საქმე № ას-1321-2020 11 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ჯ–ია; ე.ლ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა, საკუთრების უფლების აღიარება, მესაკუთრედ ცნობა, საკომლო ჩანაწერის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.ლ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2016 წლის 4 მაისს სარჩელი აღძრა ლ.ჯ–იასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ე.ლ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა, საკუთრების უფლების აღიარება, მესაკუთრედ ცნობა და საკომლო ჩანაწერის გაუქმება.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა ე.ლ–ის მიერ ტ.ლ–ის სამკვიდროს, მათ შორის - აბაშის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი; განისაზღვრა მოსარჩელის მიერ ე.ლ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის დედა) სამკვიდროს, მათ შორის - აბაშის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აღიარებულ იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება აბაშის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონებაზე საკადასტრო კოდით #...... და #..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, სადავო უძრავი ქონება), გაუქმდა აბაშის რაიონის სოფელ ...... სასოფლო საბჭოს საკომლო წიგნში (1986-2005 წლების) მოსარჩელის დედის კომლში მოპასუხეების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი, სადავო ქონებაზე გაუქმდა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში მოპასუხეებზე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერი და უძრავი ქონება აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 60-ე, 61-ე, 70-ე, 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.
4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოპასუხეები ესწრებოდნენ სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას, ამასთან, ისინი არ არიან სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტები, შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2019 წლის 16 დეკემბრიდან და 2019 წლის 29 დეკემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2020 წლის 1 ივლისს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით არა 2020 წლის 1 ივლისს, არამედ 2020 წლის 7 იანვარს გააგზავნეს, სასამართლომ კი, სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარდგენილად ჩათვალა, ამდენად, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვით წარადგინეს, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადის მიხედვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარება, გასაჩივრების მსურველი მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.
13. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ დავობენ იმაზე, რომ სენაკის რაიონული 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ (იხ. სხომის ოქმი, ს.ფ. 345), შესაბამისად, მოპასუხეებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართათ 5 დეკემბრიდან (მე-20 დღე) 15 დეკემბრის (30-ე დღე) ჩათვლით, მოპასუხეებს ამ პერიოდისათვის სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ.
შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 16.12.2019 წელს დაიწყო და 30.12.2019 (ორშაბათი) წელს ამოიწურა.
15. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2020 წლის 01 ივლისს ჩააბარეს, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
16. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას არა 2020 წლის 1 ივლისს, არამედ 2020 წლის 7 იანვარს ჩააბარეს, საკასაციო სასამართლო უარყოფს და მათ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარი აპელანტების, ანუ მოპასუხეების მიერ, ხელმოწერილია 2020 წლის 30 ივნისს (იხ. ს.ფ. 386), რაც თავისთავად გამორიცხავს ფოსტისთვის სააპელაციო საჩივრის 2020 წლის 7 იანვარს ჩაბარების შესაძლებლობას, ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორების ამ პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაშიც, კერძო საჩივარი მაინც წარუმატებელი იქნება, რადგან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა 2019 წლის 29 დეკემბერს ამოიწურა.
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ჯ–იასა და ე.ლ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე