Facebook Twitter
№ას-1102-2018 18 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – ვ.ბ-ი, დ.ა-ი (კ–ი) (მოპასუხეები)


მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ-ე (მოსარჩელე)


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება



დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება





ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი.გ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ბ-ისა (შემდგომ – მოპასუხე) და დ.ა-ის (კ–ს) (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ ზიანის – 5481 ლარის, მოსარჩელის მიერ ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადახდილი 850 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის – 558,86 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 23 ნოემბერს მოპასუხის ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ავტომანქანა. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელაც მოპასუხე მართავდა, ეკუთვნიდა მეორე მოპასუხეს.
3. მოპასუხეებმა მოსარჩელეს ნებაყოფლობით ზიანი არ აუნაზღაურეს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მოპასუხემ მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას მოძრაობის წესები დაარღვია მოსარჩელემ, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება მას არ უნდა დაეკისროს.
5. მეორე მოპასუხემ კი მიიჩნია, რომ არასათანადო მოპასუხეა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა მოპასუხე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6889,86 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
10. ამავე 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომ 2016 წლის 16 ივნისიდან 2016 წლის 7 ივლისამდე მივლინებული იყო ახალციხის რაიონში ორფოლოს პოლიგონზე, რის გამოც 2016 წლის 30 ივნისს, 14.00 საათზე გურჯაანის სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, რაც სასამართლოს აცნობა 2016 წლის 30 ივნისს, 13.50 საათზე.
11. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განამტკიცებს საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც მიხედვითაც საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, მოპასუხის მიერ საჩივართან ერთად წარდგენილი იყო მისი მივლინების დამდასტურებელი ცნობა შესაბამისი უწყებიდან, თუმცა მისი გამოუცხადებლობა მაინც ვერ შეფასდა საპატიოდ, ვინაიდან მოპასუხის მივლინება დაიწყო 2016 წლის 16 ივნისს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კი სასამართლო პროცესი ჩანიშნული იყო 2016 წლის 30 ივნისს, შესაბამისად, მოპასუხეს ობიექტურად ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ეცნობებინა სასამართლოსათვის პროცესზე დასწრების შეუძლებლობის შესახებ და მიემართა შუამდგომლობით საქმის განხილვის გადადების თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხია სასამართლოს მიერ პროცესის ჩატარების დროის შესახებ მისთვის ინფორმაციის სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, 2016 წლის 13 ივნისს, ანუ სხდომამდე 17 დღით ადრე შეტყობინების შესახებ, რაც საქმის განხილვისათვის მოსამზადელად ან შესაბამისი შუამდგომლობის წასარდგენად მხარისათვის გონივრული ვადაა.
13. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2016 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისამდე ის მოკლებული იყო შესაძლობლობას, ეცნობებინა სასამართლოსთვის მივლინების შესახებ და მიემართა შესაბამისი შუამდგომლობით.
14. რაც შეეხება მეორე მოპასუხის წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობას, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2016 წლის 30 ივნისის სასამართლო პროცესზე მეორე მოპასუხის წარმომადგენელი მოწვეული იყო სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო პროცესამდე ერთი საათით ადრე მან პირადად წარადგინა სასამართლოს კანცელარიაში შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. მან საჩივართან ერთად წარადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომელიც გაცემულია 2016 წლის 18 ივლისს, სასამართლო პროცესი კი 2016 წლის 30 ივნისს ჩატარდა, რაც არ ადასტურებს მეორე მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას 2016 წლის 30 ივნისისათვის და ვერ გახდება პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როგორც დადგენილია, მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომის გადადების თაობაზე პირადად წარადგინა განცხადება 2016 წლის 30 ივნისს, რაც ადასტურებს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო იმდენად მძიმე, რომ ვერ გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე.
15. საპროცესო კანონმდებლობა, ერთი მხრივ, არ ზღუდავს მხარეთა შესაძლებლობას, ამტკიცონ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძვლები, თუმცა, მეორე მხრივ, მითითებულ ნორმაში იმპერატიული დათქმების გათვალისწინებით, პროცესში მონაწილე მხარის აპელირება ავადმყოფობაზე მხოლოდ იმ პირობებში შეიძლება იყოს სასამართლოს მიერ გაზიარებული, თუ დაცულია ორი კუმულაციური შინაარსის პირობა: ა) ავადმყოფობა დადატურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით და ბ) აღნიშნული დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
16. სააპელაციო პალატამ მოიხმო სსსკ-ის 215-ე მუხლი და განმარტა, რომ ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
17. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს არ წარუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებს, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი.
18. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა რომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მოსარჩელე მხარე, მაგრამ არ გამოცხადდება მისი მოწინააღმდეგე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: ა. მოსარჩელე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; ბ. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით; გ. სარჩელში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და საქმის არსებითად განხილვისა უცილებლობას იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს.
19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე სარჩელში მითითებული და, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 23 ნოემბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ისპექტორ-გამომძიებელმა სსსკ-ის 125-ე მუხლის დარღვევის გამო, მოსარჩელის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №გ-ოქმი (საჯარიმო ქვითარი).
20. 2013 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს და მოითხოვა სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული სამართალდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება.
21. 2013 წლის 13 დეკემბერს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემულ იქნა სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ლ-ის“ მძღოლის – მოპასუხის მიერ საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ 29 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უგულველყოფით, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ტ-ას“ მძღოლს – მოსარჩელეს ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნათა უგულველყოფა არ აღინიშნება.
22. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის დადგენილებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა და შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა.მ-ის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელის მიმართ №გ------- შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი გაუქმდა და საქართველოს შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2014 წლის 5 მარტის დადგენილება და მოსარჩელე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
23. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №000184014 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა „ტ-ა რავ4-ისათვის“ მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ საბაზრო ფასებით საორიენტაციოდ შეადგინა 5481 ლარი, ასევე მოსარჩელის მიერ ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადახდილია 850 ლარი და ექსპერტიზის ხარჯი – 558,86 ლარი.
24. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა „ლ-ის“ მესაკუთრეა (მფლობელი) მეორე მოპასუხე. შემთხვევის დროს ავტომანქანას მისი ნებართვით მართავდა მისი სიძე – ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და მართვის უფლების არმქონე მოპასუხე (მოსარგებლე), რაც ცნობილი იყო მეორე მოპასუხისთვის, რომელიც შემთხვევის დროს მოპასუხესთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა, ამიტომ მეორე მოპასუხე ზიანის ანაზღურებასთან დაკავშირებით სავალდებულო თანამონაწილეა.
25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს.
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 992-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, იგი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და, მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ, სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. (სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი)
27. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე – პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს.
28. სსკ-ის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, კერძოდ, მოპასუხე, რომელიც მართვის უფლების არმქონე პირია და შემთხვევის დროს იყო ნასვამი, სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მფლობელის – მეორე მოპასუხის ნებართვით, ანუ მოსარჩელე მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარგებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მფლობელის ბრალით, სარჩელში მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულად ითვლება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.
29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, ამდენად, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორებმა მიუთითეს, რომ მოცემული საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 2018 წლის 23 მაისს, 12 საათზე. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ ამავე წლის 1 მაისს, მაგრამ პროცესი არ ჩატადა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის გამო. მოსარჩელეს სხვა წარმომადგენელიც ჰყავდა, თუმცა სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა მხარის მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების შესახებ და საქმე საბოლოოდ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. აღნიშნულით დაირღვა მხარეთა უფლებები, რადგან მათ შესაძლებლობა არ მიეცათ, მორიგებით დაესრულებინათ საქმე. მოპასუხეებს მოსარჩელის განცხადების შინაარსი წინასწარ არ ეცნობათ, ისინი მაინც გამოიძახეს პროცესზე, რომელიც უნდა გადადებულიყო. ერთ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა მხარის მიერ მითითებული გარემოება სხდომის გადადების შესახებ, მოპასუხეთა მიმართ კი სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ავადმყოფობის მიზეზი, რის დასადასტურებლად მოწმეთა და სპეციალისტთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობები უარყოფილ იქნა.
32. კასატორთა მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რადგან მოპასუხემ საქმის განხილვამდე 10 წუთით ადრე აცნობა მოსამართლის თანაშემწეს თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი – იმყოფებოდა ახალციხის რაიონში ორფოლოს პოლიგონზე და ვერ მოახერხებდა პროცესზე გამოცხადებას. საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა არც მეორე მოპასუხის წარმომადგენელი, რომელიც იყო ავად საკვებით ინტოქსიკაციის დიაგნოზით. მან საქმის განხილვამდე ერთი საათით ადრე აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის თაობაზე. მას ჰქონდა მუცლის მოვლითი ტკივილი, დიარეა და ვერ მოახერხებდა პროცესში მონაწილეობის მიღებას. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო 2016 წლის 18 ივლისს გაცემული სამედიცინო ცნობა სასამართლო სხდომის დღეს ექიმისათვის მიმართვის შესახებ, თითქოს იგი გაცემულია ექიმისათვის მიმართვიდან 18 დღის შემდეგ, ამიტომ მხარის წარმომადგენლის ავადმყოფობა არ ფიქსირდება. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ აღნიშნულ ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული პროცესზე პაციენტის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, ასევე, მას 30 ივნისს სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს, რადგან ცნობაში მითითებული ექიმი მეორე მოპასუხის წარმომადგენლის მეუღლეა, იგი ბინაზე მკურნალობდა, ამასთან, წარმომადგენელმა თავად წარადგინა რაიონულ სასამართლოში განცხადება სხდომის გადადების თაობაზე. ფაქტობრივად, ცნობაში მითითებულია ის თარიღი, როდესაც მისი გაცემა იქნა მოთხოვნილი, ხოლო მოკლე ანამნეზში ასახულია პაციენტის მდგომარეობა 2016 წლის 30 ივნისისათვის.
33. მოპასუხემ განმარტა, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს მისი საჩივრის განხილვაზე ვერ გამოცხადდა, რადგან იმყოფებოდა სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილზე და ვერ შეძლებდა პროცესზე დასწრებას. აღნიშნულის შესახებ ცნობა გაიცა 2017 წლის 23 იანვარს.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

35. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს რომ მოპასუხეებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც, თავის მხრივ, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ, უნდა დარჩეს ძალაში.
36. განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების კანონშესაბამისობა.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში (სასარჩელო წარმოებაში) ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მაგალითად, მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სსსკ 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფილცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსსკ-ის 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია (სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
38. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ, რა უნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარის ნება - სურვილზე.
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი წარმოება – ეს ისეთი წარმოებაა, რომლის დროს საქმის განხილვაში არ მონაწილეობს ერთ–ერთი მხარე – მოსარჩელე ან მოპასუხე, რომლებიც გაფრთხილებულები იყვნენ კანონით დადგენილი წესით. საქმის დაუსწრებელი წარმოების მნიშვნელობა მთლიანად განპირობებულია საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებისა და ამ საქმის განხილვის დამთავრების ინტერესებით. გარკვეული თვალსაზრისით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის აგრეთვე სანქცია არაკეთილსინდისიერებისათვის და წახალისება კეთილსინდისიერებისათვის, რაზეც ნათლად მიუთითებს კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის და საქმის განახლებისათვის სრულებითაც არ კმარა წაგებული მხარის უბრალო პროტესტი (საჩივარი), და რომ ამისათვის აუცილებელია დადასტურდეს არამარტო გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიობა, არამედ ისიც, რომ მას არ შეეძლო დროულად (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე) ეცნობებინა სასამართლოსათვის ამ მიზეზების შესახებ.
40. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც წესი, დაკავშირებულია სასამართლოს მიერ არაერთი მოქმედების შესრულების განხორციელებასთან (გადაწყვეტილების მომზადება, მისი მხარისათვის ჩაბარება, საჩივრის დასაშვებობის შემოწმება, საჩივრის განხილვა და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები არ გამოდგეს გაუმართლებელი და მოხდეს სასამართლოს რესურსების მართლზომიერი გამოყენება, მხარე ვალდებულია, დროულად აცნობოს სასამართლოს, რომ ვერ ახერხებს სასამართლოში გამოცხადებას და დაასაბუთოს გამოუცხადებლობის საპატიობა. მსგავსი განცხადების არსებობისას და გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისას, სასამართლო უარს განაცხადებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, მსგავსი მოქმედებათა განხორციელება შედის არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მხარის ინტერესებშიც.
41. მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა აღიქმება, როგორც სასამართლოს უპატივცემულობა, რომლის დროსაც მხარის მიერ უგულებელყოფილია სასამართლოს დროის რესურსი და მართლმსაჯულების დროული განხორციელების მიზნები, რაც თავისთავში გულისხმობს, სასამართლოს მიერ მინიმალური საპროცესო მექანიზმების დაზოგვასა და რიგი პროცედურების თავიდან აცილებას, ასევე უკავშირდება მხარეთა ფუნდამენტური უფლების დაცვას – მართლმსაჯულების დროულ და სწრაფ განხორცილებას. სწორედ მხარის დავალდებულება, რომ მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე გონივრულ ვადაში აცნობოს სასამართლოს მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით, წარმოადგენს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებას, რომლითაც აცილებული იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და იმ დროის რესურსისა თუ საპროცესო მექანიზმების დაზოგვა, რაც გამოუცხადებელი მხარის ბრალით იქნა გამოწვეული.
42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.), თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
43. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
44. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე კანონმდებელი სასამართლოს ავალებს, მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეამოწმოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების როგორც საპროცესო-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა (ეცნობა თუ არა მოპასუხეს საქმის განხილვის თარიღი და მისი არასაპატიო გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები კანონით დადგენილი წესით, სხდომამდე გონივრულ ვადაში; იყო თუ არა მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწევული არასაპატიო მიზეზით, შუამდგომლობს თუ არა მოსარჩელე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ), ისე იმსჯელოს, ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
45. ამდენად, მოპასუხის გამოუცხადებლობი შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ; 4. სარჩელში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა მის მოთხოვნასთან მიმართებით.
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. ( შდრ. სუსგ 2018 წლის 11 მაისის განჩინება საქმეზე №ას-1468-1388-2017.).
47. მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
48. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან, რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.
49. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
50. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
51. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წინამდებარე საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 30 ივნისს, 14:00 საათზე.
52. საქმის განხილვის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მეორე მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2016 წლის 9 ივნისს, ხოლო მოპასუხისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება 2016 წლის 13 ივნისს ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს – დედას.
53. არცერთი მოპასუხე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
54. განსახილველი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი იმ საკითხის შეფასება, საქმის განხილვაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობა გამოიწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზებით.
55. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის შემთხვევაში, სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე განხორციელდა ზარი მოსამართლის თანაშემწესთან და აღნიშნულის მიზეზად დასახელებულ იქნა მოპასუხის სამსახურებრივი მივლინება. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, უშუალოდ მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია. იგი საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელმაც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე წარადგინა განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და პროცესზე დასწრების შეუძლებლობაზე მითითებით.
56. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოპასუხეთა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის) და 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის).
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრებისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა (ან მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა) გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ, გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს საჩივარი ეფუძნება - კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა (სსსკ-ის 238–ე მუხლის „გ“ პუნქტი). სააპელაციო და საკასაციო საჩივრისაგან, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იმითაც განსხვავდება, რომ ამ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ მხრივ გამონაკლისია მეორე (განმეორებითი) დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
58. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების თანახმად, დაიშვება, თუ მხარე, რომელის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაამტკიცებს, რომ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ე) არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც მხარე ვერ გამოცხადდა სასამართლოში და ამავდროულად, ვერ შეძლო სასამართლოს წინასწარ ინფორმირება. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
59. წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.
60. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
61. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
62. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე აპელირებს (სუსგ 27.11.2019წ. საქმე №ას-920-2019).
63. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული გარემოება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ 20.07.2018წ. საქმე №ას-806-806-2018).
64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. მხედველობაშია მისაღები, რომ მართალია სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინება, თუმცა კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირებისას სასამართლო ეფუძნება მოცემული დავის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, ცხადია, ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.
65. მოცემულ საქმეზე მოპასუხემ სასაამრთლო სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად დაასახელა სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, რის დასადასტურებლადაც წარადგინა ცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი დანაყოფიდან, რომ მოპასუხე მივლინებაში იმყოფებოდა 2016 წლის 16 ივნისიდან 7 ივლისამდე. (იხ. ტ.1.ს.ფ.168). ცნობაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე, როგორც სამოქალაქო პირი, მსახურობს მხერხავის თანამდებობაზე და იმყოფებოდა მივლინებაში „ორფოლო“-ს პოლიგონზე.
66. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მიწვეულ და საქმის განხილვაზე გამოუცხადებელ მხარეს ევალება არა მხოლოდ იმ გარემოების მტკიცება, რომ სხდომის დღეს ობიექტურად ვერ შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას, არამედ სასამართლოს დარწმუნება, რომ პროცესამდე გონივრულ ვადაში არ ჰქონდა შესაძლებლობა, ეცნობებინა მისთვის თავისი გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის საპატიო მიზეზის შესახებ.
67. მოპასუხემ ვერ დაასაუთა ის გარემოება, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო სასამრთლო სხდომაზე გამოცხადება, ან გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს დროული ინფორმირება, შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ ვერ შეფასდება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინების პ.12-ში განვითარებულ მსჯელობას.
68. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივარში მოპასუხის მითითებაზე, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს იგი კვლავაც იმყოფებოდა მივლინებაში და ვერ დაესწრო მისი საჩივრის განხილვას.
69. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
70. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო დავის წარმოებისას მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო მონაწილეობა საქმის განხილვაში უშუალოდ პირადად დასწრებით ან, ასეთის შეუძლებლობისას, წარმომადგენლის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ვალდებულების დარღვევას მხარისათვის არახელსაყრელი შედეგი მოჰყვება.
71. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი ასევე ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
72. განსახილველ საქმეზე მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა თავისი გამოუცხადებლობა დაასაბუთა ავადმყოფობით, რის დასადასტურებლადაც წარადგინა სამედიცინო ცნობა „ფორმა - 100“. ( იხ. ტ.1.ს.ფ.170). აღნიშნული დოკუმენტით, რომელიც გაცემულია 2016 წლის 18 ივლისს, ირკვევა, რომ წარმომადგენელმა კვებითი ინტოქსიკაცია მიიღო 2016 წლის 29 ივნისს, ხოლო 2016 წლის 30 ივნისს კი აღენიშნებოდა მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში. მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა არ უარყო, რომ ცნობის გამცემი ექიმი იყო მისი მეუღლე.
73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს.
74. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დმკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე.
75. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
76. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
77. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა მეორე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობასთან დაკავშებული ზემოაღნიშნული გარემოებანი და მიაჩნია, რომ ამ უკანასკნელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესების არსებობა, რაც გამორიცხავდა სასამართლო სხდომაზე მის გამოცხადებას თუნდაც საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების მოთხოვნისათვის. საკასაციო პალატა ეთანხმება წინამდებარე განჩინების პ.14-17.-ში სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობას.
78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოქავს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
79. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ, ხოლო მოპასუხეთა მიმართ ანალოგიურ მოთხოვნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
80. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მეორე მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა მისი საჩივრის 2016 წლის 18 ოქტომბრის განხილვისას, საქმის გადადების მოთხოვნით, ვინაიდან წარმომადგენელს ჰქონდა იუბილე და აღნიშნავდა მიწვეულ სტუმრებთან ერთად. მოცემული სხდომა გადაინიშნა სხვა დროისათვის. ( იხ. ტ.1.ს.ფ.175).
81. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
82. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით.
83. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა მოსარჩელის შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ, საქმის განხილვის გაჭიანურებისაგან თავის არიდების მიზნით, სააპელაციო საჩივრის განხილვა დაადგინა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესაძლებლობას მას ანიჭებდა სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილი (თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. (იხ.ტ.2.ს.ფ.45).
84. რაც შეეხება კასატორთა მითითებას, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის განხილვამ მათ შეუზღუდათ მორიგების შესაძლებლობა.
85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დავა, როგორც წესი, ხანგრძლივ და რთულ პროცესს უკავშირდება. მორიგება ის სამართლებრივი მოვლენაა, რომელიც მხარეთა ნების მაქსიმალური გათვალისწინებით და კანონიერი გზით წყვეტს მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას. საქმის დამთავრება მორიგებით სამართალწარმოების დასრულების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა, ვიდრე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. ზოგჯერ მორიგება უკეთესი ალტერნატივაა, თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით- თუ მორიგების შეთავაზება მიზნად ისახავს არა მხოლოდ მოსამართლის განტვირთვას, მისი მუშაობის შემსუბუქებას, არამედ მხარეთა შორის დავის საგანზე წარმოშობილი კონფლიქტის სამართლიანად მოგვარებას.
86. სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება ემყარება მიზანს, მოწესრიგდეს და აღმოიფხვრას საზოგადოებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი კონფლიქტი, საზოგადოებრივი ურთიერთობების მონაწილეებმა ხელშეშლის გარეშე, მათთვის ხელსაყრელ და სასურველ პირობებში, შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო სამართლებრივი საშუალება მოდავე მხარეთა შორის მორიგებაა.
87. საზოგადოებრივი ურთიერთობების სამოქალაქო-სამართლებრივი მოწესრიგების პროცესში მისი მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. საქმის წარმოება და მორიგებით საქმის წარმოების დასრულება, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარეთა უფლებაა. საქმის შედეგით მატერიალურ-სამართლებრივი დაინტერესება გულისხმობს, რომ საქმის გადაწყვეტის შედეგად ერთ-ერთმა მხარემ შესაძლოა შეიძინოს რაიმე მატერიალური სიკეთე, ხოლო მეორე მხარე - ამ სიკეთეს კარგავს. მორიგებისას მდგომარეობა განსხვავებულია, აქ ინტერესი და სამართლებრივი სიკეთით სარგებლობა ერთდროული და ორმხრივია.
88. მორიგებით სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში - ესაა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სამოქალაქო საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება პროცესის მონაწილე მხარეთათვის კანონით მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებაა, რომელიც მათი ნების თავისუფალი გამოვლინებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გარიგების სახით მიიღება და სასამართლოს მხრიდან კანონიერების კონტროლის საფუძველზე მტკიცდება. მორიგება შესაძლებელია, როგორც საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საქმის განხილვის დასრულების შემდეგაც.
89. მატერიალური ნიშნით მორიგება გარიგებაა. გარიგების ყველაზე გავრცელებული სახე ხელშეკრულებაა, რომელიც ორ ან მეტ სუბიექტს შორის სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, ცვლის ან წყვეტს. მორიგების ხელშეკრულებად მიჩნევას ორი ძირითადი და არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მორიგება ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენის ფაქტია. თუმცა, მორიგება გარკვეულწილად განსხვავდება სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებისაგან. კერძოდ, გარიგებისაგან განსხვავებით, მორიგება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგი. მორიგებაში ცალმხრივი ნების გამოვლენა შეუძლებელია. ცალმხრივი ნება, სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობებში შესაძლოა გამოიხატოს სარჩელის ცნობით (აღიარებით) ან სარჩელზე უარის თქმით, რაც მორიგებას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც იძლევა შედეგს სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის სახით. მორიგება წარმოადგენს მხარეების მიერ ახალ გარემოებებზე შეთანხმებას. მორიგება უკვე მხარეთა შორის გამოხატული ახალი ნებაა, რაც ახალი გარიგების დადებას გულისხმობს.
90. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპის ძალით მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ საქმის განხილვის ნებისმიერ, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მიაღწიონ მორიგებას, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მითითებას, რომ სააპელაციო სასაამრთლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის განხილვამ, მათ შეუზღუდათ მორიგების შესაძლებლობა.
91. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესო წინაპირობები სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, ხოლო კასატორებმა დასაბუთებული საკასაციო პრეტეზნიის წარმოდგენის გზით საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერ შეძლეს. შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებანი მიჩნეულ იქნა უპირობოდ დადგენილად (იხ. წინამდებარე განჩინების პპ 19-24).
92. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინებით სარჩელში დასახელებული გარემოებების იურიდიული თვალსაზრისით შეფასებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების კანონიერებასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას.
93. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
94. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
95. საკასაციო საჩივრის დამკაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ბ–ისა და დ.ა–ის (კ-ის) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი




მოსამართლეები: ბ. ალავიძე




ე. გასიტაშვილი