Facebook Twitter

საქმე №ას-577-2020 18 სექტემბერი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.დ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან დასაქმებული) პირველი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) გენერალური დირექტორის 2018 წლის 28 სექტემბრის #297-კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; დასაქმებულის მეორე სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გათავისუფლებამდე არსებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობისათვის (სტუდიის ხმის რეჟისორის თანამდებობა) და იძულებითი მოცდენისათვის (2018 წლის 1 ოქტომბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 1 250 (დასაბეგრი) ლარი) მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით დასაბეგრი 12 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

1.2. საქალაქო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. 2017 წლის 17 ივლისს დადებული წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე სსიპ-ში განუსაზღვრელი ვადით, ხმის რეჟისორების ჯგუფში - სტუდიის ხმის რეჟისორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი 1250 ლარი იყო.

1.2.2. დასაქმებულმა დამსაქმებლისაგან 2018 წლის აგვისტოში მიიღო წერილობითი შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, განისაზღვრებოდა საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმი და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის შრომის ანაზღაურება განხორციელდებოდა ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად.

1.2.3. ამავე შეტყობინებით, მოსარჩელეს დამსაქმებელმა შესთავაზა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში, წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში, ტექნიკური პროდიუსერის თანამდებობა, რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს 1 (ერთი) გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრებოდა 80 ლარით (დარიცხული). ეს შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე, ხოლო შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი შრომითი ხელშეკრულება შეწყდებოდა 2018 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და 38-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე გაიცემოდა კომპენსაცია 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

1.2.4. დასაქმებულმა უარი განაცხადა შეთავაზებული პირობით შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე.

1.2.5. დამსაქმებელმა 2018 წლის 28 სექტემბრის ბრძანებით წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ხმის რეჟისორთა ჯგუფის სტუდიის ხმის რეჟისორი - დასაქმებული მოსარჩელე 2018 წლის 1 ოქტომბრიდან გაათავისუფლა სამუშაოდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და დაადგინა კომპენსაციის გაცემა 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

1.3. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ისეთი არსებითი გარემოებების არსებობა, რომელიც შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერ წინაპირობას შექმნიდა. ამასთან, არც სხვა გონივრული და თანაზომიერი წინაპირობა იყო წარმოჩენილი მოპასუხის მიერ, რაც გაამართლებდა ამ „სხვა ობიექტური გარემოების“ კანონისმიერი დეფინიციის გამოყენებას.

1.4. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მართლსაწინააღმდეგოა, ხოლო მოპასუხე სსიპ-ში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა დავის გადაწყვეტის დროს ვაკანტური არ არის. ასევე, ვერც მოსარჩელემ და ვერც მოპასუხემ ვერ დაასახელეს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი, ვაკანტური თანამდებობა, ვერც დაასახელეს მოსარჩელის უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაფერის თავისუფალ თანამდებობაზე მიუთითეს.

1.5. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დათხოვნისას მოსარჩელეს მიღებული აქვს კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების სახით, საქალაქო სასამართლომ სამართლიანად და ადეკვატურად მიიჩნია ერთი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაცია, რასაც უნდა გამოაკლდეს დასაქმებულის მიერ მიღებული ორი თვის კომპენსაცია. საერთო ჯამში დამსაქმებელს, დასაქმებულის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 10 თვის შრომის ანაზღაურება, დასაბეგრი 12 500 ლარი.

2. მხარეთა სააპელაციო საჩივრები

2.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

2.2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით პირველი და მეორე აპელანტების სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე აპელანტის (დამსაქმებლის) ძირითადი პრეტენზია შეეხებოდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც მას პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი მტკიცებულებები წარედგინა. ამასთან, სასამართლომ არ შეაფასა საქმეზე დართული მტკიცებულება, რაც დამსაქმებლის პოზიციის მართებულობას დაასაბუთებდა. კერძოდ, სარჩელს ერთვოდა დამსაქმებლის ოფიციალური განცხადება თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც მაუწყებლის ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ 2018 ლის 3 სექტემბერს გავრცელდა. ამ განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანი განხორციელებისათვის მაუწყებლის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკისა და სისტემის მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში სრულად მოშლილი იყო. ე.წ. ,,ტურნიკეტის’’ სისტემის ამოქმედების შედეგად გამოვლინდა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას, რის შედეგადაც დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რაც არ შეესაბამებოდა წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდიდა ადამიანურ რესურსს.

3.3. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი დაედო, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ამ ნორმით, გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს.

3.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სშკ-ის 37-ე მუხლის სისტემური და კომპლექსური ანალიზიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მისი პირველი პუნქტი ითვალისწინებს ჩამონათვალს, თუ რა საფუძვლით შეიძლება შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება, რაც ამომწურავი არ არის და მითითებას აკეთებს ,,ო’’ ქვეპუნქტზე, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებას ამართლებს სხვა ობიექტური გარემოების არსებობით. შესაბამისად, ეს არ არის დამსაქმებლის დისკრეციის ფარგლები და იმისათვის, რომ დამსაქმებლის მხრიდან სუბიექტური აღქმის გზით ნებისმიერი გარემოება არ მოხვდეს მითითებული დანაწესის მოქმედების სფეროში, მნიშვნელოვანია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეფასდეს დამსაქმებლის მხრიდან მითითებულ საფუძველზე დაყრდნობით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეფუძნება თუ არა ობიექტურად გამართლებულ გარემოებას, რაც კონკრეტული ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება.

3.5. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო’’ ქვეპუნქტში მოცემული მოწესრიგება არ შეიძლება გამოდგეს კეთილსინდისიერების, კეთილი ზნის საწინააღმდეგო გათავისუფლების გამართლებისათვის. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად გასაკიცხი მოტივი არ შეიძლება ,,ობიექტური გარემოებით შეიფუთოს’’. არამედ, ,,ობიექტური გარემოება’’ მოსამართლემ უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ყოველგვარ ვითარებაზე მორგებული განმარტება ვერ იარსებებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი და იგივე ,,ობიექტური გარემოება’’ სხვადასხვა მოცემულობაში განსხვავებულად შეიძლება შეფასდეს. მთავარია, რომ მოცემული საფუძვლით ხელშეკრულება შეწყდეს მართლზომიერი საშუალებითა და ობიექტურად გამართლებული გარემოებით, რაც ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

3.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელთან დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით, რა დროსაც დამსაქმებლის მიერ განხორციელდა წერილობითი შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების, მათ შორის, ანაზღაურების ნარდობლივ (შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით) წესთან დაკავშირებულ ცვლილების ინიცირება, რასაც დასაქმებული არ დათანხმდა. ამიტომ, დამსაქმებლის მიერ წინასწარი შეთავაზების განხორციელება, რაც იწვევს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების გაუარესებას და მასზე მიღებული უარი, ვერ შეფასდება ობიექტურ გარემოებად განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის. აღსანიშნავია, რომ შეთავაზება ფაქტიურად სშკ-ის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებას ეხება, რაც მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დაუშვებელია.

3.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია შრომის ანაზღაურება და გადახდის წესი, ხოლო ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. მხარეები კი შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად დასაბეგრი ხელფასი შეადგენდა 1250 ლარს. შესაბამისად, დამსაქმებლის მხრიდან განხორციელებული შეთავაზება, რაც არ მიიღო დასაქმებულმა, ცალკე აღებული ვერ შეფასდება დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ მართლზომიერ მოქმედებად, რაც გაამართლებდა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შეთავაზებული წინადადებაც არ იყო კონკრეტული და არ ასახავდა რეალობას, რომლის ანალიზი შესაძლებელია კონკრეტული დასკვნის საფუძველი გამხდარიყო, ანუ შეთავაზებული წინადადებით, შესაძლებელია დასაქმებულს საერთოდ არ ჰქონოდა თვეების განმავლობაში სამუშაო დღე და ვერ მიეღო მინიმალური ანაზღაურებაც კი, მით უფრო იმ პირობებში, როცა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს ეკრძალებოდა წინასწარი შეთანხმების გარეშე სხვა დაწესებულებაში მუშაობა.

3.8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საპროცესო-სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო: კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-2344-შ-67-2014 განჩინება). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. ამ ნორმიდან გამომდინარე, სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე საქმის განხილვისათვის გადამწყვეტს წარმოადგენს მხარის ნება იმგვარად, რომ სასამართლოს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ დისპოზიციურ ფარგლებში გამოვლენილი ნების შესწავლის გზით საქმის გარემოებების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასებით შემოიფარგლება, რაც, საბოლოოდ, სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე სასამართლოს დასკვნას განსაზღვრავს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-1049-1003-2013 განჩინება).

3.9. მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი და დასადგენია სადავო ფაქტობრივი გარემოება, საზოგადოებრივ მაუწყებელში, დღეის მდგომარეობით, არსებობს თუ არა სტუდიის ხმის რეჟისორის თანამდებობა ან მისი ტოლფასი სამუშაო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პოზიცია ვაკანტური არ არის, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას არ იქნა გამოკვლეული, გამოსაკვლევია კომპენსაციის დაკისრების საკითხი. სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია და დაუდგენია საქმის ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. კერძოდ, იმ მოცემულობაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ არსებობს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 28.09.2018 წლის N297-კ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს უნდა ემსჯელა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობასა და ასეთის არარსებობის პირობებში, მისი ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფაზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, სრულყოფილად არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის პოზიციას. შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობითსაქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით, მოცემული დავის ამ ნაწილში არსებობს საქმის განმხილველი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობა, ორივე მხარის უფლებების თანაბარზომიერი დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სსსკ-ის 103-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში უნდა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს მათ, მტკიცებულებათა სათანადო კვლევის საფუძველზე. ამ ნაწილში დამსაქმებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებით, ფაქტობრივად მსჯელობის საგნად იქცევა კომპენსაციის კანონიერების საკითხიც, რაც დასაქმებულის სააპელაციო საჩივრის ფარგლებსაც წარმოადგენდა. შესაბამისად, სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

4. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

4.1. დამსაქმებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4.2. კასატორის განმარტებით, “ტურნიკეტის“ მონაცემებით დასტურდება, რომ მოსარჩელის სამუშაოზე გამოცხადების საათების რაოდენობა იყო ძალზედ მცირე, მაშინ როდესაც, დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მისი სამუშაო დრო განსაზღვრული იყო ხუთდღიანი სამუშაო კვირით და სამუშაო დროის ხანგრძლივობას კვირის განმავლობაში უნდა შეედგინა 40 საათი. გარდა ამისა, მოსარჩელე არ იყო დატვირთული და ეს ასახული იყო იმ კრიტერიუმებში, რომელიც მან სარჩელს დაურთო. კერძოდ, პირველ აპელანტთან (დასაქმებულთან) მიმართებით კრიტერიუმი იყო - დატვირთულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც აღმოჩნდა, მოსარჩელე არ იყო დატვირთული და შესაბამისად, მის მიერ მიღებული სახელფასო ანაზღაურება არ შეესაბამებოდა რეალურად მის მიერ განხორციელებულ სამუშაოს. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოცემული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიურ დასაბეგრ ხელფასზე 1250 ლარზე, დამსაქმებლის მხრიდან განხორციელებული შეთავაზება ანაზღაურების პირობის შეცვლასთან დაკავშირებით არ წარმოადგენდა მართლზომიერ ქმედებას.

4.3. კასატორმა, აღნიშნა, რომ სწორედ მონიტორინგის შედეგების შედეგად გამოვლენილმა ობიექტურმა რეალობამ, კერძოდ, იმ გარემოებამ, რომ დასაქმებული არ იყო დატვირთული, განაპირობა ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას გაეკეთებინა არსებული ვითარების ობიექტური ანალიზი. ცხადია, რომ სააპელაციო სასამართლო სათანადოდ ვერ გაერკვა საკითხში და არასწორი დასკვნები გააკეთა სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით.

4.4. იმ გარემოებას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის და, ბუნებრივია, არ არსებობს ვაკანტური თანამდებობები, ადასტურებდა ისიც, რომ საშტატო განრიგის სამუშაო ვერსია/პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მენეჯმენტის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ 2020 წლის იანვრის თვეში (რის გამოც, კასატორი აღნიშნავს, რომ მოკლებული იყო საშუალებას, ეს ინფორმაცია წარედგინა სააპელაციო სასამართლოსთვის) და საბჭო ამ ეტაპზე მუშაობს აღნიშნულ დოკუმენტზე.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა საკასაციო სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102 -ე მუხლზე, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია ყველა ის არგუმენტი, რომელიც ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების თაობაზე (იხ. ამ განჩინების 3.2-3.9 ქვეპუნქტები).

11. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით წაყენებული მოთხოვნების საფუძვლიანობის გასარკვევად, ჯერ შესამოწმებელი და გამოსაკვლევია მოსარჩელის სტადიაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და ის ფაქტობრივი წინაპირობები, რომლებიც მოთხოვნის წარმოშობასა და დასაბუთებულობაზე მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ გამოსაკვლევია, დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობა საქმის განხილვის დროს არის თუ არა ვაკანტური, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი არსებობს თუ არა თავისუფალი ტოლფასი თანამდებობა.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენ მნიშვნელოვან გარემოებათა წრეს, მტკიცების ტვირთისა და მტკიცების საგნის განსაზღვრის აუცილებლობას, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის საქალაქო სასამართლოსთვის ხელახლა დაბრუნების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით და განმარტავს: სსსკ-ის 385-ე მუხლით განისაზღვრება ის სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა არსებობაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების საფუძველია: „სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა“. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ („გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია“) ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საფუძველმა განაპირობა საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება. უფრო კონკრეტულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რიგ გარემოებათა დაუდგენლობა და ამის გამოსარჩელის საფუძვლიანობის შეუმოწმებლობა არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (შდრ. სუსგ #ას-945-833-2017, 13.10.2017 წ.).

14. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ერთ-ერთ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ „გარემოებათა მის მიერ (სააპელაციო სასამართლოს მიერ) გამოკვლევა მიზანშეუწონელია. ასეთ შემთხვევაში მხარე დაკარგავდა კიდევ ერთ ინსტანციაში (სააპელაციო სასამართლოში) ფაქტობრივ გარემოებაზე შედავების შესაძლებლობლას, ვინაიდან მას გასაჩივრება მოუწევდა პირდაპირ საკასაციო სასამართლოში, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს არ წარმოადგენს“ (იხ. სუსგ-ები: # ას-261-248-2015, 10.07.2015წ; #ას-450-429-2015, 28.07.2015წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავა მართებულად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შესაბამისი სამართლებრივი მითითებებით, რაც საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრიდან გამომდინარეობს, იმავდროულად უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების კანონის წინაშე თანასწორობის საწყისებზე განხორციელებას, რაც, სულ მცირე, ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი საფუძვლების კვლევასა და შეფასებას უკავშირდება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებისა და ფაქტების, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, საფუძველზე ამოწმებს.

15. “სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება“...(იხ. სუსგ # ას- #-ას-471-450-2015, 30.10.2015წ; შდრ. სუსგ-ებს: #ას-973-922-2015, 16.02.2016წ; #ას-151-147-2016, 19.04.2016წ; #ას-1132-1088 -2016, 17.02.2017წ.). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რაც საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" (ს/კ 20485..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 679 ლარის (საგადახდო დავალება N14136, გადახდის თარიღი 2020 წლის 7 ივლისი), 70% – 475,3 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე