Facebook Twitter

საქმე №ას-792-2019 18 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმისგანხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.ი-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე- შპს „ს-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. გ. გ-ემ (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „ს-ოს“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2016 წლის 30 მაისის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; 1.2. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების მომენტიდან ყოველთვიურად 5000 ლარის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ოდენობით 2016 წლის 11 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ორი წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება 8000 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელის განმარტებით, მასსა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 10 ივლისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ხოლო 2015 წლის 10 ივლის აღნიშნულ ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება და შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა უვადოდ. შრომითი ხელშეკრულება მოიცავდა კომპანიის კომერციული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დაკავებას, ასევე, შეთავსებით გადაცემა ,,ბიზნეს კონტაქტისა“ და ,,საქმიანი დილას“ ავტორობასა და კონსულტირებას. მითითებული სამუშაოს ანაზღაურებად განსაზღვრულ იქნა ყოველთვიურად 8000 ლარი. 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ცვლილების შემდეგ შრომით საქმიანობად განისაზღვრა მხოლოდ გადაცემა ,,ბიზნეს კონტაქტისა“ და ,,საქმიანი დილას“ ავტორობა და კონსულტირება, ხოლო სამუშაოს ანაზღაურებად - 5000 ლარი. 2016 წლის 05 მაისს, მოსარჩელემ მიმართა წერილობით მოპასუხეს და ითხოვა შრომითი ანაზღაურების ყოველთვიურად 3000 ლარით გაზრდა. 2016 წლის 30 მაისს, მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, რომლითაც აცნობა, რომ 2016 წლის 1 ივნისიდან შეწყდებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელემ მოითხოვა გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება, რომლის პასუხადაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია, ვინაიდან მოსარჩელემ მოითხოვა ხელფასის 3000 ლარით გაზრდა, ხოლო კომპანიას არ გააჩნდა საკმარისი ფინანსური სახსრები მოსარჩელის ხელფასის მომატებისათვის. ასევე, მოსარჩელემ მოპასუხესთან შეთანხმების გარეშე, არ შეასრულა გადაცემების წამყვანის მოვალეობა, ამასთან, მხარეთა შორის არსებობდა სამომავლო გეგმების შესახებ ხედვების განსხვავებულობა, კერძოდ, მოსარჩელემ გადასცა მაესტროს კუთვნილი გადაცემები სხვა კომპანიას, რითიც დაირღვა მოპასუხის ინტელექტუალური საკუთრება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერი და დასაბუთებულია. ამასთან, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 2016 წელს გამოუყენებელი შვებულება ამ წლის განმავლობაში ნამუშევარი დღეების პროპორციულად, კერძოდ 10 სამუშაო დღის ოდენობით, რაც შეადგენს 2083.33 ლარს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურების, შვებულების თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2016 წლის 31 მაისის ბრძანება N1/გ-31.05.2016 მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით - 10 000 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების თანხის - 2083,33 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, შვებულების თანხის 2083,33 ლარის 0,07%-ის გადახდა, 2016 წლის 11 ივნისიდან გადაწყვეტილების ამ ნაწილში აღსრულებამდე.

5. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6. მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ხოლო 2015 წლის 10 ივლისს აღნიშნულ ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება და შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა უვადოდ. შრომითი ხელშეკრულება მოიცავდა კომპანიის კომერციული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დაკავებას ასევე შეთავსებით გადაცემა ,,ბიზნეს კონტაქტისა“ და ,,საქმიანი დილას“ ავტორობასა და კონსულტირებას. მითითებული სამუშაოს ანაზღაურებად განსაზღვრულ იქნა ყოველთვიურად 8000 ლარი.

7. 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ცვლილების შემდეგ შრომით საქმიანობად განისაზღვრა მხოლოდ გადაცემა ,,ბიზნეს კონტაქტისა“ და ,,საქმიანი დილას“ ავტორობა და კონსულტირება, ხოლო სამუშაოს ანაზღაურებად - 5000 ლარი.

8. 2016 წლის 30 მაისს, მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, რომლითაც აცნობა, რომ 2016 წლის 1 ივნისიდან შეწყდებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულება. 2016 წლის 31 მაისის მოპასუხის N1/გ ბრძანებით, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივნისიდან. მოსარჩელემ მოითხოვა გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება, რომლის პასუხადაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი გათავისუფლდა სამსახურიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

9. 2016 წლის 05 მაისს, მოსარჩელემ მიმართა წერილობით მოპასუხეს და ითხოვა შრომითი ანაზღაურების ყოველთვიურად 3000 ლარით გაზრდა.

10. მოპასუხემ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებები: ,,1. ტელეკომპანიას არ გააჩნია ფინანსური საშუალება შეცვალოს ზემოაღნიშნული შრომითი ანაზღაურების ნაწილში გ.ი-ის 2016 წლის 5 მაისის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად - კერძოდ ხელფასის დაკორექტირება 3000 ლარის დამატებით ყოველ თვეში; 2. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისა და გ.ი-ის, როგორც გადაცემების ხელმძღვანელის ხედვა, გადაცემის წარმართვასა და სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება ერთმანეთს, რაც გამოიხატება ერთი გადაცემების წამყვანის ტელეკომპანიის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, თვითნებურად ცვლილებაში და მეორე მოპასუხე კომპანიის გადაცემების ე.წ. ,,აუთსორსულ“ ურთიერთობებზე გადაყვანასთან დაკავშირებით“.

11. საქალაქო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო სშკ-ის 37-ე პირველი პუნქტის „ო” ქვეპუნქტი (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 47.1. „ო“ მუხლი)).

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა მისი გათავისუფლების მიზეზის უკანონობაზე. ამ თვალსაზრისით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა ამ განჩინების პ.10-ში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს ხელფასის გაზრდის თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, იმაზე დაყრდნობით, რომ მოსარჩელემ მოითხოვა ხელფასის მომატება, მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა საფუძველს მოკლებული იყო, ვინაიდან მოსარჩელეს არ განუცხადებია თანხმობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე მისი ხელფასის გაზრდის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში. ამასთან, მოპასუხეს ეკისრებოდა ვალდებულება ემტკიცებინა მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერება და მხოლოდ მითითება იმაზე, რომ არსებობდა რაიმე ობიექტური გარემოება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა, არ წარმოადგენდა გათავისუფლების ბრძანების კანონიერად ჩათვლისთვის საკმარის მიზეზს. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ასევე ვერ ადასტურებდა თუ სად იყო მხარეთა შორის შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა გადაცემების თვითნებურად ცვლილებისა და გადაცემების ე.წ. ,,აუთსორსულ“ ურთიერთობებზე გადაყვანის უფლებამოსილება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შრომის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, როგორც უკანონო ბათილად იქნა ცნობილი. ამასთან, სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციის 48.8 მუხლი), რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

14. მოპასუხე კომპანიის საეთერო ბადეში გადაცემები ,,ბიზნეს კონტაქტი“ და ,,საქმიანი დილა“ აღარ არსებობდა, ასევე, არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან აღარ არსებობდა ის გადაცემები, რომლებშიც მოსარჩელე დასაქმებული იყო გათავისუფლებამდე. ამ მოცემულობაში, სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხზე და დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

15. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ხელფასის სახით მოპასუხე კომპანიაში გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 5000 ლარს.

16. საქმეში არსებული მტკიცებულებით (იხ. მოსარჩელის განმარტება 2018 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომაზე 13:57:40) დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე დასაქმებულია ბ-ი 2016 წლის აგვიტოდან და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 10 000 ლარს.

17. ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან 2016 წლის 1 ივნისიდან და მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო სხვა სამსახურში 2016 წლის აგვისტოდან, სადაც მისი შრომითი ანაზღაურება აღემატება მოპასუხე კომპანიაში მისი მუშაობისას არსებულ შრომით ანაზღაურებას, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2 თვის ხელფასების ოდენობით კომპენსაცია, რაც შეადგენს 10 000 ლარს.

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის (მოპასუხე შპს "ს-ოს" მოსარჩელე გ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით - 10 000 ლარის ანაზღაურება) გაუქმება და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

20. პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დავის საგნის მოცულობაზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა, რასთან დაკავშირებითაც, აღნიშნა შემდეგი:

21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (ამჟმად მოქმედი კანონის რედაქციით 38..8 მუხლი) არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, მისი გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. სასამართლოს მოსაზრებით, ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.

22. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დგინდებოდა, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ხელფასის სახით გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 5000 ლარს, ხოლო 2016 წლის ივნისიდან მოსარჩელე, მისივე განმარტებით, დასაქმებულია კომპანია „ბ-ი“ და 2016 წლის აგვისტოდან მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 10 000 ლარს (17.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:57:40 სთ). შესაბამისად, დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ მოწინააღმდეგე მხარესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან დაუყოვნებლივ გააგრძელა საქმიანობა ორჯერ მეტი ანაზღაურებით, ვიდრე მას ჰქონდა მოპასუხე კომპანიაში. აღნიშნული ფაქტები, კი მეტყველებდნენ იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, მისთვის მორალური ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია და სხვა სამსახურის შოვნის პერსპექტივასაც საფრთხე არ შექმნია, ვინაიდან როგორც აღინიშნა, აპელანტმა მოპასუხე კომპანიიდან გათავისუფლებიდან, დაუყოვნებლივ, დაიწყო იგივე საქმიანობა გაორმაგებული შემოსავლით. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო მხარეთა შორის მოსარჩელის შრომის ანაზღაურებაზე შეუთანხმებლობა და შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები (სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საფუძვლები შეუსაბამოა საქართველოს შრომის კოდექსთან) და არა სხვა ისეთი საფუძველი, რაც მის კვალიფიკაციას, პროფესიულ უნარ-ჩვევებს და გულისხმიერებას უკავშირდება. რაც შეეხება იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდიდა, პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან 2016 წლის 1 ივნისიდან და ანაზღაურებადი მუშაობა დაიწყო სხვა სამსახურში 2016 წლის აგვისტოდან, აღნიშნული შუალედის საკომპესაციოდ, სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ ორი თვის ხელფასის ოდენობა - 10 000 ლარი.

23. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს „ბ-ი“ დასაქმებულ პირს, არამედ ის არის თვითდასაქმებული, პალატამ განმარტა, რომ აპელანტი, კომპანია „ბიზნესმედია საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს წარმოადგენს და თავისი კომპანიის მეშვეობით ქმნის და აწოდებს პროდუქტს სხვა ტელეკომპანიას, ხოლო მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 10 000 ლარს. მართალია, მოსარჩელესა და სხვა ტელეკომპანიას შორის არ არის დადებული შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ მისივე განმარტებით, მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, აპელანტი დასაქმებულია და ასრულებს სამუშაოს დამკვეთისათვის, ანაზღაურების სანაცვლოდ (17.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:57:52-13:58:18 სთ). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2014 წლის 10 ივლისის შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2015 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, მოპასუხე კომპანიაში მოსარჩელის შრომით საქმიანობად განისაზღვრა მხოლოდ გადაცემა ,,ბიზნეს კონტაქტისა“ და ,,საქმიანი დილის“ ავტორობა და კონსულტირება, ხოლო სტუდია „მაესტროში“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, მოსარჩელე გადავიდა სხვა კომპანიაში და ისევ თვითონაა აღნიშნული გადაცემების ავტორი და წამყვანი (17.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:58:01 სთ). შესაბამისად, აპელანტი „ბ-ი“ ყოველთვიურ შემოსავალს - 10 000 ლარს, ღებულობს იგივე სამუშაოსათვის, რასაც იგი ასრულებდა მოპასუხე კომპანიაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კომპენსაცია - 10 000 ლარი (ორი თვის ხელფასის ოდენობა), მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ოდენობას და არ არსებობდა მისი შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება კომპენსაციის დადგენის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აპელანტისთვის გონივრული და სამართლიანი ოდენობის კომპენსაციის მიკუთვნება.

25. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ პრეტენზიებს:

26. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, უკიდურესად მცირე ოდენობით შეაფასეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებელის უკანონო ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა, მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია არ მომხდარა.

27. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რელევანტური ნორმით სშკ-ის 38.8 მუხლი, თუმცა, ნორმისაგან განყენებულად აღიქვა ის შედეგი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადგა. მოსარჩელეს 2-თვიანი კომპენსაცია დამსაქმებლისაგან ისედაც ეკუთვნეოდა სშკ-ის 38.2 ნაწილის მიხედვით.

28. კასატორი მოიხმობს სასამართლო პრაქტიკას: სუსგ ას-969-934-2016; ას-787-736-2017; ას-1329-2018; ას-890-857-2016. კასატორი აღნიშნავს, რომ უვადო კონტრაქტის უკანონო შეწყვეტის შემთხვევაში, კომპენსაცის ოდენობა სასამართლომ უნდა განსაზღვროს გონივრული ოდენობით. სასამართლოს განმარტებით, კომპენსაციის ოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში, სანქციის სახესაც უნდა ატარებდეს, რათა მომავალში არიდებული იქნეს დასაქმებულთან კონტრაქტის უკანონო შეწყვეტა.

29. კასატორი მიუთითებს, რომ სუს Nას-890---857-2016 განჩინებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ ფარავდა განაცდურის იმ ოდენობასაც, რასაც მოსარჩელე მიიღებდა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შემთხვევაში. მითითებულ საქმეში, დასაქმებულის გათავისუფლებიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გასული იყო 1 წელი და 7 თვე.

30. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს „ბ-ი“ დასაქმებულ პირს, აღნიშნული კომპანია არის მოსარჩელის მიერ შექმნილი, სადაც იგი წარმოადგენს ერთ-ერთ დამფუძნებელს, რაც ვერანაირად ვერ შეფასდება დასაქმებად. მოსარჩელე, თავისი კომპანიის მეშვეობით ქმნის და აწოდებს პროდუქტს „ტვ პირველს“ მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში და მისი შემოსავალი არის 10 000 ლარი, თუმცა, ეს არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შედეგად მიღებულ ხელფასს.

31. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღო მორალური ზიანის კომპონენტი, იმაზე მითითებით, თითქოსდა მოსარჩელემ დაუყოვნებლივ გააგრძელა საქმიანობა 2-ჯერ მეტი ანაზღაურებით.

32. კასატორი აღნიშნავს, რომ გათავისუფლების ეტაპზე, გათავისუფლების საფუძვლის და შეტყობინების პერიოდის გათვალისწინებით, მოსარჩელეს 2 თვის შრომის ანაზღაურება ისედაც ეკუთვნოდა სშკ-ის 38.2 მუხლის მიხედვით და ამდენად, მისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია საერთოდ ვერ უზრუნველყოფს სშკ-ის 38.8 მუხლის მიზანს.

სამოტივაციო ნაწილი:

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

34. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგი გარემოებების გამო:

35. წინამდებარე გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობაზე.

36. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა (2 თვის შრომის ანაზღაურების ტოლფასი თანხა - 10 000 ლარი), არ წარმოადგენს სშკ-ის 38.8 მუხლის (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48.8 მუხლი) ნორმატიული მიზანთან შესაბამის ოდენობას და არ ახდენს დასაქმებულის უფლებრივ რესტიტუციას. კასატორი მოითხოვს, რომ საქმეზე დადგინდეს გონივრული და სამართლიანი კომპენსაციის ოდენობა.

37. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო პალატის მსჯელობს საგანია მხოლოდ კომპენსაციის გონივრულობის კვლევა, ხოლო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ გასაჩივრებული არაა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილად ცნობილ მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის:

38. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ხოლო 2015 წლის 10 ივლისს აღნიშნულ ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება და შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა უვადოდ. შრომითი ხელშეკრულება მოიცავდა კომპანიის კომერციული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დაკავებას, ასევე, შეთავსებით გადაცემა ,,ბიზნეს კონტაქტისა“ და ,,საქმიანი დილას“ ავტორობასა და კონსულტირებას. მითითებული სამუშაოს ანაზღაურებად განსაზღვრულ იქნა ყოველთვიურად 8000 ლარი.

39. 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ცვლილების შემდეგ შრომით საქმიანობად განისაზღვრა მხოლოდ გადაცემა ,,ბიზნეს კონტაქტისა“ და ,,საქმიანი დილას“ ავტორობა და კონსულტირება, ხოლო სამუშაოს ანაზღაურებად - 5000 ლარი.

40. 2016 წლის 30 მაისს, მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, რომლითაც აცნობა, რომ 2016 წლის 1 ივნისიდან შეწყდებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულება. 2016 წლის 31 მაისის მოპასუხის N1/გ ბრძანებით, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივნისიდან.

41. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ, რამდენადაც დადგენილია მოცემულ საქმეზე და კასატორს მათ მიმართ საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

42. საქმეზე დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საქმეში არსებული მტკიცებულებით (იხ. მოსარჩელის განმარტება 2018 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომაზე 13:57:40) დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე დასაქმებულია „ბ-ი“ 2016 წლის აგვისტოდან და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 10 000 ლარს, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიას აცხადებს კასატორი და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს „ბ-ი“ დასაქმებულ პირს, აღნიშნული კომპანია არის მოსარჩელის მიერ შექმნილი, სადაც იგი წარმოადგენს ერთ-ერთ დამფუძნებელს. ეს გარემოება კი, ვერ შეფასდება დასაქმებად. მოსარჩელე, თავისი კომპანიის მეშვეობით ქმნის და აწოდებს პროდუქტს „ტვ პირველს“ მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში და მისი შემოსავალი არის 10 000 ლარი, თუმცა, ეს არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შედეგად მიღებულ ხელფასს.

43. სადავო საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს, როგორც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ., ამ განჩინების პპ: 38-40), ასევე, იმსჯელებს კასატორის მიერ შედავებულ იმ გარემოებაზე, რომელიც მოპასუხე კომპანიიდან გათავისუფლების შემდეგ, კასატორის ყოველთვიური შემოსავლის არსებობას და ოდენობას შეეხება.

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48.8 მუხლი), რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

45. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის მსჯელობის საგნია მხოლოდ კომპენსაციის ოდენობა, საკასაციო პალატა აღარ შეჩერდება ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დასაქმებული უფლებრივი რესტიტუციის გზების თანმიმდევრობის კვლევაზე და ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ კომპენსაციის მიკუთვნებისას, მისი ოდენობის განსაზღვრის წესსა და კრიტერიუმზე:

46. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო; ცვლილება შეეხო შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის საკანონმდებლო მოწერიგებასაც. ახლებური მოწესრიგების საფუძველზე განსახილველ საქმეშიც დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წარმოიშვა უვადო შრომითი ურთიერთობა (იხ., ამ განჩინების პ-38). ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (შეადრ: სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ. პ-48). აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია შრომითი ურთიერთობის სტაბილურობა. განსახილველ საქმეში, სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით, დამსაქმებელმა (მოპასუხე) ვერ მიუთითა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვან საფუძველზე (იხ., შესაგებელი - ამ განჩინების პ.3). შრომითსამართლებრივ დავათა თავისებურების გათვალისწინებით კი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წონადი არგუმენტის წარდგენა სწორედ დამსაქმებელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა (შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებებზე იხ: ი. გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 255-261. რედაქტორები: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი). ასეთი მიდგომა შეესაბამება „დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმების შეწყვეტის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის №158 კონვენციის მე–7 მუხლის სულისკვეთებას, რომლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნა მიზეზით, რომელიც უკავშირდება მის მიერ სამუშაოს შესრულებას ან სამუშაოზე მის ქცევას, მანამ სანამ დასაქმებულს არ მიეცემა თავის გამართლების საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამსაქმებელს არ შეიძლება კეთილგონივრულად მოეთხოვოს დასაქმებულისთვის ასეთი შესაძლებლობის მიცემა. კონვენცია საქართველოს მიერ რატიფიცირებული არ არის, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად, თუმცა, კონვენციაში ასახული სტანდარტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომის კოდექსის ნორმების განმარტების პროცესში, როგორც არაპირდაპირი წყარო და საფუძვლად დაედოს სამოსამართლო სამართლის განვითარებას.

47. ამ განჩინების პპ:9-11-ში დადგენილია, რომ 2016 წლის 05 მაისს, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და ითხოვა შრომითი ანაზღაურების ყოველთვიურად 3000 ლარით გაზრდა. მოპასუხემ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად კი, მიუთითა შემდეგი გარემოებები: ,,1. ტელეკომპანიას არ გააჩნია ფინანსური საშუალება შეცვალოს ზემოაღნიშნული შრომითი ანაზღაურების ნაწილში გ.ი-ის 2016 წლის 5 მაისის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად - კერძოდ ხელფასის დაკორექტირება 3000 ლარის დამატებით ყოველ თვეში; 2. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისა და გ.ი-ის, როგორც გადაცემების ხელმძღვანელის ხედვა, გადაცემის წარმართვასა და სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება ერთმანეთს, რაც გამოიხატება ერთი გადაცემების წამყვანის ტელეკომპანიის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, თვითნებურად ცვლილებაში და მეორე მოპასუხე კომპანიის გადაცემების ე.წ. ,,აუთსორსულ“ ურთიერთობებზე გადაყვანასთან დაკავშირებით“.

48. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მოითხოვა ხელფასის მომატება, მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა საფუძველს მოკლებული იყო; საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს არ განუცხადებია თანხმობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე მისი ხელფასის გაზრდის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში. ამასთან, მოპასუხეს ეკისრებოდა ვალდებულება ემტკიცებინა მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერება და მხოლოდ მითითება იმაზე, რომ არსებობდა რაიმე ობიექტური გარემოება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა, არ წარმოადგენდა გათავისუფლების ბრძანების კანონიერად ჩათვლისთვის საკმარის მიზეზს (იხ., ამ განჩინების პ. 12).

49. მოცემულ შემთხვევაში მიჩნეული იქნა, რომ მოპასუხე კომპანიაში მუდმივად დასაქმებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ბათილია და მოსარჩელეს მიეკუთვნა კომპენსაცია 10 000 ლარი, რაც მოპასუხე კომპანიაში მოსარჩელის 2 თვის შრომის ანაზღაურების ტოლფასი თანხაა, რომელიც დამსაქმებლის მიერ არ გასაჩივრებულა, საკასაციო პალატა იმსჯელებს ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში კომპენსაციის ოდენობაზე.

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

51. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან.

52. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 38.8 მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციით 48.8 მუხლი) არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა შრომით სამართალში, 2017, გვ.96, ელ.რესურსი: < http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ertgvarovani-praktika-shromit-samartalshi.pdf>).

53. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ვადაზე, რომელიც უვადო ხასიათს ატარებდა და ამდენად, დამატებითი გარანტიას წარმოდგენდა დასაქმებულისათვის. საგულისხმოა, რომ კერძო სამართლის სხვა დარგების მსგავსად, შრომის სამართალშიც მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეები თავისუფალნი არიან დადონ (ან არ დადონ) ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადა. თუმცა, კერძო სამართლის სუბიექტებს მოქმედების თავისუფლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში აქვთ, რაც ურთიერთობის ძლიერი მხარის მიერ სუსტის საწინააღმდეგოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას ემსახურება. სწორედ ზემოაღნიშნული მიზნით იყო განპირობებული ქართველი კანონმდებლის მიერ შრომის კოდექსში შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ობიექტური საფუძვლის ცნების შემოღება და ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების დასაშვებობის ფარგლების განსაზღვრა. საქართველოს შრომის კოდექსი 2013 წლის ცვლილებებამდე არ იცნობდა შრომის ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ობიექტური საფუძვლის ცნებას, ვინაიდან არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადის განსაზღვრისათვის საფუძვლის არსებობის სავალდებულობას. 2013 წლის 12 ივნისის ცვლილებების ტექსტით კი კანონმდებელმა, დასაქმებულის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, ვადიანი შრომის ხელშეკრულებები გარკვეულ რეგულაციას დაუქვემდებარა (შეადრ:.№ას-1330-1250-2017 , 12 ნოემბერი, 2018, პ.34; სუსგ №ას-1251-1191-2014, 2016 წლის 12 თებერვალი).

54. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ გათავისუფლების ეტაპზე, გათავისუფლების საფუძვლის და შეტყობინების პერიოდის გათვალისწინებით, მოსარჩელეს 2 თვის შრომის ანაზღაურება ისედაც ეკუთვნოდა სშკ-ის 38.2 მუხლის მიხედვით.

55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 48-ე მუხლი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურას. მითითებული ნორმის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

56. დამსაქმებელს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (ამჯამად მოქმედი რედაქციით 48-ე მუხლი) გათვალისწინებული, დასაქმებულის წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს შვებულება; სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

57. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა შეტყობინების ვადას უკავშირდება. თუ დასაქმებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე გააფრთხილეს, მაშინ დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, ხოლო, თუ დასაქმებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე 3 დღით ადრე გააფრთხილეს, მაშინ დასაქმებულს კომპენსაცია მიეცემა არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (შეადრ: სუსგ Nას-864-831-2016, 11 ოქტომბერი, 2017 წ.).

58. ამ განჩინების პ.11-ით დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა იყო სშკ-ის 37-ე პირველი პუნქტის „ო” ქვეპუნქტი (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 47.1. „ო“ მუხლი)). ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის თანხა (10 000 ლარი) პრაქტიკულად მისთვის გათავისუფლებისას მოპასუხის მიერ გადასახდელი 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის თანხაა, რითაც სშკ-ის 38.8 მუხლის (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48.8 მუხლი) მიზნებიდან გამომდინარე, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუცია მიუღწეველია.

59. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კასატორმა დასაბუთებული შედავება წარმოადგინა. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე მიჩნეული უნდა იქნეს არაგონივრულ ოდენობად.

60. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა: „..გამომდინარე იქედან, რომ კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს, იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე, მოსარჩელეს მიეკუთვნება სულ მცირე, კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ისე, რომ როგორც ამას კასატორი აღნიშნავს, უპრიანი არ არის მხოლოდ სახელფასო ანაზღაურება ყოფილიყო კომპენსაციის განსაზღვრის ერთადერთი კრიტერიუმი და ისიც, თუ რამდენს შეადგენს მოსარჩელის დარიცხული სახელფასო განაკვეთი. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.“(იხ. სუსგ Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.).

61. სხვა საქმეშიც იმსჯელა საკასაციო პალატამ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის მართებულ გამოყენებაზე და განმარტა, რომ „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებლის ვალდებულება რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება“ (შდრ: სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).

62. სხვა დავაში კი, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო პალატამ იმსჯელა სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც შეეხებოდა მუშაკის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხს. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. ამ დავაში საკასაციო პალატამ იმსჯელა დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერებაზე და განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.(იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272) (შდრ: სუსგ №ას-1623-2018, 29 იანვარი, 2019 წელი, პპ:115, 117, 118).

63. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამჟამად დაკავებულია ანაზღაურებადი საქმიანობით (იხ., ამ განჩინების პ.42), კერძოდ, 2016 წლის აგვიტოდან მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 10 000 ლარს, ვერ შეაფერხებს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას (იხ., საკასაციო შესაგებელი).

64. საკასაციო პალატა, მოცემულ საქმესთან მიმართებით არარელევანტურობის გამო, არ იზიარებს საკასაციო შესაგებელში მითითებულ პრაქტიკას (სუსგ ას-1327-1265-2014), რომელზე დაყრდნობითაც კასატორის მოწინააღმდეე მხარე უთითებს კომპენსაციის ოდენობის გაზრდის მიზანშეუწონლობაზე. მითითებულ საქმეში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 11 დღით ადრე, განსახილველ საქმეში კი, მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება.

65. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დასაქმებულისათვის კომპენსაციის ოდენობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში ნაწილობრივ აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან არ იკვეთება საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი), ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე:

66. მოცემულ შემთხვევაში, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების უფლებრივი რესიტიტუციის საკითხში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2016 წლიდან მოსარჩელეს აქვს მისი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი 10 000 ლარი, რაც ამცირებს უკანონო გათავისუფლების მიზეზით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობას.

67. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს უნდა მიეცეს კომპენსაცია 30 000 ლარის ოდენობით.

68. შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელე ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 000 ლარის 5%, რაც შეადგენს 1500 ლარს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინების ნაწილობრივი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი;

4. შპს „ს-ოს" გ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით 30 000 ლარის ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე);

5. დანარჩენ ნაწილში, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;

6. შპს „ს-ოს" (ს.კ: 2...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა. თანხა ჩარიცხულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი