საქმე №ას-129-2021 18 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა.თ–ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ.კ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დაუყოვნებლივი აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ქ.კ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.თ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
სს „ქ.კ–მა“ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ამავე სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით სს „ქ.კ–ის“ შუამდგომლობა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სს „ქ.კ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ. სს „ქ.კ–ის“ შუამდგომლობა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ა.თ–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იშუამდგომლა საქმეზე აღსრულების შეჩერების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც სს „ქ.კ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ. სს „ქ.კ–ის“ შუამდგომლობა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინების კანონიერებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს „ქ.კ–ის“ კერძო საჩივარი. გამომდინარე აქედან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2020 წლის 15 დეკემბერს მიღებული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სს „ა.თ–ის“ კერძო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. აღნიშნულის გამო, განუხილველი უნდა დარჩეს საქმეზე აღსრულების შეჩერების შესახებ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა.თ–ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ა.თ–ის“ შუამდგომლობა საქმეზე აღსრულების შეჩერების შესახებ დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური