Facebook Twitter

საქმე №ას-1705-2019 27 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.ბ–ი (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) 2014 წლის 5 მაისიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

2. ამ თანამდებობიდან მოსარჩელე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 23 ივნისის N096 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.

2.1. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მთავარ სპეციალისტის მ.გ–ას (შემდეგში - მოპასუხე) მოხსენებითი ბარათი მოსარჩელის არაეთიკური ქმედების თაობაზე.

3. მოსარჩელემ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 23 ივნისის N096 ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლო წესით გაასაჩივრა. ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N3/3–17 გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით უცვლელი დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, ამავე საქმეზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და მოპასუხისგან მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა მოითხოვა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის გადახდა.

4.1.1. წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ განმარტა, რომ, სინამდვილეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მისი უთანხმოების საფუძველი მის მიერ შედგენილი სამსახურებრივი ანგარიშები გახდა. გამგებელმა, მოპასუხის მონაწილეობით, რომელიც მისი დეიდაშვილია, დაიწყო აქტიური და მიზანმიმართული მოქმედება მოსარჩელის სამსახურიდან ჩამოშორების მიზნით. მოპასუხემ 2017 წლის 21 ივნისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს მოხსენებითი ბარათით მიმართა, სადაც მიუთითა, რომ თითქოსდა მოსარჩელემ 2017 წლის 1 მაისს, 17:00 საათზე, სამუშაო ოთახში ყოფნისას, მოპასუხის მიმართ სექსუალური შევიწროების მცდელობა განახორციელა. ამ განცხადებას მოჰყვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების დემარში გამგეობის შენობაში, მოსარჩელის სამუშაო ოთახის პიკეტირება, მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ამ ქმედებებით მოსარჩელის პატივსა და ღირსებას ზიანი მიადგა, რის გამოც იგი მოპასუხისგან ითხოვს, როგორც გავრცელებული ცნობების უარყოფას, ისე - მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან მოსარჩელე მის მიერ ჩადენილ ამორალურ საქციელში ამხილა და ამის გამო გამგებლისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა. რაც შეეხება 2017 წლის 21 ივნისის მოხსენებით ბარათში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობას, მოპასუხემ მიუთითა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში ასახულ გარემოებაზე და განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მართლზომიერება, მის მიერვე წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელის საფუძველზე, სამივე ინსტანციის სასამართლომ შეამოწმა და შედეგად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანების მართლზომიერება დადგინდა. ამდენად, მოპასუხის მხრიდან ცილისწამებასა და პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებას მოსარჩელის მიმართ, მით უფრო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ადგილი არ ჰქონია.

6. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.1.1. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 413-ე, 992-993-ე მუხლებით; აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

6.2. სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა:

6.2.1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 23 ივნისის N096 ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოიცა მოპასუხის, გამგეობისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მიმართვის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის 2017 წლის 21 ივნისის ოქმის საფუძველზე. ეს ბრძანება მოსარჩელემ ადმინისტრაციული წესით სამივე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.3. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზაუროს ეს ზიანი. მორალური ზიანის კომპენსაცია, ზოგადი წესის მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის განსაზღვრის ზოგად წესს. სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. სსკ-ის 993-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია, აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია. სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კერძო სამართლით გათვალისწინებულმა სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება, დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება მოითხოვოს. ამდენად, კანონის მიზანია, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (შდრ.სუსგ-ებს: N3კ-242-01, 06.04.2001წ; N3-1218-01, 24.04.2002წ; Nას-14-466-05, 09.11.2006წ; Nას-1156-1176-2011, 20.01.2012წ; Nას–593–568–2016.,14.07.2017წ.).

6.4. სსსკ-ის 106–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საქმეში მონაწილე მხარეს, მაგრამ დავა მთლიანად შეეხება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერებას მოპასუხის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ამ ადმინისტრაციულ დავაში დადასტურებულია ფაქტი, რის გამოც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მართლზომიერად იქნა შეფასებული. სამივე ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ განხორციელებული არაეთიკური ქმედება, რაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. ამ მსჯელობის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ არაეთიკური ქმედების განხორციელების თაობაზე დადგენილი ფაქტი მოცემულ დავაში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

7. სააპელაციო საჩივარი

7.1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

7.2. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

8.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სამართლებრივი მსჯელობა და დამატებით განმარტა:

8.2.1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 2017 წლის 1 მაისს, 17 საათზე, სამუშაო კაბინეტში, თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, აპელანტი მისკენ გაიწია „საკოცნელად, არა გადასაკოცნად“, თუმცა, მოპასუხემ, ხელი აუქნია და მოიშორა. გავრცელებული ცნობის ფორმიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხემ ზემოხსენებულ საქციელში სექსუალური ხასიათის ქცევა იგულისხმა. მოპასუხემ შსს ლენტეხის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელსაც განუმარტა, რომ აპელანტმა „მოულოდნელად, განზრახ აკოცა „ტუჩებში“. ამდენად, ცხადია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აპელანტმა განახორცილა სექსუალური ხასიათის, მოპასუხისათვის არასასურველი ფიზიკური ქცევა, რომელმაც მოპასუხის ღირსების შელახვა გამოიწვია.

8.2.2. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გაცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება გამოიწვია. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. ზემოხსენებულ ნორმათა შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ წარმოადგენდა, ეკისრება აპელანტს.

8.2.3. აპელანტი ადასტურებს, რომ 2017 წლის 1 მაისს, 17 საათზე, მის სამუშაო კაბინეტში მოპასუხე მართლაც იმყოფებოდა. მხარეები კაბინეტში მარტო იყვნენ, მათი საუბრის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა არ მიმდინარეობდა და ამას მესამე პირიც არ ესწრებოდა. ამ ვითარებაში, ცხადია, რომ ვერც ერთი მხარე, ახსნა-განმარტების გარდა, მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობის დამადასტურებელ ან უარმყოფელ პირდაპირ მტკიცებულებას სასამართლოს ვერ წარუდგენდა. თუმცა, რადგან კანონის თანახმად, მტკიცების ტვირთი აპელანტს (მოსარჩელეს) ეკისრებოდა, მას შეეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა თუნდაც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ცნობების გავრცელებამდე მხარეთა შორის შორის დაძაბული ურთიერთობა ან კონფლიქტი იყო და მოპასუხე განზრახ მოქმედებდა მისთვის ზიანის მიყენების მიზნით. უფრო მეტიც, სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა საწინააღმდეგო განმარტეს. კერძოდ, მოწმემ, ვ.ბ–მა აღნიშნა, რომ განყოფილებაში ოთხი თანამშრომელი მუშაობდა და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მოპასუხეს რამდენიმე დღით სამუშაოდან გათავისუფლება სურდა, ამის სათხოვნელად იგი აპელანტის კაბინეტში შევიდა. კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ იგი „შეწითლებული“ და „აფორიაქებული“ იყო. მოგვიანებით კი მოპასუხემ მოწმეს უთხრა, რომ აპელანტი (მოსარჩელე) მისკენ საკოცნელად გაიწია. მეორე დილით აპელანტმა თათბირი დანიშნა, თუმცა მოპასუხემ შესვლაზე უარი განაცხადა. მოწმემ, ლ.ც–მა კი განმარტა, რომ მოპასუხეს არ იცნობდა და კონფლიქტთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი არაფერი იყო. მოწმეებმა - მ.ქ–მა და ხ.მ–მა აღნიშნეს, რომ მომხდარის თაობაზე სიმართლის გაგება და აპელანტთან შეხვედრა სურდათ, თუმცა აპელანტმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოწმეთა ჩვენებები მოპასუხის განმარტებას ადასტურებს და არა - აპელანტის პოზიციას.

8.2.4. სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ის ფაქტი, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) მოპასუხე სექსუალურად შეავიწროვა, დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

8.2.5. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

9.2 კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით დაადასტურეს მოსარჩელის ქმედების არაეთიკურობა და საბოლოოდ, მოპასუხის მხრიდან აღქმულ „სექსუალური ხასიათის ქმედებად“ შეაფასეს, თუმცა, სასამართლოებმა არ დააკონკრეტეს, რომელი ქმედება მიიჩნიეს სექსუალურ შევიწროებად.

9.3. სასამართლომ მტკიცების ტვირთი დააკისრა აპელანტს (მოსარჩელეს) და მთლიანად გაათავისუფლა ამისგან მოპასუხე მაშინ, როდესაც ფაქტების მცდარობაზე მეტყველებს დროის ის დიდი შუალედი, რომელიც არსებობს მოსარჩელის ქმედების განხორციელებიდან მოპასუხის მიერ დაწერილ მოხსენებით ბარათამდე.

9.4. სასამართლომ ცალმხრივად და არასრულად შეაფასა მტკიცებულებები, დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა მტკიცებულებები (მოსარჩელის და გამგებლის დაძაბული ურთიერთობა, ამ უკანასკნელთან მოპასუხის ნათესაური კავშირი; მოპასუხის დასაქმება სხვა ორგანიზაციაში, რამაც მოსარჩელის უკმაყოფილება გამოიწვია; მოწმე ლ.ც–ის ჩვენება), რომლებიც აშკარად მიუთითებდნენ მოპასუხის სურვილზე, ზიანი მიეყენებინა მოსარჩელისთვის.

9.5. სასამართლომ მიუთითა მოწმე ვ.ბ–ის ჩვენებაზე, რომლის არასარწმუნოობაზეც მოსარჩელემ განუცხადა სააპელაციო სასამართლოს. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა მოწმის განმეორებით დაკითხვის, ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების დართვის შესახებ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოთხოვნები. სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად გაითვალისწინა მოწმეების (მ.ქ–ისა და ხ.მ–ის) ჩვენებები, რომლებსაც საქმის გარემოებათა დადგენისათვის არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნიათ, ამასთან, არ შეაფასა სხვა მნიშვნელოვან მოწმეთა - დ.ღ–ის, ნ.ლ–ისა და სხვათა ჩვენებები.

9.6. სასამართლომ მიუთითა სექსუალური შევიწროების ფაქტზე და გამოიყენა ადმინისტრაციული სამართლწარმოების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას შეეხებოდა და დავის საგანი არ ყოფილა მოპასუხის სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ხსენებულ ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.09.2018 წლის განჩინება, რომლითაც არ შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება სახელისა და პატივის შემლახველი ცნობების უარყოფის გამო აღძრული საქმის განხილვამდე, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეები არ გამომდინარეობდნენ ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან. კასტორის პრეტენზიით გასაჩივრებული განჩინება მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით არის გამოტანილი.

9.7. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა კანონები „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, არამედ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 413-ე, 992-ე და 993-ე მუხლები.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამასთან, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ არ ასრებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას აღნიშნავს, რომ არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ განსახილველი დავის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონები, არამედ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 413-ე, 992-ე და 993-ე მუხლები (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3 ქვეპუნქტი). მხარეთა მიერ, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე, წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების მიხედვით, სასამართლოს პრეროგატივაა სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმის მოძიება და სადავო სამართლებრივი ურთიერთობებისადმი მისადაგება (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: N ას-835-2020, 23.09.2020წ; N ას-1768-2019, 29.05.2020წ; N ას-473-2019, 13.04.2020წ.) მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი სარჩელი წარმატებული იქნებოდა სამოქალაქო კოდექსის ზემოთ დასახელებული ნორმების გამოყენების შემთხვევაში, რასაც არ ეთანხმება საკასაციო სასამართლო და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით არ ვლინდება სსკ-ის 992-ე, 993-ე და 413-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა.

15. საკასაციო სასამართლო იმასაც განუმარტავს კასატორს, რომ მის მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოდგენილი მასალები ( ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომრის სხდომის ოქმი ადმინისტრაციულ საქმეზე და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02/08/2019 -ით დათარიღებული დასკვნა N 5005005919) არ იქნება განხილული მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რადგან სსსკ-ის 404-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს, ხოლო 407-ე მუხლი - შემოწმების ფაქტობრივ საფუძველს.

16. სააპელაციო სასამართლოს უდავოდ აქვს დადგენილი წინამდებარე განჩინების 8.2.1 ქვეპუნქტში დასახელებული გარემოება, რაც შეფასდა, როგორც სექსუალური ხასიათის, მოპასუხისათვის არასასურველი ფიზიკური ქცევა. ამდენად, დაუსაბუთებელია ამ მიმართებით კასატორის პრეტენზია (იხ. 9.2 ქვეპუნქტი).

17. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმას ეხება, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტების მცდარობაზე მეტყველებს დროის ის დიდი შუალედი, რომელიც არსებობს მოსარჩელის მიერ ქმედების განხორციელებიდან მოპასუხის მიერ დაწერილ მოხსენებით ბარათამდე. ამ თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია, ამასთან, წინააღმდეგობრივია, რადგან თუკი მოპასუხე იმთავითვე მიზნად ისახავდა მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებას, მაშინ მას, ლოგიკურად, მოსარჩელის მხრიდან სექსუალური ხასიათის, არასასურველი ფიზიკური ქცევისთანავე შეეძლო გაეხმაურებინა ეს ფაქტი და გაევრცელებინა. მოპასუხე შესაგებელში ამომწურავად და თანმიმდევრობით პასუხობს სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ გარემოებებს და დამაჯერებლად განმარტავს საკუთარ პოზიციას.

18. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია მოწმეების: ვ.ბ–ის, ლ.ც–ის, მ.ქ–ის, ხ.მ–ის განმარტებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ასაბუთებენ სწორედ მოპასუხის და არა მოსარჩელის (აპელანტის, კასატორის) სასარგებლო პოზიციას, რასაც საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მოწმეთა ჩვენებების არსწორად შეფასების შესახებ.

19. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას (სსსკ-ის 266-ე მუხლი) გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელიც წინამდებარე განჩინების 8.2.4 ქვეპუნქტშია ასახული და განმარტავს, რომ სასამართლოს ადმინისტრაციული წესით აქვს განხილული (გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული) ამ დავაში მოსარჩელე პირის (იგივე კასატორის) სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სადაც მოპასუხეა არა განსახილველი დავის მოპასუხე, არამედ - ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) (იხ. სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015წ). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება). სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტს, რომელიც იურიდიულად ამართლებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პრეიუდიციულად და ის უნდა იქნას შეყვანილი მტკიცების საგანში (იხ. სუსგ-ები: № ას-455-769-09, 03.12 .2009 ; №ას-146-140-2012, 12 .07.2012 წ; №ას-74-68-2015, 27.02.2015 წ; № ას-1199-1159-2016, 31.03.2017წ; № ას- 1293-2018, 01.03.2019წ;№ ას-1298-2018, 22.03.2019წ.).

20. მიუხედავად მე-19 პუნქტში ასახული მსჯელობისა, კასატორის სასარგებლოდ მაინც არ იცვლება სამართლებრივი შედეგი და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან მოსარჩელემ ვერ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი და ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 8.2.1-8.2.3 ქვეპუნქტები), ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხემ სხვა პირთან (გამგებელთან) შეთანხმებით დაიწყო აქტიური და მიზანმიმართული მოქმედება მოსარჩელის სამსახურიდან ჩამოშორების მიზნით. ამდენად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი მისი ქმედების გამო მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობების მცდარობის შესახებ.

21. "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გაცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება გამოიწვია. სარჩელის ფაქტობრივი უსაფუძვლობის გამო, მოპასუხეს მართებულად არ დაეკისრა სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც უსაფუძვლოდ აქცევს მოთხოვნას. საკასაციო განაცხადის დაუკმაყოფილებლობის გამო უცვლელი რჩება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

22. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის თანახმად კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩება, რადგან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე