Facebook Twitter

11 თებერვალი, 2021 წელი,

საქმე №ას-488 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.გ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც, თ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მსესხებელი ან მოვალე) უფლებამონაცვლე, მ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2017 წლის 18 მაისის #170534657 სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკის რეგისტრაცია მოსარჩელის უფლებამონაცვლის კუთვნილ ქუთაისში, ....... ქუჩა #17 კორპუსში მდებარე #28 ბინაზე, ს/კ-ით #......, ლ.ლ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, გამსესხებლი ან კრედიტორი) 750 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოპასუხეს - 1600 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, არასწორად განიმარტა კრედიტორების მიერ გაცემული ხელწერილი, რადგან რეალურად აღიარებულია, რომ ძირითადი დავალიანება არის - 11 000 აშშ დოლარი, გადახდილია სარგებელი, გარდა ბოლო თვისა. ხელწერილი კი, იმის დასტურია, რომ მოვალე აღიარებს ვალდებულების არსებობას.

2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თანხის გადახდას, საქმეში არ წარდგენილა, შესაბამისად, მოვალის მიერ 14572.8 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე მსჯელობაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

2.2. კასატორის მოსაზრებით, სრულიად უკანონოდ დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა, რადგან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ თანხა მსესხებელმა ბონდო ჟღენტს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) ზედმეტად ან საერთოდ გადაუხადა. სამკვიდრო ქონებას შეადგენდა მხოლოდ მოვალისგან მისაღები თანხა, არ შეიძლება მემკვიდრეობით მხოლოდ ვალის მიღება, რაც სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით მოხდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. 2014 წლის 20 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ს.ფ 14-15) შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 11 000 აშშ დოლარი (პირველმა მოპასუხემ 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე მოპასუხემ 7500 აშშ დოლარი გადასცა მსესხებელს) სესხის დაბრუნების ვადა - 2014 წლის 20 ივნისი (სამი თვე), სარგებელი - 3.68% თვეში, პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორების სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული, ქუთაისში, ....... ქუჩა #17/28 მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იპოთეკის საგანი).

5.4. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა.

5.5. კრედიტორებმა დაწერეს ხელწერილი, რომლითაც დაადასტურეს 2014 წლის 20 მარტიდან 2017 წლის აპრილამდე 11 000 აშშ დოლარის პროცენტის სრულად მიღების ფაქტი. ხელწერილში მითითებულია, რომ მოვალეს გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხა - 11 000 აშშ დოლარი და მისი ერთი (ბოლო თვის) თვის პროცენტი. დოკუმენტს ხელს აწერენ კრედიტორები (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 18).

5.6. მსესხებელმა გამსესხებლებს 2014 წლის 20 მარტიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით 11 00 აშშ დოლარის ყოველთვიური პროცენტის სახით, ჯამურად - 14572,8 აშშ დოლარი გადაუხადა.

5.7. 2017 წლის 18 მაისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი მოპასუხის მიმართ ძირითადი თანხა - 3500 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო - 630 აშშ დოლარით, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ ძირითადი თანხა - 7500 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო - 1350 აშშ დოლარით. ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

5.8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.კ–ძე (იხ. თ.კ–ძის გარდაცვალების მოწმობა და განჩინება, ს.ფ. 109; 131-132)

5.9. 207 წლის 4 ივნისს გარდაიცვალა მეორე მოპასუხე, რომლის სამკვიდრო მიიღო კასატორმა (იხ.სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 158-160).

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის დადგენის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვალდებულების შესრულების აღიარება, ზედმეტად გადახდილი - 2358,4 აშშ დოლარის ანაზღაურება და ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 18 მაისს გაცემული #170534657 სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაა. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 385-ე (ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი) და 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში). მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა, სახელდობრ:

7. იმისათვის, რომ ვალდებულება სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე შეწყდეს კრედიტორის სასარგებლოდ, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).

8. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, კერძოდ, ყოველთვიური სარგებელი სესხის ძირითადი თანხის, 11 000 აშშ დოლარის, 3.68%-ით, ანუ 404.8 აშშ დოლარით განისაზღვრა.

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1-ლი პუნქტის მიხედვით კი, სესხისა და სამი თვის სარგებლით დასაბრუნებელი თანხა - 12 214,4 აშშ დოლარს შეადგენდა.

9. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების გაგრძელებისა თუ შემდგომი პროცენტის გადახდის ვალდებულების დამტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელიც მას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების წარდგენით უნდა განეხორციელებინა, რადგანაც უდავოა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია წერილობით, სანოტარო ფორმის დაცვით, ამავე წესით დამოწმებული წერილობითი მტკიცებულება, რომელიც ვადის გაგრძელებას დაადასტურებდა, მას არ წარმოუდგენია, სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლი კი, ხელშეკრულების ნამდვილობას კანონით ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფორმის დაცვას უკავშირებს, რაც სრულად ვრცელდება ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხოლო ამ ფორმის დაუცველობა გარიგების ბათილად ცნობას იწვევს (სკ-ის 59.1 მუხლი). (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი; იხ. სუსგ #ას-1081-1031-2014, 16 ივლისი 2015 წელი)

10. ისეთ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელებიათ მიზანშეწონილია დავუშვათ პრეზუმფცია, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებაზე მხარეთა შეთანხმება. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე გონივრული არგუმენტები ვერ წარმოადგინა და სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მოვალის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ თანხის გადახდის ფაქტი ძირითადი ვალდებულების ანგარიშში ვალდებულების ეტაპობრივ შესრულებად.

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით (ხელწერილით) მხარეთა შორის არსებული სასესხო ვალდებულება შეწყდა შესრულებით, კერძოდ, მსესხებელმა მოპასუხეებს ჯამურად გადაუხადა 14572,8 აშშ დოლარი, რაც სესხის ძირითადი თანხისა და 3 თვის სარგებელს აღემატება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს, შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიხედვით.

11. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლის წინააღმდეგ საპროცესო ნორმების დარღვევის თვალსაზრისით წარმოდგენილი არ არის დასაშვები საკასაციო პრეტენზია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზედმეტად გადახდილი თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურსამართლებრივ საფუძველს მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა ვლინდებოდეს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რისი შედეგია უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის თუ მესამე პირთა მოქმედების ან განხორციელდა მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.

კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.

12. ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებას წარმოდგენილი შესაგებელი არ აბრკოლებს, რადგანაც მასში არაა მითითება დაბრუნების კონდიქციის შემაფერხებელ სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე წანამძღვრების არსებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივად ვარგის საფუძვლად სწორედ სსკ-ის 976-ე მუხლი უნდა იქნეს მიჩნეული.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1348 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 03.07.2020წ), 70% - 943,6 ლარი და ო.ჟ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 263 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 29.07.2020წ), 70% - 184,1 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.გ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1348 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 03.07.2020წ), 70% - 943,6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

2.1. ნ.გ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ო.ჟ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 263 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 29.07.2020წ), 70% - 184,1 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე