Facebook Twitter

საქმე №ას-198-2020

18 ნოემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ყ–ი (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ყ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, პირველი კასატორი ან დასაქმებული) სს „ს.ბ–ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მეორე კასატორი დამსაქმებელი ან ბანკი) მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის, მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) საკრედიტო ანალიზის ჯგუფის უფროს ბანკირად მუშაობდა და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2 000 ლარს შეადგენდა.

2. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმებული დანართი Nვ-ს 1-ლი პუნქტით, დასაქმებულს დაუდგინდა კონკურენციის შეზღუდვა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას, ბანკში მუშაობისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოეყენებინა კონკურენტი ფინანსური ინსტიტუტების ან სხვა პირთა სასარგებლოდ, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი მას 6 თვის განმავლობაში გადაუხდიდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ერთი თვის ანაზღაურებას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულს, დამსაქმებლის სასარგებლოდ, ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების ოდენობით, ამასთან, პირგასამტეხლოს გადახდა დასაქმებულს არ ათავისუფლებდა ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურებისაგან.

3. დამსაქმებელმა 2018 წლის 27 აპრილიდან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რასაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის პირადი განცხადება. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საბოლოო თარიღი 2018 წლის 12 მაისით განისაზღვრა.

4. მოსარჩელემ 6 - თვიანი შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე დასაქმებულს 2018 წლის 14 მაისის წერილით აცნობა.

5. დამსაქმებელმა პირველ მოპასუხეს შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხა (6 თვის) - 9600.01 ლარი გადაუხადა.

6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით 2018 წლის 6 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხისა და სს „პ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კონკურენტი კომპანია) წინააღმდეგ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ დამსაქმებელი იყენებდა შრომითი საქმიანობის შემზღუდველ პირობას ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, იგი მაინც დასაქმდა სხვა კომპანიაში (ბანკში).

7. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათი მტკიცებით, შრომითი საქმიანობის შეზღუდვის პერიოდში პირველი მოპასუხე კონკურენტ კომპანიაში არ დასაქმებულა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები და საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 46-ე მუხლი გამოიყენა.

9. სააპელაციო საჩივრით დამსაქმებელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ მოპასუხეს - 9600.01 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველმა მოპასუხემ დაარღვია ბანკთან დადებული შეთანხმება და შრომითი საქმიანობის შეზღუდვის პერიოდში დასაქმდა კონკურენტ კომპანიაში, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას თანხის გადახდასთან მიმართებით.

10.1. სააპელაციო პალატის დასკვნით, დავის სპეციფიკიდან, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან, კრედიტორის მიერ განცდილი ზიანიდან და თავად პირგასამტეხლოს მოცულობიდან გამომდინარე მისი გონივრული და სამართლიანი ოდენობა - 2 000 ლარია, რაც თანაბრად უზრუნველოფდა მოდავე სუბიექტთა ინტერესებს.

11. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო პირველმა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

11.1. პირველი კასატორის/მოპასუხის საკასაციო პრეტენზიით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, არ დაასაბუთა მტკიცების ტვირთის შემობრუნების საჭიროება, რითაც არასწორად დაადგინა, სადავო პერიოდში კონკურენტ კომპანიაში მისი დასაქმების ფაქტი.

11.2. მეორე კასატორის/მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიით, გაუგებარია, თუ რა ობიექტურ წინაპირობებს დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლო პირგასამტეხლოს საერთო ოდენობის თითქმის 26-ჯერ შემცირებისას, რითაც ფაქტობრივად შინაარსი გამოაცალა პირგასამტეხლოს სამართლებრივ ინსტიტუტს/დაუკარგა მთავარი შემაკავებელი სანქციის ფუნქცია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებული, ხოლო პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/პირველი კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად უსწორო დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია, ხოლო მოსარჩელის/მეორე კასატორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

14. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვის ვალდებულების დარღვევისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 46.3 (შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით) და 46.5 ( ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული არ არის, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 46.3 მუხლის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია.

შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 46.3 მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კონპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით (შდრ. სუსგ. #ას-1041-2019, 12.02.2020 წ).

16. საკასაციო სასამართლო უარყოფს მეორე კასატორის მსჯელობას, რომ პირველი მოპასუხე სადავო პერიოდში დასაქმდა და მათთან მიღებულ ცოდნასა და კვალიფიკაციას იყენებდა კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ.

პალატის განმარტებით, სასამართლოს ვალდებულებაა, სწორად მიმართოს მტკიცებითი საქმიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.

17. განსახილველ შემთხვევაში, სადავო პერიოდში პირველი მოპასუხის დასაქმებისა და მათთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ გამოყენების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს ეკისრებოდა, მან კი ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სახელდობრ, საქმეში დაცული მტკიცებულებებით (სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია) ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება მეორე მოპასუხის მიერ პირველი მოპასუხისათვის ყოველთვიური ხელფასის გადახდის ფაქტი.

შესაბამისად, მოპასუხის მიერ კვალიფიციურად შედავებული გარემოება (აღნიშნული თანხა მომავალში დასაქმების ფინანსური გარანტიაა), სამართლებრივად ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ სადავო პერიოდში პირველი მოპასუხე კონკურენტ კომპანიაში არ დასაქმებულა, ამ გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს.

მოსარჩელემ/მეორე კასატორმა კი ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა პირველი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დაარღვევა არ ვლინდება, საფუძველს მოკლებულია მისთვის ფინანსური სანქციის/პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მეორე კასატორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმ უმნიშვნელოვანესი გარემოების გასაქარწყლებლადაც, რომ მ.ყ–მა შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია გამოიყენა სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. დასახელებული არგუმენტის გათვალისწინებით სს ს.ბ–ის საკასაციო საჩივარს პირველი კასატორის კონკურენტ საწარმოში დასაქმების ფაქტის დადასტურების პირობებშიც არ გააჩნდა წარმატების პერსპექტივა.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

კერძოდ, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება შრომითი საქმიანობის შეზღუდვის პერიოდში პირველი მოპასუხის კონკურენტ კომპანიაში დასაქმების, ასევე ცოდნის და კვალიფიკაციის გამოყენების ფაქტი, რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც, რომლებიც მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას შეეხება.

19. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამდენად, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 404-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ.ყ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

2.1 სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

3. სს „ს.ბ–ს“ დაეკისროს მ.ყ–ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 580.01 ლარის მოცულობით.

4. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე