საქმე №ას-1208-2018 18 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმისგანხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ.კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა; იძულებითი მოცდენის ანაზღაურება; პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ლ. კ-ემ (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი ან დასაქმებული ან პანსიონის უფროსი) სარჩელი აღძრა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ (შემდეგში: მოპასუხე ან ფონდი ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.1. მოპასუხის 2016 წლის 24 მარტის N07-4/დ ბრძანების („ლ.კ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საყვედურის შეფარდების შესახებ“) ბათილად ცნობა; 1.2. მოპასუხის 2016 წლის 23 ივნისის N07-130/კ ბრძანების („ლ.კ-ის გათავისუფლების შესახებ“) ბათილად ცნობა; 1.3. მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე - ფონდის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) „მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის“ უფროსის თანამდებობაზე; 1.4. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება, მისი ყოველთვიური ხელფასის _ 1200 ლარის გათვალისწინებით; 1.5. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით, ფონდის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) „მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის“ უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2009 წლის 06 მაისიდან. პანსიონატი წარმოადგენს სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებას, რომელიც სოციალურ მომსახურებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის, აგრეთვე, სხვა ფსიქიკური აშლილობის გამო, განვითარებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე სრულწლოვან პირებს, აგრეთვე, უსახლკარო პირებს, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; საქართველოში არ მოიძებნება სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება, სადაც უკეთესად არის დაცული ბენეფიციართა უფლებები, სადაც უკეთესად აქცევენ ყურადღებას ბენეფიციართა ყოფას, დაწესებულების გახსნის დღიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. 2009 წლიდან, მოსარჩელის ხელმძღვანელობის პერიოდში, პანსიონატში განხორციელდა არაერთი პროექტი. ამავე დროს, ჩატარდა არაერთი გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგი, როგორც ფონდის, ისე საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რა დროსაც, არცერთხელ დაფიქსირებულა პანსიონატის მხრიდან არასრულფასოვანი მომსახურების მიწოდება და/ან ბენეფიციართა უფლებების დარღვევა. მიუხედავად ამისა, ფონდის ხელმძღვანელობა, გამუდმებით აიძულებდა მოსარჩელეს სამსახურის დატოვებას, პანსიონატის ინტერესებიდან გამომდინარე მისი აქტიურობის გამო.
3. მოსარჩელის მითითებით, ფონდის მიერ მის მიმართ ორჯერ არაკანონიერად იყო გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რის გამოც, საბოლოოდ, მოპასუხის მიერ მოხდა მათი ბათილად ცნობა. შემდგომშიც, 2016 წლის 24 მარტს, მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ საყვედური. მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაარღვია ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ ფონდის შეტყობინების წესი, თუმცა, მოსარჩელემ განმარტა, რომ ასეთი წესი არ არის დადგენილი მოპასუხის არცერთი სამართლებრივი აქტით. 2016 წლის 23 ივნისს კი, მოპასუხე ფონდმა იგი გაათავისუფლა სამსახურიდან არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების გამო.
4. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება მოხდა დამსაქმებელი ფონდის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის ხელოვნურად შექმნის გზით. მისი განმარტებით, პანსიონატის უფროსის კომპეტენციას არ წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების მიწოდება და ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც, ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს კომპეტენტური ორგანოს _ სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ დასკვნა, რომლითაც გამოიკვეთებოდა პანსიონატის ადმინისტრაციის ბრალეულობა სამედიცინო მომსახურების არაჯეროვნად განხორციელებაში ან ბენეფიციარის გარდაცვალებაში. 2016 წლის 18 ივლისს, მოსარჩელემ დამსაქმებლისგან მოითხოვა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, თუმცა, პასუხად მიიღო ისევ ბრძანება და ამ ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული, ფონდის მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს 2016 წლის 22 ივნისის მოხსენებითი ბარათი. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ფონდმა, შრომითი ხელშეკრულების არაკანონიერი შეწყვეტით დაარღვია მისი შრომითი უფლებები.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ასევე, მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. მოპასუხის განმარტებით, სიმართლე არ არის მოსარჩელის მითითება, სამსახურიდან წასვლის შესახებ მისი იძულების შესახებ. მოსარჩელის მიერ დასახელებული, თითქოსდა მისი შევიწროების პერიოდში - 2013-2016 წლებში, ფონდმა არაერთი დირექტორი გამოიცვალა. შეუძლებელი და ლოგიკას მოკლებულია, ყველა ხელმძღვანელის ინტერესებში ყოფილიყო მოსარჩელის შევიწროება მისი აქტიურობის გამო. მოპასუხემ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, ფონდის 2016 წლის 24 მარტის 07-4/დ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია. აღნიშნული ბრძანება მას ჩაბარდა 2016 წლის 28 მარტს. მას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური შეეფარდა 2015 წლის 22 დეკემბერს, ბენეფიციარ გ.მ-ას გარდაცვალების ფაქტის შესახებ ფონდის ხელმძღვანელობისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. აღნიშნული წესი გაწერილია პანსიონატის „შინაგანაწესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-15 მუხლის პირველ პუნქტში. მოსარჩელემ დაარღვია სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2016 წლის 23 ივნისის ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების ვადა, რის გამოც, მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელეს აღნიშნულ ბრძანებასთან ერთად, 2016 წლის 24 ივნისს, ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა როგორც ბრძანება, ისე მისი დასაბუთება _ მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 22 ივნისის მოხსენებითი ბარათი. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ 2016 წლის 18 ივლისის წერილით მოითხოვა ფონდის დირექტორისგან მისი გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება. აღნიშნული წერილით, მოსარჩელეს სურდა ხელოვნურად გაეზარდა სასამართლოსთვის მიმართვის ვადა. ამავე დროს, მოპასუხე ფონდმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული ორივე ბრძანება კანონმდებლობის სრული დაცვით და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით არის გამოცემული, რის გამოც, მოპასუხე ფონდს აღნიშნული ბრძანებების გამოცემით არ დაურღვევია მოსარჩელის შრომითი უფლებები.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ფონდის 2016 წლის 23 ივნისის N07-130/კ ბრძანება, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 18 000 ლარის ოდენობით. სარჩელი, დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე შეუძლებელია; მოცემული თანამდებობა არ არის ვაკანტური. პანსიონატის სპეციფიური ხასიათის საქმიანობიდან გამომდინარე, პანსიონატს ესაჭიროებოდა უფროსი, მითუმეტეს, რომ ეს ადგილი გათავისუფლდა 2016 წლის 23 ივნისს. მოსარჩელეს არ მიუთითებია რომელიმე ტოლფას თანამდებობაზეც.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის უარყოფა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 6 მაისიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო ფონდის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) „მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის“ უფროსის თანამდებობაზე.
10. მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი წარმოადგენს სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებას, რომელიც სოციალურ მომსახურებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის (გონებრივი ჩამორჩენილობის - F70.0, F70.1, F70.8, F70.9, F71.0, F71.1, F71.8, F71.9, F72.0, F73.0, აგრეთვე, სხვა ფსიქიკური აშლილობების გამო განვითარებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის) მქონე სრულწლოვან პირებს (ბენეფიციარებს).
11. ფილიალის ძირითადი ფუნქციებია: ა) ბენეფიციართა სოციალური რეაბილიტაცია; ბ) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებით, ასევე პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება; გ) ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; დ) ბენეფიციართა გართობისა და დასვენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ფილიალს მართავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის დირექტორი.
12. ფილიალის დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ფილიალის უფროსი: ხელმძღვანელობს ფილიალის გამართულ საქმიანობას, პასუხისმგებელია მის ნორმალურ ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხზე; ახორციელებს ფილიალის საერთო ხელმძღვანელობას სამართლებრივ და საინფორმაციო უზრუნველყოფას; ახორციელებს ფილიალის ფუნქციებს; დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ანაწილებს მოვალეობებს ფილიალის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებს და დავალებებს, ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ატარებს თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს; ვალდებულია ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, აცნობოს საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბენეფიციარის ოჯახს (საკონტაქტო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) და ფონდს; პასუხს აგებს ფილიალის საერთო საქმიანობის ეფექტურ ორგანიზებაზე, კანონიერების, დისციპლინის, ბენეფიციართა უფლებების დაცვაზე და სხვა.
13. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისათვის, გამოიკვლია, ჰქონდა თუ არა ადგილი იმ გადაცდომებს - ფილიალის დებულების და შინაგანაწესის დარღვევას, რაც 2016 წლის 24 მარტის (საყვედურის გამოცხადების შესახებ) და 2016 წლის 23 ივნისის (გათავისუფლების შესახებ) ბრძანებებს დაედო საფუძვლად.
14. დადგენილი იქნა, რომ ფონდის დირექტორის 2016 წლის 24 მარტის ბრძანებით ფონდის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის უფროსს - მოსარჩელეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური (იხ. ტ.1.ს.ფ. 36-37).
15. მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას საფუძვლად დაედო ფონდის მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 17 მარტის N07-795 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს, პანსიონატში მიიღეს ბენეფიციარი გ.მ-ა, რომელსაც არ გააჩნდა თვითმოვლის ჩვევები, კვების დროს ესაჭიროებოდა მეთვალყურეობა, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა საჭმლის მიტაცების ჩვევა, ამდენად საჭიროებდა განსაკუთრებულ ყურადღებას კვების დროს. 2015 წლის 22 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამხარზე, სასადილოში შესვლისას, ბენეფიციარმა დაინახა ნამცხვარი, დაუსხლტა ხელიდან მორიგე მომვლელს, სტაცა ნამცხვრის ულუფას ხელი და პირში ჩაიდო. პერსონალმა და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ შეძლო მისი გადარჩენა. ბენეფიციარის გარდაცვალება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ დაფიქსირდა 2015 წლის 22 დეკემბერს, 18:00 საათზე. ფილიალის უფროსი - მოსარჩელე, ამ დროს, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ფონდის ხელმძღვანელობის შეტყობინება მოხდა მეორე დღეს, 2015 წლის 23 დეკემბრის დილას. ამავდროულად, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, წერილობითი შეტყობინება გაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონულ განყოფილებაში. 2015 წლის 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ ფილიალის დებულების და შინაგანაწესის დარღვევა.
16. ფილიალის დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის მიხედვით ფილიალის უფროსი ვალდებულია ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, აცნობოს საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბენეფიციარის ოჯახს (საკონტაქტო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) და ფონდს. (ტ.1.ს.ფ. 54-63).
17. ფილიალის შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დაწესებულებაში ნებისმიერი პირის გარდაცვალების, კონფლიქტის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანების, ან თანამშრომლების და/ან ბენეფიციარების წინააღმდეგ ჩადენილი არაკანონიერი ქმედების შემთხვევაში, ფილიალის უფროსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ფონდის ხელმძღვანელობას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ტ.1.ს.ფ. 158).
18. დადგენილია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 2015 წლის 22 დეკემბერს 18:00 საათზე პანსიონატში დაფიქსირდა ბენეფიციარის გ.მ-ას გარდაცვალების ფაქტი. დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო ფონდის ხელმძღვანელისთვის ინფორმაცია მიწოდებული იქნა მომდევნო დღეს.
19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ მას ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ ფონდისთვის ინფორმაციის მომდევნო დღეს მიწოდებით შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება არ დაურღვევია, რადგან არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტით განმარტებული არ ყოფილა დაუყოვნებლივ შეტყობინების არსი.
20. სააპელაციო პალატის მითითებით, ის ფაქტი, რომ 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის (ბენეფიციარის გარდაცვალება) დადგომიდან (2015 წლის 22 დეკემბრის 18 : 00 საათი), რამდენიმე წუთშივე (დაუყოვნებლივ) ფილიალის უფროსის მიერ (მოსარჩელე), დებულების და წესდების მოთხოვნის შესაბამისად, განხორციელდა მომხდართან დაკავშირებით სამართლადამცავი ორგანოების ინფორმიერება, დროის ამავე მონაკვეთში (და არა შემთხვევის დადგომიდან 14-16 საათის შემდეგ), პარალელურად უნდა მომხდარიყო ფონდის ხელმძღვანელობის ინფორმირებაც. კონკრეტულ შემთხვევაში, დაუყოვნებლივი ინფორმირება გულისხმობს შეტყობინებას უახლოესი წუთების, უახლოესი 1-2 საათის განამვლობაში. ნიშანდობლივია, რომ სხვა შემთხვევის (ბენეფიციარი მ.დ-ის გარდაცვალების შემთხვევაში) დროს, მოსარჩელემ ინფორმირების ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, თავად მოსარჩელის განმარტებით გაირკვა, რომ მიუხედავად ბენეფიციარის (მ.დ-ი) არასამუშაო საათებში (საღამოს 21:00 საათიდან-22:00 საათამდე პერიოდი) გარდაცვალებისა, მომხდარი ფაქტის შესახებ, მან ფონდის ხელმძღვანელობას შემთხვევის დადგომიდან თხუთმეტი წუთის ინტერვალშივე შეატყობინა. (იხ. 20.02.2018წ. სხდომის ოქმი 14:03:45-14:04:25). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ინფორმაციის ,,დაუყოვნებლივ’’ მიწოდების არსი. ფილიალის შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდების ვალდებულება, ფონდის გარდა, გათვალისწინებულია ისეთი დაწესებულებებისთვის, როგორიცაა, სამართალდამცავი ორგანოები (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო). დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფონდის მიმართ 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის თაობაზე ინფორმირების ვალდებულება მოსარჩელემ განახორციელა არა შემთხვევის დადგომიდან დაუყოვნებლივ, არამედ 14-16 საათის შემდეგ, რითიც მან დაარღვია ფილიალის დებულებით და შინაგანაწესით (დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტი; შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუქნტი) დადგენილი დაუყოვნებლივი ინფორმირების ვალდებულება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ დარღვევის გამო, მის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან 2016 წლის 24 მარტის N07-4/დ ბრძანებით კანონიერად იქნა გამოყენებული საყვედური.
21. ამასთან, დადგენილი იქნა, რომ ფონდის დირექტორის 2016 წლის 23 ივნისის №07-130/კ ბრძანებით ფონდის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) ,,მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის’’ უფროსი - მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 24 ივნისიდან.
22. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო ფონდის მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 22 ივნისის 07-1895 მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ 2016 წლის 28 მარტს, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში, ფილიალის ბენეფიციარის, მ.დ-ის გარდაცვალების ფაქტის ირგვლივ არსებული გარემოებების შესწავლის მიზნით. პანსიონატის უფროსის, თანამშრომლების ახსნა-განმარტებების და გარდაცვალების ფაქტის შემსწრე ქმედუნარიან ბენეფიციარებთან გასაუბრების შედეგად, გაირკვა, რომ 27 მარტს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბენეფიციარი შევიდა საპირფარეშოში, მას იქ დაეწყო ხველა, საპირფარეშოდან გამოსულს ჰქონდა სპონტანური სისხლდენა პირის ღრუდან და ნესტოებიდან. მედდამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა, ბენეფიციარი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მომხდარს შეესწრნენ და მ-ს გადარჩენას ცდილობდნენ მორიგე აღმზრდელები, მედდა და რამდენიმე ბენეფიციარი. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა პოლიციას, ფონდის დირექტორს, ასევე გარდაცვლილის დას. ამ უკანასკნელის კატეგორიული უარის გამო, ექსპერტიზა არ ჩატარებულა, შესაბამისად, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა.
23. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარის გარდაცვალების მომენტში, იქ მყოფ პასუხისმგებელ პირთა მოქმედებები სრულად შეესაბამებოდა ფილიალის დებულებით თუ შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, თუმცა, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფის თვალსაზრისით, შესაბამის რეაგირებას საჭიროებენ. კერძოდ, დაწესებულების ექიმ-თერაპევტის განმარტებით მ.დ-ი ფილიალში 03.07.2012 წელს ჩაირიცხა დიაგნოზით: F07.0 ორგანული პიროვნული აშლილობა, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცვლილებები, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, თირკმლის ამილოიზიდი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპატია, თირკმლის ამილოიდოზი. ექიმ-თერაპევტის განმარტებით, მიუხედავად მისი დიაგნოზისა, ბენეფიციარის მდგომარეობა სომატური სფეროს მხრივ იყო სტაბილური. 2016 წლის იანვარში, მდგომარეობა გაუარესდა, ჰქონდა ცხელება, ხველა, მწვავე ნაზოფარინგიტის დიაგნოზით მიმდინარეობდა მისი მედიკამენტოზურიმკურნალობა ანტიბიოტიკებით, ვიტამინებით და ანტიჰესტამონური მედიკამენტებით, თუმცა, ვინაიდან, დინამიკაში გაუმჯობესება არ აღინიშნა, მას გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი 2014 წლის 23 თებერვალს, ხოლო 2016 წლის 24 თებერვალს, ოჯახის ექიმის მიმართვით, გაგზავნილ იქნა გარდაბნის ტუბდისპანსერში, ფტიზიატრთან საკონსულტაციოდ. ჩატარებული გამოკვლევებით, ტუბერკულოზი არ დადასტურდა.
24. გათვალისწინებით იმისა, რომ მ.დ–ის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, 2016 წლის 14 მარტს შედგა მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრა. ბენეფიციარს შესთავაზეს სტაციონარიზაცია შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ფილიალის უფროსის - მოსარჩელის განმარტებით, ბოლო პერიოდში, ბენეფიციარს აღენიშნებოდა ცხელება, რაც მკურნალობის შედეგად ალაგდა, თუმცა, ის კვლავ იყო ფერმკრთალი და შეინიშნებოდა წონაში კლება.
25. დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ ფილიალის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესწავლის პროცესში გაირკვა, რომ ბენეფიციარს ინტენსიურად მკურნალობდნენ მისი ერთ-ერთი დიაგნოზის, კერძოდ, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცვლილებების გათვალისწინებით, თუმცა, სხვა დაავადებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ენცეფალოპათია და თირკმლის ამილოიდოზი არ იქნა გამოკვლეული. ფილიალში ყოფნის დროს, მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის დეკემბერში ჩაუტარდა მას მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, რითაც დადგინდა ღვიძლის ზომების მომატება, ხოლო სხვა გამოკვლევები ან დანიშნულება აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით, ბენეფიციარის ფილიალში ცხოვრების მანძილზე (2012 წლის 03 ივნისიდან - 2016 წლის 27 მარტამდე) არ ჩატარებია. ამასთან, არ იკვეთება, რომ ბენეფიციარს შესთავაზეს და მან უარი თქვა ამბულატორიულ გამოკვლევაზე, რომლის ჩატარებაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარიზაციის გარეშე. ამბულატორიული კვლევები, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2016 წლის 24 თებერვალს ბენეფიციარი გაიგზავნა გარდაბნის ტუბდისპანსერში, ფტიზიატრთან საკონსულტაციოდ, რაზეც მას უარი არ განუცხადებია.
26. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ფონდის მონიტორინგის სამსახური, მონიტორინგის ფარგლებში მოკლებულია, ფილიალებსა და სტრუქტურულ ერთეულებში რაიმე სახის სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების შესაძლებლობას, აღნიშნული სცილდება სამსახურის უფლებამოსილებას. თუმცა, მონიტორინგის ჯგუფი ვალდებულია, მონიტორინგის ფარგლებში, შეამოწმოს ფილიალებსა და სტრუქტურულ ერთეულებში ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მონიტორინგის ჯგუფმა მიიჩნია, რომ მ----- დ-თან მიმართებით იკვეთებოდა მომსახურების არაჯეროვნად მიწოდების ფაქტი. შესაბამისად, მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველომ ფონდის დირექტორს წარუდგინა შემდეგი რეკომენდაციები: - მარტყოფის შშმპ პანსიონატის უფროსს, მოსარჩელეს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამავე ფილიალის დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობისთვის, კერძოდ, მან ვერ უზრუნველყო ზედამხედველობა გაეწია მ.დ-ისთვის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი, შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესისთვის, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელისთვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება; მარტყოფის შშმპ პანსიონატის უფროსის მოადგილეს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამავე ფილიალის დებულების მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის, რადგან მან ვერ გაუწია სათანადო ზედამხედველობა ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი, შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელისთვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება; - მარტყოფის შშმპ პანსიონატის ექიმ-თერაპევტს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამავე ფილიალის დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რადგან მან ვერ უზრუნველყო ბენეფიციარისთვის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიწოდება და ამასთან, არ ჰქონდა მოწესრიგებული ბენეფიციარის სამედიცინო დოკუმენტაცია (მოხსენებითი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 185-187).
27. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მ.დ-თან მიმართებით ფილიალის დებულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
28. დადგენილი იქნა ისიც, რომ ბენეფიციარი მ.დ-ი მარტყოფის ფილიალში ჩაირიცხა 2012 წლის 03 ივლისს, შემდეგი დიაგნოზით: F07.0 ორგანული პიროვნული აშლილობა, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცლილებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპატია, თირკმლის ამილოიდოზი. საქმეში წარმოდგენილი ბენეფიციარის დინამიური მეთვალყურრეობის გასინჯვის ფურცლებიდან (ტ.1.ს.ფ. 206, 216, 221) ირკვევა, რომ პაციენტი თითქმის უწყვეტად უჩიოდა ხველას, რასაც მუდმივად უკავშირებდა გაციებას, პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა სტაბილურად, თუმცა, საყურადღებოდ.
29. დადგენილია, რომ ბენეფიციარს ინტენსიურად მკურნალობდნენ მისი ერთ-ერთი დიაგნოზის, კერძოდ, პოსტტუბერკულოზური დიდი ნარჩენი ცვლილებების გათვალისწინებით, თუმცა, სხვა დაავადებები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ენცეფალოპათია და თირკმლის ამილოიდოზი არ იქნა გამოკვლეული. ფილიალში ყოფნის დროს, მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის დეკემბერში ჩაუტარდა მას მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, რითაც დადგინდა ღვიძლის ზომების მომატება, ხოლო სხვა გამოკვლევები ან დანიშნულება აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით, ბენეფიციარის ფილიალში ცხოვრების მანძილზე (2012 წლის 03 ივნისიდან - 2016 წლის 27 მარტამდე) არ ჩატარებია.
30. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით, კერძოდ, ჯანმრთელობის პრობლემების ჩამონათვალი ქრონიკულად მოავადე ბენეფიციარებისთვის (ტ.1.ს.ფ. 240) ირკვევა, რომ 22.02.2012წ. კონსილიუმის გადაწყვეტილებით მ.დ-ს, როგორც ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ნახველის კულტურალური გამოკვლევის და მისი დინამიკაში დაკვირვების შესახებ. ამავე დოკუმენტის მიხედვით 20.06-ისთვის ფორმა #100-ის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ პაციენტი გარშემომყოფებისთვის საშიაშროებას არ წარმოადგენდა. დადგენილი იქნა ისიც, რომ 24.02.2016 წლამდე პაციენტისთვის ნახველის ანალიზი ჩატარებული არ ყოფილა. 04.03.2016 წლის ბენეფიციარის დინამიური მეთვალყურეობის შესახებ გასინჯვის ფურცლიდან ირკვევა, რომ პაციენტს ჩაუტარდა ნახველის კვლევა, თუმცა, ტუბერკულოზი არ გამოვლინდა.
31. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, 14.03.2016 წლის ბენეფიციარის დინამიური მეთვალყურეობის გასინჯვის ფურცლიდან და 14.03.2016წ. მულტიდისციპლინარული გუნდის შეხვედრის ოქმიდან ირკვევა, რომ მ.დ–მა უარი განაცხადა სტაციონარირებაზე, თუმცა, დადასტურებული ვერ იქნა ფაქტი მასზედ, რომ ამ უკანასკნელმა ასევე უარი თქვა ამბულატორიული კვლევების ჩატარებაზე. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, ბენეფიციარის 24.02.2016 წლის გასინჯვის ფურცლიდან (ტ.1.ს.ფ. 224) დგინდება, რომ მ.დ-ი პანსიონის მანქანით წაყვანილი იქნა გარდაბნის მრავალპროფილურ კლინიკაში ფტიზიატრთან კონსულტაციის ჩასატებლად, რომელიც ჩაუტარდა კიდეც.
32. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის“ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხელმძღვანელის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა ფილიალის გამართული საქმიანობის და მომსახურების ხარისხის უზრუნვეყოფა, ბენეფიციართა უფლებების დაცვა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ბენეფიციარი (მ.დ–ი) ვერ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი მომსახურების ჯეროვანი მიწოდებით.
33. სააპელაციო საამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ის არგუმენტი, რომ ფილიალის უფროსს არ ევალება სამედიცინო განათლების და სპეციალობის ქონა და რომ ის არ არის ვალდებული განსაზღვროს ბენეფიციართა მკურნალობის მიმართულებები და ა.შ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების დარღვევა კონკრეტულ შემთხვევაში, ვლინდება არა იმაში, რომ მისი პირდაპირი ჩართულობით ან პირიქით, მისი ჩაურევლობის გამო, ბენეფიციარს არასწორი სამედიცინო მომსახურება გაეწია (რამაც საბოლოოდ ბენეფიციარის გარდაცვალება გამოიწვია), არამედ მასზე, როგორც ფილიალის ხელმძღვანელზე დაკისრებული მოვალეობების დარღვევა იმაში გამოვლინდა, რომ მან როგორც ფილიალის ხლემძღვანელმა ვერ უზრუნველყო ზედამხედველობის გაწევა მ.დ-ისათვის, საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი, შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესისთვის. მიუხედავად მ.დ-ის დიაგნოზისა, საიდანაც ირკვევა, რომ იგი არაერთი სნეულებით იყო დაავადებული, ამასთან, მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა „მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის“ მიერ არ ყოფილა გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომელიც ბენეფიციარისთვის ჯანმრთელობის მომსახურების ჯეროვან მიწოდებას, ამბულატორიული მკურნალობის კუთხით მაინც უზრუნველყოფდა. ამრიგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მასზედ, რომ მოსარჩელემ, როგორც ფილიალის უფროსმა არასათნადოდ შეასრულა დებულების ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნები, მან ვერ უზრუნველყო ზედამხდეველობის გაწევა მ.დ-ისათვის, საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი შესაბამისი ზრუნვის მიწოდების პროცესისთვის, რამაც გამოიწვია ბენეფიციარისათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
34. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სწორად დაადგინა და მართებულად მიიჩნია, მოსარჩელის მხრიდან ორივე შემთხვევაში, როგორც 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის დროს, ასევე 2016 წლის 27 მარტის შემთხვევის დროს, ფილიალის დებულებითა და შინაგანაწესით მისთვის დაკისრებული მოვალეობების დარღვევის შესახებ გარემოებები, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო, გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების საკითხი და არასწორად მიიჩნია ლ.კ-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არაკანონიერად.
35. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ” ქვეპუნქტი.
36. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის დანაწესით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
37. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი უნდა ყოფილიყო დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის და ამ უკანასკნელის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების ფაქტი.
38. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სშკ-ის იმ დებულებებზე, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულმა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით მასზე დაკისრებული ვალდებულება.
39. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა მასზედ, რომ სსკ-ის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტი ისეთ დარღვევას გულისხმობს, რომლის იდენტური (ანალოგიური) დარღვევის ჩადენისთვისაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ უკვე გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
40. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს აღნიშნული ნორმის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტებიდან და იმისათვის, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტა მართზომიერად იქნეს მიჩნეული საკმარის საფუძველს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ან შინაგნაწესით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ვალდებულების მინიმუმ ორჯერ დარღვევა ერთი წლის პერიოდში.
41. შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ.; დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელის (უფროსის) მოვალებასაც ასრულებდა მოსარჩელე წარმოადგენს სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებას, რომელიც სოციალურ მომსახურებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან პირებს (ბენეფიციარებს). მომსახურების გამწევ ისეთ საპასუხისმგებლო დაწესებულებაში, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოს და მოვალეობების გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და მაღალი სტანდარტით შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
42. დადგენილია, რომ ერთი წლის განმავლობაში მოსარჩელის მხრიდან ორივე შემთხვევაში, როგორც 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის დროს, ასევე 2016 წლის 27 მარტის შემთხვევის დროს, დარღვეული იქნა ფილიალის დებულებითა და შინაგანაწესით მისთვის დაკისრებული მოვალეობები. ის მოცემულობა, რომ ფილიალის უფროსის მხრიდან ერთ შემთხვევაში დარღვეულია დაუყოვნებლივ ინფორმირების ვალდებულება, ხოლო მეორე შემთხვევაში დარღვეულია ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოშობილი შესაბამისი ზრუნვის (სამედიცინო მომსახურების) მიწოდების პროცესისთვის ზედამხდეველობის გაწევის ვალდებულება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკმარის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ" ქვეპუნქტის კვალიფიკაციისათვის და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის.
43. ამდენად, მიჩნეული იქნა, რომ დამსაქმებელმა კანონიერად განახორციელა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
44. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
45. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ პრეტენზიებს:
46. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ფონდისა“ და „პანსიონატის“ დებულებებითა და შინაგანაწესით დადგენილი კასატორის ვალდებულებები და კანონიერად ცნო პირის სამსახურიდან გათავისუფლება ისეთი ვალდებულებების დარღვევისათვის, რაც მისი პასუხისმგებლობის სფეროს არ განეკუთვნებოდა.
47. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაჭრისათვის საკასაციო სასამართლომ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფონდის დირექტორის 2016 წლის 24 მარტის №07-4დ ბრძანების კანონიერება, ასევე, დასაქმებულის გათავისუფლების კანონიერება 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ პუნქტის შესაბამისად.
48. 2016 წლის 24 მარტის №07-4დ ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 22 დეკემბერს 18 საათზე ბენეფიციარ გ. მ-ას გარდაცვალების ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა ფონდის ხელმძღვანელობას, რითაც დაირღვა ფონდის ტერიტორიული ორგანოს შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
49. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, კასატორი მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ. მ-ას გარდაცვალებისას ფონდის სამუშაო საათები დასრულებული იყო, ხოლო მოსარჩელემ შეტყობინება განახორციელა მომდევნო სამუშაო დღის დაწყებისთანავე. „ფონდის" შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულებაში ნებისმიერი პირის გარდაცვალების, კონფლიქტის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანების, ან თანამშრომლების და/ან ბენეფიციარების წინააღმდეგ ჩადენილი არაკანონიერი ქმედების შემთხვევაში, ფილიალის უფროსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ფონდის ხელმძღვანელობას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. გ.მ-ას გარდაცვალება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ დადგენილ იქნა 2016 წლის 22 დეკემბერს 18:00 საათზე, აღნიშნულთან დაკავშირებით „პანსიონატის" უფროსის მიერ გამოძახებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც გარდაცვალების ადგილზე ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ 24:00 საათამდე, ადგილზევე განხორციელდა „პანსიონატის" ყველა თანამშრომლისა და გარდაცვალების ფაქტის მომსწრე პირების დაკითხვა, ოჯახის წევრებთან გასაუბრება, რის შემდეგაც, დაახლოებით 01:00 საათზე განხორციელდა მიცვალებულის გადასვენება. „პანსიონატის" უფროსის მიერ „ფონდის" დირექტორის ინფორმირება სატელეფონო საშუალებით განხორციელდა მეორე დღესვე - 2016 წლის 23 დეკემბერს სამუშაო საათების დაწყებისთანავე, დილის 9 საათისთვის. „ფონდის" არცერთი სამართლებრივი აქტი, მათ შორის, არც „ფონდის" დებულება, მისი შინაგანაწესი, „პანსიონატის" დებულება ან მისი შინაგანაწესი, არ ითვალისწინებს „ფონდის" შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების წესს. არცერთი სამართლებრივი აქტით არ არის დადგენილი თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს „ფონდის" შეტყობინება, რომელ მისამართსა თუ სატელეფონო ნომერზე, ხოლო ტერმინი „დაუყოვნებლივ" გულისხმობს გარდაცვალების ფაქტის დადგომისას იმწუთიერ შეტყობინებას „ფონდის" მიმართ თუ აღნიშნულის განხორციელებას სამუშაო საათებში თუ გარდაცვალების ფაქტი არასამუშაო საათებში დადგა. აქვე საყურადღებოა, რომ „ფონდში" არ არსებობს მორიგე თანამშრომლის ინსტიტუტი და არასამუშაო საათებში „ფონდთან" საკონტაქტო საშუალებებზე დაკავშირება შეუძლებელია.
50. ამდენად, კასატორის მიერ გ. მ-ას გარდაცვალების ფაქტის დადგომისთანავე განხორციელდა იმ ორგანოებისა თუ პირების შეტყობინება, ვისთან დაკავშირებაც სამუშაო საათებში შესაძლებელი იყო და ვისაც გარდაცვალების ფაქტის დადგომის მყისიერად გარკვეული მოქმედებების განხორციელება ევალებოდა (სასწრაფო სამედიცინო სამსახური, სამართალდამცავი ორგანოები), ხოლო „ფონდის" შეტყობინება განხორციელდა სამუშაო საათების დაწყებისთანავე, შესაბამისად შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებისა.
51. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით (პ. 4.1.4) მოსარჩელისათვის კარგად იყო ცნობილი დაუყოვნებლივი შეტყობინების არსი, რაც დასტურდებოდა იმით, რომ ანალოგიურ შემთხვევაში (მ. დ–ის გარდაცვალება, 2016 წლის 27 მარტი) არასამუშაო საათებში მოსარჩელემ დაუყოვნებლივ შეატყობინა ფონდის ხელმძღვანელს. აღნიშნული არგუმენტი საფუძვლიანად არ მიგვაჩნია ვინაიდან 2016 წლის 27 მარტს, არასამუშაო საათებში მ. დ–ის გარდაცვალებისას მოსარჩელემ გაითვალისწინა მისთვის 2016 წლის 24 მარტის ბრძანებით არაკანონიერად შერაცხული ე.წ. „დარღვევა“ და დაუყოვნებლივ შეატყობინა ფონდის ხელმძღვანელს ფაქტის შესახებ. შესაბამისად გაუგებარია უფრო გვიანდელი მოვლენა, რით ადასტურებს წინმსწრები ქმედების უკანონობას.
52. კასატორი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო პალატა გაიზიარებს კასატორის შედავებას 2016 წლის 24 მარტის №07-4დ ბრძანების უკანონობასთან დაკავშირებით და ბათილად ცნობს მას, ეს იმავდროულად გამოიწვევს 2016 წლის 22 ივნისის №07-130/კ ბრძანების ბათილობას, ვინაიდან სახეზე არ იქნება სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ პუნქტის გამოყენების საფუძველი.
53. რაც შეეხება მეორე შემთხვევას - ფონდის ბენეფიაციარ მ.დ-ის გარდაცვალებას, კასატორი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 22 ივნისის №07-130/კ ბრძანების კანონიერებასთან მიმართებით მნიშვნელოვანია გამოკვლეულ იქნას არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველი. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებულია „ფონდის" მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 22 ივნისის მოხსენებითი ბარათი, რომელიც უკავშირდება 2016 წლის 27 მარტს „პანსიონატის" ერთ-ერთი ბენეფიციარის მ. დ-ის გარდაცვალების ფაქტს. ბ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, სათანადო რეაგირება მოხდა მ. დ–ის გარდაცვალების ფაქტზე, დაუყოვნებლივ იქნა გამოძახებული როგორც პოლიცია, აგრეთვე დაუყოვნებლივ განხორციელდა „ფონდის" შეტყობინება აღნიშნულზე. ამავე ბარათშია აღნიშნული, რომ გარდაცვალების მომენტში იქ მყოფ პასუხისმგებელ პირთა მოქმედებები სრულად შეესაბამება, როგორც „პანსიონატის" დებულებას, აგრეთვე მისი „შინაგანაწესით" გათვალისწინებულ თანამშრომელთა ვალდებულებებს. თუმცა, სამმართველოს უფროსი რეკომენდაციით მიმართავს „ფონდის" დირექტორს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენოს „პანსიონატის" უფროსის მიმართ, მის მიერ „არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის".
54. დებულება, შინაგანაწესი, არც პანსიონატის დებულება ან მისი შინაგანაწესი, არ ითვალისწინებს „პანსიონატის" უფროსის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლებამოსილებას/ვალდებულებას.
55. ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტზე არ განხორციელებულა მოკვლევა და შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს შეამოწმოს და დაადგინოს სამედიცინო მომსახურების გაწევის ხარისხი, დასკვნა გარდაცვლილი ბენეფიციარისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ხარისხის შესახებ.
56. კასატორი აღნიშნავს, რომ პანსიონატი არ წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას და ის უშუალოდ არ ეწევა ბენეფიციარების სამედიცინო ამბულატორიულ თუ სტაციონარულ მომსახურებას. მოსარჩელეს არ გააჩნია სამედიცინო განათლება და ის პირადად ვერ გადაწყვეტს თუ რა სახის სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს კონკრეტული ბენეფიციარი. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად პანსიონატს ჰყავს ექიმი-თერაპევტი, რომლის ფუნქციებიც გაწერილია პანსიონატის დებულების მე-5 მუხლით, სადაც პირდაპირაა განსაზღვრული მისი ვალდებულებები ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით და რომელსაც თავად „ფონდი“ ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან.
57. კასატორს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს მოსარჩელის მე-5 მოთხოვნაზე. მეხუთე სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვდა მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელისთვის მოპასუხის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულებელყო განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობის შემდეგ, იმსჯელა მოსარჩელის სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობაზე და განსაზღვრული ოდენობის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ (სშკ-ის38.8 მუხლი). კასატორი მოითხოვს, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ იმსჯელოს განაცდურის ანაზღაურებაზე. კასატორი მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავიდან გამომდინარე განაცდურის (ზიანის) ანაზღაურების შესახებ საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც განხორციელებული იყო სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 411-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები: დამსაქმებელმა უკანონოდ შეწყვიტა, შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, რითაც დაარღვია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სახეზეა საწარმოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედება; ბ) დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით დასაქმებულს მიადგა ზიანი, მან ვერ მიიღო შრომის ანაზღაურების სახით ის შემოსავალი, რასაც იგი მიიღებდა, რომ არა საწარმოს უკანონო მოქმედება. განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის უკანონო ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.“ (იხ. სუსგ № ას-951-901-2015, 29.01.2016წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული განაცდურისა და ზიანის ანაზღაურების განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტების არსი, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა დანაწესებიდან გამომდინარეობს, როგორც დასაქმებულის განსხვავებული უფლებები (იხ. სუსგ-ები: №ას-24-22-2017,31.03.2017წ; №ას-371-352-2015, 28.07.2015წ; №ას-281-269-2015, 20.07.2015წ; №ას-951-901-2015, 29.01.2016წ; №ას-885-847-2014, 29.06.2015წ.). თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის მინიჭებული კომპენსაცია წარმოადგენს შრომის კოდექსის 38.8 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სამუშაოზე აღდგენის უფლების ალტერნატივას, ხოლო იძულებითი განაცდური თავისი არსიდან გამომდინარე დასაქმებულის არა ალტერნატიულ არამედ დამოუკიდებელ უფლებას, მოითხოვოს ის ანაზღაურება, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არა დამსაქმებლის უკანონო ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
58. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
59. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგი გარემოებების გამო:
60. წინამდებარე გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო შეამოწმებს მოპასუხის 2016 წლის 24 მარტის N07-4/დ ბრძანებისა („ლ.კ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საყვედურის შეფარდების შესახებ“) და მოპასუხის 2016 წლის 23 ივნისის N07-130/კ ბრძანების („ლ.კ-ის გათავისუფლების შესახებ“) კანონიერებას. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის შემდგომ კი, საკასაციო პალატა იმსჯელებს მოსარჩელის დანარჩენ მოთხოვნათა დასაბუთებულობაზე (მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე, სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება და გადახდის დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება).
61. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ., სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16).
62. ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
63. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით 37-ე და 38-ე მუხლები), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ., სუსგ Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.).
64. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა, მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.
65. მითითებული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ., სუსგ №ას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019, პ.25).
66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უმნიშვნელოვანესი პრინციპი რაც უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობის (თანაზომიერება) და გონივრული საფუძვლის პრინციპი. თანაზომიერება, ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული; მეორე ULTIMA RATIO კი, განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რამდენადაც მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი.
67. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
68. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა.
69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროპორციულობის პრინციპის დაცვით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს.
70. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) (ამჟამად მოქმედი სშკ-ის რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი - საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177). ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერი რომ იყოს, აუცილებელია, დგინდებოდეს დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის და ამ უკანასკნელის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების ფაქტი.
71. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ გათავისუფლებამდე (2016 წლის 23 ივნისამდე) გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური (2016 წლის 24 მარტი). კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო პალატა გაიზიარებს კასატორის შედავებას 2016 წლის 24 მარტის №07-4დ ბრძანების უკანონობასთან დაკავშირებით და ბათილად ცნობს მას, ეს იმავდროულად, გამოიწვევს 2016 წლის 22 ივნისის №07-130/კ ბრძანების ბათილობას, ვინაიდან სახეზე არ იქნება სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ პუნქტის გამოყენების საფუძველი.
72. შესაბამისად, საკასაციო პალატა პირველ რიგში, იმსჯელებს მოსარჩელის მიმართ გათავისუფლებამდე (2016 წლის 22 ივნისი) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის გამოყენების მიზანშეწონილობაზე, რომელსაც საფუძვლად დაედო ფონდის მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 17 მარტის N07-795 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს, პანსიონატში მიიღეს ბენეფიციარი გ. მ-ა, რომელსაც არ გააჩნდა თვითმოვლის ჩვევები, კვების დროს, ესაჭიროებოდა მეთვალყურეობა, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა საჭმლის მიტაცების ჩვევა. ამდენად, საჭიროებდა განსაკუთრებულ ყურადღებას კვების დროს. 2015 წლის 22 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამხარზე, სასადილოში შესვლისას, ბენეფიციარმა დაინახა ნამცხვარი, დაუსხლტა ხელიდან მორიგე მომვლელს, სტაცა ნამცხვრის ულუფას ხელი და პირში ჩაიდო. პერსონალმა და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ შეძლო მისი გადარჩენა. ბენეფიციარის გარდაცვალება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ დაფიქსირდა 2015 წლის 22 დეკემბერს, 18:00 საათზე. მოსარჩელე, ამ დროს, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ფონდის ხელმძღვანელობის შეტყობინება მოხდა მეორე დღეს, 2015 წლის 23 დეკემბრის დილას (იხ., ამ გადაწყვეტილების პპ: 15).
73. ვინაიდან დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფონდის მიმართ 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის თაობაზე ინფორმირების ვალდებულება მოსარჩელემ განახორციელა არა შემთხვევის დადგომიდან დაუყოვნებლივ, არამედ 14-16 საათის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაარღვია ფილიალის დებულებით და შინაგანაწესით (დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტი; შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი) დადგენილი დაუყოვნებლივი ინფორმირების ვალდებულება. შესაბამისად, ამ დარღვევის გამო, მის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან 2016 წლის 24 მარტის N07-4/დ ბრძანებით გამოყენებული საყვედური შეფასდა მართლზომიერ ქმედებად (იხ., ამ გადაწყვეტილების პპ: 20).
74. ზემოაღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ (კასატორი), კანონით დადგენილი წესით, სადავო გახადა. ამ ნაწილში, მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მხრიდან უფლების გამოყენების ხანდაზმულობის საკითხი (იხ., მოპასუხის შესაგებელი), თუმცა, მოპასუხის შედავება უარყოფილი იქნა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
75. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულია სშკ-ის 37.1.„თ“ პუნქტი (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 47.1.„თ“ მუხლი), წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზის დასაშვებობა (დასაბუთება) უნდა შემოწმდეს იმ თვალსაზრისით, ჰქონდა თუ არა დასაქმებულის (მოსარჩელე) მხრიდან ადგილი მასზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, რაც მართლზომიერ სამართლებრივ საფუძველს წარმოუშობდა დამსაქმებელს 2016 წლის 24 მარტის N07-4/დ ბრძანების გამოცემისათვის.
76. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ გ. მ-ას გარდაცვალება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ დადგენილ იქნა 2016 წლის 22 დეკემბერს 18:00 საათზე. ამ დროისათვის, ფონდის სამუშაო საათები დასრულებული იყო. შესაბამისად, მოსარჩელემ „ფონდის" დირექტორის ინფორმირება, სატელეფონო საშუალებით მოახდინა მეორე დღესვე - 2016 წლის 23 დეკემბერს, სამუშაო საათების დაწყებისთანავე, დილის 9 საათისთვის. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ „პანსიონატის" უფროსის მიერ გამოძახებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც გარდაცვალების ადგილზე ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ 24:00 საათამდე, ადგილზევე განხორციელდა „პანსიონატის" ყველა თანამშრომლისა და გარდაცვალების ფაქტის მომსწრე პირების დაკითხვა, ოჯახის წევრებთან გასაუბრება.
77. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 2016 წლის 24 მარტის N07-4/დ ბრძანებისა („ლ.კ–ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ“) და მოპასუხის 2016 წლის 23 ივნისის N07-130/კ ბრძანების („ლ.კ-ის გათავისუფლების შესახებ“) კანონიერების ნაწილში, კასატორმა დასაშვები საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა. მითითებულ ბრძანებათა გამოცემის კუთხით ამ გადაწყვეტილების პპ: 14-15, 18-ით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
78. ფონდის დირექტორის 2016 წლის 24 მარტის ბრძანებით ფონდის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალის) მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის უფროსს - მოსარჩელეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური (იხ. ტ.1.ს.ფ. 36-37). მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას საფუძვლად დაედო ფონდის მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 17 მარტის N07-795 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს, პანსიონატში მიიღეს ბენეფიციარი გ.მ-ა, რომელსაც არ გააჩნდა თვითმოვლის ჩვევები, კვების დროს ესაჭიროებოდა მეთვალყურეობა, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა საჭმლის მიტაცების ჩვევა, ამდენად საჭიროებდა განსაკუთრებულ ყურადღებას კვების დროს. 2015 წლის 22 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამხარზე, სასადილოში შესვლისას, ბენეფიციარმა დაინახა ნამცხვარი, დაუსხლტა ხელიდან მორიგე მომვლელს, სტაცა ნამცხვრის ულუფას ხელი და პირში ჩაიდო. პერსონალმა და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ შეძლო მისი გადარჩენა. ბენეფიციარის გარდაცვალება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ დაფიქსირდა 2015 წლის 22 დეკემბერს, 18:00 საათზე. ფილიალის უფროსი - მოსარჩელე, ამ დროს, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ფონდის ხელმძღვანელობის შეტყობინება მოხდა მეორე დღეს, 2015 წლის 23 დეკემბრის დილას. ამავდროულად, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, წერილობითი შეტყობინება გაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონულ განყოფილებაში.
79. ამდენად, დადგენილია, რომ ფონდის მიმართ 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევის თაობაზე ინფორმირების ვალდებულება მოსარჩელემ განახორციელა არა შემთხვევის დადგომიდან დაუყოვნებლივ, არამედ 14-16 საათის შემდეგ, რაც სადავოა მხარეთა შორის, როგორც მოსარჩელის მიერ ფილიალის დებულებით და შინაგანაწესით (დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტი; შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუქნტი) დაკისრებული ვალდებულების დარღვევა.
80. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან მიმართებით, რომ ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოსარჩელემ დაარღვია ფონდის დაუყოვნებლივი ინფორმირების ვალდებულება.
81. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფილიალის დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის მიხედვით ფილიალის უფროსი ვალდებულია ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, აცნობოს საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბენეფიციარის ოჯახს (საკონტაქტო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) და ფონდს. (ტ.1.ს.ფ. 54-63)
82. ფილიალის შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დაწესებულებაში ნებისმიერი პირის გარდაცვალების, კონფლიქტის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანების, ან თანამშრომლების და/ან ბენეფიციარების წინააღმდეგ ჩადენილი არაკანონიერი ქმედების შემთხვევაში, ფილიალის უფროსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს, ფონდის ხელმძღვანელობას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ტ.1.ს.ფ. 158).
83. კასატორი განმარტავს, რომ „ფონდის" არცერთი სამართლებრივი აქტი, მათ შორის, არც „ფონდის" დებულება, მისი შინაგანაწესი, „პანსიონატის" დებულება ან მისი შინაგანაწესი, არ ითვალისწინებს „ფონდის" შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების წესს. არცერთი სამართლებრივი აქტით არ არის დადგენილი თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს „ფონდის" შეტყობინება, რომელ მისამართსა თუ სატელეფონო ნომერზე (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები).
84. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის დასადგენად, პირველ რიგში, შესაფასებელია თუ, რას გულისხმობს ფილიალის შინაგანაწესში დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულება.
85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი ვადა, იქნება ეს ზუსტად განსაზღვრული თუ ნავარაუდევი, უნდა იყოს გონივრული. გონივრული ვადა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში, მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით. გონივრულია ისეთი ვადა, რომელიც ასეთად შეიძლება ჩათვლილიყო, როგორც კანონის ობიექტური ნების, ისე მხარეთა ნების გამოვლენის საფუძველზე. შეიძლება იგი გამომდინარეობდეს სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებიდანაც. გონივრული ვადის განმსაზღვრელი საზომი ერთი კონკრეტული სახის ვალდებულებების მიმართ შეიძლება იყოს სხვა, ვიდრე სხვა სახის ვალდებულებებში. გონივრული ვადის შეფასებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ვალდებულების ხასიათი, მხარეთა ურთიერთობა, ვალდებულების შესრულების პირობები, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს თავისდროული შესრულების შესაძლებლობაზე. როდესაც კანონი ვადებთან დაკავშირებით იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ,,გონივრული ვადა”, ,,დაუყოვნებლივი შესრულება”, ,,შესაბამის ვადაში” და ა.შ., ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განმარტების ზოგად პრინციპებთან ერთად გამოიყენება სხვა დამატებითი კრიტერიუმებიც. გონივრული ვადის საკითხი თანამედროვე სამოქალაქო სამართალში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების დროსთან მიმართებით, არამედ, სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, სსკ-ის 335-ე მუხლის თანახმად, თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; სსკ-ის 356-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა. ვადა უნდა იყოს გონივრული. სსკ-ის 399-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი; სსკ-ის 405-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა. სსკ-ის 886-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და ა.შ.
86. გონივრული ვადის სამართლებრივი ინსტიტუტი ცნობილია სამოქალაქო საპროცესი სამართალშიც. მაგალითად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
87. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუყონებლივი შესრულება გულისხმობს ვალდებული პირის უშუალო რეაქციას, მან იმდენად ჩქარა უნდა იმოქმედოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ობიექტური მასშტაბების მიხედვით. დაუყონებლივ მოქმედებს ის, ვინც გარკვეული, ობიექტურად საჭირო დროის ფარგლებში მოქმედებს ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, დაუყონებლივი შესრულება ყოველთვის მცირე მონაკვეთში ვერ განხორციელდება.
88. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შეთანხმება ვალდებულების შესრულების დროის თაობაზე უნდა იყოს მკაფიო და არაორაზროვანი. ვალდებულების შესრულების დროის დადგენა ისეთი ზოგადი ფორმულირებით, როგორიცაა: „მალე“, „უმოკლეს ვადებში“, „შეძლებისდაგვარად სწრაფად“, „დაუყონებლივ“ და ა.შ., საჭიროებს განმარტებას, რა დროსაც, ვალდებულების შესრულების დრო უნდა განისაზღვროს სამართლიანად და კეთილსინდისიერად, შესასრულებელი ვალდებულების შინაარსისა და თავისებურებების გათვალისწინებით (იხ. ქეთევან მესხიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 365-ე, ველი 17, მუხლი 367-ე, ველი 10, თბილისი, 2019 წელი.).
89. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. „მუხლის მიზანი არის, ერთი მხრივ, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა წრის განსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის შეფასების უნივერსალური შეფასების დადგენა“. (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I., მუხლი 8., თბ., 2017, ველი 1-ლი).
90. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ,,კეთილსინდისიერების” მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს ემსახურება კეთილსინდისიერების, როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“. (იხ. სუსგ №ას-23-18-2011, 24 მაისი, 2011). კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის საერთო მიმართულებასაც. არა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველი. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
91. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი.
92. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზოგადსახელმძღვანელო პრინციპი, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთ მუხლში. ამიტომაც, კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლით, არამედ იგი ამოსავალი და ფუნდამენტური ქცევის პრინციპია ზოგადად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში.
93. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
94. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.
95. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
96. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ვინაიდან მის მიერ, გ. მ-ას გარდაცვალების ფაქტის დადგომისთანავე, კეთისილნდისიერად განხორციელდა იმ ორგანოებისა თუ პირების შეტყობინება, ვისთან დაკავშირება სამუშაო საათებში შესაძლებელი იყო და ვისაც გარდაცვალების ფაქტის დადგომის მყისიერად გარკვეული მოქმედებების განხორციელება ევალებოდა (სასწრაფო სამედიცინო სამსახური, სამართალდამცავი ორგანოები), ხოლო „ფონდის" შეტყობინება განხორციელდა სამუშაო საათების დაწყებისთანავე, მოსარჩელეს შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეულად არ უნდა შეერაცხოს.
97. დადგენილია, რომ შრომის შინაგანაწესის გათვალისწინებით, დასაქმებულმა (მოსარჩელე) იმოქმედა კეთილინდისიერად, დაუყონებლივ შეატყობინა შსს-ს და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას, ხოლო ის გარემოება, რომ ფონდს აცნობა პირველივე სამუშაო დღის დაწყებისთანავე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება შრომითი მოვალეობის დარღვევად და ბრალად ვერ შეერაცხება დასაქმებულს.
98. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ მოსარჩელეს, როგორც პანსიონატის უფროსს პანსიონატში ბენეფიციარ გ. მ-ას გარდაცვალების შესახებ უნდა შეეტყობინებინა ფონდისათვის. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელეს შეეძლო, პირობითად, დაერეკა ცხელ ხაზზე ან გაეგზავნა შეტყობინება ელ.ფოსტის მეშვეობით, მაგრამ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ ვალდებულების იმგვარად განმარტება, რომ მომდევნო სამუშაო დღეს, დილის 9:00სთ.ზე შეტყობინებით, მოსარჩელემ ვერ განახორციელა მისი მოვალეობა ფონდის ინფორმირების თვალსაზრისით, იმდენად ფორმალური მიდგომაა შრომითი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების შეფასებისას, თავად ინფორმირებულობის არსი და მიზანი იკარგება; ის გარემოება, რომ მოსარჩელე ფონდს არასამუშაო საათებში, გვიან ღამით შეატყობინებდა თუ მომდევნო სამუშაო დღეს დილითვე, არ წარმოშობს ვარაუდის საფუძველს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დასაქმებულის მხრიდან დამსაქმებლის მიმართ ინფორმირებულობის ვალდებულებების დარღვევის შესახებ. დასაქმებულის ქმედება შეესაბამება ფილიალის დებულებას (იხ., ამ განჩინების პ.81). ამ მოცემულობაში, სწორედ დამსაქმებლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა დასაქმებულის მხრიდან, მასზე დაკისრებული ვალდებულების დარღვევის დამტკიცება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სასამართლოს მოქმედება მტკიცებით საქმიანობაში მკაცრად შეზღუდულია და მისი უმთავრესი ფუნქცია მხარეთა შორის წონასწორობის დაცვით შემოიფარგლება. აღნიშნული განპირობებულია სამოქალაქო პროცესში სასამართლოს დისპოზიციური და პირიქით, მხარეთა შეჯიბრებითი როლით. ამ პრინციპების მოქმედების პირობებში, მოსამართლე ვალდებულია დაიცვას აუცილებელი წონასწორობა, ვინაიდან მან ეფექტიანად უნდა წარმართოს პროცესი და, ამასთან, არ შეუქმნას გარეშე დამკვირვებელს წარმოდგენა, რომ ის მიკერძოებულია. მან თავი უნდა აარიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც გამოიწვევს (ან შეუძლია გამოიწვიოს) საღად მოაზროვნე დამკვირვებლის დაეჭვებას მოსამართლის მიუკერძოებლობაში მის მიერ თავისი სამოსამართლო ფუნქციების შესრულებისას. თუ მსგავსი ეჭვი გაჩნდება, ეს არა მარტო მოდავე მხარეების სასამართლოსადმი ნდობას არყევს, არამედ შესაძლოა, მთელი საზოგადოების უნდობლობა გამოიწვიოს სასამართლო ხელისუფლებისადმი. იმავდროულად, აუცილებელია, თავის შეკავება მხარეთა მტკიცებით საქმიანობაში მუდმივი ჩარევისაგან; ცხადია, მოსამართლეს უფლება აქვს, დეტალების დასაზუსტებლად კითხვები დასვას, მაგრამ, თუ ის მუდმივად ერევა მხარეთა ზეპირ შეჯიბრში და პრაქტიკულად აკონტროლებს სამოქალაქო საქმის წარმოებას, იგი, ასეთ შემთხვევაში, ერთდროულად ხდება ადვოკატიც, მოწმეც და მოსამართლეც, რის შედეგადაც, მხარეთა უფლება სამართლიან სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით რეალიზებული არ არის. სასამართლოს წინაშე პროცესი შეჯიბრებითი ხასიათისაა. სასამართლოს ვალდებულებაა სწორი მიმართულება მისცეს მტკიცებით საქმიანობას. მხარეებს: მოსარჩელე - მოპასუხე, ეკისრება მათი ფაქტობრივი არგუმენტების დასაბუთება (სასამართლოსთვის საჭირო ფაქტობრივი მტკიცებულებების მიწოდების გზით) და სამართლებრივი არგუმენტების დასაბუთება (იმის ახსნით, თუ რატომ დაირღვა ან არ დაირღვა, უფლება. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). მაშასადამე, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია მეტადრე იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ , კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. ასეთი კატეგორიის საქმეებში სწორედ, უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება, რამდენადაც, შრომითი ურთიერთობა მოიცავს ისეთ მხარებს, რომლებიც კლასიკურად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. საქმე იმაში, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი (ე.წ. “Good Reason“) საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი).
99. მტკიცებითი საქმიანობის სფეროში ეროვნულ დონეზე არსებული მიდგომა შესაბამისობაშია საერთაშორისო გამოცდილებასთან. მიუხედავად იმისა, რომ „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ მიღებულ N158 კონვენციას საქართველოსთვის სავალდებულო ძალა არა აქვს, მისი დებულებები და ამ თვალსაზრისით განვითარებული პრაქტიკული მიდგომები საქართველოსთვისაც საინტერესოა. N158 კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 (ა) პარაგრაფი სამუშაოდან არამართლზომიერი გათავისუფლებისაგან დაცვის ეფექტიან საშულებად მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრებას ადგენს. კონვენციის ამ დებულების მიხედვით, მუშაკი მარტო ვერ გაუმკლავდება სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის არამართლზომიერების მტკიცებით პროცესს; სწორედ ამიტომ, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს უნდა დაეკისროს. ყოველ შემთხვევაში, კონვენცია ამ საკითხის მოწესრიგებას ეროვნული კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას უტოვებს (Termination of Employment Convention, 1982 (N158) (Article 9, p.1.p2.); Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 80).
100. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რა ზიანი მიადგა მას იმით, რომ პანსიონის უფროსმა (მოსარჩელე) ფონდს მომდევნო სამუშაო დღეს, დილის 9:00სთ.ზე შეატყობინა 2016 წლის 22 დეკემბერს ბენეფიციარ გ. მ-ას გარდაცვალება. მით უმეტეს, დადგენილია, რომ გ. მ-ას გარდაცვალების ფაქტის დადგომისთანავე, მოსარჩელემ კეთისინდისიერად განხორციელა იმ ორგანოებისა თუ პირების შეტყობინება, ვისთან დაკავშირება სამუშაო საათებში შესაძლებელი იყო და ვისაც გარდაცვალების ფაქტის დადგომის მყისიერად გარკვეული მოქმედებების განხორციელება ევალებოდა (სასწრაფო სამედიცინო სამსახური, სამართალდამცავი ორგანოები).
101. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ამ ნაწილში, წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უარყო დასაქმებულის მოთხოვნა სადავო ბრძანებათა (2016 წლის 24 მარტის N07-4/დ ბრძანება („ლ. კ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ“) და მოპასუხის 2016 წლის 23 ივნისის N07-130/კ ბრძანება („ლ.კ-ის გათავისუფლების შესახებ“)) ბათილად ცნობის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატა აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან არ იკვეთება საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი), ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე:
102. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37.1 „თ“ ქვეპუნქტის (ამჟამად მოქმედი სშკ-ის რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი - საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177) სამართლებრივი საფუძვლის გამოყენების აუცილებელი წინაპირობა, რაც დასაქმებულის მიმართ მასზე დაკისრებული ვალდებულების დარღვევისთვის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენებას ითვალისწინებს, კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არაა. რამდენადაც საკასაციო პალატა დაასკვნის, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამდე 2016 წლის 23 ივნისამდე, მის მიმართ, 2016 წლის 24 მარტის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედური შეფარდების წინაპირობა 2015 წლის 22 დეკემბრის შემთხვევასთან დაკავშირებით (პანსიონატის ბენეფიციარ გ. მ-ას გარდაცვალების შესახებ ფონდის დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების დარღვევა), სახეზე არ გვაქვს. შესაბამისად, სადავო ბრძანება, როგორც ბათილი ნების გამოვლენა, სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ამ მოცემულობაში, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობებზე.
103. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48.8 მუხლი), რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (შდრ: სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე შეუძლებელია, მოცემული თანამდებობა არ არის ვაკანტური. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პანსიონატის სპეციფიური ხასიათის საქმიანობიდან გამომდინარე, პანსიონატს ესაჭიროებოდა უფროსი, მითუმეტეს, რომ ეს ადგილი გათავისუფლდა 2016 წლის 23 ივნისს. მოსარჩელეს არ მიუთითებია რომელიმე ტოლფას თანამდებობაზეც (იხ., პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების პ.6.1; შეადრ სუსგ-ები №ას-632-2019,21 ივნისი, 2019; №ას-45-2019, 5 აპრილი, 2019 წელი; №ას-411-411-2018, 14 ნოემბერი, 2018 წელი, პ-1.2.11).
104. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48.8 მუხლი) შესაბამისად, დააკისროს მოპასუხე ფონდს, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა.
105. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.). ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ზოგადი მიზანი და ორიენტირი არის ის რომ მან დაფაროს დროის ის მონაკვეთი (მინიმალურად), რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 38.8 მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციით 48.8 მუხლი) არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (შდრ: სუსგ №ას-1623-2018, 29 იანვარი, 2019 წელი, პპ:115, 117, 118; იხ.,საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა შრომით სამართალში, 2017, გვ.96, ელ.რესურსი: <http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ertgvarovani-praktika-shromit-samartalshi.pdf>).
106. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით.
107. რაც შეეხება ამ განჩინების პ.57 მითითებულ კასატორის პრეტენზიას, განაცდურის ანაზღაურებასა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის მიუღებელი თანხის 0.07%-ის დაკისრების შესახებ, უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
108. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განაცდური დამსაქმებელს იმ შემთხვევაში ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი და ამასთან, უკანონოდ დათხოვნილი პირი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგება. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დააკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე, სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე დროის მონაკვეთში იძულებითი განაცდურის დაკისრება, საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატის მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან (იხ., სუსგ Nას-632-2019, 21.06.2019, პპ:33-35, 62).
109. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ სახეზე არ არის მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, საიდანაც ეს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს. გათავისუფლების დროისათვის მოქმედი სშკ-ის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის რედაქციით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით. სშკ-ის დავის განხილვის დროისათვის მოქმედი რედაქციით 41.4 ნაწილი კი, პირდაპირ ითვალისწინებს, რომ „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. ამდენად, კასატორის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. საკასაციო პალატის მსჯელობა ასევე შესაბამისობაშია დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთანაც (იხ., სუსგ Nას-632-2019, 21.06.2019, პპ:33-36, 62).
110. სსსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ანაზღაურება, კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ლ.კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ლ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ 2016 წლის 24 მარტის N07-4/დ ბრძანება („ლ.კ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საყვედურის შეფარდების შესახებ“) და 2016 წლის 23 ივნისის N07-130/კ ბრძანება (ლ.კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ);
5. დაეკისროს სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“, ლ.კ-ის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა 20 000 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე);
6. ლ.კ-ეს, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე, ეთქვას უარი.
7. სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ ლ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი