითხებში გ.ჩ–ძეს დაევალა რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის შრომის დაცვის ინსპექტორის პოზიციის დაკავების შეთავაზება;
1.2.6. 2017 წლის 27 დეკემბერს შპს „ R.G. -სა“ და სს „R.C.-ში“ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2018 წლის 1 იანვრიდან პირველი მოსარჩელე (ასევე სხვა 6 პირი) დაინიშნა დამსაქმებელ საწარმოებში შრომის დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი ხელფასი ორივე საწარმოში შეადგენდა 1 700 ლარს. ამავე მიზეზით 2018 წლის 1 იანვრიდან მეორე მოსარჩელე (ასევე სხვა 6 პირი) დაინიშნა ზემოხსენებულ საწარმოებში შრომის დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი ხელფასი ორივე საწარმოში შეადგენდა 1 700 ლარს;
1.2.7. 2018 წლის 3 იანვარს სს „R.C.-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯ.შ–ძემ შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 27 დეკემბრის წერილის საფუძველზე გამოსცა ბრძანება შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი პირებით: ა.ქ–ი, კორპორაციული დირექტორის მოადგილე კომუნიკაციის საკითხებში და ი.შ–ი, ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსი. შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტის შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 5 იანვარს გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, „არემჯი კოპერის“ ადმინისტრაციული შენობის სათათბირო ოთახში ჩატარდა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ შრომის დაცვის სამსახურის თანამშრომლები: შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსი კ.ჭ–ა, სამსახურის უფროსის მოადგილე _ ი.დ–ძე, მთავარი სპეციალისტები - დ.ჯ–ძე და გ.ნ–ი, უფროსი სპეციალისტები - შ.ნ–ძე, ზ.ტ–ძე, ბ.ფ–ი, თ.ღ–ი და მ.მ–ძე. თათბირი ჩაატარა კომპანიების კორპორაციული დირექტორის მოადგილემ ადამიანური რესურსებისა და სოციალურ საკითხებში გ.ჩ–ძემ. შეხვედრაზე ამ უკანასკნელმა თანამშრომლებს განუმარტა, რომ სამსახურში გამოცხადებული იყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად უქმდებოდა სპეციალისტთა ჯგუფი და მათ ნაცვლად იქმნებოდა ინსპექტორთა და სამუშაოზე დაშვების კოორდინატორთა საშტატო ერთეულები. ამ უკანასკნელთა სამსახურში მიღებაზე უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი, ხოლო მოქმედ თანამშრომლებს შეეთავაზათ ინსპექტორის პოზიციის დაკავება უკონკურსოდ. ინსპექტორთა ხელფასი ორივე კომპანიაში ერთად განისაზღვრა 1700 ლარით. გ.ნ–ი, რომელიც იკავებდა მთავარი სპეციალისტის პოზიციას და იღებდა 2 400 ლარს, დამატებით კი ხელფასის 25%-ს, ჯამში _ 300 ლარს თვეში, აშკარა უკმაყოფილება გამოხატა, ხმამაღალი ტონით დააფიქსირა, რომ ეს ცვლილება დაუშვებელი იყო და კ.ჭ–ა დაადანაშაულა იმაში, რომ რეორგანიზაციის მიზანი, მისთვის ხელფასის დაკლება იყო. მსგავსად გ.ნ–ისა დ.ჯ–ძეც ასევე მთავარი სპეციალისტი იყო და მასაც დააკლდა ხელფასი, თუმცა მას აღნიშნული არ გაუპროტესტებია. ხელფასი დააკლდა მ.მ–ძესა და ზ.ტ–ძესაც. თათბირის დასრულების შემდეგ თანამშრომლები დაბრუნდნენ სამუშაო ოთახებში, პასუხად კ.ჭ–ამ გ.ნ–ს ჰკითხა თუ რატომ იყო მასზე განაწყენებული, პასუხად. გ.ნ–მა კ.ჭ–ას დაუწყო ყვირილი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი, ეუბნებოდა, რომ მომხდარს ასე არ დატოვებდა, მას შეხვდებოდა სხვა ადგილას და პასუხს მოსთხოვდა, ყვიროდა, რომ კ.ჭ–ა ცუდად დაამთავრებდა თავის კარიერას. ემუქრებოდა, რომ სულ მალე თავად გ.ნ–ი განსაზღვრავდა მის ხელფასს. კ.ჭ–ა მშვიდი ტონით ესაუბრებოდა, ცდილობდა დაემშვიდებინა გ.ნ–ი და მისთვის აეხსნა, რომ რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა სამსახურის ოპტიმიზაციას და ფუნქცია-მოვალეობების სწორად განაწილებას. გ.ნ–ის დედა მ.მ–ძე, კ.ჭ–ასა და სამსახურის სხვა ხელმძღვანელების მიმართ იჩენდა უხეშობას, ყვიროდა და იმუქრებოდა, რომ ყველას საკადრის პასუხს გასცემდა. გ.ნ–ის და მ.მ–ძის მხრიდან შეურაცხყოფები და უღირსი საქციელი გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი საათი. თანამშრომლები ცდილობდნენ მათ დამშვიდებას, თუმცა უშედეგოდ. მეორე დღეს, დაახლოებით 09:00 საათზე, შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის სამუშაო ოთახში შევიდა სამსახურის უფროსის მოადგილე რ.ი–ძე. შესვლისთანავე გ.ნ–მა და მ.მ–ძემ მას დაუწყეს უშვერი სიტყვებით ლანძღვა. ეუბნებოდნენ, რომ შეერგო ის ხელფასი რაც ჰქონდა, რადგან მისი ასაკიდან გამომდინარე აღნიშნული სამსახური იყო მიღწევა და ის ხელფასი, რომელსაც იგი ამჟამად იღებდა წინა სამსახურში უნდა აეღო ერთი წლის განმავლობაში. მდგომარეობიდან გამოსულმა გ.ნ–მა დაიწყო უმისამართო გინება. აგინებდა რ.ი–ძესა და მასთან ერთად კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებს. გინების ადრესატი იყო ყველა ის პირი, მათ შორის, სამსახურის ხელმძღვანელობა და კომპანიის მმართველი მენეჯმენტი, რომლებმაც განახორციელეს სამსახურის რეორგანიზაცია. 2018 წლის 3 იანვარს მ.მ–ძემ შ.ნ–ძის მიმართ გამოხატა აგრესია და დაუწყო საქმის გარჩევა თუ რატომ მივიდა ეს უკანასკნელი 1 იანვარს სამსახურში და დაემორჩილა კ.ჭ–ას მითითებას. დაემუქრა, რომ პრობლემას შეუქმნიდა და ნუ იქნებოდა კ.ჭ–ას გვერდით. 2018 წლის 5 იანვარს მეორე დასაქმებულმა სამსახურებრივი ბარათით მიმართა სს „R.C.-ის“ დირექტორ ჯ.შ–ძეს და აცნობა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს საწარმოში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, რომელიც იწვევდა მისი ანაზღაურების შემცირებას, თავისივე სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს უსაყვედურა სხვა თანამშრომელთა თანდასწრებით. მოპასუხე კომპანიების დირექტორის 2018 წლის 5 იანვრის ბრძანებით, პირველი მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დისციპლინის უხეში დარღვევის გამო. სადავო ბრძანება დასაქმებულს ჩაბარდა 2018 წლის 5 იანვარს;
1.2.8. დამსაქმებლის 2018 წლის 5 იანვრის ბრძანებით, მეორე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დისციპლინისა და ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. ამასთან, მოსარჩელემ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება დამატებითი ინსტრუქტაჟის ჩატარების თაობაზე. სადავო ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 5 იანვარს;
1.2.9. დამსაქმებლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 4 თებერვლის #21994 და #29896 წერილების თანახმად, კომპანიებში ვაკანტური პოზიციები შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში, აგრეთვე, ტოლფასი საშტატო პოზიციების ვაკანსიები კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულში არ არის. მითითებული ფაქტის დადასტურების მიზნით, წერილებში აღნიშნულია, რომ დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის პოზიცია, როგორც ამას მიუთითებდნენ მოსარჩელეები, კომპანიაში არ არსებობს და ამ თვალსაზრისით რაიმე ცვლილება დაგეგმილი და მოსალოდნელი არ არის. დამსაქმებელთა 2018 წლის 19 თებერვლის ბრძანებებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულ საწარმოებში შრომის დაცვის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის თანამდებობებზე მიღებულ იქნენ ნ.გ–ძე, გ.გ–ი და ვ.გ–ძე. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ.ჩ–ძემ, რომელიც მითითებულ საწარმოებში იკავებდა კორპორატიული დირექტორის მოადგილის პოზიციას, ადამიანური რესურსების დარგში, განმარტა, რომ ის პოზიციები, რომელზედაც დასაქმებულნი იყვნენ მოსარჩელეები, არ არის ვაკანტური რამდენადაც ამ პოზიციაზე დასაქმებულნი არიან სხვა პირები. დასაქმება ობიექტურმა საჭიროებამ განაპირობა და დამსაქმებელი აღნიშნული ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია;
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს პირველი დასაქმებულის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით უპირველესად პალატა ყურადღებას სასარჩელო მოთხოვნაზე გაამახვილებს: დასაქმებული მოითხოვს შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და ზიანის ანაზღაურებას. მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. ხსენებული ნორმების ფარგლებში უდავოა, რომ შრომითი ურთიერთობა არამართლზიომიერად მოიშალა, რამდენადაც გადაცდომა, რაც საფუძვლად დაედო კასატორთან შრომითი ურთიერთობის მოშლას, მის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე იყო ჩადენილი და ამ ფაქტის მიუხედავად დამსაქმებელმა მაინც გააფორმა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამ ფაქტის მოგვიანებით გამოყენებითა და ამ ხელშეკრულების მოშლით კი, მან, როგორც შრომითი ურთიერთობის ძლიერმა მხარემ, დაარღვია უფლების გამოყენების სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილი სტანდარტი, შესაბამისად, არამართლზომიერად მოშალა შრომითი ხელშეკრულება. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ კომპანიაში არ არსებობს ვაკანტური და/ან ტოლფასი თანამდებობა, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი და სწორად მიაკუთვნეს კომპენსაცია კასატორს. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს შეფასებები კანონიერია, კერძოდ, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული კომპენსაციის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არაერთი ფაქტორი, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობის არამართლზომიერად მოშლის შედეგად წარმოშობილი ზიანი, შესაბამისად, კომპენსაციის მიკუთვნებასთან ერთად ცალკე ზიანის ანაზღაურება, რომელსაც სასამართლო პრაქტიკაში ხშირად განაცდურსაც უწოდებენ, გაუმართლებელია, სხვა სახის ზიანის არსებობის წინაპირობებს კი, კასატორი ვერ ამტკიცებს. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ხელშეკრულების მოშლის კანონიერების, ასევე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 30.07.2019წ. #8243946122 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ.მ–ძეს (პ/#.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 30.07.2019წ. #8243946122 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი