საქმე №ას-991-2020 18 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ თბილისის №65 საბავშვო ბაგა-ბაღი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ე–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ თბილისის №65 საბავშვო ბაგა-ბაღის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა გაწეული მომსახურეობის ღირებულების – 8752.7 ლარის, პირგასამტეხლოს – 720 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების – 1521 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 198 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, უზრუნველეყო 198 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღის განმავლობაში სამჯერად კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.
3. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების“ მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE0170000502, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.
4. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1521 ლარის ოდენობით.
5. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბერში გაუწია 8752.7 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
6. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს შესაბამისი განცხადებით. 2017 წლის 25 დეკემბრის N15/12 წერილის პასუხად მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მას მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით არ გაწევია, რითაც მოსარჩელემ არსებითად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 49.88 ლარი.
7. მოსარჩელემ ასევე მიმართა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, რომლის 2017 წლის 27 დეკემბრის N1/5077 წერილით ეცნობა, რომ მოსარჩელემ ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, შეასრულა უხარისხოდ და არაჯეროვნად, რის გამოც გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა არ შექმნილა.
8. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის N13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 და 19 დეკემბრის N09/13126 წერილები. ამასთან, მოსარჩელე სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 22 დეკემბრის N09/13262 წერილით ეცნობა, რომ სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
9. მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა ორი შპს-საგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით, მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, არ წარმოშობილა მომწოდებლის მოსარჩელისათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც საბავშვო ბაგა-ბაღის მხრიდან 2017 წლის დეკემბრის კვების მომსახურებაზე მოსარჩელესთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება არ უნდა განხორციელებულიყო.
12. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არსებითად დაარღვია, რის შესახებაც საბავშვო ბაგა-ბაღმა წერილობით აცნობა მიმწოდებელს.
13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულებები უხარისხოდ, არაჯეროვნად შეასრულა.
14. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ეფუძნებოდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა იმის დასადგენად, თუ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად რა კვებითი მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველი და კარაქი) გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში, რათა დადგინდეს იმ თანხის ზუსტი მოცულობა, რა თანხითაც მოსარჩელის ქმედებით ზიანი მიადგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია, თუმცა ამ ეტაპისათვის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება მის მიერ მოთხოვნილი დეკემბრის კვებითი მომსახურების თანხას და ის ამ ეტაპისათვის გაანგარიშებული მონაცემებით ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს.
15. სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის N13-01173143295 წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის N074241117801 საქმეზე, 2016-2017 წლებში ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების – 8752.7 ლარისა და პირგასამტეხლოს – 720 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. მის საგანს 198 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების, ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით, გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 49 866,30 ლარს.
19. ხელშეკრულების 4.1.1 ქვეპუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, 198 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა უზრუნველეყო. ხელშეკრულების 6.1-6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი ხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ხელშეკრულების ზედამხედველობის განხორციელება მოპასუხეს და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურებს ევალებოდათ.
20. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის, სახელშეკრულებო ღირებულების 3%, კერძოდ, 1 521 ლარის ოდენობით, გაფორმების ვალდებულება შეთანხმდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო.
21. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
22. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით განისაზღვრა: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. მავნე ქიმიურ ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა განხორციელდეს, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ახლდეს. სურსათი დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები) წარმოადგინოს. მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის მინიმუმ 40% უნდა იყოს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
23. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით განისაზღვრა: თითოეული მიწოდებული პარტია რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით უნდა იყოს დამზადებული. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. მავნე ქიმიურ ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა განხორციელდეს, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ახლდეს. სურსათი დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს; მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის არანაკლებ 40% უნდა იყოს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
24. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა საბანკო გარანტია, სადაც პრინციპალია მოსარჩელე, ბენეფიციარი - მოპასუხე, საგარანტიო თანხის ზღვრული ოდენობა კი შეადგენდა 1 521 ლარს.
25. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენდა 8 752,7 ლარს.
26. მოპასუხის ადმინისტრაციამ მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (პირველი დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადა.
27. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ, შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით, მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა, იგი აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული.
28. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N09/13126 მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი, ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.
29. მოსარჩელისათვის ყველის მიმწოდებელმა შპს-მ მოსარჩელეს განუმარტა, რომ პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ლაბორატორიული კვლევის ოქმები ახლდა, რაც პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას ადასტურებდა. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს ადასტურებდა.
30. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.
31. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მისაწოდებელ ყველთან მიმართებით იდენტურ დათქმას ითვალისწინებდა, კერძოდ, კომპანიას ბაღისთვის ნატურალური/პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა.
32. .„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტრირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასიური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული/ნატურალური რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. ვინაიდან სახელშეკრულებო სამართალი მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სამართალია და იგი Pაცტა სუნტ სერვანდა-ს პრინციპის მოქმედებას ითვალისწინებს, სახელშეკრულებო დავების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილ ნებას და იმ პირობებს ექცევა, რომლის შესრულებაც მხარეებმა დადებული გარიგებით ივალდებულეს. შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად მიმწოდებელს აღდგენილი რძე მიაწოდა, პალატა ასკვნის, რომ შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
33. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახეზეა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 477-ე, 629-ე, 641-ე მუხლების, 490-ე მუხლის პირველი ნაწილის, 491-ე, 492-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგნა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია, ასევე, უდავოა, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ასევე, უდავოა, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ შემკვეთს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა გააჩნდა.
34. რაც შეეხება ხელშეკრულების ნაკლიანი შესრულების გამო სანქციის გამოყენებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში განთავსებულია წერილები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას მოსარჩელის იმ მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც სადავო პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებას შეეხება. წერილობითი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან, არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვდა.
35. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ რეალურად გაწეული მომსახურების - 8 752,7 ლარისა და პირგასამტეხლოს - 720 ლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად მოხდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს მოცულობა შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს არ ქმნიდა.
36. მოცემულ დავაზე მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნილ ოდენობას 720 ლარი წარმოადგენდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ შესრულების მიღებისა და ზიანის არარსებობის პირობებში, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეცია მართებულად არ იქნა გამოყენებული.
37. სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.
38. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში ბაგა-ბაღებს ეკისრებოდათ, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
39. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე, ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის.
40. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტებიზე რომელთა თანახმადაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვების თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამება. ამავე წერილებში მითითებულია, რომ მწარმოებელმა/ დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441-ე დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მიეთითოს შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები მიეთითოს.
41. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, არ ჩატარებულა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები შესწავლილი არ არის და მათგან გამომდინარე დარღვევა არ დგინდება. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტია შემოწმებული და მოპასუხეების მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული.
42. ამასთანავე, პროდუქტის შიგთავსის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელისთვის აღნიშნული პროდუქტის (კარაქის) მიმწოდებლის მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან, სულ დაფასოებულია 29 105 კგ. კარაქი, კერძოდ, ოქტომბერში - 9 900 კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბერში - 10 705 კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბერში - 2 400 კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ. კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მტკიცებულების თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ, აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა 80.0%-ს შეადგენდა.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დგინდება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის მითითება, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
44. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
45. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. ასევე, სამართლებრივი დასაბუთებისას, მითითების მიუხედავად, გამოყენებული არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები, როგორიც არის მაგალითად ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენცია.
46. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში სწორად იმსჯელა და განმარტა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას, თუმცა სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ზემოთ დადგენილი გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განიმარტოს არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. ანუ მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, ეს უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებით პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად. შესაბამისად, იმ მოცემულობით, როდესაც არაერთ ეტაპზე, იურიდიული მნიშვნელობის დაპირებისა (იგულისხმება ტენდერის, როგორც მოწვევა ოფერტზე, შემდგომ ოფერტსა და აქცეპტის ეტაპებზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც თან ერთვის საქმეს) და სახელშეკრულებო ვალდებულების აღების მიუხედავად, მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისას, შეთანხმებული პარამეტრების მქონე პროდუქტის - ყველის გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს უდავოდ დადასტურებული ფაქტია. ამის გათვალისწინებით, დადასტურებულია, რომ შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება. ეს კი განაპირობებს, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში შპს „ე–ის“ მხრიდან ადგილი აქვს კასატორისათვის ზიანის მიყენებას.
47. რაც შეეხება იმ შესრულების ანაზღაურებას, რომლითაც ჩანაცვლდა შეთანხმებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევა, კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ განსხვავებული პროდუქტით მომსახურების შესრულება განმარტა, როგორც ნაკლიანი შესრულება და მიუთითა ნასყიდობისა და ნარდობის იმ მომწესრიგებელ ნომებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნაკლიანი შესრულების მიმღები მხარის უფლებებს. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. უფრო კონკრეტულად კი, იმგვარ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“. თუმცა აღარ შევიდა ამ საკითხის განხილვაში და აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სსკ-ის 646-ე მუხლი. ასევე მოცემულ შემთხვევაში, მენარდე ვალდებულია, შემკვეთს წარუდგინოს მასალის ხარჯვის გაანგარიშება. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული მახასიათებლების პროდუქტით (აქვე კასატორმა აღნიშნა, რომ დაწვრილებით გაიწერა თითოეული პროდუქტის ყველა პარამეტრი, რომლითაც შეიძლება ხასიათდებოდეს კონკრეტული პროდუქტი და ის სამართლებრივი რეგულაციები, რომელსაც უნდა პასუხობდეს ესა თუ ის დასახელება. ეს კი ხაზს უსვამს მოწვევა-ოფერტის ეტაპიდანვე შემსყიდველის მომეტებულ ინტერესს კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლების მიმართ) განეხორციელებინა მომსახურება, ანუ თავად უზრუნველეყო პროდუქტის მოძიება-შესყიდვა და შემდგომი დამუშავება.
48. ზემოთ მითითებული სამართლებრივი მოცემულობის შესაბამისად, კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დაეკისრა პროდუქტის ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება და გაწეული მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. ამ ვალდებულების ჭრილში, მოსარჩელე მოპასუხესთან დადებული 2016 და 2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, ისე რომ არ იყენებდა შეთანხმებული პარამეტრების პროდუქტს, მხარეს წარუდგენდა ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც დაანგარიშებული იყო შეთანხმებული მახასიათებლების ყველის ღირებულება და, განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, იღებდა ანაზღაურებას გამოუყენებელი პროდუქტისათვის. სსკ-ის 495-ე მუხლის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა და წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, იგი ვალდებული იყო, სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისგან (ამ შემთხვევაში ყველის ნაცვლად გამოყენებული მასის მწარმოებელი საზოგადოებისგან) მიღებული პროდუქტის მახასიათებლები, ამის საპირისპიროდ კი, საბავშვო ბაგა-ბაღები წარმოადგენ(დნ)ენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მსგავსი საკანონმდებლო ბოჭვა მათზე არ ვრცელდებოდა. ამასთან, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორების პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ეს კი დასტურდება, საქმეში თავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის წერილით, რომელშიც ავტორი ადასტურებს, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი მოსარჩელისათვის მიწოდების მანძილზე მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისგან. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან განზრახი და შეგნებული დუმილით შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა.
49. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასასმართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა (რომელზეც მითითება იქნა გაკეთებული სააპელაციო სასამართლოში თუმცა, მსჯელობა არ იქნა გაზიარებული გაუგებარი საფუძვლით), რომლის თანახმადაც, ნაკლიანი შესრულების შემსყიდველის მიერ მიღება არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ შეთანხმებად, ან ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (მაგალითად, სუს 10.11.2017 საქმე №ას-629-588-2017). ეს კი ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარებების აქტის გაფორმებების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის გამოუყენებლობისათვის. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განსაკუთრებული და სპეციალური ასპექტების ანალიზი, რაც განასხვავებს მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას კლასიკური ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებისგან.
50. კასატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და მისი მომზადებისა და დადების წესს არეგულირებს სპეციალური კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონის მიზანია სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოებისა, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოების შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვის საჯაროობის უზრუნველყოფა. ანუ, სახელმწიფო შესყიდვის მოწესრიგების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს თანასწორი მოპყრობა და კონკურენციის ხელშეწყობა. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების მე-12 პუნქტით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის სპეციალური წესის განსაზღვრა, კერძოდ, ამ პუნქტის 12.1. ქვეპუნქტი, ცალსახად ადგენს, რომ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. მეტიც, 12.2. პუნქტი საერთოდ გამორიცხავს მხარეებს შორის ისეთი შეთანხმების დადებას, რომელიც შემსყიდველისათვის აუარესებს ხელშეკრულების პირობებს. გარდა სპეციალური ნორმებისა, ხელშეკრულებაში ისეთი არსებითი პარამეტრის ცვლილება, როგორიც კონკრეტული პროდუქტი - ყველია, რომლის ღირებულებაც მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების მნიშვნელოვან წილს შეადგენს, წარმოადგენს შესყიდვის ეტაპზე კონკურენციის შეზღუდვას და მსგავსი პრეცედენტის დაშვება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაძლოა ჩაითვალოს კორუფციული გარიგებების, კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვის და სხვა მსგავსი დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებადაც კი. ანუ, ეს მოცემულობა ცალსახად ქმნის ისეთ სამართლებრივ გარემოებას, რომ კონკრეტული მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა არ შეიძლება განიმარტოს, როგორც ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დათანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული, როგორც პრეცედენტი, გამოიწვევს ისეთი კაზუსის დაშვებას, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციით მითითებული პროდუქტის არსებითი პარამეტრები ხელშეკრულების მიმდინარეობისას ნაცვლდება ყოველგვარი სანქცირების გარეშე. ეს კი, ყველაზე მცირე რისკის დაშვებით, აჩენს კითხვას, სატენდერო დოკუმენტაციის ეტაპზევე რომ ყოფილიყო შეთავაზებული მსგავსი დაშვება, თუნდაც ალტერნატივის სახით, ხომ არ იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის შესაძლებლობა. ამ კითხვაზე პასუხი კი, მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დადებითია, რადგან შეთანხმებული ყველის გამოყენებული პროდუქტით ჩანაცვლებით ხელშეკრულების პირობა შეიცვალა შემსყიდველისთვის საზიანოდ, ანუ მომსახურების ხარისხი დაეცა, რაც თავისთავად პირდაპირ პროპორციულია ფასის კლებასთან. შესაბამისად, იმისათვის, რომ კასატორს წარმოშობოდა ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის ანაზღაურების ვალდებულება, ამ სუბიექტს უნდა ჰქონოდა უფლება, ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დათანხმებოდა მიღებას. ზემოაღნიშნული მსჯელობით კი, აღნიშნული უფლება იყო გამორიცხული.
51. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სადადვო პროდუქციის გამოყენების დანიშნულებაზე და მიუთითა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღს უფლება არ ჰქონდა, შეეძინა ისეთი პროდუქტი, რომელიც თუნდაც ერთი „უნიშვნელო“ კომპონენტით არ შეესაბამებოდა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ შემუშავებულ, სატენდერო დოკუმენტაციის საფუძვლად დადგენილ პარამეტრებს. ამ ვალდებულებას კასატორთა და არა მარტო მათ მიმართ ითვალისწინებს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე. ამასთან, ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვების საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.“ შესაბამისად, მოცემულ დავაში მონაწილე თითოეულ სუბიექტს ვალდებულება ჰქონდა და აქვს იმოქმედოს ბავშვთა უპირველესი ინტერესიდან გამომდინარე და არა სამოქალაქო-სამართლებრივი თვალთახედვიდან.
52. სააპელაციო სასამართლოსაც უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რაზეც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ განხორციელებულა მითითება. დღეის მდგომარეობით არსებული სასამართლო განმარტებით, ერთადერთი სანქცია, რომელიც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის და არა ბავშვთა უპირატესი ინტერესის ხელყოფისთვის, მიიღო მოსარჩელემ საბანკო გარანტიის ჩამოჭრაა, რაც თავისივე არსსში წარმოადგენდა გამოუთხოვად გარანტიას, ხელშეკრულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის. შესაბამისად, მისი ჩამოჭრა ლეგიტიმური იქნებოდა ბავშვთა უფლებების ხელყოფისგან დამოუკიდებლადაც. ასევე მნიშვნელოვანია პრეცედენტულად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განიმარტოს ბავშვთა კვებაში თვითნებურად ცვლილებების განხორციელებისას, მაშინ როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს წინასწარ ცოდნის შემთხვევაში, თუ არ ექნებოდა უფლება, მსგავსი შესყიდვის განხორციელებისა, როგორ შეუძლია, მოახდინოს ანაზღაურება უკვე დამდგარი სტატუს ქვოს გათვალისწინებით, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 495-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიმწოდებელი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, ყველა ზემოთ მითითებული, შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულების გამომრიცხავი გარემოება გააქარწლა იმ პროდუქტის მოხმარების ფაქტმა, რომლის ღირებულებაც უცნობია. შესაბამისად, მომავალი პრაქტიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სასამართლომ განმარტოს ზემოხსენებული ინტერესებისა და პასუხისმგებლობების დაპირისპირების საკითხი და უპირატესობის ტესტი, რათა, როგორც მინიმუმ, მომავალში მხარეთათვის განჭვრეტადი იყოს ხელშეკრულებაში თვითნებურად განხორციელებული ცვლილების სამართლებრივი ბუნება და ამ ჭრილში, ბავშვთა ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭების ვალდებულების პრაქტიკული გამოყენების მექანიზმი.
53. კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება-შესყიდვა. არამედ, მოსარჩელე, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ახორციელებდა საკვების მომზადებას და კასატორებს მიეწოდებოდათ მზა კერძის სახით. ანუ უშუალოდ პროდუქტთან მხარეს შეხება არ ჰქონია. ეს გარემოება კი უმნიშვნელოვანესია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში. შესაბამისად, აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც საკანონმდებლო ენაზეც აღარ ჰქვია ყველი რა რაოდენობით და რა ღირებულების იქნა გამოყენებული რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად უცნობია. მაშინ, როდესაც მხარეებს შორის შეთანხმებული იყო ყველის ღირებულება, რომლის გამოყენება საკვების მომზადებისას არ განხორციელებულა, რა პროდუქტზე წარმოეშვა კასატორს ანაზღაურების ვალდებულება, ანუ რა ღირებულების იყო ის პროდუქტი, რისი ანაზღაურებაც რძეზე დამზადებული ყველის ანაზღაურების ოდენობით დააკისრა სასამართლომ, გაუგებარია. ასევე საინტერესოა სასამართლოს მსჯელობა ნაკლიანი შესრულებისას ღირებულების შემცირების უფლებაზე, რაც რეალურად გამოიყენა კიდევაც კასატორმა მხარემ. ანუ საუბარია იმაზე, რომ ნაკლიანი შესრულების მიღებისას, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბაგა-ბაღებმა არ მიმართა ნაკლის ნაწილში, ნაკლის ღირებულებით ხელშეკრულების ფასის შემცირების უფლებას. რეალურად იმ ქმედების სამართლებრივი ბუნება, რომელიც კასატორეა განახორციელა სწორედ ნაკლის ნაწილში ფასის შემცირებაა. საუბარია სადავო პროდუქტების ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. რეალურად, შპს „ე–ის“ მხრიდან განხორციელებული შესრულების ნაკლი მდგომარეობს ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისას ყველისა და კარაქის გამოუყენებლობაში. იმ პირობით, რომ სამოქალაქო კოედქსის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება შეუსრულებლობა, ამ ორი პროდუქტის ნაწილში ადგილი ჰქონდა შეუსრულებლობით გამოწვეულ ნაკლს. კასატორების მხრიდან სრულიად ლეგიტიმურად, ნაკლის ღირებულებად მიჩნეულ იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომლის გამოყენებაც არ მომხდარა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით დაკავებულ იქნა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებისათის. სააპელაციო სასამართლომ, დასაბუთების გერეშე, ლეგიტიმურ სანქციად არ მიიჩნია ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობით გამოწვეული ნაკლის არსებობისას შეუსრულებელი ნაწილის პროპორციული ღირებულების გადაუხდელობა. შესაბამისად, მომავალი ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მხრიდან მიღებულ იქნას ამ ნაწილში ფართოდ განმარტებული გადაწყვეტილება.
54. კასატორის მითითებით, მხარეებს შორის დავის საგანი არ გამხადარა იმ მიწოდების რეალური ღირებულება, რომელიც თვითნებული ცვლილებით განახორცელა მიმწოდებელმა, არამედ სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა მოთხოვნა სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე იმ პარამეტრებით, რომლებიც განსაზღვრული იყო რძეზე დამზადებული ყველისათვის და არა აღდგენილ რძეზე დამზადებული მასისათვის. აქვე აღსანიშნავია მტკიცების ტვირთის საკითხიც. ზოგადი პრინციპიდან გამიმდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში კი, ის რომ რაღაც მასა, რომელიც გამოყენებულ იქნა მომსახურების გაწევისას საერთოდ იყო რაიმე ღირებულების, უნდა ემტკიცებინა მიმწოდებელს და არა შემსყიდველს. შემსყიდველი განმარტავდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ განსაზღვრული, რძის გამოყენებით დამზადებული ყველის ფასი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც წარმოეშვებოდა მას იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მომსახურებას განახორციელებდა ამ პროდუქტის გამოყენებით. უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ასეთ მომსახურებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, შეთანხმებული ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობილა. განსხვავებული პროდუქტი, რა ღირებულებით და რა რაოდენობით გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა, უცნობია, შესაბამისად, მისი ანაზღაურების ბრმად გატოლება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ყველის ღირებულებასთან სრულიად უარგუმენტო მსჯელობაა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფაქტობრივად გამოყენებული პროდუქტის ღირებულების ან რაოდენობის თაობაზე საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა არ განხორციელებულა. დღეის მდგომარეობითაც, მოთხოვნა ფორმულირებულია დეკემბერში განხორციელებული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, რომელიც ითვალისწინების რძეზე დამზადებული ყველის ღირებულებას, რაც რეალურად გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, გაუგებარია, იმ მოცემულობით, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განსხვავება რძეზე და აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტებს შორის, რატომ არ იმსჯელა მათი ღირებულების იდენტურობასა თუ განსხვავებულობაზე და ამ ჭრილში როგორ დაკმაყოფილდა რძეზე დამზადებული ყველის ღირებულების ჩათვლით დეკემბრის ანაზღაურება, როდესაც თავად სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროდუქტი გამოყენებული არ ყოფილა არც დეკემბერში და არც 2016-2017 წლების ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებისას.
55. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს იმ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კასატორის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის პროცედურები არ განხორციელებულა. სსკ-ის 636-ე მუხლის მიხედვით, მხარეები ვალდებული იქნებოდნენ მეორე მხარის მიერ განხორციელებული მომსახურების ანაზღაურება გადაეხადათ სრულად. მოპასუხის მიმართ ყველის გამოყენებით მომსახურება არ განხორციელებულა და ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობილა. რა შესრულდა და რა ღირებულების, ამაზე მოცემული დავის გარგლებში მსჯელობა არ ყოფილა. შესაბამისად, სამართლებრივად ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაშიც შედეგი იქნებოდა იდენტური.
56. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში მხარეები ვალდებული არიან საკუთარი სახელშეკრულებო მოვალეობები შეასრულონ კეთილსინდისიერად, მიმწოდებლემა კი დაუშვა ბავშვთა კვებაში ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც აპრიორში ითვალისწინებდა იმ შესაძლებლობას, რომ პროდუქტი შეიძლება არა თუ არ ყოფილიყო შესაბამისი ხელშეკრულების მოთხოვნებთან, არამედ საერთოდ არ ყოფილიყო „კარაქი“ საკანონმდებლო ენაზეც კი.
57. კასატორმა მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების დასაბუთებაზე, რადგან არ გაითვალისწინა მხარის უფლება, განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება. მით უმეტეს, რომ ერთი მხარეს მოთხოვნა უზრუნველყოფილია საბიუჯეტო სახსრებით, მეორე მხარეს კი არანაირი უზრუნველყოფის საშუალება არ არსებობს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რომლითაც დადასტურდება, რომ ბაგა-ბაღების მოთხოვნა უსაფუძვლოა, მოპასუხეს აქვთ ურთიერთგაქვითვის უფლებით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი და ამ უფლების რეალიზება არ შეიძლება სანქცირებულ იქნას პირგასამტეხლოს დაკისრების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ სახელშეკრულებო დავაში მხარეთა მიერ სადავო გარემოების გამო სასამართლო დავის წარმოწყების ფარგლებში შესრულების დაყოვნება დაექვემდებარება სანქცირებას, რაც სრულიად წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან და გამოიწვევს სამოქალაქო ბრუნვის არასტაბილურობას.
58. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
59. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
60. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
61. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
62. საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მიწოდებული პროდუქტის, კერძოდ, „ყველი იმერულის“ საფასურის გადახდის ნაწილში, ბაგა-ბაღის ვალდებულების არარსებობას. კასატორს მიაჩნია, რომ რძეზე დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.
63. საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა, იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, საქმის მასალებითაა დადგენილი.
64. საფასურის გადახდის ვალდებულების არ არსებობის შესახებ, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კომპანიას მოპასუხისათვის მართლაც უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნებისდაცვისმიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
65. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება, ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
66. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსკ-ის კოდექსის 492-ემუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
67. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბაგა-ბაღმა მოსარჩელე კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. ამასთან, ბაგა-ბაღს კომპანიისთვის ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა, ან ნაკლის გამოსწორება და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულებდან გასვლა მოუთხოვია. ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მოპასუხემ მიიღო მიწოდებული პროდუქცია, გამოიყენა და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან, უარი განაცხადა მირება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე და თანხის ანაზღაურებაზე.
68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
69. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
70. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
71. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).
72. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს შესაგებელი წარმოდგენილი აქვთ, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, რამეთუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს. (მოპასუხის კვალიფიციური შედავების მნიშვნელობის შესახებ იხ., პ.201.სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი,2017 წელი).
73. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხეს მიწოდებული საქონლის (ყველი „იმერული“) ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. (შდრ. სუსგ №ას-602-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ. სუსგ №ას-1115-2019; 27.11.2019წ.).
74. კასატორის პრეტენზია წარმოდგენილია ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული პროდუქტის - „კარაქი“ ღირებულების ანაზღაურების ნაწილშიც. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, კასატორისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული.
75. ზემოაღნიშნული პრეტენზია საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება იმ საფუძვლით, რომ, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია.
76. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5).
77. ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან.
78. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება პირგასამტეხლოს ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითის მიზნით თანხის დაკავების მართლზომიერების შესახებ (იხ., საკასაციო საჩივრის პრეტენზია).
79. რაც შეეხება კასატორის შედავებას პირგასამტეხლოს ნაწილში, დადგენილია, რომ ბაგა-ბაღს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს – 720 ლარი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, წარმოდგენილი არაა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა არ იკვეთება.
80. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება ვერც იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები ეხებოდა ბავშვთა კვებას და არ იქნა დაცული არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი.
81. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სწორად გადაწყდა წინამდებარე განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული ნორმების საფუძველზე, ხოლო საქმის განხილვისას ბავშვთა უფლებების კონვენციის გამოყენების საჭიროება კი, კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
82. საკასაციო პალატა არარელევანტურობის გამო, არ იზიარებს კასატორის მითითებას (იხ., წინამდებარე განჩინების პ. 49) განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სუს-ს 2017 წლის 10 ნოემბრის Nას-629-588-2017 განჩინებაში განვითარებული მსჯელობების გამოყენებასთან მიმართებით.
83. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
84. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
85. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
86. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: 29.10.2020წ. საქმე №602-2020, №ას-959-2019, 16 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-1115-2019, 27 ნოემბერი, 2019).
87. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
88. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბერს №1602052502 საგადახდო დავალებით გადახდილი 473,64 ლარის 70% – 331,54 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ თბილისის №65 საბავშვო ბაგა-ბაღის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა(ა)იპ თბილისის №65 საბავშვო ბაგა-ბაღს (საიდენტიფიკაციო კოდი №208177...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბერს №1602052502 საგადახდო დავალებით გადახდილი 473,64 ლარის 70% – 331,54 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი